Category: კავკასია

  • Fox News ხმის მიცემის მანქანების კომპანიას 2020 წლის არჩევნების გაშუქებისას ცილისწამების გამო 787,5 მილიონს გადაუხდის

    Fox News-მა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქების თაობაზე ხმის მიცემის მანქანების მწარმოებელი Dominion-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი პრეტენზიები არასასამართლო წესით დააკმაყოფილა.

    მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იქნა პროცესის დაწყებამდე ბოლო მომენტში, რომელსაც ამერიკული მედია უკვე უწოდებს ბოლო საუკუნის ყველაზე გახმაურებულ ცილისწამების საქმეს. მაუწყებელი დათანხმდა მოსარჩელეებს გადაუხადოს 787,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც მათ მიერ მოთხოვნილი ზარალის ანაზღაურების ოდენობის დაახლოებით ნახევარია. სარჩელში კომპანია 1.6 მილიარდ დოლარს ითხოვდა.

    ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ცილისწამების საქმეებში შეერთებულ შტატებში, სადაც მედია ორგანიზაციები ტრადიციულად ძლიერად არიან დაცული სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიებით.

    2020 წლის არჩევნების შემდეგ, დამარცხებული ტრამპის  მომხრეები აცხადებდნენ, რომ ხმების დათვლა რიგ შტატებში გაყალბდა მისი კონკურენტის ჯო ბაიდენის სასარგებლოდ და რომ ხმის მიცემის აპარატების გამოყენებამ, სავარაუდოდ, ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ ბრალდებების გავრცელებას მოსარჩელეების თქმით. ხელი შეუწყო კონსერვატიულმა ტელეარხმა Fox News-მა.

    სარჩელში Dominion-მა განაცხადა, რომ მის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა კომპანიის მიერ გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული ხმების თაღლითური დათვლის შესახებ.

    მხარეებს შორის გარიგებამ საშუალება მისცა Fox News-ის მენეჯმენტს, მათ შორის მის მფლობელს რუპერტ მერდოკს, თავიდან აეცილებინათ სასამართლოში ბრალდებულად გამოცხადების პერსპექტივა.

    როგორც Dominion-ის ადვოკატებმა წინასასამართლო მოსმენების დროს განაცხადეს,  92 წლის მერდოკმა, აღიარა, რომ მან არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მის ქსელს არ გაევრცელებინა ცილისმწამებლური ცნობები ხმების დათვლის გაყალბების შესახებ.

    კომპანიის ადვოკატები სასამართლოდან გამოსვლისას სიხარულს არ მალავდნენ

    სასამართლოს გარეშე მორიგების განცხადებაში Fox News-მა განაცხადა, რომ იგი რჩება უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულად.

    “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, დაარეგულიროს ეს დავა დომინონთან მშვიდობიანად,  ნაცვლად გამყოფი სამართლებრივი ბრძოლისა, საშუალებას მისცემს ქვეყანას დახუროს ეს საკითხი და განაგრძოს ცხოვრება“, – ნათქვამია მაუწყებლის განცხადებაში.

    თუმცა, Fox News-ს კიდევ ერთი  სამართლებრივი დავა ხმის მიცემის მანქანების კიდევ ერთი მწარმოებლის, Smartmatic-ისგან ელის, რომელიც თვლის, რომ მას 2,7 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. ფირმის ადვოკატებმა დაითვალეს მათ წინააღმდეგ ასზე მეტი ცილისმწამებლური ბრალდება Fox News-ის ეთერში. კერძოდ, Fox-ის ცნობით, Smartmatic სავარაუდოდ ვენესუელაში ადგილობრივი კორუმპირებული დიქტატორების წაქეზებით დაარსდა.

    ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიუ-იორკის შტატის კანონები მკაცრად იცავს მედიის სიტყვის თავისუფლებას, რაც უკიდურესად გაურთულებს Smartmatic-ს სასამართლოში გამარჯვებას.

