Category: კავკასია

  • Guardian: რომან აბრამოვიჩმა ომის დაწყებამდე $4 მილიარდის აქტივები შვილებზე გადააფორმა

    რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინასთან ომის დაწყებამდე მისი შვიდი შვილი მილიარდობით დოლარის ღირებულების 10 საიდუმლო ოფშორული აქტივის მაჟორიტარი ბენეფიციარი გახადა. ეს მოხდა თებერვლის დასაწყისში, ცოტა ხნით ადრე, სანამ აბრამოვიჩი, როგორც პუტინთან დაახლოებული ადამიანი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცეოდა რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო.

    ბრიტანული გაზეთ Guardian-ისთვის კვიპროსში ბაზირებული კომპანია MeritServus-ის მრავალი დოკუმენტიდან ცნობილი გახდა, რომ ოლიგარქის ფინანსების სწრაფი რეორგანიზაცია ომამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე მოხდა, რის შედეგადაც მისი შვილები  სულ მცირე 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ფონდების ოფიციალური მფლობელები გახდნენ. სწორედ ეს კომპანია მართავს აბრამოვიჩის  ოფშორულ ფონდებს. ეს ფაილები ჟურნალისტებს ანონიმმა წყარომ მიაწოდა.

    მანამდე პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიგარქის შვილები,  ყველა რუსეთის მოქალაქე, რომელთაგან უმცროსი 9 წლისაა, ორი ფონდის ბენეფიციარი გახდნენ, თუმცა, ბოლო დოკუმენტების მიხედვით, გაზეთის ცნობით, აქედან გამომდინარეობს, რომ ოლიგარქის აქტივების რეორგანიზაციის მასშტაბები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და შეიძლება მიუთითებდეს აბრამოვიჩის მცდელობაზე, თავი აარიდოს მისი უზარმაზარი ქონების გაყინვას ან თუნდაც ჩამორთმევას.

    10 ფონდის გარდა, ოლიგარქის შვილები სხვა აქტივების მფლობელებიც გახდნენ, მათ შორის იახტების, ვერტმფრენების და თვითმფრინავების.

    თავად აბრამოვიჩი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ არა ამერიკას, თუმცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გასულ წელს  მისი ორი თვითმფრინავი ჩამოართვა იმ მოტივით, რომ ისინი  მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დარღვევით გამოიყენეს.

    თავად აბრამოვიჩმა და კომპანია MeritServus-მა უარი თქვეს პასუხი გაეცათ ჟურნალისტების კითხვებზე მისი ფინანსების რეორგანიზაციის შესახებ.

    რომან აბრამოვიჩი, რომელსაც აქვს რუსული, ისრაელის და პორტუგალიის პასპორტები, კატეგორიულად უარყოფს კრემლთან რაიმე ფინანსურ კავშირს და სარჩელიც კი შეიტანა, რათა გააუქმოს ევროკავშირის გადაწყვეტილება მის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.

  • თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

    თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

    საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    “ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

    „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13)

    დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

    იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, „ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად“.

    როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანაავღდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

    ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

    ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

    ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

    ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

    სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც „დამწვარი სინდისი“ ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

    ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

    „ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე – ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება … ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

    გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფლთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

    გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.

    ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: „კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება – კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი.“

    თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

    ……..

    ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

    მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;

    კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით… ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, – საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.

    უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, – ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

    მოციქული ბრძანებს: „ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც“ (გალ.4.7).

    ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი;

    ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!

    და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

    განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი“ (გალატ.6,2), – მოგვიწოდებს წმინდა წერილი.

    ……

    მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, „რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი“ (კოლას.1,19-20)

    ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

    ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

    ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

    ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

    „ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, – მისდა სამკვიდროდ გამორჩეული“ (ფსალ. 32.12).

    თქვენთვის მლოცველი, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, თბილისი, შობა ქრისტესი 2023 წელი

  • “თქვენს თავზე მხოლოდ HIMARS-ი იქნება” – არესტოვიჩი “საშობაო ზავის” შესახებ

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელმძღვანელობის წინადადებაზე „საშობაო ზავის“ შესახებ.

