Category: კავკასია

  • პოლონეთმა უკრაინას Mi-24 ვერტმფრენები ფარულად გადასცა- The Wall Street Journal

    გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ სავარაუდოდ უკრაინას პოლონეთმა , დაახლოებით, 10 ერთეული   Mi-24 ვერტმფრენი გადასცა და ამის შესახებინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა .

    ამასთან, WSJ წერს, რომ უკრაინის საჰაერო ფლოტი ჯერ კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე რუსული და ქვეყანა ფრთხილად იყენებს ავიაციას დანაკარგების შესამცირებლად.

  • აშშ-ის მოკავშირეები უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას ეწინააღმდეგებიან

    უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხმა აშშ-ს მოკავშირეების ბანაკში უთანხმოება  გამოიწვია , რაც ადრე იშვიათი იყო. დასავლეთის ქვეყნები სათითაოდ აკეთებენ საჯარო განცხადებებს და ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. კერძოდ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და ესპანეთმა უკვე განაცხადეს, რომ ამ იარაღის გამოყენებას ეწინააღმდეგებიან.

    პარასკევს გახდა ცნობილი, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში 800 მილიონი დოლარის ოდენობის კასეტური საბრძოლო მასალები შევა.

    აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ რთული გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები გაიარა მოკავშირეებთან და იცის მათი პოზიცია, მაგრამ გადაწყვიტა ემოქმედა უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარე.

    კასეტური საბრძოლო მასალები – საარტილერიო ჭურვები და საჰაერო ბომბებია, რომლებიც დიდი რაოდენობით მცირე ფეთქებად მასალებს ფანტავს.  მათი დიდი პროცენტი მაშინვე არ ფეთქდება და ხალხისთვის საშიში რჩება მრავალი წლის შემდეგაც კი, როდესაც საომარი მოქმედებები შეიძლება უკვე დასრულებული იყოს.

    მსოფლიოს ასზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც კრძალავს მის გამოყენებას, რადგან ის უქმნის მზარდ საფრთხეს მშვიდობიან მოსახლეობას. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და უკრაინამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

    კვირას ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩადის  ნატოს სამიტის წინ, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. ამერიკის პრეზიდენტი აპირებს კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხს განიხილოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, რომელიც უკვე გამოვიდა თეთრი სახლის გეგმების წინააღმდეგ.

    ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა კრის ჰიპკინსმა კასეტურ იარაღს უწოდა  “განურჩეველი, რომელსაც შეუძლია მასიური ზიანი მიაყენოს უდანაშაულო ადამიანებს”, როგორც ომის დროს, ასევე გრძელვადიან პერიოდში.

    ესპანეთს ასევე მტკიცედ სწამს, რომ გარკვეული ტიპის იარაღი არ უნდა მიეწოდოს უკრაინას, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა.

    „არა კასეტურ საბრძოლო მასალას და დიახ უკრაინის ლეგიტიმურ დაცვას, რაც ჩვენი გაგებით არ უნდა განხორციელდეს ამ იარაღის დახმარებით“, – თქვა მან.

    კანადის მთავრობის განცხადებით ის განსაკუთრებით შეშფოთებულია, რომ წლების შემდეგ ბავშვები შეიძლება დაზარალდნენ აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან.

    ოტავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციის მიმართ. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ვალდებულებებს და იგივეს ველით სხვებისგანაც“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

    იმავდროულად, გერმანიამ, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი კონვენციას, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებს უკრაინისთვის ასეთი იარაღის მიწოდებას, მას ესმის შეერთებული შტატების პოზიცია.

    „დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები მთელი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებას“- განაცხადეს მათ ბერლინში.

    ვაშინგტონის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც. Amnesty International აფრთხილებს ყველას, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა ომის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგ იგრძნობს კასეტური საბრძოლო მასალის ეფექტს.

    კასეტური საბრძოლო მასალები უკვე გამოყვენებულ იქნა მიმდინარე კონფლიქტში ორივე მხარის, რუსეთისა და უკრაინის მიერ.

    უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ირწმუნება, რომ სადაო იარაღის ამერიკული მიწოდება გამოყენებული იქნება მხოლოდ მტრის თავდაცვის ხაზების გასარღვევად, მაგრამ არა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „კიევის დაპირებები უსარგებლოა“.

    ბაიდენის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება გვერდს აუვლის კანონს, რომელიც კრძალავს ისეთი კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას, გამოყენებას ან გადაცემას, რომელთა არაფეთქების მაჩვენებელი ერთ პროცენტზე მეტია.

    ამავდროულად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამტკიცებს, რომ ამერიკული კასეტური ბომბები ბევრად უფრო მცირე საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ის, რაც რუსეთმა უკვე გამოიყენა კონფლიქტში.

    მისი თქმით, აუფეთქებელი ამერიკული ჭურვების რაოდენობა 2,5%-ზე ნაკლებია, ხოლო რუსული ჭურვების 30-40%.

  • „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა

    „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

    მათი განცხადებით, პოლიციამ ტერიტორიის დაცვა ვერ მოახერხა.

    „მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

    გარდა ამისა, “თბილისი პრაიდის” განცხადებით, “დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება “ალტ-ინფოს” შორის”.

  • დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება-პრეზიდენტი პრაიდის წინააღმდეგ გამოცხადებულ ძალადობაზე

    პრეზიდენტი ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს “პრაიდის ფესტივალის“ წინააღმდეგ დაანონსებულ ძალადობასთან დაკავშირებით:

    “საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

    საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ,,პრაიდის ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.

    ,,პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • პუტინმა სამხედო ხელმძღვანელობას დებილები უწოდა–მედია რუსი ძალოვანების დახურულ შეხვედრებზე

    ტელეგრამ არხი, GENERALL SVR, რომელიც ხშირად წერს რუსეთის ხელისუფლების კულუარებზე, ამჯერად პუტინის ძალოვანებთან ბოლო დღეების შეხვედრებზე წერს, რომელზეც მისი ინფორმაციით პუტინმა მათ “დებილები“ უწოდა. არხის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, პატრუშევი კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ფრონტზე საქმე ძალიან ცუდად მიდის და სამხედრო ხელმძღვანელობას პირდაპირ უთხრა, რომ ისინი პუტინს ატყუებენ:

    “მაშინ, როცა  ადამიანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ჰგავს, ეცნობოდა სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულების გამოფენებს და მონაწილეობდა სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს მესამე ყოველწლიური ფორუმის “ძლიერი იდეები ახალი დროისთვის” პლენარულ შეხვედრაში. რეალური პრეზიდენტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული.  პუტინმა ვიდეო ბმულით რამდენიმე შეხვედრა გამართა უსაფრთხოებისა და სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან.

    სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტს მიეწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და დეტალურად მოუყვნენ ორი უკრაინელი გენერლისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმოცზე მეტი ოფიცრის განადგურების საქმეში წარმატებაზე  “მაღალი სიზუსტის” დარტყმტით. ამას დაამატეს რამდენიმე განადგურებული ტანკი, ჯავშანტექნიკა, არტილერია და მტრის ცოცხალი ძალა.

    სამხედრო ხელმძღვანელობის გამოსვლის შემდეგ სიტყვა სიტყვით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა. მან  თქვა, რომ, როგორც ჩანს, სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს მხედველობაში ჰქონდათ “კოღოების ჯარების” ან სხვა მწერების განადგურება, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებში მსახურობენ, და ეს ყველაფერი  მხოლოდ სასაცილო  ანგარიშებში არსებობს. ყველა სხვა შემთხვევაში კი ტყუილია. პატრუშევმა სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომ თვლიან პრეზიდენტს სრულ იდიოტად და რატომ აძლევენ თავს უფლებას ასე თავხედურად მოატყუონ სახელმწიფოს მეთაური. სამხედროებმა არ უპასუხეს უშიშროების საბჭოს მდივნის პრეტენზიებს, უბრალოდ გაშტერებულები ისხდნენ და ცდილობდნენ არ შეეხედათ კამერისა და ეკრანისთვის. პატრუშევის თქმით, მისი ინფორმაციით, ფრონტზე საშინელი მდგომარეობაა. სამხედრო ხელმძღვანელობამ გააფუჭა ყველაფერი, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა და ერთადერთი, რაც მათ იციან, არის ინტრიგების ხლართვა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში. პატრუშევის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას უთხრა:”Дебилы, бл…ть!”, და სხდომა დახურა.