    მარტის ბოლოს, აშშ-ის ორგზის იუსტიციის მინისტრმა, უილიამ ბარმა დაწერა სტატია Wall Street Journal-ში, სადაც ამტკიცებდა, რომ საქმე ფოქსის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, ან სასამართლოში ან აპელაციაში. ბარმა მხარი დაუჭირა არხის ადვოკატთა პოზიციას, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მისი წამყვანები მხოლოდ აცნობდნენ თავიანთ აუდიტორიას დომინიონის სავარაუდო ინტრიგების ბრალდებებს, მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება.

    მაშინაც კი, თუ Fox კომპანია Dominion-თან მორიგებას არ გააფორმებდა და დავას ყველა ინსტანციაში წააგებდა, ყველა შემთხვევაში, არხიდან მოთხოვნილი 1,6 მილიარდი დოლარის ამოღება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ცილისწამებაში მისი დანაშაულის დამტკიცება.

    Fox-ის მხარდამჭერები იხსენებენ, რომ 2018 წელს Dominion-ის ღირებულება 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და ვერ გაუგიათ, თუ როგორ მოახერხა მოსარჩელემ ასეთი ოდენობის ზარალის ამოღება, რომელიც თითქოსდა მოპასუხის ბრალეულობით მიადგა.

    ნაციონალური  საზოგადოებრივი რადიო (NPR), Fox-ის იდეოლოგიური ანტიპოდი, ამბობს, რომ Dominion–ს, რომელიც ახლა  ქვეყნის 50 შტატიდან 28-ში ფუნქციონირებს, ახლა უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე კონსერვატიული ტელერეპორტიორების მიერ კომპანიის ცილისწამებამდე. დომინიონს უნდა დაერწმუნებინა მოსამართლეები, რომ ცილისწამება რომ არ ყოფილიყო, მას კიდევ უფრო მეტი კლიენტი ეყოლებოდა, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იქნებოდა.

    თუმცა, მიუხედავად უზარმაზარი თანხისა, რომლის გადახდა  Fox –ს  მოუწევს წინასასამართლო გარიგებიდან გამომდინარე, ტელეკომპანიისთვის ეს   საკმაოდ დადებითი შედეგია, ამბობენ იურიდიული ექსპერტები.

    რუპერტ მერდოკი

    სარჩელი წაახალისებდა საზოგადოებას, კიდევ უფრო მჭიდროდ გამოეკვლია, როგორ აშუქებდა გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს ტელეარხი, და არავინ იცის, კიდევ რა გამოვიდოდა დღის სინათლეზე, ამბობს  სირაკუზის უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი როი გუტერმანი.

    “ექვსკვირიანი სასამართლო პროცესი შეიძლება დამქანცველი განსაცდელი ყოფილიყო ყველა მონაწილესთვის და, სავარაუდოდ, არცთუ დადებითი გავლენის მქონე ფოქსისთვის და მისი რეპუტაციისთვის,” ამბობს ის. “თუმცა, თუ ფოქსი წააგებდა, ეს კიდევ უფრო ძვირი დაჯდებოდა და სერიოზულ გავლენას მოახდენდა სასამართლოს მომავალ გადაწყვეტილებებზე,  რაც შეეხება დანაშაულებრივი განზრახვის დადგენის სტანდარტებს, ისევე როგორც თავად კონსტიტუციის პირველ შესწორებას“.

    სამოქალაქო სამართალწარმოების ადვოკატის მაიკლ სიმფსონის თქმით, რეპუტაციული  ზიანის პერსპექტივამ, რომელიც მაუწყებელს მიადგებოდა, თუ მისი უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის მფლობელი რუპერტ მერდოკი და პოპულარული ტელეწამყვანები იძულებულნი გახდებოდნენ სასამართლოში ჩვენება მიეცათ, სასწორის პინა მორიგების სასარგებლოდ გადახარა.

    Dominion, თავის მხრივ, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს:  საქმეები მიმდინარეობს კიდევ ორი ​​კონსერვატიული სატელევიზიო ქსელის: OAN-ისა და Newsmax-ის წინააღმდეგ. ფირმამ ასევე შეიტანა მსგავსი სარჩელი დონალდ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირის, მათ შორის რუდი ჯულიანის, სიდნი პაუელის და მაიკ ლინდლის წინააღმდეგ.

