Category: მსოფლიო

  • ირანს საუბარი უნდა, მე ვთქვი: “ძალიან გვიანია” – დონალდ ტრამპი

    ირანს საუბარი უნდა, მე ვთქვი: “ძალიან გვიანია” – დონალდ ტრამპი

    შეერთებული შტატების  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს ამერიკასთან საუბარი სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს უკვე  “ძალიან გვიანია”.

    “მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: “ძალიან გვიანია”.”, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

    1-ელ მარტს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Atlantic-ს უთხრა, რომ ირანის ახალ ხელმძღვანელობას მასთან მოლაპარაკება სურს, რაზეც ის თანახმაა.

    “მათ საუბარი უნდათ და მე დავთანხმდი საუბარს, ასე რომ მათთან ვისაუბრებ. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. უფრო ადრე უნდა შეეთავაზებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელი იყო. ძალიან დააგვიანეს”, – უთხრა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში The Atlantic-ს.

  • არჩევნები ჩატარდება ომის დასრულების შემდეგ – ზელენსკი

    არჩევნები ჩატარდება ომის დასრულების შემდეგ – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  თქვა, რომ არჩევნები ჩატარდება არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის, არამედ ომის დასრულების შემდეგ.

    “რეალური კითხვა მდგომარეობს იმაში, როდის შევძლებთ არჩევნების ჩატარებას? ისინი ნამდვილად გაიმართება ომის დასრულების შემდეგ და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს.[…] “მე არ ვარ სრულებით დარწმუნებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, შევხედავ, რა ენდომებათ უკრაინელებს.” – თქვა ზელენსკიმ.

  • ირანი აშენებდა ბუნკერებს, რომელიც მათ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს იმუნურს გახდიდა – ნეთანიაჰუ

    ირანი აშენებდა ბუნკერებს, რომელიც მათ ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს იმუნურს გახდიდა – ნეთანიაჰუ

    „ახლავე უნდა გვემოქმედა, რადგან მას შემდეგ, რაც დავაზიანეთ მათი ბირთვული ობიექტები და მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათ დაიწყეს ახალი ობიექტების, მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში მათ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ატომური ბომბის პროგრამას იმუნურს გახდიდა“,

    ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.

  • ვინ არის ალი ლარიჯანი-კაცი, რომელიც შესაძლოა ირანის ყველაზე გავლენიანი პირი გახდეს

    ვინ არის ალი ლარიჯანი-კაცი, რომელიც შესაძლოა ირანის ყველაზე გავლენიანი პირი გახდეს

    ირანის პოლიტიკის ვეტერანი ალი ლარიჯანი, რომელმაც კვირას განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ შეიქმნება დროებითი ლიდერთა საბჭო, ჯერ კიდევ გასულ წელს კვლავ იქცა რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურების იერარქიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად.

    ის კურირებს საკითხების ფართო სპექტრს – ბირთვული მოლაპარაკებებიდან დაწყებული თეირანის რეგიონული კავშირებითა და შიდა არეულობების სასტიკი ჩახშობით დამთავრებული.

    როგორც ისტებლიშმენტის ინსაიდერი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი, ლარიჯანი ხელმძღვანელობდა ირანის მცდელობებს აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად – სულ რაღაც ერთი თვის თავზე იქიდან,  რაც ვაშინგტონმა იანვარში მას სანქციები დაუწესა ანტისამთავრობო პროტესტების ჩახშობაში მონაწილეობის გამო.

    ლარიჯანი 1958 წელს ერაყის ნაჯაფში დაიბადა გამოჩენილი ირანელი სასულიერო პირის, აიათოლა ჰაშემი მირზა ამოლის ოჯახში, რომელიც შაჰმა მოჰამად რეზამ ერაყში გადაასახლა. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ოჯახი ირანში გადავიდა, სადაც ალი ლარიჯანიმ მოგვიანებით ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი რამდენიმე ძმა ასევე იკავებდა მაღალ თანამდებობებს სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სასამართლო სისტემასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    ის იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი პირველი წევრი, მოგვიანებით კი გახდა ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბირთვულ პროგრამაზე. ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიას IRIB-ს და მრავალი წლის განმავლობაში აყალიბებდა ირანის მედიის დღის წესრიგს.

