Category: კავკასია

  • “ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“–ტრამპი ზელენსკიზე და პუტინზე

    აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, პუტინსა და ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების დადებას აიძულებს.

    “მე დავუკავშირდები პუტინს ზელენსკისთან შეთანხმების დასამყარებლად. ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ზელენსკის ვეტყოდი: “საკმარისია, გარიგება გჭირდებათ”.

    მე ვეტყვი პუტინს: “თუ არ დადებ შეთანხმებას, ჩვენ მათ მივცემთ ბევრს, იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, თუ საჭირო გახდა.”. ერთ დღეში დავადებინებ გარიგებას“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში.

  • „ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ“ – ანიტა რაჭველიშვილი

    ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერს. ის მადლობას უხდის ექიმებს, ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს და ამბობს, რომ სცენას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება:

    „ძალიან ცუდად ვიყავი. ურთულესი ორი წელი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ვცდილობდი ვყოფილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახის, ჩემი პატარა ანგელოზის, ოპერისა და იმ საქმის გამო, რისი კეთებაც მიყვარს… ივნისის დასაწყისში მომიწია შევჩერებულიყავი და მიმეხედა საკუთარი თავისთვის. ძალიან ვწუხვარ, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდმა მიმკურნალა და ძალიან მალე დავბრუნდები. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, გიამბობთ ჩემს ამბავს და ბევრს ვილაპარაკებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქალს შეიძლება გაუჩნდეს“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

    ანიტა რაჭველიშვილი სცენას, სავარაუდოდ, აგვისტოში, ბუენოს აირესში, კოლონის თეატრში დაუბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი OperaWire ავრცელებს.

  • დანაღმული ველები უკრაინის კონტრშეტევის მთავარ პრობლემად იქცა-Washington Post

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაღმული ველების  სიმჭიდროვის გამო ზაპოროჟიეს რაიონში შეტევითი სტრატეგია შეცვალეს. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის თავდაცვა კონტრშეტევაში დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული ჯავაშანმანქანებით და ტანკებით გაარღვიონ, უკრაინის სამხედროები წინ  ფეხით მიიწევენ. ამის შესახებ Washington Post უკრაინის არმიის ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს.

    რუსული პოზიციების წინ 5-დან 16 კმ-მდე მანძილი ნაღმებით არის მოფენილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხანგრძლივმა მომზადებამ კონტრშეტევისთვის რუსეთის ჯარებს მისცა დრო, რომ ბუფერულ ზონაში ტერიტორიები დაენაღმათ, რაც ახლა ართულებს უკრაინის არმიის წინსვლას და იწვევს დანაკარგებს – როგორც აღჭურვილობაში, ასევე ცოცხალ ძალაში.

    შედეგად, შებინდებისას მცოცავი განმნაღმველები ცდილობენ ნაღმების ხელით გაუვნებელყოფას. ამავდროულად, მტერს შეუძლია თვითმფრინავებიდან ჩამოაგდოს ახალი ნაღმები და მათი ძალისხმევა წყალში ჩაყაროს.

    ამერიკელებთან  საუბარში უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დანაღმულ ველებზე ბრძოლებმა აჩვენა მიწოდებული აღჭურვილობის დაუცველობა, განსაკუთრებით ამერიკული ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანების და გერმანული ლეოპარდის ტანკებისა.

    როგორც ვაშინგტონ პოსტი აღნიშნავს, ნაღმის აფეთქების შემდეგ ასეთ მანქანებში სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა მცირე დაზიანებებით გადარჩება, მაგრამ ტექნიკა ვეღარ მოძრაობს. გარდა ამისა, ნაღმზე ჩარჩენილი ტანკი ან ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა რუსული არმიისთვის ადვილი სამიზნე ხდება. ტანკის ჯავშანი ვეღარაფერს გიშველის,  რადგან დანაღმული ველი ძალიან ღრმაა და ადრე თუ გვიან ტექნიკა გაჩერდება და ამის შემდეგ ის განადგურდება კონცენტრირებული ცეცხლით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

    გაზეთი წერს, რომ კონტრშეტევამდე უკრაინამ პარტნიორებისგან ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის 15%-ზე ნაკლები მიიღო. რუსული ნაღმების მჭიდრო ველების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ რისკავს ყველა ბრიგადის და მიღებული აღჭურვილობის გამოყენებას უფრო ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ნაღმების გასაწმენდად სპეციალურ აღჭურვილობაზე – სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან კიევში მოლაპარაკების შედეგების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სეულმა უკვე დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი აღჭურვილობის გადაცემა.