    იუთუბზე რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან საუბარში მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრეც გააკეთა მსგავსი წინადადება, მაგრამ შემდეგ რუსეთმა უარი თქვა.

    „ჭკვიან დიპლომატიური ენით რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე განზრახვები. როცა ჩვენ შევთავაზეთ, მათ არ უპასუხეს. დიახ, პესკოვმა უარი თქვა, რადგან მაშინ ინიციატივა იყო უკრაინულ მხარეს და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდოდათ. ახლა ინიციატივა მათია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

    მისი თქმით, რუსული მხარე ცდილობს უკრაინის წინადადება „დაბუნდოვანდეს“ და წარმოადგინოს ის, როგორც ომის მომხრე.

    „ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ომი, სანამ ბოლო დამპყრობლის ბოლო ფეხი არ გაქრება ჩვენი ტერიტორიიდან. მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის. ეს არის ჩვენი პირობა. ამიტომ, იქამდე ზავი არ იქნება, იქნება მხოლოდ HIMARS თქვენს თავზე“, – დასძინა მან.

  • იაპონიის პრემიერ მინისტრი უკრაინაში მიიწვიეს

    იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინაში მიწვევა მიიღო , განაცხადა იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა.

    მოწვევა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა იაპონიის ელჩს ოთხშაბათს გადასცა, განაცხადა მინისტრთა კაბინეტის მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ ტოკიოში გამართულ ბრიფინგზე.

    “იაპონია მხარს უჭერს უკრაინის მოქალაქეებს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს, როგორც G7-ის თავმჯდომარე წელს”, – თქვა მაცუნომ.

    მომავალ კვირას კიშიდა ეწვევა G7-ის წევრ ქვეყნებს, მათ შორის საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადასა და შეერთებულ შტატებს. ტური ჰიროშიმაში G7 მაისის სამიტამდე ცოტა ხნით ადრეგ აიმართება .

    ამ კვირის დასაწყისში გაზეთმა Nikkei-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონია აპირებს სამიტზე მიიწვიოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

    ტოკიოსთვის, წერს Nikkei, უკრაინასთან დაკავშირებით  G7-ის ქმედებების კოორდინაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტაივანთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად, რომელშიც შეიძლება იაპონია ჩაერთოს.

    იაპონიის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, ჩინეთმა უნდა გაეცეს სწრაფი და მკაცრი პასუხი აშშ-თან და ევროპასთან ერთად, როგორც ეს მოსკოვთან მიმართებაში რუსეთის  უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხდა.

  • ცეცხლის შეწყვეტის საუკეთესო გზა რუსული ჯარების გაყვანაა-ზელენსკი პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტაზე

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, მისი გუნდის წევრების შემდეგ, თავადაც უარყო რუსეთის ლიდერის პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, როგორც ფარისევლური მცდელობა სულის მოსათქმელად.

    ზელენსკიმ მისი ვიდეომიმართვის  მეორე ნახევარი პუტინის განცხადებას მიუძღვნა და ამ ნაწილში რუსულ ენაზე  რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.

    უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინა უკვე გამოვიდა თავისი „მშვიდობის ფორმულის“ შეთავაზებით, მაგრამ მასში მთავარი ელემენტი რუსი ოკუპანტების გაყვანაა.

    „რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა არის გარანტირებული და საიმედო გზა ცეცხლის, ადამიანური დანაკარგების და ზოგადად ომის შესაჩერებლად.

    ახლა მათ უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და მობილიზებული სამხედროების ჩვენს პოზიციებთან ახლოს თავმოყრა შეძლონ. რას მოგვცემს ეს? მხოლოდ დანაკარგების მორიგ ზრდას. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომში სულის მოთქმის შესაძლებლობას. იყენებს იმისთვის, რომ ომი ახალი ძალით განაგრძოს.  

