Category: კავკასია

  • ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი “მობილიზაციის პროცესებს” ამზადებს.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი „ახალ სამობილიზაციო პროცესებს“ ამზადებს და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

    მისი თქმით, სამშაბათს ოთხი სატელეფონო საუბარი ჰქონდა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან (დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, კანადისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან).

    „ეს წელი მაშინვე დავიწყეთ იმით, რაც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება – იმ ახალი სამობილიზაციო პროცესების წინ, რომელსაც ტერორისტული სახელმწიფო ამზადებს – ახლა, ამ მომენტში, პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა.”თქვა ზელენსკიმ.

    “ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი პატრონები  ყველაფერს, რაც დარჩათ და ყველას, ვისი შეკრებაც შეუძლიათ, თავს მოუყრიან და გადმოისვრიან, რათა შეეცადონ ომში სიტუაციის შეცვლას  და დამარცხების გადავადებას. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. […] რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას სიკვდილისთვის. ჩვენ კი ვცდილობთ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას სიცოცხლის გულისთვის.“

    მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსებთან მიმართვისას განაცხადა, რომ კრემლი მობილიზაციის მორიგი ტალღის  ამზადებს. მისი თქმით, ქვეყნის მცხოვრებლებს მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით “დაახლოებით ერთი კვირა” რჩებათ.

    რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჯარში დაახლოებით 300 ათასი ადამიანის მობილიზების შემდეგ მეორე ტალღა არ იგეგმება. ამავდროულად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი არ მოაწერა მობილიზაციის დასრულების შესახებ განკარგულებას, რომელიც, ექსპერტების აზრით, რეზერვისტების შემდგომ აყვანის საშუალებას იძლევა ჯარში დამატებითი ფორმალური პროცედურების გარეშე.

    კიდევ რა თქვა ზელენსკიმ?

    მან მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც უკვე მიღებულია და ჯერ კიდევ მზადდება“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იარაღით მხარდაჭერასაც ეხება. ზელენსკიმ თქვა, რომ „ნორვეგიის როლი შეიძლება მართლაც ისტორიული გახდეს ევროპის დაცვაში“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა ჰქონდა მხედველობაში.

    ამასთან, უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიას „მზადყოფნის გამო უკრაინას ამ ზამთრისთვის საჭირო მოცულობის გაზი მიაწოდოს“.

  • რუსი სენატორი ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვს. რას პასუხობს მელაძე

    რუსი სენატორი ელენა აფანასიევა გამოდის მოწოდებთ მომღერალ ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ეს მას შემდეგ მოხდა,  რაც სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც  ფრაზაზე “დიდება უკრაინას“ მომღერალი თითქოს პასუხობს  “დიდება გმირებს”. მელაძემ კომენტარი ამ საკითხზე სოციალურ ქსელში გააკეთა.

    “პირუტყვობა! სიმახინჯე! ღალატი! ამისთვის მელაძეს ტიტულები კი არ უნდა ჩამოერთვას, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა”, – ასე ეხმაურება ორენბურგის ოლქის სენატორი ვიდეოს მელაძის მონაწილეობით .

    მანამდე ტელეგრამის არხმა Mash-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციამ “სამშობლოს დამცველთა არმიამ” თითქოს მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და გენერალურ პროკურატურას ვალერი მელაძე რუსეთში არშეშვების მოთხოვნით. ასევე, ორგანიზაციამ, „მაშის“ ინფორმაციით, დეპარტამენტებს სთხოვა გადაემოწმებინათ, რის საფუძველზე მიიღო ვალერი მელაძემ წარსულში რუსეთის მოქალაქეობა. სსრკ-ს დაშლის დროს მომღერალი უკრაინაში ცხოვრობდა.

    სადღესასწაულო დღეებში  სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო დუბაიში გამართული კონცერტიდან, რომელიც ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაიღო. ვიდეოს ავტორი, რომელიც ვალერი მელაძეს მიმართავს, ამბობს: “დიდება უკრაინას!”

    რუსი მომღერლის პასუხი, რომელმაც იმ მომენტში მიკროფონი პირიდან მოიშორა, თითქოს მკაფიოდ არ ისმის  და სიტყვების გარჩევა საკმაოდ რთულია. ამას მოჰყვება ვიდეოს ავტორის ხმამაღალი შეძახილი,რაც მიუთითებს, რომ მას პასუხი მოეწონა.