    მომდევნო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, პრეზიდენტმა პირველის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ დანიშნა. პუტინმა მოისმინა მოხსენება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მიმდინარე საკითხების ზედაპირული ანალიზით და არმიის  სამი გენერლის, მათ შორის სერგეი სუროვიკინის  საქმის გამოძიების შესახებ, მათი შესაძლო მონაწილეობის შესახებ ევგენი პრიგოჟინისა და ვაგნერის მიერ ორგანიზებულ სამხედრო ამბოხების მცდელობაში.

    მოხსენების ავტორების თქმით, სამივე გენერალი პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ აჯანყების მომზადებასთან, არამედ მის განხორციელებაში დახმარებასთან. დაკავებულმა გენერლებმა დაასახელეს რამდენიმე სხვა პირი, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ჩართულნი აჯანყების ორგანიზებასა და მხარდაჭერაში, ხოლო მოხსენების წარმდგენმა  პუტინს სთხოვა ნებართვა დაეკითხა კიდევ ცამეტი გენერალი თავდაცვის სამინისტროდან და გენერალური შტაბიდან. პატრუშევმა, რომელიც შემდეგ სიტყვით გამოვიდა, გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი მხარს უჭერს „უფრო ღრმად ჩაძიების“ აუცილებლობას და საჭიროდ მიიჩნია გამოძიების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა.

    ასევე დაისვა საკითხი სერგეი სუროვიკინის გაუჩინარების გამო საინფორმაციო სივრცეში გაჩენილი კითხვების შესახებ. მოკლე დისკუსიის შემდეგ, პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, “არმაგედონთან “ დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედების დასრულების შემდეგ სამარცხვინო გენერალი საზოგადოებისთვის წარედგინათ, თუმცა სრულად ჩამოეშორებინათ სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობიდან, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ დაეტოვებინათ და მნიშვნელოვნად შეეზღუდათ მისი შესაძლებლობები.

    შემდეგ განიხილეს ევგენი პრიგოჟინის და ვაგნერის  მეამბოხე ნაწილის მიმდინარე საქმეები და პერსპექტივები. როგორც პრეზიდენტს განუცხადეს, პრიგოჟინი, შეთანხმებების ფარგლებში, თავისუფლად მოძრაობს რუსეთის გარშემო. აგვარებს საქმეებს პეტერბურგსა და მოსკოვში. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა რაიმე კომპრომისის მიღწევა ვაგნერის  საერთაშორისო საქმიანობაზე, რომელიც კვლავ რჩება პრიგოჟინის კონტროლის ქვეშ. პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ გააგრძელებს ამ მიმართულებით ეფექტურ მუშაობას და  ჩარევის ნებისმიერ მცდელობას შეთანხმებების დარღვევად ჩათვლის. ევგენი პრიგოჟინი არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საკმარისი საიდუმლოების მატარებელი, რაც მას მცირე ხნით პრაქტიკულად გარანტირებულ იმუნიტეტს აძლევს. ჯერჯერობით, ყველა ფიგურა დაფაზეა და ჯერ ადრეა ვინმეს გათავისუფლება. პარტია ახლახან დაიწყო.“– წერს ტელეგრამ არხი.

  • ზუგდიდის სასამართლომ 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

    დაცვის მხარე 100 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

    43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია. საქმეზე გამოძიება 137 მუხლის მე-4-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

  • თბილისსა და მოსკოვს შორის ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა

    მოსკოვი–თბილისს შორის  პირდაპირი რეისების რაოდენობა გაიზარდა. 5 ივლისიდან ამ მიმართულებით კვირაში 24 რეისი შესრულდება.

    რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა – ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს.

    ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ კი, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა – ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

    1 ივლიის ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“  უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სანქციები. დასანქცირდა მისი ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილიც.

    Georgian Airways-ს ჩამოერთვა ფინანსური და იურიდიული პირების აქტივებით სარგებლობისა და განკარგვის უფლება, სავაჭრო ოპერაციების განხორციელება; რესურსების ტრანზიტი – ფრენა, ტვირთის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიის გავლით. აიკრძალა უკრაინის საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამოყენება; კაპიტალის გატანა უკრაინიდან; შეჩერდა ეკონომიკური და ფიზიკური ვალდებულებების შესრულება.

    აკრძალვა შეეხება პრივატიზაციას, საქონლისა და სერვისების საჯარო შესყიდვებსაც, სახელმწიფო ქონების იჯარით აღებას, ფასიანი ქაღალდების მოხმარებას; მოქმედება შეაჩერა ყველა შესაძლო სავაჭრო ხელშეკრულებამ, ერთობლივმა პროქტმა, სამრეწველო პროგრამამ – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. აიკრძალა წვდომა ტექნოლოგიებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

    უკრაინა გააგრძელებს მუშაობას, რომ ამ სანქციებს საერთაშორისო პარტნიორებიც შეუერთდნენ.

  • “დავასახელებთ ცნობილ გვარებს“–მაიკლ მაკფოლი ქართული ორგანიზაციებზე და პერსონებზე, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

    რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში  აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ სანქციების ჯგუფი განიხილავს ქართული ორგანიზაციების და ინდივიდების საკითხს და არ არის გამორიცხული, ისინი დასანქცირდნენ. კითხვაზე :ფიგურირებს თუ არა ქართული გვარები იმ სიებში, რომელზეც ახლა მუშაობთ? მაკფოლი პასუხობს:

    “რაც ამ ეტაპზე შემიძლია გაგიმხილოთ, არის შემდეგი: ჩვენს ჯგუფს ნამდვილად აქვს განხილული კონკრეტული ინდივიდუალური პირები და ორგანიზაციები საქართველოდან, რომელთა სანქცირებაზე ვფიქრობთ. ასე რომ, დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას – ახალ დოკუმენტებს ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ. გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი ეხმარებიან რუსეთს სანქციებზე გვერდის ავლასა ან, ასე ვთქვათ, „გზის მოჭრაში”, და ჩვენ გვსურს ამას ნათელი მოვფინოთ. იმაზე, რომ საქართველო ნამდვილად არის ჩართული ამაში, ისიც მიუთითებს, რომ დავასახელებთ ცნობილ გვარებს. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, და ამიტომაც ვფრთხილობ.“

  • მწერალთა სახლი “სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებს

    მწერალთა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს „სულაკაურის გამომცემლობას“ და დაუშვებლად მიიჩნევს მათ წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

    “მწერალთა სახლი დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.

    ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.

    მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია, საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.

    მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი – მათი წაუკითხაობაა.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები 1991 წლის საზღვრებს მიაღწევენ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ირიბად დაადასტურა ის, რაც გუშინ The Washington Post-ში დაიწერა:

    Washington Post: CIA-ს დირექტორი ფარულად გაემგზავრა უკრაინაში, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების გეგმა განეხილა

    კიევში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ 1991 წლის საზღვრებს.

    „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: უკრაინა მზად იქნება დიპლომატიის ამა თუ იმ ფორმატისთვის, როდესაც ჩვენ ნამდვილად ვიქნებით ჩვენს საზღვრებზე. ჩვენს რეალურ საზღვრებზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ციტირებს RBC-Ukraine ზელენსკის.

    The Washington Post, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ რუსეთთან ზავის შესახებ მოლაპარაკების იდეა ცოტა ხნის წინ კიევში CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს წარუდგინეს.

    ის , რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები რეალურად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება ექნება, შაბათს კიდევ ერთხელ თქვა ზელენსკიმ.

    ერთი დღით ადრე, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა უფრო ნელია, ვიდრე  მოსალოდნელი იყო, მაგრამ პროგრესი სტაბილურად იზრდება.