    2005–2007 წლებში ლარიჯანი ბირთვული პროგრამის მთავარი მომლაპარაკებელი იყო და იცავდა თეირანის უფლებას ურანის გამდიდრებაზე. ერთხელ მან ევროპის მხრიდან ბირთვული საწვავის წარმოებაზე უარის თქმის სანაცვლოდ შეთავაზებული სტიმულები შეადარა „მარგალიტის შოკოლადის ფილაზე გაცვლას“.

    მაშინ ირანის ექსპერტები ამბობდნენ, რომ ის დასავლეთის დარწმუნებას დიპლომატიის გზით ცდილობდა და პრაგმატიკოსად ითვლებოდა.

    2005 წელს მან წარუმატებლად იყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. მოგვიანებით სცადა მონაწილეობა 2021 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ორივეჯერ მცველთა საბჭომ მოხსნა კანდიდატობიდან.

    2008–2020 წლებში ლარიჯანი პარლამენტის სპიკერის პოსტს იკავებდა და პოსტრევოლუციურ ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსად იქცა. მისი სპიკერობის პერიოდში ირანმა 2015 წელს, თითქმის ორწლიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, ექვს მსოფლიო ძალასთან ბირთვული შეთანხმება გააფორმა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეთანხმება 2018 წელს, თავისი პირველი ვადის დროს, დატოვა.

    2021 წელს ხამენეიმ ლარიჯანი დანიშნა ჩინეთთან 25-წლიანი სტრატეგიული შეთანხმების მომლაპარაკებლად — მრავალმილიარდიანი გარიგება, რომელიც ირანის გრძელვადიანი ეკონომიკური გადარჩენისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

    ლარიჯანი მთელი კარიერის განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს, გამოირჩეოდა ხამენეისადმი ერთგულებით და სისტემის ხშირად ერთმანეთთან კონკურირებად ფრაქციებთან ურთიერთობაში პრაგმატიკოსის რეპუტაციით.

    მისი ახლო წარსულის ვიზიტი ომანში, როგორც შუამავლისა არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების მოსამზადებლად აშშ-სთან, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მისი,  როგორც ხამენეის ნდობით აღჭურვილი სტრატეგის სტატუსს.

    ბოლო თვეებში ლარიჯანი რამდენჯერმე ეწვია თეირანის მთავარ მოკავშირეს — მოსკოვს, უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, რაც მისი მაღალი დონის დიპლომატიაში დაბრუნების კიდევ ერთ ნიშნად შეფასდა.

    ლარიჯანი, რომელიც 20 წლის წინ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობდა, ამ პოსტზე კვლავ დაბრუნდა ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი საჰაერო ომის შემდეგ, რომელშიც მაშინ აშშ-ც ჩაერთო.

    მისი ზოგიერთი საჯარო განცხადება ბირთვულ საკითხზე საკმაოდ პრაგმატულად ჟღერდა.

    „ჩემი აზრით, ეს საკითხი გადაჭრადია,“ — განაცხადა ლარიჯანიმ თებერვალში ომანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, აშშ-სთან მოლაპარაკებებზე საუბრისას. — „თუ ამერიკელები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ირანი არ უნდა მიიწევდეს ბირთვული იარაღის ფლობის მიმართულებით, ეს პრობლემა შეიძლება გადაწყდეს.“

    ამასთან, ლარიჯანის არაერთხელ უთქვამს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „ვერასოდეს იქნება განადგურებული“.

    თუმცა იანვრის პროტესტების უსაფრთხოების ძალების მიერ სასტიკ ჩახშობაში ლარიჯანის როლიც ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

    აშშ-ის მთავრობის განცხადების თანახმად, სადაც დეტალურადაა აღწერილი მის წინააღმდეგ და სხვა ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული სანქციები რეპრესიებზე პასუხად, ლარიჯანი ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა პროტესტების ჩახშობაში.