    სოციალურ ქსელებში ამ ვიდეოს ერთვის განმარტება, რომ, სავარაუდოდ, ვალერი მელაძემ ვიდეოს ავტორს უპასუხა: “დიდება გმირებს!”

    მანამდე რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერლის ძმამ, კონსტანტინე მელაძემ რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ დატოვა.

    “10 თვე ვცხოვრობ სიმძიმის და მწუხარების გრძნობით”

    სამშაბათს ვალერი მელაძემ ტელეგრამში დაწერა: „ხალხო, მინდა, მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. უკვე 10 თვეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვცხოვრობ სიმძიმის და მწუხარების გრძნობით, მოხდა ისე, რომ ხალხები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, არიან კონფლიქტში, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა ვინმეს სიძულვილი და არ ვცდილობ ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ჰარმონია დამყარდეს ახლობელ ხალხებს შორის და ამისთვის მე მზად ვარ გავცე მთელი ჩემი ძალები.”

    იგივე პოსტი გამოჩნდა მელაძის ინსტაგრამზე.

    უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ მელაძემ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და მოუწოდა მათ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები. ამის შემდეგ მალევე გაუქმდა ვალერი მელაძის 2022 წლის მარტში დაგეგმილი კონცერტები. მელაძე ასევე მოხვდა არასასურველი მუსიკოსების სიაში, რომელიც 4 მარტს “რუსულმა მედია ჯგუფმა“ გამოაქვეყნა.

    როგორც მედიაჰოლდინგმა მაშინ განმარტა, რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებების გამო „რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე“, რუსულმა მედია ჯგუფმა გადაწყვიტა შეეჩერებინა თანამშრომლობა რამდენიმე მუსიკოსთან, მათ შორის ვალერი მელაძესთან, ვერა ბრეჟნევასთან, ჯგუფ “აკვარიუმთან“ , ივან დორნისთან და სხვებთან.

    გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა ვალერი მელაძის კონცერტების გაუქმების შესახებ, რომლებიც რუსეთის ქალაქებში 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი.

  • ISW: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს მაკეევკაში სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა დონეცკის ადგილობრივ ხელისუფლებას დააბრალოს

    უკრაინული HIMARS სისტემის გამანადგურებელმა მაღალი სიზუსტით დარტყმამ მაკეევკას რუსულ ბაზაზე ახალი წლის ღამეს კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია  რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ, წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები რეგულარულ ანგარიშში.

    უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ დარტყმის შედეგად 10-მდე ტექნიკა განადგურდა, თუმცა მსხვერპლის სავარაუდო რაოდენობა არ დაასახელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ პროფესიული სასწავლებლის შენობაზე დარტყმის შედეგად, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ, 400 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს აღიარა დარტყმის ფაქტი და 63 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. თუმცა, სხვადასხვა წყაროები საუბრობენ ასობით დაღუპულ რუს მობილიზებულ სამხედროზე.

    ISW მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს უსაფრთხოების ზომების ცუდი ორგანიზებისა და ოპერაციების საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებსა და თავად მობილიზებულებზე გადაიტანოს.

    ე.წ.  “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“  წარმომადგენლებმა რუსულ მედიას განუცხადეს, რომ დარტყმის მიზეზი იყო “სამხედრო პერსონალის მაღალი ფიჭური აქტივობა”.

    “წინასწარი ინფორმაციით, HIMARS-ის დარტყმის მიზეზი იყო ჩამოსული სამხედრო მოსამსახურეების მიერ მობილური ტელეფონების აქტიური გამოყენება. მტერმა ECHELON-ის სადაზვერვო კომპლექსის გამოყენებით გამოავლინა ფიჭური კავშირგაბმულობის აქტივობა და აბონენტების მდებარეობა”, – განაცხადა TASS-ის წყარომ.

    კრემლის მომხრე გამოცემებმა და ზოგიერთმა “სამხედრო კორესპონდენტმა” განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა სათანადოდ უნდა შეაფასონ უკრაინის შესაძლებლობები და მოითხოვეს სამხედრო პერსონალის მიერ მობილური ტელეფონების გამოყენების მკაცრი წესების შემოღება.