    ომი დასრულდება მაშინ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გავყრით. ასე რომ, დაე წაიღონ უნიტაზები – გზაში დასჭირდებათ – და დაბრუნდნენ სახლებში.

    იმისათვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, სულ სხვა რამ არის საჭირო: რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გამონახონ გამბედაობა საკუთარ თავში მინიმუმ 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს, რათა განთავისუფლდნენ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან ერთი ადამიანის მიმართ კრემლში. მისდამი თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას.“ – თქვა ზელენსკიმ.

    ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს  რუსეთის ჯარს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა და უკრაინელებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა პუტინის მოწოდებას თვალთმაქცობა და მზაკვრობა უწოდეს.

  • აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლებია–Reuters

    Reuters-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება ხუთშაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლების შესახებ.

    როგორც ცნობილია, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევის მცდელობას დონეცკის რეგიონში ბახმუტის მიმართულებით. მათი თავდასხმები ავდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებებზე ჯერჯერობით წარუმატებელი იყო.

    ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ჯარები აგროვებენ ძალებს ბახმუტის რაიონში დიდი დანაკარგების მიუხედავად.

    ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები ტერიტორიებს „ეტაპობრივად“ იბრუნებენ, მაგრამ ეს სწრაფად არ ხდება.

    ის ელოდება, რომ ბრძოლა მხოლოდ სიცივესთან ერთად გაძლიერდება, რადგან გაყინული მიწა მძიმე ტექნიკის გამოყენების საშუალებას იძლევა.

    ამავდროულად, აშშ-ს ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი სააგენტოსთან საუბარში უკრაინაში გაჭიანურებულ ომს წინასწარმეტყველებს.

    „ბრძოლა ჯერ კიდევ საკმაოდ მძიმეა… რასაც ბახმუტში ვხედავთ, მოსალოდნელია ფრონტის სხვა სექტორებში, ბრძოლები გაგრძელდება უახლოეს თვეებში“, – ციტირებს Reuters-ს ანონიმი ოფიციალური პირის განცხადებას ვაშინგტონიდან

  • მსოფლიო ვერ დაუშვებს სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდეს–მაიკლ მაკფოლის სტატია The Washington Post- ში

    რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, პროფესორი მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს, სათაურით – მოსოფლიომ არ უნდა დაუშვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი.

    გთავაზობთ სტატიას  სრულად:

    იმის გამო, რომ მსოფლიო სამართლიანად არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე უკრაინაში, რუსეთის ლიდერი განაგრძობს მისი მადესტაბილიზებელი  ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის განვითარებას მსოფლიოს სხვა ადგილებში. მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქართველო, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს.

    ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქ პატიმრობაში იტანჯება – ზოგიერთი ცნობით, სიკვდილის  პირას მყოფი. ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ამას ვერ დაუშვებენ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა – სწორედ  წარსულში მისი დამსახურების გამო მისი სამშობლოში დემოკრატიზაციის საქმეში.

    ორი ათეული წლის წინ სააკაშვილი დემოკრატიული გარღვევების მსოფლიო გმირი გახდა. 2003 წელს სააკაშვილი ხელმძღვანელობდა “ვარდების რევოლუციას” საქართველოში, დაამხო ცნობილი კორუმპირებული რეჟიმი და ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა ლიდერების პროდემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი გუნდი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროპისკენ სვლას. როგორც ყველა რევოლუციას, ვარდების რევოლუციას ჰქონდა თავისი წინააღმდეგობები. სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერებისა და საქართველოში ენდემურ კორუფციასთან გამკლავების მიზნით, სააკაშვილი ხანდახან  დემოკრატიულ ნორმებს არღვევდა. მაგრამ საქართველოს ზოგადი დემოკრატიული ტრაექტორია სააკაშვილის ეპოქაში არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ.

    სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განახორციელეს ზოგიერთი ყველაზე მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმა პოსტსაბჭოთა სამყაროში. მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ძალაუფლების გადაცემას მშვიდობიანი არჩევნების გზით. სწორედ ამას აკეთებენ დემოკრატები.

