Category: კავკასია

  • ხარაგაულს მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მოძრაობის აღდგენის დრო უცნობია

    „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით მოლითი-მარელისის გადასარბენთან სოფელ ბაბის მიმდებარედ მეწყერის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია და აღდგენის დრო უცნობია.

    კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომლებიც სტიქიის გამო გადადებული რეისების საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებენ.

    „მოლითი-მარელისის გადასარბენთან, სოფელ ბაბის მიმდებარედ, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

    შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი-ბათუმი(#804); თბილისი-ფოთი (#874); ბათუმი-თბილისი (#801); ბათუმი-თბილისი (#807); ზუგდიდი-თბილისი (#869); ბათუმი-ერევანი (#201);

    კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება.

    კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.

    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ზელენსკის განკარგულებით Georgian Airways და პერსონალურად თამაზ გაიაშვილი დასანქცირდნენ

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.

    მედიის ინფორმაციით, კომპანიასთან ერთად  პერსონალური სანქციები დაუწესდა ავიაკომპანიის დამფუძნებელს – თამაზ გაიაშვილსაც.

    შეზღუდვები  აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს.

    რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 15 მაისს აღდგა. 20 მაისს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. მას შემდეგ ქართული ავიაკომპანია რუსეთში ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებს.

  • Washington Post: CIA-ს დირექტორი ფარულად გაემგზავრა უკრაინაში, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა განეხილა

    ივნისში აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის უკრაინაში საიდუმლო ვიზიტისას, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს ამბიციური გეგმა – წლის ბოლომდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა და მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, იტყობინება Washington Post წყაროებზე დაყრდნობით.

    ბერნსის მანამდე გაუხმაურებელი  ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებთან. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდათ გამოყენებული დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი შემტევი ბრიგადების უმეტესობა– წერს გამოცემა

    WP-ის წყაროს ერთ–ერთი  ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის „მზადყოფნის დადასტურება“ განაგრძოს სადაზვერვო ინფორმაციის  მიწოდება, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში.

    საჯაროდ, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს იმედგაცრუება კონტრშეტევის კრიტიკის გამო. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯარისკაცები სისხლით იხდიან უკრაინის მიწის ყოველი მეტრის დეოკუპაციის ფასს, ამიტომ მას აღიზიანებს კომენტარები, რომ კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელია.

    ამავდროულად, გამოცემის მიხედვით, პირად საუბრებში კიევის სამხედრო ჩინოვნიკები გამოთქვამენ რწმენას, რომ უკრაინა შემოდგომისთვის შეძლებს მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაბრუნებას; რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის საზღვრამდე საარტილერიო და სარაკეტო სისტემების გადატანას; უკრაინის აღმოსავლეთით წინსვლას; შემდეგ კი მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას.

    „რუსეთი მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ საფრთხეს იგრძნობს“, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

    კიევისთვის იდეალურ სცენარში, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოიპოვებენ რუსეთზე ზემოქმედების  ბერკეტებს  ყირიმის საზღვარზე ჯარებისა და ძლიერი იარაღის განლაგებით. ანექსირებული ნახევარკუნძული ამ შემთხვევაში რეალურად მძევლის როლს შეასრულებს. კიევი მზად იქნება უარი თქვას ყირიმში საბრძოლო მოქმედებებზე, მაგრამ სანაცვლოდ მოსთხოვს რუსეთს აღიაროს უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია, რომელსაც უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს.

  • რუსული სამხედრო არხებზე პანიკაა–წერენ უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ

    რუსული ტელეგრამის არხები, რომლებიც უკრაინაში ომს აშუქებენ, დღეს საღამოს დაძაბულობამ მოიცვა. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის დარტყმების შესახებ სხვადასხვა ადგილას, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინის არმიის კონტრშეტევის დასაწყისი. უკრაინული მხრიდან და დამოუკიდებელი წყაროებიდან ჯერჯერობით არც დადასტურება არსებობს და არც უარყოფა.

    რუსი სამხედრო პროპაგანდისტები და ვაგნერთან დაახლოებული არხები იუწყებიან:

    – უკრაინელების წარმატებული თავდასხმების შესახებ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ვსაუბრობთ მიკროსკოპულ პროგრესზე მთელი ფრონტის მასშტაბით;

    – ხარკოვის რეგიონში სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი მოძრაობის შესახებ – სავარაუდოდ, ფრონტის ყველაზე ჩრდილოეთ სექტორისკენ;

    – უკრაინული საარტილერიო მომზადების შესახებ ფრონტის ამ სექტორზე, სვატოვისა და კრემენნაიას რაიონებში;

    – გორლოვკას მახლობლად მაიორსკის რაიონში უკრაინული შენაერთების თავდასხმის შესახებ (ამის შესახებ ზოგიერთი უკრაინული წყაროც წერს).

