Category: კავკასია

  • The Washington Post:რუსეთმა ყირიმში თხრილებისა და ბარიერების მთელი ქსელი ააშენა

    The Washington Post აქვეყნებს გამოძიებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თავდაცვითი საშუალებების აშენების აქტიურ ძალისხმევაზე. კომპანია Maxar-ის მიერ მოწოდებულ თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით, გამოცემა აჩვენებს, რომ სულ რამდენიმე კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმში თხრილებისა და ბარიკადების მთელი ქსელის აგება მოახერხა.

    გამოცემა ყირიმს უწოდებს “ერთ-ერთ ყველაზე გამაგრებულ” ტერიტორიას ომის ზონაში.

    სხვა საკითხებთან ერთად, გაზეთი აქვეყნებს ყირიმის სოფელ მედვედევკას ფოტოებს, რომელიც მატერიკზე გადასვლასთან ახლოს მდებარეობს. 11 თებერვალს გადაღებულ ფოტოზე სივაშის ტბის მხრიდან თხრილების მთელი ქსელი ჩანს, რომლის სიგრძე ზოგ შემთხვევაში 900 მეტრსაც აღემატება. ასევე სამ რიგად არის  ეგრეთწოდებული “დრაკონის კბილები” – ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, რომლებსაც პირამიდული ფორმა აქვთ .

     

    გამოცემის ცნობით, ბოლო კვირებში, როდესაც რუსეთი უკრაინის საგაზაფხულო კონტრშეტევას ელოდება, ასეთი თავდაცვითი სტრუქტურები განსაკუთრებით სწრაფად გამოჩნდა. 27 თებერვალს გადაღებულ სააკის რაიონის სოფელ ვიტინოს სურათზე ცარიელი ნაპირია. თუმცა, უკვე 12 მარტს ზღვასთან სანგრების ხაზი გაჩნდა, წერენ ჟურნალისტები.

    ვიტინოს მახლობლად გადაღებულ ერთ-ერთ სურათზე ასევე ჩანს სანგრებში დამონტაჟებული რამდენიმე საარტილერიო იარაღი. „ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი იარაღის არსებობა აქტიური საომარი მოქმედებებისგან დაშორებულ ზონაში რთული ასახსნელია“, – აღნიშნავენ ავტორები.

    ამავდროულად, ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსი სამხედროები სანგრების თხრისთვის იყენებს როგორც ადამიანურ ძალას, ასევე აღჭურვილობას (ამ კუთხით ჟურნალისტები საუბრობენ სსრკ-ს დროს შექმნილ BTM-3 თხრილის მანქანაზე, რომელსაც შეუძლია სანგრების გათხრა  800 მეტრი საათში სიჩქარით).

    „ინტერნეტში არის რეკლამები, რომლებითაც ეძებენ მუშებს, რათა გაამაგრონ თხრილები ბეტონით და ხით დღეში 90 დოლარზე მეტად და ეს შესაშური ხელფასია“, – ნათქვამია გამოცემაში.

    ბევრი თავდაცვითი ნაგებობა გაჩნდა ბუნებრივ წყლის ბარიერებთან, როგორიცაა ზღვის სანაპირო ან არხები, რაც დამატებით დაბრკოლებებს ქმნის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შემთხვევაში.

    თუმცა, გამოცემა ციტირებს ექსპერტებს, რომლებსაც არ სჯერათ იმგვარი  უკრაინული ოპერაციის ალბათობის, რომელიც ნაპირზე ჯარების გადმოსხმას ან ყირიმზე ფართომასშტაბიანი შეტევას გულისხმობს.

    აშშ-ს საზღვაო ანალიზის ცენტრის რუსული პროგრამის დირექტორის მაიკლ კოფმანის თქმით,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა გადაწყვეტს ყირიმის ხელში ჩაგდებას „კლასიკური გაგებით“, არამედ მიმართავს მუდმივი გამოფიტვის ტაქტიკას და ნახევარკუნძულზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას.

    დროთა განმავლობაში, ამან შეიძლება ყირიმში ვითარება გაუსაძლისი გახადოს და შედეგად, რუსეთს შეიძლება მოუწიოს მოლაპარაკება მის სტატუსზე“, – განუცხადა კოფმანმა Washington Post-ს.

    გაზეთი იხსენებს, რომ უკრაინა უკვე ცდის მსგავს სტრატეგიას: ამერიკული პროექტის ACLED-ის მიხედვით, გასული წლის აგვისტოდან, სავარაუდოდ, მან 70-ზე მეტი დარტყმა განახორციელა ყირიმში ან ნახევარკუნძულზე რუსეთის ობიექტებზე.