    საინფორმაციო სივრცეში ასევე გავრცელდა მოწოდებები, დაისაჯონ ისინი, ვინც გადაწყვიტა სამხედრო ბაზისთვის პროფესიული სასწავლებლის შენობის გამოეყენებინათ.

  • კორუფციული სკანდალის გამო იმუნიტეტის ჩამორთმევა კიდევ ორ ევროპარლამენტარს ემუქრება

    ევროკომისია კორუფციულ სკანდალში მონაწილე ორი დეპუტატის საპარლამენტო იმუნიტეტის ჩამორთმევის პროცესს  იწყებს.

    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ეს ბელგიის პოლიციის მოთხოვნით კეთდება. თუმცა მის განცხადებაში ამ საქმეში მონაწილე ევროპარლამენტის დეპუტატების ვინაობა არ სახელდება.

    სკანდალი გასულ თვეში მას შემდეგ ატყდა, რაც ერთი ევროპარლამენტარი და კიდევ სამი სხვა პირი კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

    მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არ დაასახელა მექრთამეობის სქემის უკან მყოფი ქვეყანა, ევროკავშირის რამდენიმე წყარომ კატარი დაადანაშაულა.

    თუმცა, სპარსეთის ყურის ეს სახელმწიფო კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას გადაცდომის შესახებ, მათ უსამართლოს უწოდებს, წყაროებს კი  “უხეშად დეზინფორმირებულებს”.

    მეცოლამ, რომელმაც თქვა, რომ როგორც ამ სკანდალმა აჩვენა, ღია, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებებს საფრთხე ემუქრება, ასევე განაცხადა, რომ ახლა დაიწყებს სასწრაფო პროცედურას ორი ევროპარლამენტარისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის მიზნით პოლიციის მოთხოვნით. როგორც ირკვევა, პოლიცია მის ოფისს 30 დეკემბერს დაუკავშირდა.

    16 იანვარს მოთხოვნა ევროპარლამენტს უნდა წარედგინოს, შემდეგ კი ამ ორგანიზაციის იურიდიულ კომიტეტს გადაეცემა. ამის შემდეგ მომზადდება მოხსენება ბრალდებების შესახებ ევროპარლამენტარებისთვის იმუნიტეტის მოხსნის სრულ კენჭისყრამდე.

    მეცოლამ აღნიშნა, რომ სურს, რომ მთელი პროცესი 13 თებერვლამდე დასრულდეს.

    ყველა ევროპარლამენტარი სარგებლობს გარკვეული იმუნიტეტით, რაც უზრუნველყოფს მათ შესაძლებლობას განახორციელონ თავიანთი სამუშაო, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და ხმა მისცენ თავისუფლად დაპატიმრების ან პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე.

    თუმცა, პალატას შეუძლია კონფიდენციალური მოსმენის შემდეგ მხარი დაუჭიროს მათი იმუნიტეტის მოხსნას. ეს პროცესი საშუალებას აძლევს ეჭვმიტანილ ევროპარლამენტარებს წარმოადგინონ თავიანთი მტკიცებულებები და დაიცვან თავი ბრალდებებისგან.

    ევროპარლამენტის სპიკერმა იასმინა იაკიმოვამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ასეთი იმუნიტეტის ფუნქციაა პარლამენტს ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ აძლევს დეპუტატებს კანონის დარღვევის თავისუფლებას.

    პალატის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი, რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილთან ერთად, გასულ თვეში პოლიციის რეიდების დროს დააკავეს .

    თუმცა, 44 წლის სოციალისტ ევროპარლამენტარს, რომელიც უარყოფს რაიმე სახის დანაშაულს, უკვე ჩამოერთვა იმუნიტეტი, რადგან ის “მტკიცებულებებით ხელში“ დაიჭირეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მას  უპოვნა ჩანთები”ნაღდი ფულით“.

    მისმა ადვოკატმა უარყო ბრალდებები, რომ მან ქრთამი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელის ბინაში 150 000 ევრო იპოვეს.

    ზოგიერთი წყაროს თანახმად, კიდევ 600 000 ევრო იპოვეს ერთი ეჭვმიტანილის სახლში, ხოლო 750 000 ევრო ჩემოდანში ბრიუსელის სასტუმროს ნომერში.

    ევა კაილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება თავის პარტნიორ ფრანჩესკო გიორგისთან და ყოფილ იტალიელ ევროპარლამენტარ პიერ ანტონიო პანცერთან ერთად.