  • Financial Times:უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია რუსეთის თავდაცვის გარღვევა

    უკრაინის კონტრშეტევის დროს ბრძოლები, სავარაუდოდ, მძიმე იქნება, წერს Financial Times სამხედრო ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაყრდნობით.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა გადაწყვეტილება კოორდინირებული უნდა იყოს. ამოცანა ასევე რთულდება, რადგან უკრაინას არ გააჩნია საჰაერო უპირატესობა მტრისგან დასავლური ტანკების დასაცავად, წერს გაზეთი.

    რუსულ ავიაციას შეეძლება “დაახშოს უკრაინული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა”, – მიიჩნევს ნიკ გუნელი, ბრიტანეთის სამეფო ინჟინერთა კორპუსის ყოფილი ოფიცერი.

    „კლასიკური სახმელეთო შეტევითი მიდგომა არის მტრის ხაზების მიღმა, ზურგში ერთ ან რამდენიმე ადგილზე გარღვევა და მტრის სიმძიმის ცენტრის წინააღმდეგ კონცენტრირებული დარტყმის მიტანა“, – ამბობს ბენ ბარი, ბრიტანული მექანიზებული ქვეითი ბატალიონის ყოფილი მეთაური. ”წარმატებული მაგალითები საჰაერო ბატონობის გარეშე იშვიათია”, – აღიარებს ის. მაგრამ მაინც მოჰყავს ერთი მაგალითი: ისრაელის თავდასხმა ეგვიპტის პოზიციებზე 1973 წლის იომ კიპურის ომის დროს.

    ტიპიური რუსული თავდაცვის ხაზები ასეთია: ისინი შედგება დანაღმული ველისგან, მიწაში ჩაფლული ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის პირამიდების ხაზისგან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “დრაკონის კბილები”, შემდეგ მოდის სხვა დანაღმული ველი, 400 მეტრი სიგანის თხრილებისა და დუგნების ხაზი და კიდევ 500 მეტრის შემდეგ – ტანკსაწინააღმდეგო თხრილი.

    აშშ-ს სამხედროების ახლახან გაჟონილი შეფასებები მიუთითებს მათ ეჭვებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადყოფნასთან დაკავშირებით, გაარღვიოს ასეთი თავდაცვა, როგორც პერსონალის მომზადების, ასევე აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მარაგების თვალსაზრისით. მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები არაერთხელ იქნა არასათანადოდ შეფასებული.

    “თუ უკრაინის შეტევა ძლიერი და სწრაფი იქნება და შეძლებს  რუსების ზურგში შეღწევას,  მაშინ ფრონტი ჩამოიშლება და რუსები გაიქცევიან… ისევე როგორც ისინი გარბოდნენ ხარკოვის მახლობლად კონტრშეტევის დროს”, -ამბობს გლენ გრანტი, კიდევ ერთი გადამდგარი ბრიტანელი ოფიცერი, რომელიც უმაღლესი რადას თავდაცვის კომიტეტის მრჩეველია.

    “და თუ ასეთი გაქცევა მოხდება, მაშინ ყველა თხრილი და სანგარი უსარგებლო იქნება. არსებობს ძველი მაქსიმა:  მიწიათხრილები, რომლებსაც არავინ იცავს, არ მოგკლავს. ამის შემდეგ კი უკრაინელებს შეუძლიათ წინსვლა, სანამ გეგმები და ლოგისტიკა ეყოფათ”, – დასძენს გრანტი.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა– რა ვიცით ამ დროისთვის

    ბოლო თვეების განმავლობაში დასავლელი პარტნიორები ინტენსიურად ამზადებდნენ უკრაინის არმიას გადამწყვეტი კონტრშეტევისთვის, ხოლო რუსული ჯარები კონცენტრირებულები არიან ბახმუტის, მარინკასა და ავდიივკას ბრძოლებში.

    ფსონები დიდია. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, წელს უკრაინას კონტრშეტევის მხოლოდ ერთი შანსი ექნება – დასავლეთს უბრალოდ მეტი რესურსი არ აქვს.