    ხშირ შემთხვევაში, ეს იყო საჰაერო თავდასხმები, მათ შორის თვითმფრინავების გამოყენებით. ხანდახან საუბარი შეიძლება იყოს ყირიმის ტერიტორიიდან ორგანიზებულ დივერსიაზე. რუსეთმა მოახერხა ზოგიერთი ასეთი თავდასხმის განეიტრალება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი წარმატებული იყო და დამანგრეველი შედეგები მოჰყვა, ნათქვამია გამოცემაში.

  • “პუტინის ობობები”–Times პროპაგანდისტ ტატარსკის მკვლელობას რუსეთის შიდა დაძაბულობას უკავშირებს

    ბრიტანული გაზეთი  „თაიმსი“ აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „პუტინის ობობები“– სანქტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების შესახებ, რომლის დროსაც  ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი (მისი ნამდვილი სახელია მაქსიმ ფომინი) დაიღუპა.

    გაზეთის ჟურნალისტების თქმით, ტატარსკის მკვლელობა უფრო მეტად უკავშირდება რუსეთში არსებულ შიდა წინააღმდეგობებს, ვიდრე უკრაინის სპეცსამსახურების ქმედებებს.

    ამავდროულად, Times მიუთითებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის სიტყვებზე, რომელიც ტატარსკის გარდაცვალების კომენტირებისას დაწერა, რომ “ობობები ქილაში ერთმანეთს ჭამენ”.

    რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვერსიის საპასუხოდ, რომ  აფეთქებაზე პასუხისმგებელი უკრაინაა, გაზეთი წერს: “ეს იყო მეტისმეტი პუტინის საინფორმაციო მანიპულატორებისთვისაც კი. ამგვარი ბრალდებები შეიძლება კიევის უსაფრთხოების სამსახურებისთვის კომპლიმენტიც იყოს, მაგრამ მათ ოფიცრებს აშკარად არც დრო აქვთ და არც შესაძლებლობა,  რუსეთის ულტრანაციონალისტურ წრეებში აგენტები გადაიბირონ“.

    „სინამდვილეში მკვლელობა ასახავს პუტინის ელიტაში განხეთქილებას, შიდა პოლიტიკის სისასტიკეს და განგსტერულ მენტალიტეტს, რომელიც ომის პერიოდის რუსეთში დომინირებს“, – ნათქვამია Times-ის რედაქციაში.

    გაზეთი რუსი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მკვლელობასაც იხსენებს, რომელიც გასულ ზაფხულს მოხდა, და მას რუსულ ელიტაში განხეთქილებას უკავშირებს.

    ამგვარი განხეთქილების აღწერისას, Times-ის ჟურნალისტები იხსენებენ კონფლიქტს ვაგნერის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინსა და მის მხარდამჭერ ულტრანაციონალისტებს შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ფომინი მხარს უჭერდა პრიგოჟინის შეხედულებებს – და ააფეთქეს კაფეში, რომელიც მას ეკუთვნოდა, იხსენებს გაზეთი.

    „პირველი, რაზეც შეიძლება ეჭვი მივიტანოთ, არის ის, რომ თავდასხმა მოაწყეს ან ვაგნერის ჯგუფის შიდა მოწინააღმდეგეებმა, ან მათ, ვინც ეჭვიანობს მისი გავლენების გამო კრემლში“, – თვლის გამოცემა.

    სტატიაში ნათქვამია, რომ რუსულ საზოგადოებაში უკმაყოფილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ჯარით. გაზეთი იხსენებს, რომ ბოლო დროს მსხვილი ენერგეტიკული კომპანიების სულ მცირე 15 მაღალი თანამდებობის პირი იდუმალ ვითარებაში დაიღუპა – მაღალი შენობების ფანჯრებიდან ან მოტორიანი ნავებიდან გადმოვარდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს შემთხვევა ფორმალურად არის აღწერილი, როგორც უბედური შემთხვევა ან შესაძლო თვითმკვლელობა, სინამდვილეში ისინი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფულადი სახსრების განაწილების ცვლილებებთან: რუსეთში ეკონომიკური ვარდნის ფონზე, “ფულის მოტეხვის“ შესაძლებლობები მცირდება, იტყობინება Times. .

