Category: კავკასია

  • იაპონია თითქმის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის აღდგენისთვის

    იაპონიის მთავრობამ უკრაინის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 95 მილიონი დოლარი გამოყო.

    ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ეს თანხები გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) გადაეცემა პარტნიორობის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი დღეს მოაწერეს იაპონურმა და უკრაინულმა მხარეებმა და გაეროს წარმომადგენლებმა.

    აღნიშნულია, რომ უკრაინის დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია ხუთ ძირითად მიმართულებაზე: მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება კრიზისზე რეაგირებისა და მისი მართვისთვის; საჯარო სერვისების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება; კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რათა ადამიანებს შეეძლოთ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნება; კერძო საწარმოების მხარდაჭერა მათი მუშაობის შესანარჩუნებლად, რითაც მხარს უჭერს თემებს; სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური კავშირების გაძლიერება

    „სანამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ათავისუფლებს ტერიტორიებს ოკუპანტებისგან, მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს „გადარჩენის პროექტების“ განხორციელებაზე – აღადგენს სატრანსპორტო კავშირებს განთავისუფლებულ რეგიონებთან, ქმნის პირობებს მოქალაქეების დაბრუნებისთვის მათ სახლებში, მხარს უჭერენ ეკონომიკას რეგიონებში“, – განაცხადა რეკონსტრუქციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა,  თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.

    2022 წლის აპრილში იაპონიამ უკვე გამოყო $4,5 მილიონი ასაფეთქებელი ნივთებისა და ნანგრევებისგან ტერიტორიების გადაუდებელი გაწმენდისთვის.

  • სოლედარის მარილის უნიკალური მაღაროები–საინტერესო ფაქტები უკრაინულ ქალაქზე, რომლისთვის დაძაბული ბრძოლა არ წყდება

    დონბასში სოლედარისთვის ბრძოლა 2022 წლის მაისიდან მიმდინარეობს, როდესაც რუსეთის არმიამ ქალაქს პირველად შეუტია დრონებით. ივლისში რუსული ჯარების მიერ ლუგანსკის რეგიონში სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ, სოლედარის დაბომბვა გაძლიერდა. ბოლო კვირებში აქ მიმდინარეობს ბრძოლები, რომლებიც , პრეზიდენტ ზელენსკის თქმით სიგიჟეს გავს.

    ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თვლის, რომ რუსეთის ჯარებს სჭირდებათ კონტროლი ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე სოლედარზე, ისევე როგორც ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფელ ზაიცევოზე, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წაართვან კონტროლი უკრაინულ არმიას მნიშვნელოვან  მომარაგების ტრასაზე დონეცკის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

    გარდა ამისა, უკრაინასა და დასავლეთში სამხედრო დამკვირვებლების აზრით, სოლედარის აღება, სადაც ომამდე დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, აუცილებელია რუსეთის სარდლობისთვის, რომ აჩვენოს რაიმე სახის გამარჯვება მაინც უკრაინის არმიაზე.

    ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი ვერსია. “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ქალაქი ექსკლუზიურად მისმა მებრძოლებმა აიღეს. როიტერი, თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ პრიგოჟინს, სავარაუდოდ, ბახმუტთან ახლოს მარილის მაღაროებზე კონტროლის დამყარება სურს. ამავდროულად, სწორედ სოლედარში არის ქვის მარილის პრაქტიკულად ამოუწურავი საბადოები.

    გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს სოლედარის  შესახებ – უნიკალური ადგილის შესახებ, სადაც მარილი დიდი ხანია მოიპოვება და სადაც ახლა მისი დამუშავება შეჩერებულია, ქალაქი კი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

    სოლედარის მთელი ისტორია მარილის მოპოვებას უკავშირდება. ამ ინდუსტრიის  პირველი მოხსენიება მე-17 საუკუნის ბოლოს თარიღდება. მარილის მაღაროების ირგვლივ გაჩნდა სოფელი ბრაიანცევკა. XIX საუკუნის მიწურულს აქ მარილის ცხრა პლასტი აღმოაჩინეს და ამავე დროს დაიწყო პირველი მარილის მაღაროს მშენებლობა. პლასტის სისქე, რომელშიც მაღარო იყო გათხრილი, 40 მეტრი იყო.