  • შაჰინი და რიში: საქართველოს მთავრობის დემოკრატიული უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ზომების მიღება ვთხოვოთ

    ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ, 2024 წლის არჩევნებისთვის. „ამერიკის ხმამ“ წერილის ასლი მოიპოვა.

    სენატში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ჯიმ რიში მოითხოვენ, საქართველოში „არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას, რომელიც დააკვირდება საქართველოს მომავალ, 2024 წლის არჩევნებს“ იმისთვის, რომ „მათი დემოკრატიისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, მხარი დაუჭიროს საქართველოს და ქართველ ხალხს“.

    ორივე სენატორი, 2012 წლის არჩევნებზე, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. მათი განცხადებით, „ამ ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის მოწმენი გავხდით და ვხედავთ მზარდ ნიშნებს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა შეჩერდა“.

    2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სენატორებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნიათ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც.

    „საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი.

    სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ.

    წერილში შაჰინი და რიში ევროკავშირის ე.წ. 12 პრიორიტეტზეც საუბრობენ, რომელთა შორისაა საარჩევნო, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელება. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში შესული „კანონი უცხოელი აგენტების შესახებ“, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობა იყო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსს უფრო დააშორებდა.

    „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო შემოთავაზებული კანონმდებლობის ჩაგდებით, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ამ კანონპროექტის წარდგენა და [პარლამენტის მიერ] მისი დაჩქარების მცდელობა, გამოცხადებული ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის შემაშფოთებელი ნიშანია” – ნათქვამია წერილში.

    საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის და იმის გამო, რომ ლეგიტიმური საარჩევნო პროცესის წარმართვა მრავალთვიან მომზადებას მოითხოვს, სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შექმნან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. ისინი ადმინისტრაციას ასევე მოუწოდებენ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები პრიორიტეტად დაისახონ.

    სენატორები ადმინისტრაციას სათანადო ფინანსური რესურსის მიმართვას სთხოვენ იმისთვის, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს და სურვილები დააკმაყოფილოს. ამ ძალისხმევისთვის, სენატორები რიში და შაჰინი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) „მჭიდრო კონსულტაციის” ქონას სთხოვენ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბახმუტთან უკრაინელების კონტრშეტევისას 72-ე ბრიგადის რუსული ნაწილები განადგურდნენ–უკრაინის შეიარაღებული ძალები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 საჰაერო შემტევი ბრიგადის მეთაურმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა, რომ გუშინ, ბახმუტთან უკრაინის ჯარების წარმატებული ადგილობრივი კონტრშეტევის შედეგად, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს რუსული არმიის 72-ე ბრიგადის ნაწილებს.

    საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების მესამე არმიის კორპუსის 72-ე მოტომსროლელ ბრიგადაზე, რომელიც  ორენბურგის რეგიონში 2022 წელს ჩამოყალიბდა.

    ბილეცკის თქმით, „დივიზიის მე-6 და მე-8 ასეული მთლიანად განადგურდა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად“.

    ასევე, ბილეცკის თქმით, ოპერაციის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ ჩაიგდეს  რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო ვაგნერის  მე-3 შემტევმა რაზმმა მძიმე დანაკარგები განიცადა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იუწყება, რომ შეტევითი ოპერაციების შედეგად მთლიანად გაათავისუფლეს ტერიტორია 3 კმ სიგანესა და 2,6 კმ (1,6 მილი) სიღრმეზე, მაგრამ ამ ტერიტორიის ზუსტი კოორდინატები არ ვრცელდება.

    ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ 72-ე ბრიგადის ჯარისკაცები გაიქცნენ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

    ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

  • შარლ მიშელი საქართველოს მოქალაქეებს: თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია

    9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე ღონისძიებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიდეო მიმართვა მოისმინეს. მისი განცხადებით, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი.

    „ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო და ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში, მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს ხალხმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. საუკეთესოს გისურვებთ. თქვენთან ერთად ვართ და ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ”, – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს შარლ მიშელმა.

    ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

    გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

  • ყირიმს 22 ჩინური დრონით შეუტიეს

    პრორუსული ტელეგრამის არხების ცნობით, 7 მაისის ღამეს, სულ მცირე 22 დრონი იქნა გაშვებული  რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებული სამიზნეებისკენ.

    ანექსირებული ყირიმის მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა პირად ბლოგზე გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც, მისი თქმით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით დაფრენილი  ერთ-ერთი დრონია ასახულია.