    გაზეთი მოჰყავს Wall Street Journal-ის კორესპონდენტის ევან გერშკოვიჩის სტატია, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებამდე თავის გაზეთში აღწერდა, თუ როგორ იზრდებოდა რუსული  წინააღმდეგობა ფინანსებთან დაკავშირებით  სამხედრო ხარჯების დაფინანსებასა და სუბსიდიების გადახდის აუცილებლობას შორის არჩევანის გამო, მუშახელის საერთო ნაკლებობისა და ახალგაზრდების მობილიზაციისგან მასობრივი გაქცევის გამო.

    „ამგვარად, ბზარები იწყებს ფორმირებას ავტოკრატიულ რეჟიმში, რომელიც სასტიკი ხდება, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს“, – ასკვნის Times. პუტინმა შექმნა სისტემა, რომლის დახმარებითაც მან მისი გაანგარიშებით მინიმუმ კიდევ 10 წელი შეიძლება მართოს ქვეყანა, თუმცა ყოველდღიურად ეს სცენარი სულ უფრო ნაკლებად სავარაუდო ხდება.

  • რუსი სამხედრო ბლოგერი პეტერბურგის კაფეში აფეთქების შედეგად დაიღუპა

    კვირას პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. დაშავდა16 ადამიანი. ტელეგრამის არხ “Fontanka SPB Online” თანახმად, უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე ეს კაფე კრემლთან დაახლოებულ ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის.

    ცნობილი სამხედრო ბლოგერის გარდაცვალებას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე.

    სააგენტო „ტასს“-ი ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ  უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე კაფე „სთრით ბარში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

    ფოტო კაფედან, სადაც აფეთქება მოხდა

    ასაფეთქებელი მოწყობილობის სამიზნე იყო ვლადლენ ტატარსკი , რომლის შემოქმედებითი საღამოც  ამ დაწესებულებაში იმართებოდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხელნაკეთი ბომბი ტატარსკისთვის გადასაცემ ქანდაკებაში იყო დამალული.

    ვლადლენ ტატარსკი წარსულში პრორუსული ძალების შემადგენლობაში იბრძოდა დონბასში და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე წერდა. უკრაინული მედია ტატარსკის კრემლის პროპაგანდისტს უწოდებს. რუსული მედია წერს, რომ შემოქმედებით საღამოს დაახლოებით 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.

  • კეზერაშვილი: 2012-ში ახალმა მთავრობამ ბიზნესში წილების დათმობა და ქვეყნის დატოვება მომთხოვა

    თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა “დროების“ ეთერში ოცნების ხელისუფლებასთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა:

    “სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს არის ფორმულა და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით – ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ – სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები.

    პირველი კონტაქტი, კონტაქტს ვერც დავარქმევ, პირველი შემოთვლა ოცნების პარტიიდან ჯერ კიდევ მაშინ, ეს არჩევნებამდე იყო, დაახლოებით 10 დღით ადრე. არ ვიცი, რამდენად რეალური იყო, ვისგან მოდიოდა ან ვისგან არ მოდიოდა, თუ თვითნებურად იყო ეს, ვერ გეტყვით. მაგრამ ერთ-ერთმა მასთან დაახლოებულმა პირმა შემომითვალა, რომ არჩევნების შემდეგ, მე მომიწევდა ქვეყნიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აუცილებლად დამიჭერდნენ. პირველად, როცა ეს გავიგე, სერიოზულად არ აღმიქვამს, სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა არჩევნები რომ მორჩა და მათ გაიმარჯვეს, ეს შემოთვლები, ასე ვთქვათ, გახშირდა და მიიღო უფრო სერიოზული სახე. და მე 7 ოქტომბერს მივიღე გადაწყვეტილება და ოჯახთან ერთად წავედი საქართველოდან. ამის შემდეგ, იყო კი რამდენიმე კონტაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მე არასდროს არ მქონია კონტაქტი და არც შეხება, არც ურთიერთობა. თუმცა, მასთან დაახლოებული ადამიანები, მე სახელებს და გვარებს ახლა არ ვიტყვი განგებ, ზოგი ახლაც არის, ზოგი აღარ არის ბიძინა ივანიშვილთან. გამოდიოდნენ ხაზზე, ჩემი პარტნიორების მეშვეობით. ერთ-ერთი მათგანი იყო ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც მე დამიკავშირდნენ ჩემი პარტნიორები და თქვეს, რომ მთავრობის მოთხოვნაა, დავტოვო ბიზნესები საქართველოში ყველა, გადავცე და დავთმო წილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა. ცოტა ვიფიქრე ამაზე, ვიმსჯელე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს იყო სწორი. სწორი იყო როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი პარნიორებისთვის, რადგან მათაც შეექმნებოდათ პრობლემა. მე გადავეცი ჩემი ინტერესები საქართველოში ამ ადამიანებს და ამის შემდეგ, მივიღე კიდევ ერთი მოთხოვნა. ეს მოთხოვნა იყო, რომ მე არ უნდა ჩავრეულიყავი არც ერთი ფორმით ქართულ პოლიტიკაში, რაზეც მე ვთქვი, რომ ისედაც არ ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, 2008 წლიდან წასული ვიყავი, თუმცა რა თქმა უნდა, მყავდა უამრავი მეგობარი, რომელიც პოლიტიკოსია.“– ამბობს კეზერაშვილი.