    როგორც სხვა ირანელმა ოფიციალურმა პირებმა, ლარიჯანიმაც განაცხადა, რომ ესმოდა იმ ადამიანების განწყობები, რომლებიც ეკონომიკური სირთულეების გამო დემონსტრაციებზე გამოვიდნენ. თუმცა მან დაგმო შეიარაღებული ქმედებები, რომლებიც მისი თქმით, ირანის „მოსისხლე მტრის“ – ისრაელის  მიერ იყო პროვოცირებული.

    იანვრის დასაწყისში, როდესაც პროტესტები მთელ ირანში გავრცელდა და თეირანში აშშ-ის შესაძლო სამხედრო მოქმედებების შიში გაიზარდა, აიათოლა ხამენეიმ ლარიჯანს სთხოვა სიტუაციის სტაბილიზაცია. ამის შემდეგ, მაღალი რანგის ინსაიდერების თქმით, ლარიჯანიმ კრიზისის მართვა საკუთარ თავზე აიღო და ფაქტობრივად გვერდზე გასწია არჩეული მთავრობა.

    იანვრის პროტესტების ჩახშობის შემდეგ ის პრაქტიკულად ქვეყნის ლიდერად იქცა, უკან ჩამოიტოვა პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და თავად მართავდა ირანის ურთიერთობებს როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან.

    ვინაიდან ლარიჯანი სასულიერო პირი არ არის, მას არ შეუძლია ხამენეის მემკვიდრე გახდეს უზენაესი ლიდერის პოსტზე. ეს როლი სასულიერო პირს ეკუთვნის, და ხამენეიმ სამი კანდიდატის სია დატოვა.

    თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აიათოლას გარდაცვალების შემდეგ ირანის, როგორც სასულიერო რეჟიმის, მომავალი გარანტირებული აღარ არის. შესაძლებელია ქვეყანა სათავეში ჩაუდგეს უფრო სეკულარული, მკაცრი ლიდერი ლარიჯანის მსგავსად, და ახალი ხელისუფლების პოლიტიკა კიდევ უფრო მილიტარისტული და ნაკლებად პროგნოზირებადი გახდეს.

    ინსაიდერების თქმით, ლარიჯანი უკვე იღებდა ზომებს ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხამენეის გარდაცვალების შემთხვევისთვის, იყენებდა რა მჭიდრო კავშირებს  გუშაგთა კორპუსის ყოფილ მეთაურებთან და სპეცსამსახურებთან, ასევე თავისი ოჯახის კავშირებს მაღალი რანგის სასულიერო პირებთან.

  • ყველაზე მძიმე დარტყმები ირანისთვის ჯერ კიდევ წინ არის– მარკო რუბიო

    ყველაზე მძიმე დარტყმები ირანისთვის ჯერ კიდევ წინ არის– მარკო რუბიო

    ყველაზე მძიმე დარტყმები ირანისთვის ჯერ კიდევ წინ არის. აშშ ხვალ დაიწყებს პროგრამის განხორციელებას, რომელიც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შერბილებაზე იქნება მიმართული, — განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

    ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ ოპერაციაში აშშ-ის მთავარი მიზანია ირანის ბალისტიკური რაკეტების, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების განადგურება.  რუბიომ ხაზი გაუსვა იმ საფრთხის აღმოფხვრასაც, რომელსაც ირანის ფლოტი თავისუფალი ნავიგაციისთვის წარმოადგენს.

    შეგახსენებთ, რომ ირანის ფლოტი ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს — ერთგვარ „ბოთლის ყელს“, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით 25% გადის.