    მოგვიანებით აქ მარილის ხუთი მაღარო გამოჩნდა და მარილის მოპოვება უკვე სამრეწველო მასშტაბით დაიწყო. აქ ასობით ადამიანი მუშაობდა, აშენდა  რკინიგზის სადგური “მარილი“ და მუშათა დასახლებები.

    1926 წელს სოფელ ბრაიანცევკას ეწოდა კარლო-ლიბკნეხტოვსკი – გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის, კარლ ლიბკნეხტის პატივსაცემად. ქალაქი ამ სახელს 1991 წლის შუა პერიოდამდე ატარებდა.

    მეორე მსოფლიო ომის დროს მარილის ყველა მაღარო განადგურდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აღადგინეს და ბოლო დრომდე მუშაობდნენ.

    სწორედ სოლედარშია განთავსებული მსოფლიოში მარილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი არტიომსოლის ქარხნის ადმინისტრაცია.

    მაისის ბოლოს, მუდმივი რუსული დაბომბვის გამო, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

    ამოუწურავი რეზერვები

    არტიომსოლის  თანამშრომლები ამბობენ, რომ  რეგიონში მარილის საბადოები პრაქტიკულად ამოუწურავია: საბადოების ექსპლუატაციის 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მარილის მარაგი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა.

     ომამდე „არტიომსოლი“ უკრაინაში მარილის მოხმარების 96%-ს უზრუნველყოფდა. საწარმო 50 კვადრატულ კილომეტრზე მეტს იკავებს. მისი პროდუქცია შეიძინა 50 ათასზე მეტმა საბითუმო მყიდველმა უკრაინაში და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში. გარდა ამისა, ადგილობრივი მარილი მიეწოდებოდა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს.

    მარილის მოპოვების წლებში სოლედართან თითქმის 200 კმ გვირაბი გათხარეს. მათში თაღების სიმაღლე ზოგან რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს.

    2014 წლიდან თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ სოლედარის მაღაროებში მცირე იარაღის საწყობები მოაწყო.

    ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ასევე ისაუბრა ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და ამტკიცებდა, რომ ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები სოლედარის ქვეშ გვირაბებშიც კი მოძრაობენ.

    ეს განცხადებები სრულ ფიქციას ჰგავს, რადგან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მაღაროებში შესასვლელები ვიწროა, და  შეუძლებელია აღჭურვილობის ჩატანა ასობით მეტრის სიღრმეზე.

    როგორც დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში თქვეს, ადრე მარილის მოპოვების აღჭურვილობაც კი მაღაროებში ნაწილებად დაშლილი ჩაიტანეს,  შემდეგ კი სიღრმეში ხელახლა ააწყვეს.

    საგანძური, ტურები და კონცერტები

    მარილის ფენების დამუშავების შემდეგ მაღაროებში გაჩენილი სივრცეები გარკვეულწილად  ტურისტულ ატრაქციონად გადაკეთდა.

    ომამდე ტურისტები ჩადიოდნენ 300 მეტრის სიღრმეზე და შედიოდნენ დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლისა და 150 მეტრის სიგრძის დარბაზებში, სადაც მთელი იატაკი მარილის ნამსხვრევებით იყო მოფენილი.

    უჩვეულო ხედები და აკუსტიკა, ისევე როგორც მიწისქვეშა სამლოცველო, ტურისტებს ხიბლავდა. აქ ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლებოდა, ასევე კაფეში დაჯდომა, მარილის სკულპტურების და ადამიანის ზომის მარილის კრისტალების დათვალიერება.

    ბარელიეფი მარილის შახტაში

    აქ უკრავდნენ სიმფონიური ორკესტრები და იმართებოდა ხელოვნების გამოფენები.

    კაცობრიობის ისტორიაში პირველი მიწისქვეშა საჰაერო ბურთით ფრენა ალ მოხდა და ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

    2004 წელს აქ გაიმართა კლასიკური მუსიკის ფესტივალი “Salt Symphony”(მარილის სიმფონია) უკრაინის სახალხო არტისტის, ვენის ოპერის სოლისტის ვიქტორია ლუკიანეცისა და დონბასის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით ლუგანსკიდან ავსტრიელი დირიჟორის კურტ შმიდტის ხელმძღვანელობით.