    ამასთან, უკრაინელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ დასავლეთმა გადაჭარბებულად შეაფასა თავისი შესაძლებლობები – მძიმე შეიარაღების მიწოდება იგვიანებს, ასევე არის პრობლემები საბჭოთა საბრძოლო საბრძოლო მასალის მხრივ, რომელიც მთელ მსოფლიოში იწურება.

    გარდა ამისა, დასავლეთს ჯერ არ გადაუწყვეტია მოთხოვნილი შორი დისტანციის რაკეტების MLRS-ისთვის უკრაინისთვის გადაცემა, რომლებიც მტრის ზურგის განადგურებისთვის არის საჭირო მიზნით, ხოლო შეერთებული შტატები და მოკავშირეები კვლავ დუმან დასავლური მოიერიშეების გადაცემაზე.

    ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო კი ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობას, დონბასიდან და ყირიმიდან რუსული ჯარები 2023 წლის ბოლომდე განდევნოს, ეყრდნობა რა მოსაზრებას, რომ ომი “გარდაუვლად” გაჭიანურდება.

  • სიცხე, წნევა და სისუსტე, ვიზუალურად მძიმე სანახავია–გიული ალასანია სააკაშვილზე

    მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, სიცხე, წნევა და სისუსტე გრძელდება. მითხრა, ძალა არ მაქვსო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ განაცხადა.

    მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად წევს და ვიზუალურად მძიმე სანახავია.

    „გუშინ მოსული იყვნენ მასთან, ეზოდან მიულოცეს და ძალიან ესიამოვნა. ისევ მოლოდინში ვართ. იქნებ რაიმე დადებითად გადაწყდეს. ვნახოთ, სტრასბურგში რა შედეგი მოჰყვება საჩივარს. ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, ისევ იგივე ვითარებაა: სიცხე, წნევა და სისუსტე გრძელდება. როდესაც წამოიწევა მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიზუალურად მძიმე სანახავია. მითხრა, ძალა არ მაქვსო. ამის მოსმენა ასეთი ადამიანისგან, ცოტა უცნაურია. ძირითადად წევს“, – აღნიშნავს ალასანია.

  • პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად

    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად

    ილია II- ის სააღდგომო ეპისტოლე

    ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

    „გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)

    ქრისტე აღდგა!

    დგება ჟამი ახალი პასექისა!

    დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ სასწაულით დასრულდა ამქვეყნად მაცხოვრის ღმერთკაცობრივი, გონებისთვის მიუწვდომელი ღვაწლი, ჩვენი ხსნისათვის გაღებული.

    ამპარტავნების გამო აკრძალული ხისკენ ადამის გაწვდილი ხელის ნაცვლად, მწყემსი კეთილი საკუთარ ხელს იწვდის ჯვარზე მისამსჭვალად, განდიდების ნაცვლად თავზე ეკლიან გვირგვინს იდგამს  და ჩვენი ცხონების სანაცვლოდ, თავის სიცოცხლეს სწირავს.

    ამ საოცარმა მსხვერპლმა სიკვდილისა და ჯოჯოხეთის საკვრელთაგან იხსნა ძველი აღთქმის მართალთა სულნი, ადამიდან და ევადან ვიდრე ქრისტეს აღდგომამდე შესვენებულნი და ცათა სასუფევლი დაუმკვიდრა მათ.

    აღდგომის შემდეგ კი, სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ.

    ამ სიხარულს ათასწლეულთა მანძილზე  ელოდნენ თაობები.

    უფალი მოვიდა, რომ წინაძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს,  შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.

    რა თქმა უნდა, ჩვენს სულსა და სხეულში ფესვგადგმული ცოდვისაგან თავის დახსნა ჭირს, რადგან ეშმაკი ათასნაირ მახეს უგებს მორწმუნეთ, რომ ღვთის გზა დაავიწყოს.

    ამიტომაც ყველა ქრისტესმოყვარეს აუცილებლად ეკლიანი და ვიწრო ბილიკის გავლა მოუწევს და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.