    ექსპერტების შეფასებით, ჰორმუზის სრუტის დებლოკირება აშშ-ისთვის მარტივი ამოცანა არ იქნება, რადგან ირანი აკონტროლებს სანაპირო ზოლს და ფლობს გემების საწინააღმდეგო რაკეტებს, უპილოტო აპარატებს, სწრაფმავალ კატერებსა და საზღვაო ნაღმების განთავსების შესაძლებლობას. სრუტის ვიწრო აკვატორია ნებისმიერ გემს სანაპიროდან და ჰაერიდან განხორციელებული დარტყმების მიმართ მოწყვლადს ხდის.

    თუნდაც სამხედრო უპირატესობის პირობებში, ოპერაცია მოითხოვს მასშტაბურ განნაღმვით სამუშაოებს, სანაპირო სარაკეტო კომპლექსების განეიტრალებას და მუდმივ საჰაერო დაფარვას, რაც ზრდის კონფლიქტის პირდაპირი ესკალაციისა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურების რისკს.

  • „რაც ხდება ირანში, ვფიქრობ, კარგი სიგნალია იმისთვის, რომ პუტინმა დაინახოს, როგორ მთავრდება დიქტატურა.“ – ზელენსკი

    „რაც ხდება ირანში, ვფიქრობ, კარგი სიგნალია იმისთვის, რომ პუტინმა დაინახოს, როგორ მთავრდება დიქტატურა.“ – ზელენსკი

    უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად სუსტი მოკავშირეა რუსეთი და ამავე დროს მიანიშნა ქვეყნის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, თუ როგორ სრულდება დიქტატურა. ზელენსკის თქმით, იგივე სისუსტე რუსეთმა ახლაც გამოავლინა.

    „ჩემი აზრით, პუტინმა  სირიაში უკვე აჩვენა, როგორი მოკავშირეა, როდესაც, ფაქტობრივად, მათ ვერ შეძლეს ასადის რეჟიმის დახმარება. ჩემი შეფასებით, მათ ახლაც აჩვენეს საკუთარი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი უმნიშვნელონი არიან,“ – განაცხადა მან.

    ზელენსკის თქმით, ირანში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანი სიგნალია: „რაც ხდება ირანში, ვფიქრობ, კარგი სიგნალია იმისთვის, რომ პუტინმა დაინახოს, როგორ მთავრდება დიქტატურა.“

  • ისრაელმა ლიბანში  ჰეზბოლას ობიექტებს დაარტყა

    ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებს დაარტყა

    ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე შეუტია ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების, ჰეზბოლას პოზიციებს. ისრაელის არმიის სარდლობამ დარტყმის შესახებ დღეს, 2 მარტს განაცხადა.

    ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

    „ჩვენ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დავიწყეთ. ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, არამედ შეტევაზეც გადავდივართ.[…] უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, მრავალი დღის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და უწყვეტი შეტევითი მზადყოფნა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა.

    მანამდე, 1 მარტს საღამოს ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევა მიიტანა, როგორც თავად განაცხადა, რაკეტებით და დრონებით. ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დარტყმას უწოდა შურისძიება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მკვლელობისთვის.

    ისრაელის თქმით,  ჰეზბოლა ანგრევს ლიბანის სახელმწიფოს, ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და არ მისცემს ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.

  • როგორ დაადგინეს აშშ-მა და ისრაელმა აიათოლა ხამენეის ადგილსამყოფელი

    როგორ დაადგინეს აშშ-მა და ისრაელმა აიათოლა ხამენეის ადგილსამყოფელი

    თავდასხმა, რომლის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა, დილით განხორციელდა. არადა მოლოდინი იყო, რომ ის გვიან ღამით მოხდებოდა.

    ეს იმიტომ მოხდა, რომ აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს ესარგებლათ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც მათ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე მიიღეს.

    რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ელოდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ირანის მაღალჩინოსნები შეიძლება შეხვედრაზე შეკრებილიყვნენ, და დაადგინეს, რომ ხამენეი შაბათს დილით თეირანის ცენტრში მდებარე შენობათა კომპლექსში იქნებოდა.

