Category: მსოფლიო

  • ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას მოთმინება დაკარგა და ხმას აუწია, როცა ზელენსკიმ მეტი იარაღი მოთხოვა–NBC

    ერთ–ერთი სატელეფონო საუბრისას აშშ–ს პრეზიდენტმა ხმას აუწია და უკრაინის პრეზიდენტს შეახსენა, რომ აშშ–ს მოსახლეობა და მთავრობა ისედაც არსებით დახმარებას უწევს მის ქვეყანას.

    ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც 5 თვის წინ, ივნისში გაიმართა ამერიკული ტელეარხი NBC News ყვება და რამდენიმე წყაროს ეყრდნობა, რომელთათვისაც საუბრის შინაარსი ცნობილია.

    ტელეარხის ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში პრეზიდენტი ბაიდენი მოუყვა ზელენსკის, რომ აშშ–ს ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ კიევისთვის 1 მილიარდიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცა, რის შემდეგაც ზელესკიმ მაშინვე დაიწყო შეიარაღების ჩამოთვლა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიისგან დასაცავად ჭირდებოდა, და რომელიც უკრაინას იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ ქონდა მიღებული.

    როგორც ტელეარხის წყარო ყვება, ამ დროს ბაიდენმა ხმას აუწია და უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ჯობდა მეტი მადლიერება გამოეჩინა უკვე აღმოჩენილი დახმარებისთვის, რადგან ამერიკელი ხალხი ისედაც ძალიან გულუხვი იყო, ქვეყნის ადმინისტრაცია და მისი სამხედრო უწყება კი უკრაინის დასახარებლად დაუღალავად მუშაობდნენ.

    ტელეარხის ცნობით, აშშ–ს ნაციონალური უშიშროების საბჭომ უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ზელენსკის წარმომადგენელმა კი კომენტარის მოთხოვნას არც უპასუხა.

    NBC–ს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ აშშ–ს კონგრესში, თანაც ორივე პარტიაში, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში, ასევე ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობაში არსებობს გარკვეული ფრუსტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მეტისმეტი სიზანტის გამო სამხედრო დახმარების შესახებ კიევის მოთხოვნების საპასუხოდ.

    თეთრი სახლი თავიდან ვერ იღებს გადაწყვეტილებას ზოგიერთი ტიპის შეიარაღების მიწოდების შესახებ, რომელსაც უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს, და მხოლოდ კვირების და თვეების შემდეგ ემორჩილება ზეწოლას – ამბობს ტელეარხი.

    უკრაინის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად თეთრმა სახლმა დღემდე არ მიაწოდა მას შორეული მოქმედების რადიუსის რაკეტები, ტანკები, ჯავშანმანქანები და ავიაცია, რასაც კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შიშით ხსნის.

    ამერიკული ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ივნისის სატელეფონო საუბრისას ბაიდენის მხრიდან უკმეხი ტონის გამოყენების შემდეგ ზელენსკის გუნდმა გადაწყვიტა დაძაბულობა გაენეიტრალებინა, რადგან მათი აზრით აშშ–ს პრეზიდენტთან დაპირისპირება არაპროდუქტიული იქნებოდა.

  • ბუდანოვის თქმით, პუტინი მინიმუმ 3 ორეულს იყენებს

    “ჩვენ ვიცით სამი [ორეულის] შესახებ, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან… ყველამ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, რომ გამოიყურებოდეს, როგორც პუტინი. ერთადერთი, რაც მათ პუტინისგან გამოარჩევს, სიმაღლეა, რომელიც ვიდეოსა და ფოტოში აშკარად ჩანს. ასევე ჟესტები, სხეულის ენა და ყურის ბიბილოები… ისინი რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ “განსაკუთრებულ შემთხვევებში” ცვლიდნენ. თუმცა, ახლა ეს “ჩვეულებრივი პრაქტიკაა”,

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი. ბუდანოვი ასევე აღნიშნავს, რომ ადრე თუ ვლადიმერ პუტინი ორეულს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა, ახლა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

  • რუსები ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან – უკრაინა

    რუსები ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან – ამის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. განცხადება,  30 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოქვეყნდა.

    “ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მტერი მოსამზადებელ ზომებს იღებს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან საარტილერიო დანაყოფების გაყვანისთვის, მათ შემდგომში სხვა რაიონებში გადასაყვანად”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსეთის აეროდრომზე აფეთქება მოხდა, 2 სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა – უკრაინის დაზვერვა

    რუსეთში, ფსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე 2 რუსული სამხედრო ვერტმფრენი KA-52 აფეთქდა, ხოლო კიდევ ორ ვერტმფრენს საგრძნობი დაზიანებები მიადგა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული დაზვერვა ავრცელებს.

    “რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ორი რუსული ვერტმფრენი KA-52 ალიგატორი სრულად განადგურდა. კიდევ ორმა ვერტმფრენმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. რუსეთი სამხედროები დივერსანტებს ეძებენ”, -ნათქვამია უკრაინულ დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • მოლდოვაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

    31 ოქტომბერს, დილით, მოლდოვის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში  რუსული რაკეტა ჩამოვარდა.ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

    რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ის სოფელ ნასლავჩაში ჩამოვარდა, დასახლება საზღვართან მდებარეობს.