    ის იდენტიფიცირებული იყო, როგორც ჩინური წარმოების Mugin-5 დრონი. მწარმოებლის საიტზე ნათქვამია, რომ მისი ყიდვა 9,5 ათას აშშ დოლარად არის შესაძლებელი.

    ღამით სევასტოპოლის საზოგადოებაში გავრცელდა ცნობები უპილოტო საფრენი აპარატების  თავდასხმის შესახებ.

    თვითმხილველების თქმით, ქალაქში ხმაური გაისმა – სავარაუდოდ საჰაერო თავდაცვის რაკეტების აფეთქების შედეგად. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ნახეს კაზაკთა ყურეში და ფიოლენტში.

    კრიუჩკოვი ამტკიცებს, რომ ყველა დრონი და რაკეტა, რომლებიც ყირიმისკენ იქნა გასროლილი, ჩამოაგდეს.

  • გიული ალასანია: სააკაშვილს რომ უყურებ ოსვენციმის კადრები წარმოგიდგება

    პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად სუსტად არის. „რაღაცა ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები თვალწინ გიდგება ადამიანს, რომ უყურებ“ განაცხადა მან კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

    „ჩემი ხედვით უარესი და უარესი მდგომარეობაა. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ თვალწინ სულ მიდგება მისი დავარდნა და ეს შეიძლება ყოველ წუთს განმეორდეს“ თქვა გიული ალასანიამ და დასძინა, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვს. „ძალიან მიკვირს იმიტომ, რომ სამი თვე გავიდა და რა გახდა ბოლოს და ბოლოს ასეთი მოუწესრიგებელი, მე არ ვიცი, არ მესმის. როგორც ჩანს, აქედან დაბრკოლებებია სერიოზული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

  • ISW: პრიგოჟინს და კადიროვს სურთ ბახმუტში წარუმატებლობის პასუხისმგებლობა რუსეთის არმიაზე გადაიტანონ

    პრიგოჟინი და კადიროვი ცდილობენ წარმოაჩინონ რეგულარული რუსული არმია, როგორც არაეფექტური და წამოაყენონ პირობები, რათა თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ ბახმუტის რაიონში ყველა წარუმატებლობაში, ამბობენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

    პრიგოჟინის გადაწყვეტილება ბახმუტზე პასუხისმგებლობა  მისი თანამოაზრის ძალებს გადასცეს ფლანგებზე მოქმედი რუსული საჰაერო-სადესანტო ნაწილების გვერდის ავლით და ქალაქისთვის ბრძოლა ექსკლუზიურად ვაგნერის და ახლა უკვე  კადიროვის ბრძოლად წარმოჩენის მცდელობას ჰგავს, ნათქვამია ინსტიტუტის მორიგ ანგარიშში.

    ეს საშუალებას აძლევს პრიგოჟინს, რომელიც არ ენდობა რუსეთის სამხედრო სარდლობას და მისგან დამოუკიდებლად პოზიციონირებს, გადაირჩინოს სახე, თუ ვაგნერის ძალები ვერ დაიკავებენ ბახმუტს. კადიროვს, თავის მხრივ, შეუძლია რეპუტაციული სარგებელი მიიღოს6 ასეთ გახმაურებულ ოპერაციაში პრიგოჟინის პირადი ავტორიტეტის მხარდაჭერით.

    თუ ჩეჩნური ახმატის ქვედანაყოფის ძალები იგივე სირთულეებს წააწყდებიან, როგორც ვაგნერელებს და ვერ მოახერხებენ ბახმუტის სრულად დაკავებას, პრიგოჟინმა და კადიროვმა შესაძლოა თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ მათი ძალების არაადეკვატური მხარდაჭერის გამო.

    და თუ რუსეთის სამხედრო სარდლობა ხელს შეუშლის ვაგნერის შეცვლას ახმატის ძალებით (რადგან გაურკვეველია, შეუძლიათ თუ არა ამ დანაყოფებს ამ მანევრის შესრულება რეგულარული რუსული არმიის მხარდაჭერის გარეშე), პრიგოჟინი, კადიროვი და მათი მოკავშირეები, ალბათ, დაიწყებენ მტკიცებას,რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  მათ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა, ჩეჩნური ჯარები სწრაფად აიღებდნენ ბახმუტს, თვლიან ISW-ის ანალიტიკოსები.

    ამავდროულად, კადიროვის მტკიცება, რომ „ახმატი“ შეძლებს ბახმუტში სწრაფად წინსვლას და მის დაკავებას „რამდენიმე საათში“ არის კადიროვის ტიპიური ტრაბახი და უგულებელყოფს ამჟამინდელ ტაქტიკურ ვითარებას, ნათქვამია მოხსენებაში.