Category: კავკასია

  • პუტინი: ავიაკატასტროფაში დაღუპული პრიგოჟინისა და მისი თანამგზავრების სხეულებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

    რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის და სხვა ადამიანების სხეულებში, რომლებიც 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

    „საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა წინა დღეს მომახსენა, რომ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ ყოფილა. ეს უკვე დადგენილი ფაქტია – რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები“, – განაცხადა პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბში საუბრისას.

    მან დასძინა, რომ ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების კვალის არსებობის დასადგენად დაღუპულთა ცხედრებზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა პრიგოჟინის ოფისის ჩხრეკისას მისი თქმით 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.

    პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

  • 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში, ფერენც კრაუსი მიღებულ თანხას უკრაინის სკოლებს გადასცემს

    2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიკის დარგში, უნგრელმა
    მეცნიერმა ფერენც კრაუსმა განაცხადა, რომ ნობელის კომიტეტიდან მიღებულ თანხას უკრაინის დასახმარებლად გადარიცხავს, ​​იუწყება უნგრული გამოცემა Portfolio.

    წლევანდელი ნობელის პრემია ფიზიკაში 11 მილიონი შვედური კრონაა (დაახლოებით $995,000), მაგრამ რადგან სამი გამარჯვებული იყო, ეს თანხა მათ შორის გაიყო.

    გავრცელებული ინფორმაციით, კრაუსი პრიზის თავის ნაწილს გადასცემს საერთაშორისო ინიციატივას Science4People, რომელიც აღადგენს სკოლებს უკრაინაში.

    იუნესკოს მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1300-ზე მეტი სკოლა მთლიანად განადგურდა.

  • ევროპარლამენტი რეზოლუციით გამობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმას და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

    ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. მიზეზი მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმაა, რომელსაც ევროპარლამენტი გმობს ა გაუმართლებელს უწოდებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ  თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება.

    ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მთიან ყარაბაღში.

    ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს.

    რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება.

    ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.

    რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა.

  • პირველად ისტორიაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

    პირველად ისტორიაში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სპიკერი, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი. მაკკარტის წინააღმდეგ მისივე თანაპარტიელების მემარჯვენე რადიკალური  მცირე ჯგუფი გამოვიდა, და მათ  დემოკრატიული პარტია თავისი ხმებით დაეხმარა საკუთარი ლიდერის გადაყენებაში.

    საბოლოო ჯამში, კევინ მაკკარტის გადადგომას მხარი დაუჭირა 216–მა კონგრესმენმა, მათ შორის მხოლოდ რვა რესპუბლიკელმა, წინააღმდეგი კი 210 იყო.

    კევინ მაკკარტიმ შაბათს მოახერხა დროებითი ბიუჯეტის მიღებაზე შეთანხმება, რამაც თავიდან აიცილა მთავრობის და დემოკრატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დახურვის საფრთხე – და ამავდროულად გააბრაზა მისი რადიკალი თანაპარტიელები.  ერთ-ერთმა მათგანმა, ფლორიდის წარმომადგენელმა მეტ გეტცმა, უკვე ორშაბათს წარადგინა რეზოლუციის პროექტი სპიკერის გადადგომის შესახებ.

    კენჭისყრის შემდეგ კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ გეითსის მოტივებს რეალურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა ბიუჯეტთან და რომ ის უბრალოდ პოპულარობის მოპოვებას ცდილობდა.

    მაკკარტიმ ასევე თქვა, რომ სპიკერის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს.

    დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ მცირე ხნით დაფიქრების შემდეგ გადაწყვიტა სპიკერი არ გადაერჩინა და მის გადადგომას მისცა ხმა.

    რესპუბლიკურ პარტიას ახლა აქვს მცირე უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში: 221 ხმა დემოკრატების 212 ხმის წინააღმდეგ.

    წლის დასაწყისში კევინ მაკკარტიმ კონგრესის ისტორია დაწერა, როდესაც აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარედ ოთხ დღეში და მეთხუთმეტე კენჭისყრით.  ცხრა თვის შემდეგ მან კვლავ დაწერა ისტორია და გახდა პირველი სპიკერი, რომელიც გადააყენეს.