    შემთხვევამ რამდენიმე სახლში შუშები ჩაამსხვრია. პორტალმა NordNews-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოვარდნის მომენტს ასახავს.

  • რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დილიდან მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა

    დილიდან უკრაინის ქალაქებში საჰაეროგანგაშის ხმა ისმის.

    დილიდან არაერთი აფეთქების ხმა გაისმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. კიევში აფეთქებების შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა და კავშირი შეწყდა.

    კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა,რომ კიევის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად. ზოგიერთ რაიონს წყალი არ მიეწოდება. ხელისულება ასევე აცხადებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების შესახებ დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქებში. ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ვინიცკის, პოლტავსკის, ჟიტომირის, როვნევსკის და სხვა ოლქებში.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით აფეთქებები მოხდა ჩერკასკის და ზაპოროჟიეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზეც.

    ვინიცკის ოლქის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ჩამოგდებული რაკეტა სამოქალაქო ობიექტს დაეცა.

    ხარკოვის ოლქის ხელისუფლება აკონკრეტებს, რომ ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე სარაკეტო ტარტყმები მიიტანეს ხარკოვის და ჩუგუევსკის რაიონებზე. შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასქტრუქტურის ობიექტები და შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით უკრაინის ენერგოობიექტებზე ახალი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რუსეთი თითქმის ერთი თვეა ბომბავენ.

  • ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა

    ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა.გურგენ (გუგა)  გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა.

    გუგა გაგნიძე ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი “ვაგნერელების” ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც თვითმხილველები და გადარჩენილი თანამებრძოლები ამბობენ, გუგამ ბოლომდე არ დატოვა ბრძოლის ველი და გმირულად დაეცა.

    40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო–მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა. ის ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის არის 23-ე ქართველი, რომელიც თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპა.

    სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.

  • ISW:პუტინი ხანგრძლივი კონვენციური ომისთვის ემზადება და არა ესკალაციისთვის

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ახალ ანალიზში საუბარია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ ემზადება ხანგრძლივი ომისთვის  ჩვეულებრივი სამხედრო საშუალებებით, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობისთვის, და არა მკვეთრი ესკალაციისთვის, მაგალითად ბითვული იარაღის გამოყენებით, ან პირიქით, ზავისთვის.

    ორგანიზაციის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამაზე მეტყველებს პუტინის მიერ “ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება.

    “მან ამ მობილიზაციისთვის ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა ათასობით რუსის სხვა ქვეყნებში გაქცევის, უპრეცედენტო პროტესტის და ასევე უპრეცედენტო კრიტიკის სახით რუსი სამხედროების და ხელისუფლების მიმართ. ამ ფასს აზრი ექნება, თუ პუტინი აპირებს ომი გააგრძელოს და ესმის, რომ უკრაინაში სასწრაფოდ უნდა გაგზავნოს დამხმარე ძალა, რათა პოზიციები შეინარჩუნოს იქამდე, სანამ ახალი გაწვევა მოუსწრებს და სიტუაციას მისთვის სასარგებლოდ შემოატრიალებს“– წერენ ანგარიშის ავტორები.

    მათი აზრით, პუტინს იმედი აქვს რომ ახლა მობილიზებული რეზერვისტები შეძლებენ უკრაინაში პოზიციების შენარჩუნებას გაზაფხულამდე, მანამდე კი 4–6 თვიანი მომხადების გავლას შეძლებენ შემოდგომაზე გაწვეული წვევამდელები და სწორედ მათი ფრონტზე გაშვების შემდეგ შეძლებს ახალ შეტევებზე გადასვლას.

    ამავე დროს, ISW–ს ვარაუდით პუტინი ოცნებობს, რომ ცივი ზამთავრი და საწვავის დეფიციტი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას აიძულებს უკრაინას დახმარება შეუმციროს და რუსეთის მიმართ უფრო დამთმობი გახდეს.

    ISW ხაზს უსვამს, რომ ის წერს მხოლოდ იმაზე, თუ რას ფიქრობს პუტინი, და არა იმაზე, თუ სინამდვილეში რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მობილიზებულებმა ომის მსვლელობაზე. ამერიკელი ანალიტიოსები გვახსენებენ, რომ რეზერვისტების დაახლოებით მესამედი, თავად პუტინის სიტყვებითვე უკვე ჩავიდნენ უკრაინაში, მაგრამ არსებითი ცვლილებები მათ ჩასვლას არ მოჰყოლია. სავარაუდოდ გარდატეხას ვერც ნაჩქარევად მომზადებული წვევამდელები შეიტანენ ფრონტზე.