    მიწისქვეშა დარბაზში 250 მსმენელს იტევდა, თითოეული მათგანი ბილეთში 580-დან 2000 ევრომდე იხდიდა.

    მკურნალობა 300 მეტრის სიღრმეზე

    1990-იანი წლების დასაწყისში სოლედარში 300 მეტრის სიღრმეზე გაიხსნა დონბასის სანატორიუმის სამედიცინო კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით მარილის სიმფონია ეწოდა.

    აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტს, პნევმონიას, ალერგიას, კანისა და ნევროლოგიურ დაავადებებს.

    ცხელი ტბა

    სოლედარის განაპირას მდებარე  ტბა დღემდე მეცნიერულ საიდუმლოდ ითვლება. მას აქვს არანორმალურად თბილი წყალი და რაც უფრო დიდია სიღრმე, მით უფრო თბილია წყალი – 40 გრადუსამდე.

    ტბის დიამეტრი სულ რაღაც 100 მეტრს შეადგენს, მაგრამ ორ ნაწილად იყოფა: ერთში – მტკნარი წყალია, მეორეში – მარილიანი, იმდენად მარილიანი, რომ ადამიანს ზედაპირისკენ უბიძგებს და ჩაყვინთვის საშუალებას არ აძლევს.

    გეოლოგები თვლიან, რომ ტბის სიღრმეში მიმდინარეობს ქიმიური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასწავლია და ამიტომ ტბაში ბანაობა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ტბა გაჩნდა კარიერის ადგილზე, სადაც მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე მარილი მოიპოვებოდა.

    ბირთვული საცავის იდეა

    2000 წელს უკრაინელ მეცნიერს გაუჩნდა იდეა, ბირთვული ნარჩენების საცავი გაეკეთებინათ მარილის იმ მაღაროებში  სადაც მოპოვება უკვე შეჩერებული იყო. მას სჯეროდა, რომ კლდის მარილით გამოწვეული ინერტული ატმოსფერო სარდაფის უსაფრთხოებამ უზრუნველყოფდა.

    ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოლედარსა და ბახმუტში, გაიმართა საჯარო განხილვები, ქალაქის მოსახლეობა შეიკრიბა მიტინგებზე და კოლექტიური წერილები მისწერა ხელისუფლებას. შედეგად, რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ იდეის განხორციელება არ იგეგმებოდა.

    ამჟამად დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ამბობს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად სოლედარის ინფრასტრუქტურიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. თუმცა, მისი თქმით, რჩება “ის სიმაგრეები და შახტები, რომლებშიც მტერი ცდილობს შეღწევას”.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოლედარზე წინა  განაცხადა: „ყველაფერი განადგურებულია, სიცოცხლე თითქმის აღარ დარჩა. და ათასობით მათი ხალხი დაიღუპა: სოლედარის მახლობლად მთელი მიწა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმებისგან დარჩენილი შრამებით არის დაფარული. ასე გამოიყურება სიგიჟე.”

  • ISW: რუსეთი შორს არის ბახმუტის აღებისგან.მის ახალ შეტევას საბრძოლო მასალის ნაკლებობა და არაორგანიზებულობა შეაფერხებს

    ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტი (ISW) კვლავ აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის აღება, თუმცა ამას ბევრი რუსული წყარო ამტკიცებს.

    ამავდროულად, ISW-ის ახალ  ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების ნაწილობრივი წარმატებები სოლედარში საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი შეძლებენ უკრაინის ფრონტის ჩამოშლას და ბახმუტის ხელში ჩაგდებას.

    „რუსული არგუმენტები ბახმუტის გარდაუვალი აღების და უკრაინის თავდაცვის ხაზების ნგრევის შესახებ არ შეესაბამება რეალურ ვითარებას ბახმუტის რაიონში, სადაც რუსული ძალები შორს არიან უკრაინის სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტისგან“, ასკვნიან მოხსენების ავტორები.

    მათი აზრით, „რუსეთის შეტევითი ოპერაციებმა ბახმუტის აღების მიზნით, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწია ოპერატიული შესაძლებლობების დეგრადაციის გამო“.

    ISW ექსპერტები ასევე დეტალურად აანალიზებენ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად დანიშვნას.

    მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია კრემლის ორი ძირითადი ამოცანის გადასაჭრელად:

    გააუმჯობესოს 2023 წელს მართვის სისტემა სამხედრო მოქმედებების ეფექტურობის გასაზრდელად

    გააძლიეროს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია სამხედრო ბლოგერების და უსაფრთხოების ჩინოვნიკების მზარდი გავლენის ფონზე, როგორიცაა ვაგნერის  დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს ახალ შეტევებს, თვლიან მოხსენების ავტორები, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მან არაერთხელ აჩვენა, რომ არ აქვს წარმოდგენა მისი არმიის რეალურ შესაძლებლობებზე და უარი არ თქვა უკრაინაში მისი სამხედრო კამპანიის მაქსიმალისტურ მიზნებზე.

    პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები, ISW-ის რეზიუმეს მიხედვით, მაგრამ ასეთი შეფასებები, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამავდროულად, გერასიმოვს არ გაუპროტესტებია რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება 2022 წლის თებერვალში უკრაინიაში დამღუპველი შემოჭრის გეგმა,  და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება ახლა შეძლოს, ამბობენ ამერიკელი ექსპერტები.

    მათ არ სჯერათ, რომ გერასიმოვს შეუძლია პუტინის ამბიციების დასაკმაყოფილებლად რუსეთის ომს ახალი სიცოცხლე სწრაფად შთაბეროს. რეზიუმეში ნათქვამია, რომ გენერალი “სავარაუდოდ აღმოჩნდება დეზორგანიზებული სამეთაურო სტრუქტურის სათავეში, რომელიც განიცდის მუდმივ, თანმიმდევრულ წარუმატებლობებს, რასაც დიდწილად მანვე დაუდო სათავე უკრაინაში შეჭრამდე მისი ქმედებებით.“

    ISW ასევე თვლის, რომ მნიშვნელოვანი დაბრკოლება მოსკოვის შეტევითი ოპერაციებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში ასევე იქნება რუსული ინდუსტრიის უუნარობა გადაჭრას საბრძოლო მასალის დეფიციტის პრობლემა.

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიაში გადაადგილებები კრემლის წარუმატებლობაზე მეტყველებს

    ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ოთხშაბათს რუსეთის უმაღლეს სამხედრო სარდლობის რიგებში ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ კრემლმა იცის, რამდენად დამღუპველია მათთვის სამხედრო კამპანია.

    „გენერალური შტაბის უფროსის საბრძოლო მოქმედებების თეატრის მეთაურად დანიშვნა არის რუსეთის წინაშე არსებული სიტუაციის მზარდი სერიოზულობის მანიშნებელი და აშკარა აღიარება იმისა, რომ კამპანია არ შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ბრიტანული დაზვერვის თანახმად, დღევანდელი გადაადგილება სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს ულტრანაციონალისტების რიგებში და “სამხედრო კორესპონდენტებში”, რომლებიც გერასიმოვს სამხედრო წარუმატებლობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო სერგეი სუროვიკინი, რომელიც არმიის მეთაურობიდან იქნა მოხსნილი, მათი ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა.

    სუროვიკინის გერასიმოვის ერთ-ერთ მოადგილედ დანიშვნამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მის ავტორიტეტსა და გავლენას, ასკვნის ბრიტანეთის დაზვერვა.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლად დაინიშნა.

    დაჯგუფების ყოფილი სარდალი სერგეი სუროვიკინი გერასიმოვის სამიდან ერთ-ერთი მოადგილე გახდება. ის რჩება საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდლის თანამდებობაზე.

    გერასიმოვის დანარჩენი მოადგილეები იქნებიან სახმელეთო ჯარების სარდალი, არმიის გენერალი ოლეგ სალიუკოვი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსეი კიმი.

    „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია იმ ამოცანების მასშტაბების ზრდასთან, რომლებიც მისი ჩატარების მსვლელობაში წყდება–“ ნათქვამია რუსეთის  თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • უკრაინის უშიშროება კიევის სამთავრობო კვარტალში კონტრდაზვერვით ოპერაციას ატარებს

    უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით კიევის სამთავრობო კვარტალში  კონტრდაზვერვით ღონისძიებებს აწარმოებს.

    მიზანი ინფორმაციით, აკრძალული ნივთების გამოვლენის მიზნით მიმდინარეობს შენობების, ოფისების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საერთო ფართების, ასევე საჯარო დაწესებულებების შემოწმება.