    დრო ისედაც დამძიმდა, მაგრამ არ შედრკეთ! მთავარია, ნებისმიერი ვითარებიდან სწორი დასკვნა გამოვიტანოთ, ღმერთს არ განვეშოროთ და მუდამ გვახსოვდეს მისი სიტყვები: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მომართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი“ (ეს.41.13); გვახსოვდეს და გჯეროდეს ისიც, რომ ბოლოს მაინც „უფლის მორწმუნეთ ყოველივე კეთილად წარემართებათ.“

    უფალი ყველას  სიყვარულით ელის თავისთან, განსაკუთრებით – მონანულ ცოდვილთ, თუნდაც რომ მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი იყვნენ ისინი და ზეცისკენ მიმავალ აღმართზე შედგომასა და თანადგომას სთავაზობს მათ.

    ასე რომ, წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი  შრომა გვაქვს გასაწევი.

    „სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მთ. 11, 12), – გვასწავლის მაცხოვარი; ანუ ცათა სასუფეველი დიდი ძალისხმევით მოიპოვება და ვინც ამ ღვაწლს გასწევს, ის დაიმკვიდრებს მასში ადგილს.

    როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა.

    მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით  სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით  მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა.

    ,,მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29).

    გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44)

    და მაინც, რა არის ამის საფუძველი?

    იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად.

    როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი  აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5).

    წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა  ხუთასზე მეტ ადამიანსაც…

    თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე  მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს  საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, – სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, –  მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც  იგი შეიქმნა.

    ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში.

    თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის.

    ეს რწმენა მოციქულებმა  მთელ მსოფლიოს მოჰფინეს.

    ყოველივე ეს  საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი   განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც  ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23).

    ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება.

    მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა.

    სამწუხაროდ, ადრეც და, მითუმეტეს, ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება. მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც.

    რა თქმა უნდა, იყვნენ და არიან ათეისტი მეცნიერებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სამყაროში შემოქმედის ნაკვალევს. ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების  დანერგვა ჩვენს დროში; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა  რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი.

    მათი საერთო განწყობის გამომხატველია დიდი გერმანელი ფიზიკოსის, კვანტური ფიზიკის ფუძემდებლის,  ვერნერ ჰაიზენბერგის სიტყვები: „მეცნიერების სასმისის პირველმა ყლუპმა შესაძლოა ათეიზმს გაზიაროს, მაგრამ სასმისის ბოლოს  აუცილებლად ღმერთი გელოდება“.

    ბუნება სიბრძნის მშვენიერების, გონიერების ღვთაებრივი წიგნია, რომლის მართვა უფლისმიერი გონით ხდება და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

    დედამიწაზეც და კოსმოსშიც მოქმედებს დიდი კანონები და კანონზომიერებანი, რომლებიც ადამიანს არ დაუწესებია და ეს წესრიგი ჩვენი ნებისა და აზროვნების გარეშე არსებობს; ჩვენ კი მხოლოდ მათი შეცნობა შეგვიძლია და – ისიც ნაწილობრივ.

    მინდა გაგახსენოთ იერუსალიმში დიდებით შესვლისას მაცხოვრის სიტყვები: „ესენი (ადამიანები) რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლკ. 19,40). და მართლაც, როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ „ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა, – შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი… რის ხილვამაც ყველა გააოგნა. ბუნება კვლავაც „ღაღადებს,“მთავარია, სმენის უნარი გვქონდეს და ვაღიაროთ, რომ ვერანაირი მატერია ვერ გახდება ცოცხალი თავისით, მითუმეტეს, სიცოცხლის გადამცემი შთამომავლობაში, და რომ მხოლოდ სიცოცხლე შობს სიცოცხლეს, რომლის საწყისიც არის მასში, ვინც არის სათავე მარადიული სიცოცხლისა და თავად სიცოცხლე.

    „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ.14.6), – ბრძანებს მაცხოვარი.

    ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა  გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში.