    გასულ თვეში მოსმენისას გაირკვა, რომ ბელგიის უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ევროპარლამენტში კორუფციის ბრალდებების გამოსაძიებლად.

  • უკრაინელების უმრავლესობა არ არის თანახმა მშვიდობაზე ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ–კვლევა

    უკრაინის მოქალაქეები არ არიან მზად ტერიტორიების დათმობისთვის ომის დასრულების მიზნით. ეს შედეგები კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის ავტორებმა მიიღეს.

    2005 გამოკითხულოდან  რესპონდენტთა 85% მიუღებლად მიიჩნევს რაიმე ტერიტორიულ დათმობას. მხოლოდ 8%-ს მიაჩნია, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად უკრაინას შეუძლია დათმოს თავისი ტერიტორიის ნაწილი.

    ეს შედეგი მსგავსია ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ რეგიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ომის შედეგად.

    გამოკითხვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რეგულარულად ტარდება, მაგრამ მისი შედეგები დიდად არ იცვლება. მაისში გამოკითხულთა 82%  ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგი იყო, ხოლო სექტემბერში – 87%.

  • “ის არის დამნაშავე”– მილოშევიჩის საქმის ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ პუტინი ომის დანაშაულებისთვის უნდა გაასამართლონ

    ბრიტანელმა პროკურორმა ჯეფრი ნაისმა, რომელიც მუშაობდა ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალთან თანამშრომლობდა, აცხადებს,რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის ომში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.

    ნაისმა, რომელიც სერბეთის ყოფილი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის საქმეში 1998 წლიდან 2006 წლამდე მთავარ პროკურორად მუშაობდა, BBC Radio 4-ს განუცხადა, რომ პუტინის წინააღმდეგ ბრალდებები “სრულიად ცხადია”. „ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა ან მათზე თავდასხმა რაიმე ფორმით“, – განაცხადა ნიცამ.

    ”ეჭვგარეშეა, რომ სარდლობის ჯაჭვი პირდაპირ პუტინთან მიდის. ესენი მისი ჯარისკაცები არიან. სულ მცირე, მან იცის რა ხდება სატელევიზიო რეპორტაჟებიდან – ისევე როგორც ყველა ჩვენგანმა. მაგრამ მან არ უბრძანა [მის სამხედროებს] დაბრუნდნენ, რათა გამოიძიოს აშკარა დანაშაული, ის არის დამნაშავე“, – განაცხადა ნაისმა.

    ნაისმა გამოხატა გაკვირვება, რომ პროკურორები და პოლიტიკოსები “ამის ფორმულირებას უფრო თავისუფლად და ღიად არ აკეთებენ” და ვარაუდობენ, რომ პუტინმა მომავალში შესაძლოა მიიღოს იმუნიტეტი სასამართლო დევნისგან, როგორც შესაძლო შეთანხმების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომლის იურისდიქციას განეკუთვნება უკრაინა,  ჯერ არ გაუკეთებია განცხადება პუტინის პასუხისმგებლობის შესახებ ამ დანაშაულის გამო“, – განაცხადა ნაისმა.

    “ჩნდება კითხვა, რატომ არ ჩქარობს პროკურორი ამას. იქნებ მას სჯერა (ან აიძულეს დაეჯერებინა ასე), რომ პუტინის წინააღმდეგ ბრალდების არარსებობა პოლიტიკურად მომგებიანია? პოლიტიკური სარგებელი არის დარეგულირება. სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინელების გარდა ვინმემ მოამზადოს პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შეიცავს პუნქტს, რომ პუტინის გასამართლება შეუძლებელია. ეს არის საშინელი პერსპექტივა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი მთლიანად იქნება სამართლიანობას მოკლებული“.

    ნაისის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუტინის გასამართლება და არა ცალკეული ოფიცრებისა, რადგან ამ გზით „პირველ ეტაპზე მორალური პასუხისმგებლობა დადგინდება, შემდეგ კი მისი ეჭვქვეშ დაყენება ან შეცვლა აღარ იქნება შესაძლებელი“.

    ნაისი დასძენს,  რომ მისი აზრით, სასამართლო პროცესი შეიძლება დაიწყოს “თუნდაც ხვალ” და ის უნდა ჩატარდეს უკრაინელების მიერ – და უკრაინულ ენაზე. ამასთან, სასამართლოში თავად პუტინის ყოფნა, ყოფილი პროკურორის თქმით, აუცილებელი არ არის.