    ექსპერტების თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა მაკკარტის პოლიტიკური სისუსტე – ისევე როგორც განხეთქილება რესპუბლიკელებს შორის.  სპიკერის პირველად გადაყენებით, წარმომადგენელთა პალატა პროცედურულ–იურიდიულად სრულად ახალ და დღემდე უპრეცედენტო რეალობაში აღმოჩნდა.

    ჯერჯერობით ნათელი მხოლოდ ის არის, რომ ახალი დროებითი სპიკერი რესპუბლიკელი პატრიკ მაკჰენრი გახდა.

    გაურკვეველია, აქვს თუ არა დროებით სპიკერს მუდმივი სპიკერის ყველა უფლებამოსილება, თუ მას მხოლოდ მხოლოდ ადმინისტრაციული უფლებამოსილება და მომავალი სპიკერის არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.  ამასთან, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წესდებაში არ არის ნათქვამი, რამდენ ხანს შეისძლება დროებითი სპიკერი იკავებდეს თანამდებობას  და როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები მუდმივმოქმედი სპიკერის ასარჩევად.

    ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პალატა ქაოსში აღმოჩნდეს,  სანამ  შემდეგ სპიკერს არ აირჩევს. რესპუბლიკელთა ბანაკში განხეთქილების გათვალისწინებით, ეს პროცესი შესაძლოა ისეთივე პრობლემური აღმოჩნდეს, როგორც მაკკარტის არჩევისთვის ბრძოლა.

    რამდენიმე რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ აპირებენ მაკკარტის მემკვიდრეზე 10 ოქტომბერს იმსჯელონ და 11 ოქტომბერს ახალი სპიკერი აირჩიონ.

    კენჭისყრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე აირჩიონ ახალი სპიკერი.

    „პრეზიდენტი ბაიდენი ყოველთვის ავლენდა ერთგულებას კონგრესში ორივე მხარესთან მუშაობისადმი […] ჩვენი ხალხის წინაშე მდგარი გადაუდებელი საკითხები ვერ მოიცდიან და ის იმედოვნებს, რომ წარმომადგენელთა პალატა სწრაფად აირჩევს ახალ სპიკერს“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაში.

  • ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში მიენიჭათ მეცნიერებს, რომლებმაც ახალი ტიპის ვაქცინა შექმნეს

    2023 წლის ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში კატალინ კარიკოს (უნგრეთი) და დრიუ ვაისმანს (აშშ) მიენიჭათ იმ აღმოჩენებისთვის, რომლებმაც  ახალი ტიპის რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინის შექმნა შესაძლებელი გახადეს.

    კორონავირუსის პანდემიის ორნახევარი წლის განმავლობაში, რნმ-ის ვაქცინების გამოყენებამ Covid-19-ის პრევენციისთვის ხელი შეუწყო ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

    როგორც ნობელის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა განმარტა, სამყაროში, რომელმაც ახლახან განიცადა ახალი ინფექციის საშინელი – და, სამწუხაროდ, არა უკანასკნელი  ეპიდემია, ამ მეცნიერებმა ნობელის პრიზი ნამდვილად დაიმსახურეს.

    გასულ წელს შვედ გენეტიკოსს სვანტე პააბოს გადაშენებული ჰომინიდების გენომისა და ადამიანის ევოლუციის კვლევისთვის უმაღლესი სამედიცინო ჯილდო გადაეცა.

    სამედიცინო სამყაროში ძნელია მოიძებნო ერთი აზრი მაინც, რომელსაც მთელს მსოფლიოში ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად და უპირობოდ ეთანხმება.თუმცა, სამყაროში, რომელმაც ახლახან გადაიტანა Covid-ის პანდემია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სერიოზულად იკამათოს იმაზე, რომ რნმ-ის ვაქცინის ტექნოლოგიის შემქმნელებმა სამართლიანად მიიღეს ნობელი და მათთვის ჯილდოს მინიჭება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

    როდესაც მსოფლიო Covid-19-ის ტალღამ მოიცვა, სწორედ ამ ტექნოლოგიამ ხელი შეუწყო პანდემიის შეკავებას ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების სწრაფად შექმნით კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად.

    დღეს რნმ-ის ვაქცინები კოვიდ-ის წინააღმდეგ  ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოიყენება. საერთო ჯამში, დაახლოებით მილიარდი ადამიანი უკვე აცრილია ამ ტექნოლოგიის გამოყენებით.

    ეს ნიშნავს, რომ ნობელის ახალ ლაურეატებს კარიკოსა და ვაისმანს ათეულობით, თუ არა ასობით მილიონის  სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი.

    ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სულ რაღაც სამი წლის წინ მსოფლიოში არც ერთი ოფიციალურად დამტკიცებული რნმ-ის ვაქცინა არ არსებობდა.

    უფრო მეტიც, ჩვენ არ ვსაუბრობთ გლობალურ დამტკიცებაზე (ჯანმო-ს დონეზე), არამედ ეროვნულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ადამიანთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოებული მედიკამენტები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენებოდა.

    თუმცა, მიზეზი სულაც არ არის ის, რომ პროფესიულ საზოგადოებას ჰქონდა რაიმე პრეტენზია კონკრეტულად რნმ-ის ვაქცინების მიმართ. უბრალოდ, თავად ეს ტექნოლოგია იმდენად ახალი იყო, რომ ჯერ არ იყო სათანადოდ გამოცდილი ადამიანებზე და საბოლოოდ არ იყო დადასტურებული მისი უსაფრთხოება.

    მაგრამ “ტრადიციულ” ვაქცინასთან შედარებით, რნმ-ზე დაფუძნებულ პრეპარატებს აქვთ მრავალი უპირატესობა.

    ჯერ ერთი, ისინი არ შეიცავენ თავად პათოგენს (თუნდაც დასუსტებულს) – რაც ნიშნავს, რომ შეუძლებელია ვაქცინაციის შედეგად შემთხვევით დაინფიცირება, თუნდაც თეორიულად – ეს სრულიად გამორიცხულია.

    მეორეც, ზუსტად იმავე მიზეზით, რნმ-ის ვაქცინების წარმოება უფრო ადვილი და იაფია – თუ წამალთან მუშაობისას ინფექციის გავრცელება შეუძლებელია, არ არის საჭირო ფულის დახარჯვა თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების სპეციალურ ზომებზე.

    მესამე, რნმ-ის ვაქცინების იმუნიტეტი უფრო გამძლეა, რადგან იმუნური მექანიზმები გააქტიურებულია როგორც უჯრედის შიგნით, ასევე უჯრედშორის დონეზე.

    მაგრამ მთავარი ის არის, რომ რნმ ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის რეკორდულ დროში შემუშავდეს ეფექტური ვაქცინა მეცნიერებისთვის ადრე უცნობი ახალი პათოგენის (ვირუსის ან ბაქტერიის) წინააღმდეგ წარმატების შედარებით მაღალი შანსებით.

    Covid-ის პანდემიის კონტექსტში დროის ფაქტორი გადამწყვეტი იყო და ექიმებს არჩევანი არ დაუტოვა. „უფრო დადასტურებული წამლების“ გამოგონების მოლოდინი რეალურად ნიშნავდა სიკვდილის ორდერზე ხელმოწერას მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის – მოხუცების, ინვალიდების, ქრონიკული ავადმყოფებისთვის.

    და ტექნოლოგიამ მართლაც ყველა იმედი გაამართლა. Pfizer ვაქცინის სრული განვითარების ციკლი – თავიდან ბოლომდე – დასრულდა აბსოლუტურად წარმოუდგენელ ვადაში, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

    უცნობი ვირუსის გენომის დეკოდირება 2020 წლის 11 იანვარს დასრულდა . 31 დეკემბერს წამალმა, რომელმაც ძლივს დაასრულა თავისი პირველი ფართომასშტაბიანი ცდები, მიიღო გადაუდებელი დამტკიცება ჯანმო-ს დონეზე, რამაც შესაძლებელი გახადა დიდი ხნის ნანატრი ვაქცინაციის წარმოების დაწყება.

  • თეთრი სახლი გამოეხმაურა კრემლის განცხადებებს უკრაინის დახმარების გამო დაღლილობის შესახებ

    თეთრმა სახლმა უარყო კრემლის მოსაზრება, რომ დასავლეთის დაღლილობა უკრაინის დახმარების გამო გაიზრდება და რომ წინააღმდეგობები გაიზრდება კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის.

    „უკრაინის უკან ძლიერი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო კოალიცია დგას. თუ პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ჩვენზე დიდხანს გაძლოს, ის ცდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

    მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს.

    მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის სრულიად აბსურდული სპონსორობით დაღლილობა გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში“.

     

    „ეს დაღლილობა გამოიწვევს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფრაგმენტაციას და წინააღმდეგობების გაზრდას“, – დასძინა მან.

  • შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობამ 6–ს მიაღწია. შოვში, მეწყერი გუშინ ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

  • ნოვოროსიისკის პორტს ორი უკრაინული საზღვაო დრონი დაესხა თავს–რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია საზღვაო უპილოტო დრონების ნოვოროსიისკის პორტზე თავდასხმის შესახებ.

    რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით ორმა უპილოტო უკრაინულმა კატერმა რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა.

    ”შეტევის მოგერიებისას, უპილოტო კატარღები ვიზუალურად იქნა აღმოჩენილი და განადგურდა რუსული გემების  იარაღიდან, რომლებიც იცავდნენ სამხედრო–საზღვაო ბაზის გარე პერიმეტრს,” – ციტირებენ სააგენტოები უწყებას.

    ნოვოროსიისკის პორტი რუსეთის მთავარი პორტია შავ ზღვაზე და ამავე დროს, სამხედრო–საზღვაო ბაზაც. ეს პორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციებში მოხვდა.

  • ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი–შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

    “ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

    დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

    სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.“–ნათქვამია განცხადებაში

  • ჩემ დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადა 3 თვე იყო, რუსული დაზვერვის ქსელი კი განადგურებული გვქონდა-სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რა განსხვავებაა მისი ხელისუფლების დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასა და დღევანდელ ვითარებას შორის. სააკაშვილი წერს, რომ ახლა უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრას უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიაზე დაატარებენ:

    “ხაზი მინდა გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით:

    ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უვიზო რეჟიმის ვადა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო 3 თვე, ჩვენს უშიშროების სამსახურებში მუშაობდნენ პატრიოტები და საქართველოში რუსული დაზვერვის ქსელი იყო განადგურებული.

    უვიზო მიმოსვლის ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ რუსებს ენახათ, თუ როგორი წარმატებული სახელმწიფო ვართ, არ დაეჯერებინათ რუსული პროპაგანდისთვის და მოეთხოვათ რეფორმები რუსეთში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

    ისინი პირდაღებულები და შოკირებულები დადიოდნენ ჩვენს ქუჩებში და უყურებდნენ ახალ საქართველოს.

    ახლა კი, უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრებს უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიებზე დაატარებენ.

    ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზებიც კი გადასცეს რუსეთს.

    დღეს, 1-წლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში რუსეთის მოქალაქეები ბიზნესებს საქართველოში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად იწყებენ.

    ისინი არ იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, უფრო იაფად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებლებს.

    აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს ართმევენ შემოსავალს და იკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს.

    რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შექმნეს ავტონომიური სისტემა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას აწვდიან, ქმნიან დახურულ ქსელებს, ყიდულობენ და აქირავებენ უძრავ ქონებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართველებისთვის და ქართული კომპანიებისთვის.

    კორუფციული სქემების დახმარებით ისინი მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს, რაც განსაკუთრებით საშიში მოვლენაა“, – წერს სააკაშვილი.