     

  • უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ყირიმის დაბრუნების უკრაინული გეგმა დეტალურად აღწერა

    უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დეტალურად განმარტა, თუ რას გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება რუსების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის გასათავისუფლებლად.

    ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის 12 ნაბიჯი გადაიდგმება, – წერს ოფიციალური პირი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. დანილოვმა აღნიშნა, რომ პირველ ნაბიჯად – ყირიმში ძეგლის  “Русский военный корабль идет на*уй” განთავსების საკითხი განიხილება. „სახელმწიფო სახსრების დაზოგვის მიზნით, ძეგლის კვარცხლბეკად შესაძლოა სევასტოპოლში ჩაძირული გემების ძეგლის კვარცხლბეკი იქნას გამოყენებული.

    ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა აღწერა მე-2 ნაბიჯი – მიმდინარეობს მუშაობა პერსონალური შეფასების ლუსტრაციულ მექანიზმზე, რომლის წყალობითაც დადგინდება კონკრეტული პირის ჩართულობის ხარისხი ოკუპანტების მხარდაჭერაში, და მათ შეეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. (როგორც კენჭისყრა, ისე ხმის მიცემა).

    გარდა ამისა, უკრაინელი საჯარო მოხელეები, რომლებმაც დაიწყეს მტრისთვის მუშაობა, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდებიან – მათ ემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან სახელმწიფო პენსიის ჩამორთმევა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის აკრძალვა (ნაბიჯი 3).

    ”რუსეთი ან სხვა ფორმირება, რომელსაც პრეტენზია ექნებათ  მემკვიდრეობითობაზე სრულად უზრუნველყოფენ ყველა იმ პირის უპირობო და სრულ ექსტრადიციას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან  სახელმწიფო ღალატში და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებში. ეს ეხება როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ომის დანაშაულებში (საერთაშორისო დანაშაულები, რომლებსაც არ აქვთ  ხანდაზმულობა – გენოციდი, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული)  ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად ყირიმში“, -ეს არის მეოთხე ნაბიჯი დანილოვის განცხადებით.

    რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტებს ემუქრება პატიმრობა, პენსიების, ტიტულების და ქონების ჩამორთმევა (ნაბიჯი 5). რუსები, რომლებიც არალეგალურად ჩავიდნენ ყირიმში საცხოვრებლად ოკუპაციის შემდეგ, იძულებულნი იქნებიან დატოვონ ნახევარკუნძული კანონით განსაზღვრულ ვადაში (ნაბიჯი 6). ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტების მიერ მითვისებული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება (ნაბიჯი 7).

    ”ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ქერჩის სატრანსპორტო გადასასვლელის დემონტაჟი ხდება ნაოსნობის სრული თავისუფლების უზრუნველსაყოფად, კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში… ხორციელდება ყოვლისმომცველი დეტოქსიკაციის პროგრამა – ნახევარკუნძულის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე რუსეთის პროპაგანდის მრავალწლიანი ზემოქმედების  გრძელვადიანი შედეგების განეიტრალება.“ – ასეთია უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის თქმით 8–ე და 9–ე საფეხურები.

    ასევე შეიქმნება დოკუმენტური ბაზა უკრაინელების წინააღმდეგ რუსების დანაშაულის ფაქტების შესახებ. უკრაინელი და ყირიმელი თათარი აქტივისტები აღდგებიან უფლებებში (ნაბიჯი 10). რუსეთის ფედერაციის პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან და მათზე მორალური ზიანის ანაზღაურება გაიცემა. (ნაბიჯი 11).