    თავისუფლება  ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით და მის დასაბრუნებლად, ბუნებრივია, უნდა იზრუნოს; მაგრამ შესაძლოა ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს.

    სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც  მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია.

    ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება ზნეობრიობის უგულებელყოფით და ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის დაკარგვით; მისი შინა-არსის სრული სახეცვლილებითა  და გაუკუღმართებით; ამიტომაცაა, რომ თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების…. შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

    ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული  „მე“-ს პოვნას.

    თავისუფლება  სწორედ ამ რეალურ „მე“- მდე მიღწევა და მისი აღმოჩენაა, ცოდვითი ცხოვრებისგან განშორება და არასწორი წარმოდგენებისგან თავის დახსნაა.

    მოციქული გვეუბნება: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“ (1 კორ. 6:12).

    იგივე მოციქული სხვაგან ბრძანებს: „ხოლო თქვენ, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ( გალ. 5:13-14)

    ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

    ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

    ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი  დამოკიდებულება სიტყვასთან.

    სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

    წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და  მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას,  მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი.“

    ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.

    „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,“- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს.

    მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, – მშვიდობა ვერ დაივანებს.

    ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა.

    საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.

    შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.

    ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“

    ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,

    მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.

    ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და შევიმოსოთ მისი ძლიერებით.

    ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით, გვქონდეს სასოება ღმერთთან ერთობისა და ნუ იქნება ფუჭი ჩვენი რწმენა.

    ქრისტე აღდგა!

    ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ერთობით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

     

  • გერმანია ბირთვულ ენერგიას ემშვიდობება. ბოლო სამი ატომური ელექტროსადგური ქვეყანაში მუშაობას წყვეტს

    16 აპრილის ღამით გერმანია  ქვეყანაში დარჩენილ სამ ატომურ ელექტროსადგურს გათიშავს. ბერლინი ამას აკეთებს იმ დროს, როდესაც ზოგიერთი სხვა დასავლური ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, პირიქით, ზრდის ინვესტიციებს ბირთვულ ენერგიაში ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის შემცირების, ელექტროენერგიის გაძვირების და რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების იმედით.

    2022 წლისთვის გერმანიაში ყველა ატომური ელექტროსადგურის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს მრავალი წლის წინ, იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმაში მომხდარი ავარიის შემდეგ, რომელიც სერიოზულად დაზიანდა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად.

    გარემოსდაცვითი აქტივისტები და მმართველი კოალიციის მწვანეები  ატომური ელექტროსადგურების დახურვას ითხოვენ და ატომური სადგურების საფრთხესა და რადიოაქტიური ნარჩენების შენახვის პრობლემაზე საუბრობენ.

    თუმცა, გერმანელების უმრავლესობა, თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ვიმსჯელებთ,  მიიჩნევს, რომ ეს შეცდომაა, რადგან ატომური სადგურები უფრო სუფთაა (და იაფია), ვიდრე ქვანახშირი, საწვავი და თუნდაც გაზის ქარხნები.

    ატომური ელექტროსადგურის დახურვის იდეამ გერმანიაში, რომელსაც ძლიერი ანტიბირთვული ლობი ყავს, მხარდაჭერას მოიპოვა, თუმცა, ბირთვული ენერგიის საბოლოოდ უარყოფის ვადის  2022 წლის ბოლოდან 2023 წლის აპრილამდე გადატანა გადაწყდა. – ეს გამოწვეული იყო უკრაინაში  სამხედრო შეჭრის შემდეგ რუსული გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირებით და კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით.

    შედეგად, ბერლინს ელექტროენერგიის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, მოუწია არა მხოლოდ ატომური ელექტროსადგურების სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ რამდენიმე ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის ხელახალი გააქტიურება. და ეს იმის მიუხედავად, რომ გერმანია უკვე „ლიდერობს“ ევროკავშირში სათბურის გაზების ემისიებით.