    გარდა ამისა, ოპერატიულები თანამშრომლები ამოწმებენ კიევის სამთავრობო კვარტალის ტერიტორიაზე მყო მოქალაქეებს.

    „ღონისძიების მიზანია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების კონტრ-დივერსიული დაცვის შემოწმება და გაძლიერება, იმ პირთა უსაფრთხოების გაზრდა, რომელთა მიმართაც სახელმწიფო დაცვა ხორციელდება“, -აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესცენტრი.

  • ISW: რუსულ ჯარს სოლედარი არ აუღია

    ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის უახლეს მოხსენებაში ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებს სოლედარი არ აუღიათ. მათ ჯერ ვერ მოახერხეს სოლედარის სრული დაკავება – მიუხედავად რუსული წყაროების ზოგიერთი ცრუ განცხადებებისა და არც ბახმუტს ემუქრება ალყაში მოქცევის საფრთხე.

    ISW წერს, რომ მისმა ექსპერტებმა დონეცკის ოლქის ამ პატარა ქალაქის ცენტრში ნახეს ვაგნერის მებრძოლების კადრები. ამავდროულად, საკმაოდ რთულია იმის შეფასება, თუ ვინ აკონტროლებს კონკრეტულ კვარტალს სოლედარში, რადგან სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს ქუჩის ბრძოლების დროს, ნათქვამია მოხსენებაში.

    „რუსეთის ყველაზე ხმამაღალი განცხადებები რომც დავიჯეროთ სოლედარის ხელში ჩაგდების შესახებ, ეს არ გამოიწვევს ბახმუტის დაუყოვნებელ ალყას. სოლედარის კონტროლი სულაც არ მისცემს უფლებას რუსულ ძალებს სრული კონტროლი დაამყარონ ბახმუტისკენ მიმავალ მომარაგების უკრაინულ ხაზებზე“–აღნიშნავს ISW.

    სოლედარის რუსების მიერ აღების შესახებ ინფორმაცია უარყო ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმაც. Მან დაწერა:

    ? “რუსული არხები ავრცელებენ დეზინფორმაციას ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ. ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან.”

  • ოქროს გლობუსის ცერემონიაზე ზელენსკის ვიდეომიმართვა გაუშვეს

    ოქროს გლობუსის დაჯილდოების 80-ე საიუბილეო ცერემონიაზე (ის ჰოლივუდში ოსკარების შემდეგ მეორე ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება) უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაუშვეს. ის აუდიტორიას  მსახიობმა შონ პენმა წარუდგინა, რომელიც არაერთხელ ეწვია უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ და ზელენსკის თავისი ოსკარიც კიევში ჩაუტანა.

    მიმართვაში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ოქროს გლობუსის დაჯილდოება მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს დაიწყო . მისი თქმით, უკრაინის ბრძოლა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ არის სიმბოლოა „ბრძოლისა ახალი თაობის უფლებისთვის, რომ ომის შესახებ მხოლოდ ფილმებიდან იცოდნენ“.

    “მილიონობით ადამიანი დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში. მეორე მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს არ არის ტრილოგია.“

    მან დასძინა, რომ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების დახმარებით.

    „უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მასში შემობრუნების მომენტი დადგა და უკვე ნათელია, ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ამას გავაკეთებთ მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად და იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველანი იქნებით ჩვენთან ერთად გამარჯვების დღეს, ჩვენი გამარჯვების დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საზენიტო სისტემას იყიდის

    კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა სამშაბათს, უკრაინელ კოლეგასთან ალექსეი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატებისგან  შეიძენს და უკრაინას გადასცემს NASAMS საზენიტო სისტემას .

    ”ეს არის კანადის პირველი შემოწირულობა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის სახით […] ეს საზენიტო სისტემა დაეხმარება უკრაინას დასახლებული პუნქტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში თვითმფრინავებისგან, რაკეტებისა და საჰაერო თავდასხმებისგან […] NASAMS-ს აქვს მიზანში მოხვედრის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ეს არის ღირებული წვლილი უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებში“, – წერს ანანდი.

    უკრაინამ შემოდგომაზე NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემების პირველი ორი ბატარეა შეერთებული შტატებისან მიიღო, საერთო ჯამში, ამერიკელებმა უკრაინას რვა ბატარეის გადაცემა დაგეგმეს.