    „რაშიზმის იდეოლოგიაში , ნეგატიური მითების შექმნისა და ისტორიის გადაწერის სისტემის ადგილისა და როლის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „რუსეთის დიდების ქალაქი“ (რომლის „დიდება“, კერძოდ, საკუთარი ფლოტის ჩაძირვაშია,ბრძოლაში შესვლის გარეშე) დაერქმევა  ” ობიექტი ნომერი 6. “უკრაინის უმაღლესი რადა მოგვიანებით გადაწყვეტს ქალაქის ახალ სახელს. შესაძლოა ეს იყოს ახტიარი”, – აღწერა დანილოვმა ნაბიჯი 12.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლოა ნატოს გენერალური მდივანი გახდეს – The Sun

    გამოცემა The Sun  დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნატოს გენერალური მდივანი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილება მომავალ წელს ეწურება, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ  შესთავაზა მას ალიანსის ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ოქტომბერიდან.

    ამავე პოზიციაზე კიდევ ერთი პრეტენდენტი  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი. The Sun-ის ცნობით, თუ მისი კანდიდატურა დამტკიცდება, ის გახდება ნატოს პირველი გენერალური მდივანი დიდი ბრიტანეთიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში.

    თუმცა, ოფიციალური არჩევნები ჯერ არ არის დანიშნული და ახალი ლიდერის კანდიდატურა დახურულ კარს მიღმა განიხილება.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.

    არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

  • ISW: დასუსტებული რუსეთი ცდილობს ანტიდასავლური ბლოკი შექმნას

    რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 31 მარტს დაამტკიცა, სავარაუდოდ მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს კრემლის მცდელობებს შექმნას ანტიდასავლური კოალიცია, წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

    დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის მიზანს შექმნას მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი, მათ შორის, შეწყვიტოს აშშ-ის დომინირება მსოფლიო საქმეებში. ამტკიცებენ, რომ კაცობრიობის უმრავლესობა დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობით და რომ სასურველი მრავალპოლარული სამყარო გახსნის შესაძლებლობებს არადასავლური მსოფლიო ძალებისა და რეგიონალური ლიდერებისთვის.

    ახალი დოკუმენტი, სავარაუდოდ, მხარს უჭერს კრემლის მცდელობებს, გააძლიეროს წინადადებები არამომხრე ქვეყნებისთვის უფრო შეკრული ანტიდასავლური ბლოკის შესაქმნელად, წერს ISW.

    მაგრამ რუსეთის ეკონომიკური ძლიერების დაქვეითება და უკრაინაში მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტება ცუდი სტიმულია მოსკოვის წინადადებისადმი სერიოზული ინტერესის გამოვლენისთვის, აცხადებენ მოხსენების ავტორები.

    ISW-ის შეფასებით, პუტინის წინადადება ანტიდასავლური ბლოკის შექმნის შესახებ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს დადებითად არ მიიღეს, რადგან ჩინეთის ლიდერმა უარი თქვა ჩინეთის ჩათრევაზე პუტინის გეოპოლიტიკურ კონფლიქტში დასავლეთთან.

  • ზელენსკი – საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ?

    საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

    “ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.?” – თქვა ზელენსკიმ.

    მისი თქმით, უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ შიდა საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება.

    “სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს ამას  საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.

  • აშშ უკრაინას 150 კმ დისტანციის რაკეტებს გადასცემს – Reuters

    სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ხელმძღვანელობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში აპირებს უკრაინისთვის 150 კმ-მდე დიაპაზონის რაკეტების გადაცემას.

    ამ თემაზე წინა ინფორმაციაში სააგენტო წერდა, რომ აშშ-ს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის მართვადს რაკეტებს  Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) .

    ეს ამერიკულ–შვედური წარმოების რაკეტების გაშვება მათ შორის  HIMARS-ის დანადგარებიდანაც არის შესაძლებელი და შეუძლიათ მოძრავ სამიზნეებზე დარტყმა მრავალი ათეული კილომეტრის მანძილზე.

    აქამდე რაკეტების დიაპაზონი, რომელსაც ამერიკელები და სხვა მოკავშირეები აწვდიდნენ უკრაინის არმიას, იყო 80 კილომეტრზე ცოტა მეტი – ეს რაკეტებიც ასევე  HIMARS–ისთვის გამოიყენებოდა.

    უკრაინა უკვე დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მაღალი სიზუსტის ATACMS რაკეტებს 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, რომლებიც შეიძლება გაისროლონ HIMARS-ის დანადგარებიდან. ამ დრომდე დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ ასეთი იარაღის გადაცემაზე – არაოფიციალურად, იმის გამო, რომ უკრაინელები დაიწყებენ დარტყმას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რამაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს .

    Reuters-ის ცნობით, ახალი 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე ამ კვირაში გამოცხადდება.