    ბავარიაში Isar-2 NPP კომპლექსის ოპერატორებისთვის, რომლებიც პირველები გათიშავენ თავიანთ სადგურს ქსელიდან, შემდეგ კი მათი კოლეგებისთვის ემსლანდიდან და ნეკარვესტჰაიმიდან, ეს სამწუხარო და შემაშფოთებელი მომენტი იქნება.

    თუმცა, გასულ წელს ამ სამმა ატომურმა ელექტროსადგურმა  ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ 6% შეადგინა. შედარებისთვის, 1997 წელს ატომური ელექტროსადგურები უზრუნველყოფდნენ გერმანიის ელექტროენერგიის საჭიროების 30,8%-ს.

    ქვეყნის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ენერგეტიკული ვითარება მთლიანად კონტროლდება და დროთა განმავლობაში ატომური ელექტროსადგურების დემონტაჟი მოხდება, არ იგეგმება არანაირი კონსერვაცია და ექსპლუატაციაში შესაძლო დაბრუნება. ისინი იხსენებენ, რომ გერმანული გაზის საწყობები მაქსიმალურად არის შევსებული და შექმნილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად, რომელიც რუსულ მარაგს ჩაანაცვლებს .

    უფრო მეტიც, ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრმა და მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის გერმანიამ  ელექტროენერგიის 80%-მდე განახლებადი წყაროებიდან უნდა აწარმოოს.

    მართალია, ამისათვის საჭირო იქნება დღეში 4-5 ქარის ტურბინის აშენება რამდენიმე წლის მანძლზე,  მთელი გასული წლის განმავლობაში კიმხოლოდ 551 აშენდა , ასე რომ, ამ სიჩქარით გერმანიამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ემისიების შემცირების ვალდებულებები შეასრულოს .

    შაბათს Greenpeace-ის წარმომადგენლებმა ბრანდენბურგის კარიბჭესთან აქცია გამართეს ანტიბირთვული მოძრაობის მიერ დამარცხებული მოძველებული ბირთვული ენერგიის სიმბოლოს დინოზავრის მოდელის დაკრძალვით, ლოზუნგით “ატომური ენერგია საბოლოოდ გახდა ისტორიის ნაწილი!”

    თუმცა ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყანა სულ სხვა გზას მიჰყვება.

    გასული წლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 6-დან 14-მდე ახალი რეაქტორის აშენების პირობა დადო,  რომელთაგან პირველი ექსპლუატაციაში 2035 წლისთვის უნდა ამოქმედდეს და ასევე არსებულის მაქსიმალური მოქმედების ვადა 40 წლიდან 50-მდე გაზარდოს.

    მედია წერს, რომ ტომური ენერგია არის ომისშემდგომი საფრანგეთის ეკონომიკის ხერხემალი, რომელიც სიდიდით მეორე ევროპაში გერმანიის შემდეგ. ატომური ელექტროსადგურები ფარავს საფრანგეთის ელექტროენერგიის მოთხოვნილების 70%-ს, არის იაფი და ეს ქვეყანა ენერგიის უმსხვილეს ექსპორტიორად აქცია, ძირითადად იტალიაში და დიდ ბრიტანეთში.

  • “ვაგნერის” ლიდერი პრიგოჟინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მოწოდებით გამოდის

    კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიიდერი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ დროა რუსეთმა უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაასრულოს:

    „იდეალური ვარიანტია გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული, ვაცნობოთ ყველას, რომ რუსეთმა მიაღწია იმ შედეგებს, რაც დაგეგმა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ შეიარაღებული ძალების მებრძოლების დიდი რაოდენობა გავანადგურეთ. და ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს ანგარიში ჩავაბაროთ იმის შესახებ, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”-ს ამოცანები დასრულებულია.

    თეორიულად, ეს მსუყე ქულა რუსეთმა უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამრობითი მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურებით, ევროპაში გაქცეული მეორე ნაწილის დაშინებით. რუსეთმა დაიპყრო აზოვი და შავი ზღვის დიდი ნაწილი, წაართვა უკრაინის ტერიტორიის მსუყე ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე. ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება: მტკიცედ მოვიკიდოთ ფეხი,  კლანჭებით ჩავეჭიდოთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკვე გვაქვს“, – ამბობს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული “ვაგნერის“ მეთაური.