    “თუმცა, პუტინს როგორც ჩანს, არ უნდა ამ ფაქტების აღიარება და პირიქით, იმედი აქვს რომ ასეთი მაღალი პოლიტიური ფასის შედეგად შეგროვილ რეზერვებს შეუძლიათ ფრონტზე სიტუაციის შეცვლა“– წერენ ანალიტიოსები.

  • უკრაინის არმიამ ბოლო დღეღამეში რუსების რეკორდული რაოდენობა გაანადგურა–რას ნიშნავს ახალი ციფრები ექსპერტის აზრით

    30 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით ბოლო დღეღამის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ 950 რუსი სამხედრო გაანადგურა, რის შემდეგაც რუსული არმიის დანაკარგმა 71200–ს მიაღწია.

    რატომაა მნიშვნელოვანი რუსების ეს დანაკარგები, რონდელის ფონდის მკვლევარი, ექსპერტი ზურა ბატიაშვილი განმარტავს:

    “უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსების ცოცხალი ძალის დანაკარგები 70 000-ს გადასცდა. ვთქვათ, ცოტათი გადაჭარბებულია და ვიანგარიშოთ 60 000. დაღუპულებისა და დაჭრილების თანაფარდობა დაახლოებით ერთი სამზეა ხოლმე. ანუ დაჭრილია მინიმუმ 180 000 რუსი ჯარისკაცი. ომიდან გამოთიშულების საერთო ციფრი დაახლოებით გამოდის 180 000 + 60 000 = 240 000. და ეს თითქმის სულ პროფესიული ჯარი იყო.

    ახლა მობილიზებულებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დღეებში რუსებში მსხვერპლი გასამმაგდა და ზოგიერთ შემთხვევაში გაოთხმაგდა კიდეც. აქ მოყვანილი 950 დაღუპული 1 დღეში სწორედ მაგას აჩვენებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუ აქამდე პროფესიონალი სამხედრობი იბრძოდნენ, ახლა უკვე მოხალისეების დიდი მასაა იქ (შოიგუმ გამოაცხადა, რომ 80 000 უკვე გაუშვეს ფრონტის ხაზზე), რომელთა დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, როგორ მოიქცეს მაგალითად დაბომბვების დროს, რაც ზრდის მსხვერპლის რაოდენობას.

    აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთიდან მოიმატა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ტემპმა.

    ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ:
    1. დიდი იქნება მსხვერპლი მობილიზებულებში და რუსეთში მობილიზაციის შედეგად წარმოქმნილი ერთგვარი ენთუზიაზმი მალე მინელდება;
    2. უკრაინელები გაათავისუფლებენ კიდევ უფრო მეტ ტერიტორიებს;
    3. სამხედრო მარცხისა და მობილიზებულებში დიდი მსხვერპლის ფონზე რუსეთში მოიმატებს უკმაყოფილება, რისიც ყველაზე მეტად ეშინია პუტინის რეჟიმს.

    საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გარდაუვალს ხდის და აახლოებს რუსეთის კრახს.“– ამბობს ბატიაშვილი.

     

  • მამაკაცმა ბრიტანეთში მიგრანტთა ცენტრს მოლოტოვის კოქტეილები ესროლა და თავი მოიკლა

    უცნობმა მამაკაცმა 3 ბოთლი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა მიგრანტების ცენტრს სამხრეთ ინგლისის პორტ დუვრში. ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ სააგენტო როიტერის ფოტოგრაფმა განაცხადა, რომელიც ტრაგედიის თვითმხილველი გახდა.

    თავდამსხმელი ცენტრს დილით დაახლოეით 11:20 საათზე ჯიპით მიუახლოვდა. შემდეგ 3 ბოთლი “მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, საიდანაც ორს ცეცხლი მოეკიდა.

    ამის შემდეგ ის ავტომობილით უახლოეს ბენზოგასამართ სადგურთან წავიდა, მეტალის ბოძს თოკი მიაბა, რომლის ყულფი კისერზე ჩამოიცვა და მანქანა დაძრა.

    მოწმე ბრაიან ვუდი ყვება, რომ დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე იყო მიგრანტთა ცენტრიდან, როცა სამი აფეთქების ხმა გაიგო და კვამლი დაინახა.

    ამის შემდეგ კი ყვირილის და სიგნალიზაციის ხმა გაიგო.

    კენტის საგრაფოს პოლიცია აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად ცენტრში 1 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელის ვინაობა მოგვიანებით გაირკვა.

    ბიბისის რადიოს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცის სიკვდილი არ დაადასტურა. გამოძიება გრძელდება. თავდასხმის მოტივები უცნობია.

    თავდასხმა დაემთხვა მწვავე პოლიტიკურ დებატებს დიდ ბრიტანეთში მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ლა–მანშის სრუტის გადალახვის გზით დიდ ბრიტანეთში შეღწევას ცდილობენ.

    სწორედ მიგრანტთა ამ კომპლექსში მიჰყავთ ადამიანები, რომლებმაც ლა–მანში პატარა ნავებით გადალახეს. დღევანდელ ინციდენტს წინ უძღვოდა 29 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში 1000-მდე ადამიანის ამ გზით ჩასვლა.