Category: მსოფლიო

  • ზელენსკი თვლის, რომ ნატომ რუსეთზე პრევენტული დარტყმა უნდა მიიტანოს. რას პასუხობს რუსეთი

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს ლოუის ინსტიტუტში ონლაინ შეხვედრა გამართა ავსტრალიის ჩინოვნიკებთან, ექსპერტებთან და მეცნიერებთან, რომლებიც გეოპოლიტიკასა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე არიან სპეციალიზებული.

    სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ ილაპარაკა იმაზე, როგორ მიმართავს რუსეთი ბირთვულ შანტაჟს და რა უნდა გააკეთოს ნატომ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი გახადოს.

    “ისევე, როგორც 24 თებერვლამდე – პრევენტული დარტყმები. უნდა იცოდნენ, რა დაემართებათ, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ და არა პირიქით: ველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმებს და შემდეგ ვთქვათ: “აა, ასე იქცევი? მაშინ მიიღე ჩვენგან“. უნდა გადაიხედოს ზეწოლის გამოყენების ფორმები – აი, ჩემი აზრით რა უნდა გააეთოს ნატომ.“–თქვა ზელენსიმ.

    როგორ მიიღეს მისი განცხადებები რუსეთში

    ზელენსის ამ განცხადებაზე ოპერატიული რეაგირება ქონდა კრემლს. პუტინის პრეს მდივანმა, პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის გამოთქმები “სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიო ომისკენ მოწოდება არაპროგნოზირებადი და შემზარავი შედეგებით“.

    “აშშ–მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ზელენსკის განცხადებებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენტულ დარტყმებზე. აშშ და დიდი ბრიტანეთი დე ფაქტო ხელმძღვანელობენ კიევის საქმიანობას, ამიტომაც მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ზელენსკის განცხადებებზე“–თქვა პესკოვმა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ასევე გააკეთა კომენტარი ზელენსკის განცხადებაზე.

    “დასავლეთი ბირთვული ომის გაჩაღებით არის დაავებული. ზელენსკი მონსტრად გადაიქცა, რომლის ხელითაც შეუძლიათ პლანეტა გაანადგურონ“–თქვა ზახაროვამ.

    კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია ზელენსკის განცხადებები რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს:

    “ზელენსკიმ განაცხადა პრევენტული ბირთვული დარტყმების აუცილებლობაზე რუსეთის წინააღმდეგ. ამ იდიოტს ზრდილობიანმა ფსიქიატრებმა თავის ქალის პრევენტული ტრეპანაცია უნდა გაუკეთონ, სანამ დიდი უბედურება არ დაატრიალა“–თქვა მედვედევმა.

    უკრაინის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტის სიტყვები არასწორად გაიგეს.

    “კოლეგებო, ძალიან შორს წახვედით ამ ბირთვულ ისტერიაში და ახლა ბირთვულ დარტყმებს ხედავთ იქ, სადაც ისინი არ არის. პრეზიდენტი საუბრობდა 24 თებერვლამდე პერიოდზე. მაშინ უნდა გამოყენებულიყო პრევენტული ზომები, რომ რუსეთს ომის გაჩაღების უფლება არ ჰქონოდა. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ზომა, რომელზეც მაშინ იყო საუბარი, პრევენტული სანქციებია. მსოფლიოს დაშანტაჟების უფლებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურით და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მინიშნებით საკუთარ თავს მხოლოდ ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი აძლევს. უკრაინისგან ასეთ მოწოდებებს ვერასოდეს გაიგონებთ.“–თქვა მან.

  • ”აზოველებს” რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას სთავაზობდა – აზოვსტალის მცველები ტყვეობას იხსენებენ

    აზოვსტალის მცველები ტყვეობაში ყოფნის 120 დღეს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ”აზოველებს” რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლას სთავაზობდა. ამის შესახებ მათ, მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა აზოვის ბატალიონის  მეთაურები და მათი მოადგილეები მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში, სამარტოო კარცერში ცალ-ცალკე მოათავსეს, სადაც მათ რეკრუტირებას ცდილობდნენ და დასავლეთის წინააღმდეგ ერთად ბრძოლას სთავაზობდნენ.

    “აზოვსტალის მცველების ტყვეობიდან დახსნა უპრეცედენტო მოვლენა იყო, რაშიც ყველაზე მთავარი როლი ჩვენმა ხელისუფლებამ ითამაშა. ტყვეთა გაცვლის პროგრამაზე მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რუსების ტყვეობაში 2 ათასზე მეტი აზოვსტალის მცველი იმყოფება. ომი ჯერ არ დასრულებულა, ის გრძელდება. ჩვენი ვალი სამშობლოსა და უკრაინელი ერის დაცვაა. ჩვენი მიზანია ეს ომი მოვიგოთ. აზოვის მიერ გაღებული მსხვერპლი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო. ჩვენი მეთაურები ახლა თურქეთში იმყოფებიან და მოუთმენლად ველოდებით მათ დაბრუნებას.

    რაც შეეხება ჩვენს ტყვეობას, შემიძლია გითხრათ რომ რთული დრო გამოვიარეთ. დაკითხვები და ფიზიკური ზეწოლა მიმდინარეობდა. ითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას, სახელებისა და გვარების დასახელებას. გვთხოვდნენ რომ მებრძოლების სია გადაგვეცა. ჩვენი ტყვეობიდან დახსნა ძალიან რთული ოპერაცია იყო, რასაც ხელისუფლებამ თავი წარმატებით გაართვა.

    ტყვედ ჩაბარება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, თუმცა რაზმში 600 დაჭრილი სამხედრო გვყავდა, რომელთა ნახევარი უმძიმეს  მდგომარეობაში იმყოფებდა. ადამიანები უბრალოდ იხოცებოდნენ. ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ტყვედ ჩაბარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო.

    მოლაპარაკებების დროს რუსულმა მხარემ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. ამის ნათელი მაგალითი მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანის პროცესი იყო, რომლებიც უკრაინული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაეყვანათ, თუმცა რუსებმა და სეპარატისტებმა ისინი გაიტაცეს. ტყვეობაში ყოფნის დროს რუსები ჩვენ რეკრუტირებასაც ცდილობდნენ და გვთავაზობდნენ დასავლეთის წინააღმდეგ ერთად ბრძოლას, თუმცა თითოეული ჩვენი მებრძოლი იმეორებდა რომ რუსეთი მტერია. თავიდან ოლენივკაში გადაგვიყვანეს, შემდეგ როსტოვში. ბოლოს კი მოსკოვში აღმოვჩნდით… ” – თქვა ბოგდან კროტევიჩმა. 

    კიდევ ერთი მებრძოლის, ნიკიტა ნადტოჩიის თქმით, აზოვის ბატალიონი თავის ფუნქციას უბრუნდება და რამდენიმე დივიზიონის აღდგენას იწყებს. ასევე ნადტოჩიმ აღნიშნა, რომ ოლენივკაში მომხდარ ტერაქტს არ დაივიწყებენ, რადგან  მომხდარს 70-ზე მეტი აზოველი ემსხვერპლა, მისი თქმით, ყველას მოძებნიან ვინც ტერაქტზე პასუხისმგებელია და “შესაბამის პასუხს გასცემენ”.

    “ჩვენი დაჯგუფება ელოდება იმ სამხედრო ტექნიკას რომელიც უნდა მივიღოთ. აზოვსტალიდან ევაკუირებული ჯარისკაცები, რომლებმაც ომის დროს დაზიანებები მიიღეს, გამოჯანმრთელდნენ და რაზმს დაუბრუნდნენ. ჩვენი ბატალიონის მთავარი მოქმედებების ზონა ფრონტის ხაზის სამხრეთ მიმართულებითაა, სადაც ჩვენი თანამებრძოლები ახლაც წარმატებით მოქმედებენ. ომის მიმდინარეობისას გვაქვს გარკვეული დანაკარგები, თუმცა მტერს ვანადგურებთ. ჩვენი მიზანი სამშობლოს დაცვაა. მინდა ოლენივკაში მომხდარ ტერაქტზე ვისაუბრო. მომხდარ კატასტროფაზე გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ. პირობას გაძლევთ რომ ყველას ვიპოვით და შესაბამის პასუხს გავცემთ. ტერაქტის დროს 70-ზე მეტი აზოველი დაიღუპა. კონკრეტული რაოდენობა არ ვიცით, რადგან ბევრი ფაქტი ბურუსითაა მოცული.” – თქვა აზოვის მებრძოლმა.

    https://www.youtube.com/watch?v=gB4s9gfPyPE

  • ნოვაია-კახოვკადან არის ცნობა, რომ ორკები გაქრნენ ქალაქიდან – ხერსონის ოლქის დეპუტატი

    “ნოვაია კახოვკადან არის ცნობა, რომ ორკები გაქრნენ ქალაქიდან. საშაურმეების რიგიდანაც კი, რომლებიც ასე უყვართ და მათთვის დელიკატესია…წინასწარი ინფორმაციით, ყველა ბერისლავში გაგზავნეს იქ, სადა არაფერი ხდება და პანიკა არ არის. ჩნდება ეჭვი, რომ მალე შეჭამენ, ოღონდ შაურმას არა.”

    ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი ავრცელებს.

  • თურქეთმა რუსეთს ჯავშანჟილეტებისა და ზამთრის ტანსაცმლის მიყიდვაზე უარი უთხრა – რეზნიკოვი

    „ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თურქეთიდან და ჩვენი პარტნიორებისგან, რომ რუსები ცდილობდნენ 200 000 ტყვიაგაუმტარი ჟილეტისა და ზამთრის ტანსაცმლის 500 000 კომპლექტის შეკვეთას მესამე ქვეყნების მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ. სხვათა შორის, თურქმა პარტნიორებმა მათ უარი თქვეს“

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.

  • ევროკავშირმა უკრაინას თანამედროვე დასავლური ტანკები უნდა გადასცეს–ევროპარლამენტის თავმჯდომარე

    ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას დასავლური მოდელის ტანკები უნდა გადასცეს. ამის შესახებ მან სააგენტო ფრანს პრესთან ინტერვიუში ისაუბრა.მეცოლას თქმით, უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის შეიარაღება ჭირდება.“უკრაინელებს ჭირდებათ იარაღი, რომელიც მათ მათი ტერიტორიების დეოკუპაციის საშუალებას მისცემს, და ეს გულისხმობს, მაგალითად Leopard II–ის ტანკებს, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აქვს“–თქვა მეცოლამ.

    ევროკავშირი მზად არის დონორ ქვეყნებს ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შემთხვევაში კომპენსაცია ევროკავშირის ფონდიდან მისცეს. ევროკავშირმა უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესაძენად 2.5 მილიარდი ევრო გამოყო. ტანკების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მხრიდან ომის შემდგომი ესკალაციის და უკრაინის აქტიური კონტრშეტევის გამო გახდა.

    გერმანიას, ავსტრიას, დანიას, ფინეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ესპანეთს და შვედეთს ჯამში დაახლოებით 2000 ტანკი აქვთ. თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა გამოთქვამს შეშფოთებას, რომ საკუთარი არსენალიდან უკრაინისთვის ტანკების გადაცემამ შესაძლოა მათი უსაფრთხოება დააზარალოს. მეცოლა თვლის, რომ Leopard–ების უკრაინისთვის გადაცემა ცალკეული ქვეყნების საბრძოლო მზადყოფნაზე გავლენას არ მოახდენს.

  • რუსული კატასტროფის პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ რუსული ცენტრალური ტელეარხების ეთერებში–არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსული სამხედრო მობილიზაცია კატასტროფულად მიმდინარეობს. ამავე დროს, ბზარები გაჩნდა რუსულ პროპაგანდაში:

    “რუსული კატასტროფის პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ რუსული ცენტრალური ტელეარხების ეთერებში.

    მთავარი რუსი პროპაგანდისტები არ მალავენ მობილიზაციაში დიდ პრობლემებს.

    არ იციან მობილიზებულებს რა ჩააცვან, რა აჭამონ, სად განათავსონ.

    ეს ნათლად მეტყველებს კატასტროფაზე, რომელიც გასაგები გახდა მობილიზაციის დაწყებიდან ერთ კვირაშივე. მობილიზაცია რუსეთის საკადრო არმიას ვერ დაეხმარება.

    პირველ მობილიზებულებს მალე მასობრივად ჩაყრიან სანგრებში. მათ არავინ მოამზადებს და არ აღჭურვავს. მათ უბრალოდ დაივიწყებენ.

    მერე მეორეებს, მესამეებს…

    უცნობია, რუსეთის რამდენი მოქალაქის სიკვდილი მიახვედრებს რუსულ საზოგადოებას, რომ რუსულენოვანი ხალხის მთავარი მჩაგვრელები და მკვლელები მოსკოვში სხედან.

    თუმცა, იმის გაცნობიერება, რომ “გამეორება“ შეუძლებელია, უმძიმეს მორალურ კატასტროფამდე მიიყვანს მათ, ვინც პუტინს მხარს უჭერდა და რამენაირად მაინც ჯეროდა პროპაგანდის.

    გაირკვევა, რომ ვერავის და ვერაფერს ენდობი, ეკონომიკა დანგრეულია, პერსპექტივა აღარ არის, უკრაინაში კი ათეულობით ათასი რუსი უგზოუკვლოდ იკარგება.