  • არ ვაპირებ ,კორუმპირებულის იარლიყთან შეგუებას–დასანქცირებული მოსამართლე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

    მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

    „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

    არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

    ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს”, – წერს შენგელია.

    აშშ–მ ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები გასულ კვირას დაუწესა.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

    მოტივად სახელდება ის, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

  • CNN: ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ უკრაინა სამხედრო გეგმებს ცვლის

    უკრაინამ შეცვალა ზოგიერთი სამხედრო გეგმა აშშ-ს საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის გამო, იტყობინება CNN უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

    CNN-ის წუხანდელ სტატიაში არ არის მოწოდებული ინფორმაციის დეტალები, მაგრამ აღნიშნულია, რომ გაჟონვამ ასევე აიძულა პენტაგონი მიეღო ზომები მგრძნობიარე დოკუმენტების ნაკადის შესამცირებლად, რომლებიც ჩვეულებრივ, ყოველდღიურად  მთავრობის ასობით ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი.

    შტაბის უფროსების გაერთიანებული კომიტეტი, რომელშიც თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები შედიან, და რომელიც  აშშ-ს პრეზიდენტს უწევს კონსულტაციას, ახლა ათვალიერებს მის ელექტრონული ფოსტის დაგზავნის სიებს ამოწმებს, რათა გაარკვიოს ვინ იღებს საიდუმლო ანგარიშებს, თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

    ინტერნეტში გავრცელებულ ბევრ დოკუმენტს ქონდა აღნიშვნა, რომელიც მიუთითებდა, რომ ისინი მომზადებული იყო კომიტეტის სადაზვერვო ჯგუფის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც J2, და როგორც ჩანს, ბრიფინგების დოკუმენტებს წარმოადგენდა.

    წუხელ პენტაგონმა განაცხადა, რომ აგრძელებს დოკუმენტების ავთენტურობის შემოწმებას და ცდილობს შეაფასოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი. აშშ-ს მოკავშირეები ასევე აწარმოებენ შეფასებას და ცდილობენ დაადგინონ, დააზარალა თუ არა გაჟონვამ მათი  წყაროები და მეთოდები.

    “ჩვენ ველით, რომ აშშ უახლოეს დღეებში გაგვიზიარებს ზარალის შეფასებას, მაგრამ ვერ დაველოდებით მათ შეფასებას. ჩვენ ახლავე ვაკეთებთ საკუთარს”, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა ქვეყნიდან, რომელიც ე.წ. Five Eyes Alliance–ის (აშშ, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი) წევრია.

    ამავე თემაზე: Reuters: აშშ–ს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას

  • ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი–სალომე ზურაბიშვილი

    ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი – მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.

    პრეზიდენტის თქმით, დროა უარი ვთქვათ დაყოფაზე.

    ამასთან პრეზიდენტმა გამოთქვა წუხილი, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე „ვიღაცები არ მიუშვეს“.

    „ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე!

    ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს, სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი.

    ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც”, – თქვა პრეზიდენტმა.

  • იქნებ გეცადათ, არ იყოთ კორუმპირებულები? – კინზინგერი სანქცირებულ მოსამართლეებს

    ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სანქცირებული მოსამართლეების მხრიდან აშშ-ისადმი გამოთქმულ ბრალდებებს ტვიტერზე გამოეხმაურა და მოსამართლეებს მოუწოდა, სცადონ არ იყვნენ კორუმპირებულები. კინზინგერმა ფორმულას “ქარდები“ გააზიარა, სადაც მოსამართლეების ფრაზებია ინგლისურ ენაზე, რომლებშიც ისინი ამერიკას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებენ და კომენტარი მიაწერა:

    “ან – და მოთმინებით მოისმინეთ მოსამართლეებო, ქართველი ერისგან -ნუ იქნებით კორუმპირებულები… იქნებ ეს გეცადათ? ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს ვიდრე ეს პროპაგანდაა რუსების პირიდან” – წერს ადამ კინზინგერი.