    NASAMS არის ნორვეგიულ-ამერიკული მოკლე და საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა (50 კმ-მდე). მას, როგორც ანანდი წერდა, შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, საკრუიზო რაკეტები, ვერტმფრენები და დრონები.

  • ბახმუტისთვის ბრძოლებმა აიძულა უკრაინის შეიარაღებული ძალები ტაქტიკისთვის გადაეხედათ – The New York Times

     

    ამერიკული გაზეთი  The New York Times წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტთან გაჭიანურებულმა ბრძოლებმა აიძულა ტაქტიკისთვის გადაეხედათ.  როგორც გაზეთი წერს, მანამდე უკრაინის ხელისუფლებას ეჭვი ეპარებოდა დიდი დანაკარგებით ბრძოლის მიზანშეწონილობაში, მაგრამ ბახმუტთან შექმნილ სიტუაციაში იძულებული გახდნენ აზრი შეეცვალათ.

    “ახლა ამ ქალაქის დაცვა უკრაინისთვის გახდა ეროვნული ბრძოლის სიმბოლო რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

    ბახმუტის მიმართულებით არსებული ჩიხი აიძულებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეცვალონ სტრატეგია, ხოლო უკრაინის სარდლობას დამპყრობლებთან შეტაკების დროს  ახალ რეალობაზე მორგება უწევს, კერძოდ, ცოცხალი ძალის უზარმაზარ მასებთან გამკლავება, რომლებიც ფრონტალურ შეტევაზე მოდიან.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობა ომამდე დაახლოებით 100 ათასი იყო, ამ დროისთვის დაახლოებით 7 ათასი ადამიანია დარჩენილი.

    მაგრამ რუსეთისთვის, რომელსაც ფრონტზე დიდი მიღწევები დიდი ხანია არ უჩვენებია, ბახმუტის აღებას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს“–წერენ NYT ექსპერტები.

    .

  • უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს თავდასხმები სოლედარისა და ბახმუტის მიდამოებში–უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის გენერალურმა შტაბმა დილის მოხსენებაში, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს მტრის თავდასხმების მოგერიება დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 13 დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოლედარისა და ბახმუტის ზონაში

    მტერი ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტსა და სხვა მიმართულებებს, „კონცენტრირდება ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში დონეცკის ოლქის აღებაზე, თუმცა წარუმატებლად“, ნათქვამია ანგარიშში.

    ერთი დღით ადრე უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ამტკიცებდა, რომ ორშაბათს საღამოს სოლედარში ვითარება უკრაინელი სამხედროებისთვის საშიში გახდა. მისი თქმით, რუსული ძალები ისეთ პოზიციებზე გავიდნენ,  საიდანაც შეუძლიათ სროლა ამ ქალაქისა და მისი გარნიზონის  ზურგთან დამაკავშირებელ ტრასაზე. ”ეს არ არის სრული ალყა, მაგრამ მარშრუტის გასწვრივ ნორმალური მომარაგება შეუძლებელია, ეს ძალზე მნიშვნელოვანია თავდაცვისთვის”, – თქვა ბუტუსოვმა.

    ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის მიმოხილვაში წერს, რომ რუსული ჯარები სოლედარისა და ბახმუტის რაიონებში გამაგრდნენ. რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი წერდა, რომ ვაგნერის მებრძოლები კვარტალ–კვარტალ წინ მიიწევენ სოლედარში და ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით სხვა მნიშვნელოვან დასახლებებში, ისევე როგორც ბახმუტის ფარგლებში.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ სოლედარის დაცვაში მონაწილეთა გამძლეობის წყალობით მოახერხა „დამატებითი დროისა და დამატებითი ძალების“ მოგება. რუსმა სამხედროებმა, მისი თქმით, „ახლა თავიანთი უდიდესი ძალისხმევის სოლედარზე კონცენტრირება მოახდინეს“.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ანა მალიარმა ორშაბათს განაცხადა, რომ მტერმა გადაჯგუფება მოახდინა, დამატებითი მოიერიშე ჯგუფები გადაისროლა,  ტაქტიკა შეცვალა და „მძლავრი შეტევა“ დაიწყო სოლედარზე.