    ამის გადათამაშება უკვე აღარ გამოვა“– ამბობს არესტოვიჩი.

  • ხარკოვის დეოკუპირებულ ნაწილში რუსების მიერ მოკლული 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

    ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 534 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის რეგიონში ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა სერხი ბოლვინოვმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

    „სამწუხაროდ, დეოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ 534 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, საიდანაც 226 ქალია, 260 მამაკაცი, 19 ბავშვი (მათგან 13 უცნობია), ხოლო 29 ადამიანის ნეშტის  სქესი ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადა ბოლვინოვმა.

  • თუ ატომურ იარაღს გამოიყენებს, პუტინი თავად მოაწერს ხელს თვითმკვლელობის ნოტას – ჯონ ბოლტონი

    “ვფიქრობ, პუტინს ნათლად უნდა ვუთხრათ, რომ თუ ის მართლაც გამოიყენებდა ატომურ იარაღს, ეს არა მხოლოდ რუსეთის სამხედროებს მოუტანს მძიმე შედეგებს, არამედ მასაც. ვფიქრობ, საჯაროდ უნდა ვთქვათ, რომ თუ პუტინი საკუთარ თავს ატომური იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს, ის თავად მოაწერს ხელს თვითმკვლელობის ნოტას. საჯაროდ უნდა ითქვას, რომ ყველამ რუსეთის სამხედრო დაზვერვაში, შიდა უსაფრთხოების კონგლომერატში იცოდეს, რამდენად არიან რისკის ქვეშ.”

    აცხადებს, ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.

  • უკრაინელებმა ხერსონში დაბომბეს სასტუმრო, სადაც “ფეესბეს“ წარმომადგენლები ცხოვრობდნენ

    ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“  წარმომადგენლები  და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ განთავსებული. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, სერგეი ხლანმა განაცხადა.

    “დღეს მოხდა სასტუმრო “ნინელის“ დაბომბვა ქალაქის ცენტრში. ეს არის სასტუმრო აუზით და საუნით, რომელიც ძალიან უყვარდათ “ფეესბეშნიკების“ მეთაურებს და ამიტომ აქ დასახლდნენ. შვიდი “ორასიანი“ გამოასვენეს ამ სასტუმროდან“– ამბობს ხლანი.

    მისი თქმით, ხუთი გარდაცვლილი “ფეესბეს“ წარმომადგენელია, ორი კი მაღალჩინოსანი სამხერო, თუმცა ჯერჯერობით მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

    ოფიციალურად სამხრეთით კონტრშეტევა უკრაინულმა არმიამ აგვისტოს ბოლოს წამოიწყო. მას შემდეგ ისინი მტრის თავდაცვაში სუსტ ადგილებს “სინჯავდნენ“ და ოკუპანტების მომარაგების გზებს ანადგურებდნენ. ბოლო დღეებში კი სამხრეთისთვის ბრძოლა გაძლიერდა.

    პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები სამხრეთით სწრაფად და ძლიერად მიიწევენ წინ და მხოლოდ ბოლო კვირაში უკვე ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

     

  • პუტინმა დაბადების დღე პირადად მომილოცა და გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა – კადიროვი

    “მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი კარგი ამბავი – რუსეთის პრეზიდენტმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მომანიჭა. განკარგულება გამოიცა 709 ნომრით. ამის შესახებ ვლადიმირ ვლადიმროვიჩმა პირადად შემატყობინა და მომილოცა. უზომოდ მადლობელი ვარ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის, ჩემი ღვაწლის მაღალი დაფასებისთვის! ეს ჩემთვის დიდი პატივია. მე ვაძლევ სიტყვას, რომ გავამართლებ წინასწარ დადებულ ნდობას. […] მთელი ჩვენი ფიქრი დღეს არის მებრძოლებთან, რომლებიც იცავენ სამშობლოსა და ხალხთა ინტერესებს უკრაინაში ნაციონალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ გასართობი ღონისძიებები არ არის გათვალისწინებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქის, მასწავლებლისა და ახალგაზრდობის დღეებისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო პროგრამაში. შემოქმედებითი გუნდები და არტისტები გამოვლენ სცენაზე ექსკლუზიურად სულიერი და პატრიოტული კომპოზიციებით, იმღერებენ ჩვენს გმირებს, ისაუბრებენ სამშობლოს დამცველების გმირობაზე”.

    აცხადებს, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.