    დასავლეთის დემოკრატიული ლიდერები სააკაშვილს, შთამაგონებელ დემოკრატად  ეფექტურ რეფორმატორად თვლიდნენ. ვარდების რევოლუციაში წარმატებით გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი განმეორდა მომდევნო წელს უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციაში. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაამყარა მჭიდრო პირადი ურთიერთობა სააკაშვილთან; თბილისის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის სახელი ჰქვია.  როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ასევე აღფრთოვანებული იყო ქართველი ლიდერით. (მათი ურთიერთობის მომსწრე გავხდი, როცა ბაიდენს ვახლდი საქართველოში 2009 წელს, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამდებობის პირი.) პატივისცემა იყო გულწრფელი. სააკაშვილი არ იყო სრულყოფილი; მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ მისი, როგორც ქართული დემოკრატიის მამის მიღწევები ისტორიული იყო.

    მაგრამ იყო ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც ეზიზღებოდა სააკაშვილი: ვლადიმერ პუტინი. წარმატებული ქართული დემოკრატია მის სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრისთვის, რასაც პუტინი უჭერდა მხარს და მას გადაწყვეტილი ჰქონდა დაბელოკა სააკაშვილის სწრაფვა, საქართველო დასავლეთისკენ წაეყვანა. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოეწონა მისი განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. პუტინს ეშინოდა ფერადი რევოლუციების საქართველოსა და უკრაინაში სწორედ იმიტომ, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას. 2008 წლის აგვისტოში პუტინმა ხელი გამოაჩინა საქართველოში შეჭრით. მას მოჰყვა ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რითაც ბრიუსელში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები გაიყინა.

    მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქის თბილისისკენ შემოტრიალდნენ, ზოგიერთმა სააკაშვილს გაქცევისკენ მოუწოდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად გასულ წელს უკრაინაში, სააკაშვილმა დარჩენა არჩია. პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა არ ეცადა სააკაშვილის დაპატიმრება ან მოკვლა ან საქართველოს ხელისუფლების დამხობა სამხედრო ძალის საშუალებით, მაგრამ რუსეთის ლიდერი კვლავ  ორიენტირებული იყო საქართველოს პრეზიდენტის დაკნინებაზე. (დღეს რუსეთი კვლავ იკავებს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედს).

    პუტინმა და მისმა რწმუნებულებმა მალევე გაარკვიეს, როგორ გამოეყენებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები რუსი ლოიალისტების ხელისუფლებაში მოსაყვანად, რომელიც ორკესტრირებული იყო საქართველოში პუტინის მთავარი სუროგატის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის (რომელმაც ქონება რუსეთში მოიპოვა და არა საქართველოში) მიერ. ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის ეროზია, რამაც მკვეთრად შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია. გასულ წელს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინა და მოლდოვა წევრობის კანდიდატად, მაგრამ არა საქართველო. საქართველოს დაქვეითებული სტატუსის უკეთ დრამატიზაციას ვერაფერი შეძლებდა.

    მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა გახდა უფრო ავტოკრატიული და რუსეთთან მეგობრული, სააკაშვილი იქ თავის როლს ვერ ხედავდა და გაემგზავრა უკრაინაში, სადაც სხვადასხვა ხარისხის წარმატებით ეკავა ოფიციალური თანამდებობების სერია.

    მაგრამ ემიგრაციაში ცხოვრება მისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მას სურდა საქართველოს მცოცავი ავტოკრატიის შეჩერება. ასე რომ, 2021 წელს ის დაბრუნდა. ეს შეცდომა იყო. მთავრობამ ის სწრაფად დააპატიმრა სავარაუდო “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის” და მას შემდეგ ის პატიმრობაშია. მისმა იურიდიულმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომ ის შესაძლოა მოწამლული იყოს. ბოლოდროინდელმა სურათებმა კლინიკიდან, სადაც ის ახლა იმყოფება, აჩვენა, რომ ის დაღლილი და დეზორიენტირებულია.

    პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების ნებართვა მისცეს სააკაშვილს და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება – ეს ღონისძიება უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც ასევე გამოაცხადა სააკაშვილი პოლიტპატიმრად.

    სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დარტყმა. ეს არავის ესმის უკეთესად, ვიდრე ზელენსკის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „მოწყალება გამოიჩინონ“ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებით.

    ზელენსკი სწორად მოიქცა. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მიბაძონ მას. თავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. იგივე უნდა გააკეთოს საქართველოში სააკაშვილის გასათავისუფლებლად ზეწოლის საქმეში.

  • საფრანგეთი უკრაინას ტანკებს და ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს

    საფრანგეთი უკრაინას AMX-10RC–ის მოდელის მსუბუქ ტანკებს  და “ბასტიონის“ ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელი სამხედროები დასავლურ ტანკებს მიიღებენ.

    უკრაინამ არაერთხელ სთხოვა დასავლელ პარტნიორებს მიეწოდებინათ მისთვის ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, რაც აუცილებელია შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად. ბოლო დრომდე მოკავშირეები უარს ამბობდნენ კიევის ამ თხოვნის შესრულებაზე – ზოგიერთი ექსპერტი წერდა, რომ ეს გამოწვეული იყო კონფლიქტის ესკალაციის შიშით, სხვები აღნიშნავდნენ, რომ ასეთ აღჭურვილობას საკმაოდ რთული ტექნიკური მხარდაჭერა და მოვლა სჭირდება.

    რა არის ცნობილი იმ ჯავშანტექნიკის შესახებ, რომელსაც საფრანგეთი  უკრაინას აძლევს:

    AMX-10RC მაღალი მობილობის ბორბლიანი ჯავშანმანქანაა, რომელიც  ოთხ ადამიანს იტევს.

    მისი პირველი ეგზემპლარები საფრანგეთის არმიაში 1980 წელს შევიდა. 2010 წელს  256 AMX-10 RC –ის მოდერნიზება მოხდა და ის აღიჭურვა კომპიუტერული კომუნიკაციისა და ბრძოლის ველზე მონიტორინგის სისტემით, ასევე გაძლიერებული ჯავშნით. ჯერჯერობით უცნობია მანქანის რომელ ვერსიას მიიღებს უკრაინა.

    მანქანა განკუთვნილია სადაზვერვო და საცეცხლე მხარდაჭერისთვის. საბურავების წნევის რეგულირების უნარის წყალობით, მას ცუდ რელიეფზე დაახლოებით იგივე გამტარიანობა აქვს, რაც მუხლუხოიან ტანკებს.

    საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებში ჯავშანმანქანის ეს მოდიფიკაცია კლასიფიცირდება როგორც მსუბუქი ტანკი.

    საფრანგეთის არმიამ  AMX-10RC სპარსეთის ყურის ომში და რამდენიმე სამშვიდობო ოპერაციის დროს გამოიყენა. მანქანების ექსპორტირება მოხდა მაროკოში და ყატარში.

    AMX-10RC ასევე კლასიფიცირდება როგორც ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

    გარდა ამისა, საფრანგეთი შეიარაღებული ძალები უკრაინას  ბასტიონის ჯავშანტრანსპორტიორებს ჰპირდება (თუმცა ჯერჯერობით, La Tribune-ის მიხედვით, მხოლოდ 20 ერთეულს). ეს არის კომპანია  Acmat-ის მიერ წარმოებული  საბრძოლო ჯავშანტექნიკა.

    “ბასტიონი”ძირითადად აფრიკაში მოქმედი ფრანგული სპეცრაზმისთვის  შეიქმნა.

    ჯავშანტექნიკის ძირითადი ვერსია განკუთვნილია ხუთი სპეცრაზმის ჯარისკაცისთვის, მოდიფიკაცია გაზრდილი ტევადობით – 8 ადამიანისთვის.