    მტკიცებულებების მოძიება

    სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  გამოძიება უკრაინის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო. მისმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მთელი ძალით ცდილობენ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.

    ნაისის ბრალდებების საპასუხოდ, სასამართლომ განაცხადა, რომ მისი პროკურორი, კარიმ ხანი მუშაობდა უკრაინაში, აგროვებდა ომის დანაშაულის მტკიცებულებებს და რომ იგი აპირებს დამნაშავეთა დაკავების ორდერის გაცემას, როდესაც ამისათვის საკმარისი მტკიცებულება იქნება.

    „ნებისმიერი ბრალდება იმის შესახებ, რომ პროკურორის ოფისზე, ან თავად პროკურორზე ხდება ზეწოლა ან გავლენის მოხდენა გამოძიების ან სხვა ქმედებების გაჭიანურების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

    რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო ბრალდებები სამხედრო დანაშაულების შესახებ. საპირისპიროზე მეტყველი მრავალი მტკიცებულების, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩაწერილი მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს მტკიცებას, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს.

    ზოგიერთი ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის უკრაინა, ითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს.

    “ახალი ნიურნბერგი”. ბრიტანელი პოლიტიკოსები პუტინისთვის ტრიბუნალის მოწვევას ითხოვენ

    „როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნაში მონაწილე ქვეყანა,, გაერთიანებული სამეფო მზად არის უზრუნველყოს საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა გამამტყუნებელი განაჩენი სგამოტანისთვის“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა დომინიკ რააბმა 2022 წლის მარტში. ”ნებისმიერმა რუსმა ლიდერმა და ოფიცერმა, რომელიც კრიმინალურ ბრძანებებს გასცემს, უნდა იცოდეს, რომ მას განსასჯელის სკამი და საბოლოოდ, ციხე ემუქრება“–თქვა რააბმა.

    რა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

    სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 20 წლის წინ შეიქმნა და იძიებს გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს, ომის დანაშაულებებსა და აგრესიის დანაშაულებებს. არავის, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს არ აქვთ იმუნიტეტი ამ სასამართლოს წინაშე.

    სასამართლო იძიებს ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს და გენოციდის შემთხვევებს მისი იურისდიქციის ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი  2002 წლის შემდეგ მოხდა.

    ერთადერთი სასჯელი, რაც სასამართლოს შეუძლია ბრალდებულს დაუწესოს, არის პატიმრობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაუსწრებლად არ განიხილოს საქმეები და საქმის განხილვის დასაწყებად, ჯერ ბრალდებული უნდა დააკავოს.

    ამავდროულად, სასამართლოს შეუძლია გამოიძიოს დანაშაულები მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ან იმ ქვეყნების მოქალაქეების მონაწილეობით, რომლებმაც მოახდინეს რომის სტატუტის რატიფიცირება – დოკუმენტისა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ორგანოს. ამ დროისთვის, ეს არის გაეროს წევრი 120-ზე მეტი ქვეყანა.

    რუსეთმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს 2000 წელს, მაგრამ არ მოახდინა მისი რატიფიცირება. 2016 წელს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, აცნობა გაეროს ამ შეთანხმებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარის შესახებ – მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსია ოკუპაციად იქნა აღიარებული.

    რუსეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა რომის სტატუტს, მაგრამ გააუქმა ხელმოწერა მისი რატიფიცირების გარეშე. სასამართლოს მუშაობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმაშეთანხმებაზე ხელმოწერა  გააუქმა .

    უკრაინამ ასევე არ მოაწერა ხელი რომის სტატუტზე.

    გარდა ამისა, სასამართლო იღებს საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს, სადაც ჩადენილია დანაშაული (ან რომლის მოქალაქეც არის ეჭვმიტანილი) არ შეუძლია ან არ სურს თავად გამოიძიოს ეს საქმე.

    თუმცა, არსებობს გამონაკლისები ამ წესიდან. სასამართლომ შეიძლება დაიწყოს გამოძიება, თუ სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ან თუ ის ცდილობს დაიცვას ბრალდებული.

    არსებობის მანძილზე სასამართლომ ბრალდებულის დაკავების 29 ორდერი გასცა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ რვა დააკავეს. კიდევ 13 ადამიანი სასამართლოს წარმატებით ემალება, რამდენიმე კი დაკავებამდე გარდაიცვალა.

  • დღეიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება

    1 იანვრიდან ძალაში შედის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება.

    პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით ჯარიმას და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

    ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

    ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ ასევე ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირი ცივ იარაღს იმგვარად ფლობს, რომ მისი დაუყოვნებლივი გამოყენება მოხდეს. (კოდექსის აქამდე მოქმედი რედაქციით “ცივი იარაღის ტარება“ მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობდა, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).

  • 1 იანვრიდან ხორვატია ევროზონისა და შენგენის ზონის წევრი გახდა

    ხორვატია  2023 წლის 1 იანვარს შენგენის ზონაში შევიდა და ღია საზღვრების გაერთიანების 27-ე ქვეყანა გახდა.

    ახალი წლის ღამეს ხორვატია თავის ვალუტას – კუნასაც დაემშვიდობა და ევროზონის მე-20 წევრი გახდა.

    ხორვატია ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა. თუმცა, ქვეყანას 10 წელი დასჭირდა შენგენში შესვლისა და ევროზე გადასვლისთვის.

  • პენტაგონი: რუსეთი ომში ჩაეფლო.ის ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე მანამდე იყო

    რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა მისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა თავისი ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესი ნაწილი ომში,  ამბობს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კალი.

    მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მთავარი სტრატეგიული მარცხი იყო.

    “პუტინი მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო”, – ციტირებს CNN კალის.

    სანქციები და ექსპორტის კონტროლი ძალიან გაართულებს რუსი სამხედრო ძლიერების ომამდელ დონეზე აღდგენას, ამბობს კალი და აღნიშნავს, რომ რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში უკვე რამდენიმეჯერ  გადააჭარბა სსრკ-ს ზარალს ავღანეთში.

    “პუტინი წავიდა ამ ომზე, ცდილობდა გაენადგურებინა უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული დემოკრატიული ქვეყანა. მან ეს ვერ შეძლო და ეს არ შეიცვლება. სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა გადარჩება”, – თქვა კოლინ კალმა.

    მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ ახორციელებს ზეწოლას უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა აიძულონ ისინი დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან და რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში იქნება მზად მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად.

    “ჩვენი პოზიცია არ არის ის, რომ უკრაინელებს მოლაპარაკებებისკენ ვუბიძგოთ, სანამ ისინი მზად არ იქნებიან.  ჩვენი პოზიციაა, რომ დავეხმაროთ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ძალის პოზიციიდან ილაპარაკონ, თუ, და როდესაც მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის.“–თქვა პენტაგონის სპიკერმა.

    კალი პროგნოზირებს, რომ ზამთრის დადგომა გაართულებს ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციებს და უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობა უნდა შემცირდეს, რაც გააჩენს შესაძლებლობებს დიპლომატიური დარეგულირებისთვის.

    „საბოლოოდ, რუსებმა და უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ხელსაყრელ შესაძლებლობებს უქმნის ეს დიპლომატიას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედური არჩევნების ფონზე კალმა საჭიროდ ჩათვალა აღნიშვნა, რომ ქვეყნის ორივე ძირითადი პარტია უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის მომხრეა, მაგრამ ამ მხარდაჭერის მექანიზმები შესაძლოა მომავალში შეიცვალოს.

  • გერმანულ პოლიციასთან ერთად საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების ქსელთან დაკავშირებული ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.

    ამასთან, ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა

    “საქართველოს  პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად სამი ქვეყნის – საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

    ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

    ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

    ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია  ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას.

    ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

    საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება, უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას ეხება.
    გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას.

    დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისთვის, ასეულობით საფირმო სახელწოდებით შექმნილია ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

    ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

    ​საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ათეულობით ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ.

    ამ შემთხვევაშიც გამოძიება, გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან, აქტიური თანამშრომლობით გაგრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.

    საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, ევროჯასტის წარმომადგენლებს.
    საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, ბატონი ელჩის, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგის და დრეზდენის პროკურატურების, ასევე ბავარიის და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლებს მიმართ, და კიდევ ერთხელ გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას,”-აღნიშნულია განცხადებაში.