Category: კავკასია

  • ზელენსკიმ ახალი საკადრო წმენდა დააანონსა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საკადრო ცვლილებები ქვეყნის ხელმძღვანელობაში და ყველას, ვინც არ დააკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

    „ახლა არის გარკვეული საკადრო სიმშვიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადაწყვეტილებები მიიღება. სისტემაში ვინც არ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ მოთხოვნებს, არ უნდა ისხდნენ სავარძლებში“, – თქვა მან საღამოს მიმართვაში.

    ზელენსკიმ უკრაინაში ახალი რეფორმების მომზადებაზეც ისაუბრა.

    „რეფორმები, რომლებიც შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას მრავალი ასპექტით – მათ უფრო ჰუმანურს, გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.

  • რიში სუნაკი: დროა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა

    რუსეთსა და უკრაინას შორის გახანგრძლივებული სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის აძლევს ხელს, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც შეისწავლა ბრიტანეთის მიდგომა კონფლიქტთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში პრემიერ მინისტრი გახდა.

    სუნაკის თქმით, ახლა არის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გააქტიურების შესაძლებლობა.

    „პრემიერმა თქვა, რომ ახლა აშკარაა, რომ რუსეთს არ აქვს ინიციატივა და არის შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის მუდმივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფისმა მას შემდეგ, რაც სუნაკმა ეს საკითხი აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებთან განიხილა.

    გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ეს ახალი სტრატეგია მხარდაჭერის გასაძლიერებლად მოიცავს უფრო აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას და სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის დაგეგმვას.

    მანამდე სამშაბათს ბრიტანეთის კაბინეტს ეცნობა, რომ რუსეთის ძალებს აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა ჰქონდათ.

    მინისტრებს უთხრეს, რომ რუსეთი განიცდის “მნიშვნელოვან გამოფიტვას მისი ზოგიერთი ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფში“ რადგან აშშ-ის შეფასებით, დაახლოებით 188,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა და რუსულმა არმიამ დაკარგა ტანკების ორი მესამედი.

  • უკრაინისთვის გადაცემული 60-ზე მეტი ამერიკული Bradley-ს საბრძოლო მანქანა უკვე გზაშია

    60-ზე მეტი ამერიკული Bradley-ს ქვეითი  საბრძოლო მანქანა უკვე მიცურავს ევროპისკენ.აშშ-ს არმიის სატრანსპორტო სარდლობამ განაცხადა, რომ 60-ზე მეტი ბრედლის ტვირთი გასულ კვირას ჩრდილოეთ ჩარლსტონის პორტიდან გაიგზავნა.

    ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები უკრაინისთვის 2,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვრის დასაწყისში გამოაცხადა.

    აშშ–ს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით.

    ” Bradley არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მათ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ ბრძოლის ველზე წინსვლა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება”, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჟაკლინ ვან ოვოსტმა.

  • კადიროველებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში НТВ–ს პროპაგანდისტი ჟურნალისტი გააუპატიურეს და ოპერატორი სცემეს

    მელიტოპოლში კადიროველებმა რუსული ტელეარხის, НТВ–ს  პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ოლგა ზენკოვა გააუპატიურეს, ოპერატორი არტემ ეპიფანოვი კი სცემეს. გადამღები ჯგუფი მელიტოპოლში სარედაქციო დავალებით იმყოფებოდა.

    ტელეგრამ არხების ინფორმაციით რუსეთის ფედერაციაში ამ თემის გაშუქება აიკრძალა, თუმცა არხმა უკვე მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.

    როგორც არხის  განცხადებაშია აღნიშნული ოლგა ზენკოვა და ოპერატორი არტემ ეპიფანოვი ქალაქში სარედაქციო დავალებაზე იმყოფებოდნენ. 17 იანვარს ისინი “ვორონცოვსკის“ რესტორანში სადილობდნენ, როდესაც დაესხა სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფი, რომლებმაც თავი “ახმატის ბატალიონის მებრძოლებად” წარმოადგინეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად ოპოერატომა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღო, რაც მელიტოპოლის საავადმყოფოში დადასტურდა, ოლგა ზენკოვას წინააღმდეგ კი “პირთა ჯგუფმა ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედება.“

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის შესახებ მაშინვე ეცნობა მელიტოპოლის სამხედრო კომენდატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა ტელეკომპანიის თანამშრომლებს საქმის აღძვრაზე და ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დაფიქსირებაზე უარი უთხრეს.

    ტელეგრამ არხები წერენ, რომ ამ თემის გაშუქება მაშინვე აიკრძალა, რათა „რუსეთის ფედერაციის არმიის დისკრედიტაცია არ მომხდარიყო. ტრადიციულად, საქმის მიჩქმალვას  ცდილობენ, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში უკვე მივიდა.“

    ტელეარხის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რომ ოლგა ზენკოვა ნამდვილად მუშაობს მათთან. ეკატერინბურგში 1983 წლის 21 ივლისს დაბადებული ზენკოვა ვებსაიტზე  განთავსებულია განყოფილებაში “კორესპონდენტები რეგიონებში”.

    ზენკოვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების ქვეშაა ანტიუკრაინული პროპაგანდის გამო.

    ეპიფანოვი ასევე НТВ-ზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს.მან გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეორგოლები ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ნაწილში.

  • ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა

    ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

    მან ხმების 52.58 % მიიღო.

    დანარჩენი კანდიდატების მიერ მიღებული პროცენტები ასეთია:

    ნონა მამულაშვილი – 3.33%;

    ნიკა მელია – 40%;

    გიორგი მუმლაძე – 3.68%

    ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.

    განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.

  • პუტინი სარაკეტო დარტყმით დამემუქრა–ბორის ჯონსონი

    ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ სატელეფონო საუბრისას.

    ფილმი, რომელიც ომის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერებთან პუტინის ურთიერთობას ასახავს, ​​ეთერში ორშაბათს საღამოს გავა.

    „რაღაც მომენტში, ის რაღაცნაირად დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, თუ რაღაც ამდაგვარი“, – ციტირებს ჯონსონს პუტინის სიტყვები.

    ხანგრძლივი სატელეფონო საუბარიგასული წლის თებერვალში  შედგა და პუტინის კომენტარი კი ჯონსონის გაფრთხილებას მოჰყვა, რომ  რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა.

    ”ვფიქრობ, რომ მისი [პუტინის] ძალიან მშვიდი ტონიდან გამომდინარე, იმ განყენებული პოზიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა, მან უბრალოდ ითამაშა ჩემს მცდელობებზე,  ის მოლაპარაკებებზე წამომეყვანა” – თქვა ყოფილმა პრემიერმა.

    ჯონსონი ასევე ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტისთვის გაეგებინებინა, რომ უკრაინა მალე არ შეუერთდება ნატოს და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შეჭრა რუსეთის საზღვრებზე “მეტ ნატოს და არა ნაკლებ ნატოს” ნიშნავდა.

    მან თქვა: ბორის, შენ ამბობ, რომ უკრაინა არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში. რას ნიშნავს უახლოესი მომავალი?“ და მე ვუთხარი: “კარგი, ის არ აპირებს ნატოში შესვლას განჭვრეტად  მომავალში. შენ ეს კარგად იცი“.

    უცნობია, რამდენად სერიოზული იყო პუტინის მუქარა, მაგრამ წარსულში დიდ ბრიტანეთში განხორციელებული რუსული თავდასხმების,( მათ შორის სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში), რუსეთის ლიდერის მხრიდან ნებისმიერი მუქარა, სავარაუდოდ, სერიოზულად იქნა მიღებული ჯონსონის მიერ, ამბობენ BBC-ის კორესპონდენტები.

  • აშშ–მ და ნატომ შესაძლოა უკრაინის ტიტანის საბადოებზე წვდომა მიიღონ

    ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს შეუძლიათ მიიღონ წვდომა უკრაინაში ტიტანის საბადოებზე – ლითონზე, რომელიც გამოიყენება საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, გემების, ტანკების და შორი მოქმედების რაკეტების დასამზადებლად.

    ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

    აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ტიტანი დაასახელა, როგორც 35 მინერალიდან ერთ-ერთი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თუმცა, აშშ –ს  რკინის მადნის 90%-ზე მეტი კვლავ იმპორტირებულია.

    უკრაინა ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებიც ტიტანს მოიპოვებენ.

  • “სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი”-რეზნიკოვი დონბასში გამართულ ბრძოლებზე

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. 29 იანვარს კანადურ ტელეარხ CBC-სთან ინტერვიუში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, რომ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში დიდი წვლილს შეიტანს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას.

    თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟურნალისტ როზმარი ბარტონთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ამჟამად სჭირდება რეაქტიული გამანადგურებლები, თვითმფრინავები და შესაძლოა რაკეტები რუსეთის საწვავის და საბრძოლო მასალის საწყობებზე თავდასხმისთვის, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრებზე დასარტყმელად.

    ამავდროულად, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განვითარების კვალდაკვალ, უკრაინამ დაიწყო სამხედრო აღჭურვილობის მიღება, რომელზეც მას ოდესღაც უარს ეუბნებოდნენ, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის, ასევე შორ მანძილზე მსროლელი საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების.

    რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ კვირაში ახალი მოლაპარაკებები გაიმართება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისთვის დასავლელი პარტნიორების მიერ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.

    ”ჩემთვის ყველაფერი, რაც დღეს შეუძლებელია, ხვალ გახდება შესაძლებელი”, – ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.

    რაც შეეხება ტანკებით უზრუნველყოფას, მინისტრმა აღიარა, რომ დრო დასჭირდება მათ მიღებას და ეკიპაჟების მომზადებას აღჭურვილობის გამოყენებისთვის. ამავდროულად, რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ეკიპაჟები მზად იქნებიან საგაზაფხულო კამპანიისთვის,  2023 წლის მარტისთვის.