    მათთვის ასევე ცნობილი იყო სხვა მაღალი რანგის ირანელი სამხედროებისა და დაზვერვის თანამშრომლების ადგილსამყოფელიც, რომლებიც იმავე დროს ატარებდნენ შეხვედრას.

    რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ და ისრაელი ირანის უზენაესი ლიდერის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. ზუსტი მეთოდები, რომლებიც ამ პროცესში გამოიყენებოდა, საიდუმლოდ რჩება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტში ირიბად მიანიშნა მათზე.

    „მან ვერ შეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემებისთვის თავის არიდება,“ — განაცხადა ტრამპმა.

    ხამენეის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა ადგილზე მოქმედი აგენტისგან ყოფილიყო მიღებული, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ აიათოლას მიაგნეს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სხვა ირანელი მოღვაწეების გადაადგილების თვალთვალის გზით.

    გასული წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მეცნიერებსა და ოფიციალურ პირებს და, გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეული პირების გადაადგილების დასადგენად იყენებდა სატელეკომუნიკაციო და მობილური ტელეფონების სისტემების გატეხვას.

    რიგ შემთხვევებში ეს მოიცავდა იმ მცველების გადაადგილების თვალთვალსაც, რომლებიც მთავარ თანამდებობის პირებს ახლდნენ.

    გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შესაძლებელი გახადა ლიდერის ყოველდღიური ცხოვრების ერთგვარი „პატერნების“ ჩამოყალიბება და მოწყვლადი მომენტების გამოვლენა: ვის ხვდებოდა და რა სიხშირით, და სად ამჯობინებდა ასეთი შეხვედრების ჩატარებას.

    ირანმა იცოდა, რომ უზენაესი ლიდერი მისი მოწინააღმდეგეების ყურადღების ცენტრში იყო, ამიტომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მოწყვლადობების ვერ აღმოჩენა და ვერ აღმოფხვრა მიუთითებს ან ირანის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სისტემის სერიოზულ ჩავარდნაზე, ან ისრაელისა და აშშ-ის შესაძლებლობაზე, ადაპტირებულიყვნენ და ახალი მეთოდები ეპოვათ დაკვირვებისთვის.

    ირანის ხელისუფლება ასევე შესაძლოა ვარაუდობდა, რომ დღისით თავდასხმა ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

    ამ შემთხვევაში, როგორც The New York Times წერს, სადაზვერვო ინფორმაცია მიღებული იყო გარედან – ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან (CIA) –თუმცა ისრაელს გადაეცა უშუალო დარტყმის განსახორციელებლად.

    ნიშნები მიუთითებს ამოცანების განაწილებაზე: ისრაელი ფოკუსირებული იყო ირანის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმებზე, ხოლო აშშ  სამხედრო ობიექტებზე.

    უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დაზვერვამ უზრუნველყო საკმარისად წინასწარი გაფრთხილება უზენაესი ლიდერისა და სხვა მაღალჩინოსნების გადაადგილების შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა შეტევის დაგეგმვა გამანადგურებლების გამოყენებით, რომლებიც შორი მოქმედების რაკეტების გაშვებას ახერხებენ.

    ერთჯერადი დარტყმის ნაცვლად, რომელსაც შეიძლებოდა მოწინააღმდეგის „თავის მოკვეთა“ გამოეწვია, გეგმა ითვალისწინებდა, რომ ეს შეტევა გახდებოდა უფრო ფართო კამპანიის დასაწყისი; ის უფრო ადრე გადაიტანეს, რათა ხელსაყრელი შესაძლებლობის ფანჯარა გამოეყენებინათ.

    ისრაელის გამანადგურებლებს დაახლოებით ორი საათი სჭირდებათ თეირანამდე მისაღწევად, თუმცა უცნობია, ზუსტად რა მანძილიდან გაუშვეს მათ საბრძოლო მასალა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისრაელის გამანადგურებლებმა კომპლექსს ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:40-ზე 30 ძლიერი ბომბი ესროლეს.

    შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ უზენაესი ლიდერი თავდაცვის მიზნით კვლავ იყენებდა კომპლექსის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა ბუნკერს (თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ბუნკერი არ ყოფილა).

    სამიზნის გარანტირებულად განადგურებისთვის შესაძლოა რამდენიმე საბრძოლო მასალის გამოყენება გახდა საჭირო.

    დაზიანდა ირანის დედაქალაქში მდებარე სხვა ობიექტებიც, მათ შორის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ოფისი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ უსაფრთხოდ იმყოფება.

    ირანმა დაადასტურა თავდაცვის სამინისტროს სამი მაღალჩინოსნის დაღუპვა, მათ შორის თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის, თავდაცვის მინისტრის ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის გენერალ მოჰამად პაკპურის.

    როდესაც თვითმფრინავებმა დარტყმა განახორციელეს, ფლორიდაში, პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში მარნა-ლა-გოში, სადაც ის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მოვლენებს აკვირდებოდა, ღამე იყო.

    რამდენიმე საათი გავიდა მანამდე, სანამ ოფიციალურად დადასტურდებოდა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოკლულია.

    თუმცა თეირანი მსგავსი განვითარების შესაძლებლობისთვის მზად იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მემკვიდრეობის გეგმები — არა მხოლოდ ხამენეისთვის, არამედ სხვა არაერთი მაღალჩინოსნისთვისაც  უკვე შემუშავებული იყო.

    ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კვლავაც გაურკვეველია, როგორ აისახება ხამენეის მკვლელობა ამ კონფლიქტის შემდგომ განვითარებაზე.

  • როგორ გამოეხმაურა მსოფლიო აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციას ირანის წინააღმდეგ

    როგორ გამოეხმაურა მსოფლიო აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციას ირანის წინააღმდეგ

    გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა არ მონაწილეობდა ისრაელისა და აშშ-ის ოპერაციაში და არ სურს რეგიონული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და გაფართოება. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ ახლახან გააძლიერა თავისი თავდაცვის შესაძლებლობები ახლო აღმოსავლეთში — მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაიცვას რეგიონში მყოფი საკუთარი მოქალაქეები.

    „ირანს არასოდეს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, და სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მიღწევის მცდელობებს,“ — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

    გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ბერლინი ისრაელის მხრიდან წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე დაგეგმილი დარტყმების შესახებ. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას და კავშირშია ევროპელ პარტნიორებთან. მომდევნო კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილია მერცისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა. მაკრონის თქმით, თეირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას აღარ რჩება სხვა გზა, გარდა „კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების“ დაწყებისა და ბირთვული იარაღისა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამებზე უარის თქმისა.

    ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს და რეგიონის სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებს. მისი თქმით, ევროკავშირი არაბ პარტნიორებთან ერთად დიპლომატიური გზით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობებს განიხილავს.

    იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ოფისში განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ ირანის სამოქალაქო მოსახლეობას. იტალია ითხოვს ირანელთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პატივისცემას.

    შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ დარტყმების შესახებ გავრცელებული ცნობებით. ქვეყნის ხელისუფლებამ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდა „საერთაშორისო სამართლის სრული დაცვისა“ და „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“. ციურიხში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე.

    ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სოლიდარობას უცხადებს „ირანის მამაც ხალხს მის ბრძოლაში ჩაგვრის წინააღმდეგ“. ამასთან, მან მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალისხმევას, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

    რუსეთმა დაგმო „წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს — გაეროს წევრის — წინააღმდეგ“.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციას უწოდეს „უგუნური ნაბიჯი“ და „სახიფათო ავანტიურა“, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. უწყების შეფასებით, აშშ და ისრაელი ისახავენ მიზნად „მათთვის მიუღებელი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დანგრევასა და მისი ხელმძღვანელობის განადგურებას — სახელმწიფოსი, რომელმაც უარი თქვა ძალისმიერ დიქტატსა და ჰეგემონიას დაქვემდებარებაზე.“