    The New York Times ასევე წერს მჭიდროდ მიმობნეულ ნაღმებზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მიმართულებებზე განალაგა. გაზეთი უკრაინელ ექიმებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დაზიანებების მთავარ მიზეზებს შორის ნაღმებმა არტილერიას გადააჭარბა.

    პლასტიკური ნაღმები ცალკე პრობლემას წარმოადგენს – მათი ფრაგმენტები ჯარისკაცების სხეულში ძნელია ამოსაცნობია, რადგან სამედიცინო ლითონის დეტექტორები მათ ვერ ხედავენ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გაჭიანურდება, არის რუსული ავიაცია: „წინასვლასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები სცილდებიან მათი საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი სისტემის ხელმისაწვდომობას და დაუცველნი ხდებიან რუსული  ვერტმფრენების თავდასხმის მიმართ“.

    სწორედ ამიტომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ დასავლეთმა მას სწრაფად გადასცეს თანამედროვე საბრძოლო ავიაგამანადგურებლები, მაგალითად, ამერიკული F-16.

  • “თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?“–ღარიბაშვილი

    პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ნატოს ვილნიუსის სამიტის შემდეგ და თქვა, რომ  ბოლო კვირის განმავლობაში ზოგ სიუჟეტს ღიმილით უყურებდა.ლენტეხის მუნიციპალიტეტში “მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის” სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მან ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ   ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. “თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?!“ კითხულობს ღარიბაშვილი.

    როგორც მან აღნიშნა, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ.

    „ზოგიერთ სიუჟეტს ბოლო კვირის განმავლობაში მართლა ღიმილით ვუყურებდი. იქ ნაჩვენები იყო, თითქოს ნატო-ს სამიტზე რაღაც სასწაული მოხდა, უკრაინამ დეოკუპაცია შეძლო, ომში გაიმარჯვა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რეალურად რა მოხდა? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, პირდაპირ განაცხადეს ისიც, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება? ნატო უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ამიტომაც მივისწრაფვით იმისკენ, რომ მათი წევრი გავხდეთ. ნატო-ში თქვეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს ვერ დაუშვებენ და არ სჭირდებათ უკრაინა. ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, ჩვენზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ, საქართველო, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რათა ზედმეტი მოლოდინი არ შევქმნათ და ჩვენს ეროვნულ მიზანს თანმიმდევრულად მივყვეთ. მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს გეგმას და სწორ დროს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

    იმით, რომ ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნით წარმოჩინდა, საქართველოს არაფერი დაუკარგავს. ამის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა.

    დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას არავის ვუსურვებდი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო

    გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მდინარე ლიახვში 10 წლის ბიბჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ ჩავიდა.

  • “შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს“–კობახიძე პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ნიმუშის ფარულად გატანაზე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუშის სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბებისა და მანიპულაციის მიზნით სცადა.

    როგორც კობახიძე ამბობს, საკითხზე პოლონეთის ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს.

    „ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არა ექსპერტული გადმოსახედიდან, მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ნიმუშები, რომელიც ერთ-ერთმა ექიმმა ფარულად წამოიღო. ამასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა მოვისმინოთ, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო საქართველოში ამ ექიმები ჩამოსვლა. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ მანიპულაციის მცდელობა იყო. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, არ ვიცი“,- განაცხადა კობახიძემ.

    სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან ოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ  სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

  • “მე რა შუაში ვარ?“–გიული ალასანია პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე

    საქართველოს პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მან არაფერი იცის პოლონელი ექიმების შესახებ, რომელთა ჯგუფის ერთ–ერთ წევრს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის ფეხსაცმლით გატანაში ადანაშაულებს. გიული ალასანია ამბობს, რომ ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცის.

    ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ  გაუგებარია მისკენ „რატომ იშვერენ ხელს“.

    „ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ და ასევე განმარტა, რომ არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ.

    სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, –მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

  • “რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?”–უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში წუხს, რომ არ შეუძლია  საკუთარი შეხედულებებისამებრ ებრძოლოს რუსეთს, რომელიც თავს დაესხა უკრაინას.

    დასავლელმა მოკავშირეებმა, რუსეთთან ომის ესკალაციის შიშით, დააყენეს პირობა, რომ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული შორი დისტანციური რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალა არ უნდა გამოიყენებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

    ამიტომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის უკრაინა იყენებს მხოლოდ უკრაინული წარმოების იარაღს.

    “ჩემი ხალხის გადასარჩენად რატომ უნდა ვთხოვო ვინმეს ნებართვა, რა გავაკეთო მტრის ტერიტორიაზე?” – ამბობს ზალუჟნი გამოცემის კორესპონდენტთან ინტერვიუში.

    „რატომღაც უნდა ვიფიქრო, რომ იქ რამის კეთების უფლება არ მაქვს.  რატომ? იმიტომ რომ პუტინი… გამოიყენებს ბირთვულ იარაღს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან,ეს არ აინტერესებთ. ”

    „ეს არის ჩვენი პრობლემა და ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში თქვენ შეგიძლიათ და უნდა მოკლათ მის ტერიტორიაზე. თუ ჩვენს პარტნიორებს  მათი იარაღის გამოყენების ეშინიათ, ჩვენი იარაღით მოვკლავთ“, – განაცხადა უკრაინის არმიის სარდალმა.

    უკრაინამ ადრეც დაარწმუნა შეერთებული შტატები, რომ არ გამოიყენებს ამერიკელებისგან მიღებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

    „ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ აშშ-ს და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, სადაც მტერი იმყოფება, მაშინ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

  • NYT: თეთრი სახლი განიხილავს უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდებას

    თეთრი სახლი აწარმოებს არასაჯარო დისკუსიებს უკრაინაში ATACMS შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ, იუწყება New York Times ორ ამერიკელ და ერთ ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.

    გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს რამდენიმე მართვადი “ხმელეთი–ხმელეთის“ მართვადი რაკეტის მიწოდებას, რომლებიც დარეზერვებულ იქნა უსაფრთხოების სხვა საფრთხეებზე საპასუხოდ.

    მაისში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა Storm Shadow შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტები, ხოლო საფრანგეთმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე პირობა დადო, რომ უკრაინას იდენტურ საჰაერო ბაზირების SCALP რაკეტებს მიაწოდებს.

    კიევი დიდი ხანია ითხოვს ATACMS რაკეტებს, რომელთა დიაპაზონი დაახლოებით 300 კმ-ია (დაახლოებით 60 კმ-ით მეტი, ვიდრე Storm Shadow და SCALP).

    პენტაგონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-ს ATACMS-ის არსენალი შედარებით მცირეა და რაკეტები გამოყენებული იქნა პენტაგონის სხვა სამხედრო გეგმებში, მათ შორის კორეის ნახევარკუნძულზე.

    მას შემდეგ, რაც რაკეტის განვითარება დაიწყო 1980-იან წლებში, მხოლოდ დაახლოებით 4000 რაკეტის წარმოება მოხდა, განაცხადა Lockheed Martin-ის წარმომადგენელმა სამშაბათს.

    მათი უკრაინაში გადატანა საფრთხეს შეუქმნის სხვა „ცხელი წერტილების“ უსაფრთხოებას, წერს NYT.

  • ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი MAP-ით.ქვეყანამ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს-ნატოს კომუნიკე

    ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებით წერია, რომ ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში .

    კომუნიკეში ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (MAP) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით.

    “ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უფლებას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების აგებით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

    ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით, რომ სრულად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

    ვიმეორებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით; ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს… ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში, და მაქსიმალურად გამოიყენოს ANP”, – წერია კომუნიკეში.