    მანამდე, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დასავლური ტანკები გამოყენებული იქნება რუსეთის თავდაცვის ხაზების გასარღვევად. მისი თქმით, დასავლური მძიმე იარაღის მიწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ კონტრშეტევა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით.

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 29 იანვარს Tagesspiegel-თან ინტერვიუში გააკრიტიკა მუდმივი მოთხოვნები უკრაინაში ახალი ტიპის იარაღის რუსეთთან საბრძოლველად გადაცემის შესახებ. პოლიტიკოსმა დაიჩივლა, რომ როგორც კი ერთი გადაწყვეტილება მიიღება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, გერმანიაში ახალი დებატები იწყება.

  • Politico: პენტაგონში არიან უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის მომხრეები

    ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების – განსაკუთრებით აბრამსის მიწოდებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის დროს, იყო ამერიკული სამხედრო ისტებლიშმენტის წინააღმდეგობა. რაც შეეხება საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, რომელსაც კიევი თავისი ლობისტური ძალისხმევის შემდეგ სამიზნედ ასახელებს, პენტაგონის დამოკიდებულება არც ისე ცალსახად ნეგატიურია. ამ იდეას ჰყავს გავლენიანი მხარდამჭერები დეპარტამენტში, წერს Politico, სამი ანონიმური წყაროს მონათხრობზე დაყრდნობით. „არა მგონია, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყოთ“, – ციტირებს გამოცემას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს.

    უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლების, F-16-ისა და მისი ანალოგების მიწოდებაზე, როგორიცაა Tornado ან შვედური Gripen, რადგან ბევრი დასავლური ქვეყანა გეგმავს მათ ჩანაცვლებას ახალი F-22-ებით და F-35-ებით მომავალ წლებში. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დასავლურ სამხედრო დოქტრინაში თვითმფრინავებს ასევე ენიჭებათ მნიშვნელოვანი ადგილი საჰაერო თავდაცვაში – მათ შეუძლიათ გაანადგურონ რაკეტები და თვითმფრინავები ფრენისას , რის გამოც დასავლეთის ქვეყნებს აქვთ შედარებით ცოტა სახმელეთო საზენიტო სარაკეტო სისტემა და საბრძოლო მასალა მათთვის. პენტაგონი წუხს, რომ დასავლური სისტემების მიწოდების შემთხვევაშიც კი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები საბოლოოდ შეიძლება ამოიწუროს. F-16-ს ან მათ  ანალოგებს ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.

    არც პენტაგონს და არც ევროპელ მოკავშირეებს არ სჯერათ, რომ რუსეთში ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ესკალაცია. „მოდით, ვაღიაროთ, რომ F-16-ების გამო ბირთვული ომი არ იქნება“, – ციტირებს Politico თავის ერთ-ერთ წყაროს.

    თეთრმა სახლმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე Politico-ს კითხვაზე საბრძოლო თვითმფრინავების პირდაპირ უკრაინაში გადაცემის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ მიუთითა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის ჯონ ფაინერის განცხადებებზე გასულ ხუთშაბათს. მისი თქმით, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება განიხილება:  „ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე კონკრეტულ სისტემას“–თქვა მან.

  • ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა

    კვირას ღამით ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.

    საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-სალიმში ძრავის ზეთის დიდ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.

    საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება, რომ სამხედრო საბრძოლო მასალის  მწარმოებელ ქარხანას ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში ასევე დაესხნენ დრონები.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთ ირანის ქალაქ დიზფულის საჰაერო ბაზაზე აფეთქების შესახებ, ქალაქ ჰამადანსა (ქვეყნის დასავლეთით) და რაშტში (ჩრდილოეთი) აფეთქებები და ხანძრებია.

    ასევე დაიბომბა დრონების ქარხანა თებრიზში, შეიარაღების საცავი მალარდში

    აფეთქებების ხმები ისმოდა  თეირანში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს.

    მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

    ირანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა დრონების შეტევა ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაზე:

    „2023 წლის 28 იანვრის საღამოს, დაახლოებით 23:30 საათზე, უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ცენტრზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ერთი მათგანი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემით, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში ჩავარდა და აფეთქდა“.

    ირანელი სამხედროების განცხადებით, შენობის სახურავი “მცირედ დაზიანდა”.

    რომელ ქვეყანას ეკუთვნის თვითმფრინავები, რომლებიც თავს დაესხნენ ირანის სამხედრო ობიექტებს, ირანის ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს.

    ისპაჰანი არის ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრი, რომელიც თეირანის სამხრეთით 330 კილომეტრში მდებარეობს.

    არაბული საინფორმაციო არხის Al Arabiya-ს ცნობით, ისრაელმა ირანში სამხედრო მრეწველობის განადგურების მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

    ისრაელი ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.