  • ფარცხალაძე– “საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს“

    ფარცხალაძე– “საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს“

    საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ფარცხალაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ის რუსულ მედიას ესაუბრა, რომელიც წერს, რომ  “საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე 2025 წლის დეკემბერში ფიგურანტი გახდა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც თბილისში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ეხება. საქართველოს დედაქალაქში სროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, მედიასაშუალებები მოკლულს მოიხსენიებდნენ როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს და რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის დიდი ნაწილის დანაშაულებრივი სამყაროს „რუხ კარდინალს“. მსროლელმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყო, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. გამოძიების ვერსიით კი, მკვლელობის ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. ამის შესახებ 2025 წლის დეკემბერში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.“

    ფარცხალაძე ამბობს, რომ საქმე „უცხოელი პატრონების“ მითითებითაა შეთითხნილი:

    “ მდევნიან შეთითხნილი დანაშაულების გამო, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, და ცდილობენ ისტორიული სამშობლო წამართვან. საერთაშორისო დანაშაულებრივმა ჯგუფებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩემი არჩეული გზა მართალია. მზად ვარ სიცოცხლე შევწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.

    დროა წარსულში დავტოვოთ ძველი წყენები, რომლებიც ჩვენი ხალხის მტრებმა შექმნეს, და წინ წავიდეთ. საქართველოს ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მისი ინტერესებისთვის და ვინ ხლართავს ინტრიგებს უცხოელი პატრონების სამსახურში, ანგრევს ჩვენს თვითმყოფადობას, წეს-ჩვეულებებს და ერთობას. ასე შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ტრადიციები და რწმენა.“

    ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება სუვერენიტეტის, ტრადიციების და რწმენის შენარჩუნება, ფარცხალაძე პასუხობს:

    “ სამშობლოს –საქართველოს  სამსახურის სახელით გრძელი და სახიფათო გზა გავიარე. და დღეს იმ წერტილში აღმოვჩნდი, საიდანაც ვიცი, რომ ძმურ ერებს შორის ურთიერთობის ახალი გვერდი დაიწყება. რთულ დროს ვცხოვრობთ, დროში, როდესაც ძველი ჭრილობები ჯერ ბოლომდე არ მოშუშებულა, ხოლო ცხოვრება უკვე ახალ გამოწვევებს გვიგზავნის.

    და როგორც საკუთარ შეცდომებზე, ისე ჩვენი უახლოესი მეზობლების შეცდომებზე დაკვირვებით დავრწმუნდით,  პასუხის ვარიანტი მხოლოდ ორი გვაქვს.

    პირველი ვარიანტი – ეს არის ჩვენი ისტორიის, რწმენის, მეგობრებისა და ძმების ღალატი; იმის მცირე ნაწილის დათმობა, რაც გვაქვს, თავისუფლების ილუზიის სანაცვლოდ. თავისუფლებისა მორალისგან და ჩვენი ტრადიციებისგან. თავისუფლებისა იმისგან, რომ მამაკაცები იყვნენ დამცველები, ხოლო ქალები  დედები.

    მეორე – კვლავ გაერთიანება და ღვთის გზის ძიება, რომელიც ჩვენს ხალხს კეთილდღეობამდე მიიყვანს.მართლმადიდებლური სარწმუნოება გვაერთიანებს.

    ჩვენი ისტორია სავსეა ტრაგიკული მომენტებითა და გმირული ქმედებებით. გვახსოვს, როგორ დაიღუპა 400 000-ზე მეტი ქართველი დიდ სამამულო ომში, წითელი არმიის მხარეს იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და ღირსებისთვის, გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს გმირული თავგანწირვა ამტკიცებს ჩვენს კავშირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა იმ ხალხთან, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ისტორიის ეს მძიმე ფურცლები.

    მე მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე, ერთობაზე და გარე საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ წინააღმდეგობაზე.“– ამბობს ფარცხალაძე რუსულ მედიასთან.