  • ვანო მერაბიშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ ცემა–რუსთავი2

    ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი   მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ ცემა. მედიაში და სოციალური ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით ვანო მერაბიშვილს 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.  “რუსთავი 2” დაუკავშირდა შარაშიძეს, რომელიც მომხდარს ადასტურებს და აცხადებს, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

    “დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას,” – განაცხადა გიგიშა შარაშიძემ და დაადასტურა, რომ ყოფილ მინისტრს ფიზიკურად შეეხო.

  • პირველად საუკუნის განმავლობაში აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ თავმჯდომარე ვერ აირჩია

    ამერიკულ პოლიტიკაში მეორე ყველაზე მნიშვნელოვან პოსტზე, სენატის ქვედა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ კვლავ ვერ მოიპოვა ხმების საჭირო რაოდენობა. პირველად საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, სენატის ქვედა პალატამ ვერ შეძლო თავმჯდომარის არჩევა.

    სამშაბათს საღამოს კენჭისყრაში მაკკარტიმ რესპუბლიკელების მხოლოდ 203 ხმა მოიპოვა. თანამდებობის დასაკავებლად მას მინიმუმ 218 ხმა სჭირდება.

    წელს პალატაში მხოლოდ 222 რესპუბლიკელია, მაგრამ ფრაქციის 19 ყველაზე კონსერვატიულ წევრს მისი მხარდაჭერა არ სურს. მისმა მთავარმა კონკურენტმა, დემოკრატმა კანდიდატმა ჰაკიმ ჯეფრისმა 212 ხმა მოიპოვა. მას ხმა ყველა დემოკრატმა მისცა.

    რა მოხდება ახლა?

    ბოლოს ასეთი ვითარება, როდესაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პირველ ტურში ვერ აირჩიეს, 100 წლის წინ იყო. 1923 წელს კანდიდატის არჩევას ცხრა ტური დასჭირდა.

    ახლაც პალატა  გააგრძელებს კენჭისყრას წარმატებულ შედეგამდე. სანამ სპიკერი არ აირჩევა, კანონმდებლები სხვა საკითხებზე ვერ გადავლენ – კონგრესის ახალი წევრები ფიცს ვერ დადებენ, ახალი კანონები ვერ მიიღება.

    რამდენი ტური იქნება საჭირო, უცნობია. რამდენი დრო დასჭირდება ამას ასევე გაურკვეველია. 1923 წლის კენჭისყრა რამდენიმე დღე გაგრძელდა.

    წარმომადგენელთა პალატის ბევრმა სპიკერმა  თანამდებობისკენ მიმავალი რთული გზა გაიარა, მაგრამ შიდაპარტიული კონფლიქტები წარსულში საკმაოდ სწრაფად , ხშირად კენჭისყრამდე მოგვარდა.

    მაკკარტი, თავის მხრივ, წინააღმდეგობას შეხვდა ულტრამემარჯვენე თანაპარტიელების  მხრიდან გასული წლის ნოემბერში, როდესაც რესპუბლიკელებმა პალატაში შუალედურ არჩევნებზე უმრავლესობა მოიპოვეს.

    კონგრესმენი ენდი ბიგსი არიზონიდან  მაკარტის ალტერნატივად პოზიციონირებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ის მისი რეალური ალტერნატივა გახდას. ასევე მაკკარტის წინააღმდეგია ფლორიდის წარმომადგენელი მეტ გოთცი. კენჭისყრის პირველ ტურში ბიგსმა 10 ხმა მიიღო, კიდევ ცხრა რესპუბლიკელმა ხმა მისცა სხვა კანდიდატებს.

    ოპოზიციას კევინ მაკარტი პირადი და იდეოლოგიური მიზეზების გამო არ მოსწონს . უკვე რამდენიმე კვირაა მაკარტისგან დათმობებს ითხოვენ, კერძოდ, სპიკერის იმპიჩმენტის პროცედურის გამარტივებას.

    სამშაბათს დილით მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მაკკარტიმ თქვა, რომ 20-მდე რესპუბლიკელს შესაძლოა მის წინააღმდეგ  მიეცა ხმა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებდა.