Category: კავკასია

  • ისრაელში მუსიკალური ფესტივალის ადგილზე ჰამასის მიერ მოკლული 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს

    ისრაელის სამაშველო სამსახურის Zaka-ს ცნობით, სულ მცირე 260 ცხედარი იპოვეს ისრაელის მუსიკალური ფესტივალის ადგილზე შაბათს ჰამასის თავდასხმის შემდეგ.

    სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ჰამასის შეიარაღებული მებრძოლები  ესროდნენ გაქცეულ ადამიანებს, ზოგი კი  მძევლად აიყვანეს. ფესტივალი ღაზა-ისრაელის საზღვრის მახლობლად სოფლის ტიპის დასახლებაში ტარდებოდა.

    ეს შემზარავი თავდასხმა ერთ–ერთი იყო შაბათს დილით ჰამასის მებრძოლების მიერ განხორციელებულ თავდასხმების სერიას შორის, რომელიც ჰამასის მიერ  ისრაელის ტერიტორიაზე ოდესმე განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე ხანგრძლივი და კოორდინირებული იყო.

    მედიის ინფორმაციით დასავლეთ სანაპიროზე ვითარება დაძაბულია.  შეტაკებები დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მეორე დღეა გრძელდება.

    გუშინ დილიდან ისრაელის არმიამ განალაგა დიდი რაოდენობით სამხედრო საგუშაგოები და გაზარდა უსაფრთხოების ზომები, რის შედეგადაც დასავლეთ სანაპიროზე მყოფი პალესტინელები პრაქტიკულად ვერ ახერხებენ გადაადგილებას დასახლებულ პუნქტებს შორის.

    ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ისრაელმა „ქალაქებისა და სოფლების სამხედრო ბლოკადა“ მოახდინა.

    რამალას ცენტრში ყველა მაღაზია დაკეტილია. ამის მიზეზი გაფიცვაა, რომელიც დღეს დილიდან დასავლეთ სანაპიროზე გავრცელდა.

    გაფიცვა სხვადასხვა პოლიტიკურმა ფრაქციებმა დაიწყეს, რათა , მათი “გამოეხატათ „ისრაელის აგრესიის  გამო აღშფოთება “, რომელიც, მათი თქმით, გუშინ დილით დაიწყო და ღაზას სექტორის მაცხოვრებლებისკენ არის მიმართული.

    ხელისუფლებამ ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქ სდეროტის მოსახლეობას ურჩია, არ დაეტოვებინათ სახლები, შესაძლო ტერორისტული მოქმედებების გამო.

    არმიის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რამდენიმე პალესტინელი მებრძოლი კვლავ ისრაელის მიწაზე იმყოფება.

  • აშშ ისრაელის მხარდასაჭერად ხმელთაშუა ზღვაში შეტევითი ავიამზიდების ჯგუფს აგზავნის

    ისრაელში სიტუაციის გაუარესების გამო, შეერთებული შტატები აგზავნის Gerald Ford-ის შეტევითი ავიამზიდების გუფს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, განაცხადა პენტაგონმა.

    ჯგუფში შედის შედის აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდი USS Gerald Ford, Ticonderoga-ს კლასის მართვადი რაკეტების კრეისერი USS Normandy, ასევე Arleigh-Burke კლასის მართვადი რაკეტების გამანადგურებლები, სამხედრო ხომალდები Ramage, USS Carney და USS Roosevelt, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა

    „ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რეგიონში საჰაერო ძალების F-35, F-15, F-16 და A-10 გამანადგურებელი ესკადრილიების გასაძლიერებლად“, – დასძინა ლოიდ ოსტინმა.

    გარდა ამისა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს დამატებითი დახმარება გაუგზავნა.

    თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაწოდეს ინფორმაცია ისრაელში მიმდინარე შეტაკებების შესახებ.

    „თეთრი სახლის თანამშრომლები გააგრძელებენ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან. ეროვნული უსაფრთხოების გუნდები თანამშრომლობენ ისრაელთან და მათ მოკავშირეებთან მთელს რეგიონში“, – განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციამ.

    აშშ-ის საელჩომ კაიროში გააფრთხილა ამერიკელები, რომ „გაძლიერებული ყურადღება მიაქციონ უსაფრთხოებას და მიიღონ ყველა ზომა“ ქალაქ ალექსანდრიაში ორი ებრაელი ტურისტის მკვლელობის შემდეგ.

  • ისრაელის მედია ისრაელში ბოევიკების ახალი ძალების  შეჭრის შესახებ იტყობინება

    ისრაელის მედიის ცნობით, პალესტინელი ბოევიკების დამატებითი ძალები შევიდნენ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მაგენში და ამ ტერიტორიაზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს ტანკების გამოყენებით.

    იმავდროულად, ჰამასის სამხედრო ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადების სპიკერმა, აბუ ობეიდამ ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ყველას მოუწოდა „შეუერთდნენ ამ ბრძოლას“.

    რამდენიმე საათის წინ ალ-კასამის ბრიგადებმა თავიანთ ტელეგრამის არხზე განაცხადეს, რომ მათ „განახორციელეს დიდი სარაკეტო შეტევა სდეროტის დასახლებაზე, ასი რაკეტის გასროლით“.

    ისრაელში დაღუპულთა რიცხვი  ამ დროისთვის 500-ს აჭარბებს.ისრაელის მედიის ცნობით, შაბათს დილიდან, როდესაც პალესტინელი ბოევიკები სამხრეთ ისრაელში ღაზას სექტორიდან შეიჭრნენ, ბოლო მონაცემებით 500-ზე მეტი ისრაელი დაიღუპა. დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი.

    სამაშველო სამსახურმა “ზაკამ“, რომელიც სპეციალიზირებულია დაღუპულთა ცხედრების მართვაზე, CNN-ს განუცხადა, რომ ამ რიცხვში არ შედიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ან გამოაცხადეს გარდაცვლილად საავადმყოფოებში.  “ზაკამ“ ვერ შეძლო მიეღწია ყველა იმ ადგილზე, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, ამიტომ საერთო რიცხვი  500-ზე მეტია.

  • ნეთანიაჰუ: უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ჰამასის სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურება

    Reuters-ის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის სამხედრო და სამთავრობო პოტენციალის განადგურებას“.

    ისრაელის გაზეთი Haaretz განმარტავს, რომ ნეთანიაჰუმ ასევე თქვა: „ჩვენ შევდივართ გრძელ და დამქანცველ ომში. სწორედ ჰამასის მომაკვდინებელმა თავდასხმამ გვაიძულა ჩვენ ომში შევსულიყავით“.

    მან ასევე დასძინა, რომ „პირველი ეტაპი ამჟამად სრულდება, რომლის დროსაც ჩვენს ტერიტორიაზე შეჭრილი მტრის ძალების უმეტესობა განადგურებულია“. „დავიწყეთ შეტევითი ოპერაციის ფორმირება, რომელიც გაგრძელდება უდავოდ და შესვენების გარეშე მიზნების მიღწევამდე. ჩვენ აღვადგენთ ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას და მივაღწევთ გამარჯვებას“, – ციტირებს ისრაელის გაზეთი Haaretz პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.

    ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ღაზას სექტორისთვის ელექტროენერგიის, საწვავის და საქონლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

  • ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

    ისრაელის მედია იუწყება, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს მიაღწია.

    ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებულია კიდევ 1452 ადამიანი, მათგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაში, ხოლო 267 მძიმე მდგომარეობაშია.

    როგორც სამხრეთ ისრაელში, ისე ღაზას სექტორში საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებით.

    პალესტინელი ექიმების ინფორმაციით, ღაზაში 232 ადამიანი დაიღუპა და 1790 დაშავდა.

  • ნეთანიაჰუმ ოპოზიცია ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად მიიწვია

    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, შექმნან ეროვნული ერთიანობის მთავრობა, განაცხადა მმართველმა პარტია ლიკუდმა.

    მანამდე ლაპიდმა ისრაელელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად იყო ნეთანიაჰუსთან ერთად საგანგებო მთავრობა შექმნისთვის.

    ”მე ახლახან შევხვდი პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს,” – თქვა ლაპიდმა. „მე ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე. ნეთანიაჰუს ესმის, რომ ამჟამინდელი უკიდურესი ექსტრემისტული და დისფუნქციური უსაფრთხოების კაბინეტით, მას არ შეუძლია ომის დაწყება.

    ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ იეშ ატიდის პარტიას და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო 2022 წლის ნოემბრამდე, სანამ არჩევნებმა ნეთანიაჰუ პრემიერის სავარძელში დაბრუნდა.

    ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა იკრიბებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები.

  • “დღის ბოლომდე არცერთი ტერორისტი ცოცხალი აღარ იქნება“–ისრაელის კონტრშეტევა ჰაერიდან და ხმელეთზე ჰამასის წინააღმდეგ

    ისრაელის არმია და სპეცრაზმი ბრძოლებს აწარმოებს პალესტინელებთან,რომლებიც დღეს დილით ქვეყნის ტერიტორიაზე  ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეაღწიეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდაა.  ქვეყანაში საომარი მზადყოფნა გამოცხადებული, დაიწყო რეზერვისტების საყოველთაო მობილიზაცია.

    ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა, რიჩარდ ხეხტმა სიენენ–ს უთხრა, რომ დღის ბოლომდე ისრაელში არცერთი ტერორისტი ცოცხალი აღარ დარჩება.

    “კონცენტრირებული ვართ ჩვენი ძალების გადარჩენაზე იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ამ ტერორისტებთან ბრძოლაზე, და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე ისრაელში ცოცხალი ტერორისტი აღარ დარჩება“–თქვა მან  ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში.

    ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა ადგილებზე სპეცრაზმი იბრძვის, მეხანძრეები კი ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლს ამყარებენ და წმენდენ.

    გარდა ამისა, ხეხტის განცხადებით დილიდან არმიის დასახმარებლად ათობით ათასი რეზერვისტია ჩართული.

    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა.

    მისი თქმით, არმიის უპირველესი მიზანია „ტერიტორიის გასუფთავება შეჭრილი მტრის ძალებისგან და უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქებში“. მან დასძინა, რომ მეორე მიზანია მტერმა გადაიხადოს უზარმაზარი ფასი, მათ შორის ღაზას სექტორში.

    მისი თქმით, ქვეყანა ასევე გააძლიერებს თავის საზღვრებს, რათა შეაჩეროს სხვები , არ დაუშვან შეცდომა და არ შეუერთდნენ ამ ომს.

    პარალელურად ისრაელმა დაიწყო ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ჰამასის ბოევიკების დაბომბვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაჰალმა ბოევიკების 17 სამხედრო კომპლექსი და 4 ოპერატიული შტაბი დაბომბეს.

    პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით ღაზას სექტორში მოკლულია მინიმუმ  198 პალესტინელი, დაჭრილია 1610. მინისტრი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ეს ადამიანები და არიან თუ არა მათ შორის ჰამასის მებრძოლები.

     

    ისრაელის ავიაციამ ღაზაზე საპასუხო დარტყმების განხორიელება ავიაციით დაიწყო. ოპერაციაში ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს. თავად ღაზაში, განსაკუთრებით ისრაელის მოსაზღვრე რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობა სახლებს ტოვებს და საზღვრისგან მოშორებით უსაფრთხო ადგილებს ეძებს.

    ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მზადყოფნა მას შემდეგ, გამოაცხადა რაც დღეს დილით ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის ათობით ბოევიკმა მოულოდნელად შეაღწია ისრაელის სამხრეთში და რამდენიმე საზღვრისპირა დასახლებაში შევიდა.

    მანამდე ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან  ათობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მთელი ქვეყნის მაშტაბით საჰაერო განგაში მოჰყვა.ზოგიერთმა რაკეტამ თელ–ავივამდეც მიაღწია.

    სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ნგრევის და ხანძრების ამსახველი კადრები.

    საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აქრობენ ებრაელი მეხანძრეები ხანძარს ქალაქ აშკელონში, სადაც დამწვარ ავტომობილებს ძლიერი კვამლი ასდის.

    ბოევიკები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთით, ზღვით და საჰაერო გზით შევიდნენ

    ისრაელის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო კომბინირებული შეტევა. მებრძოლების ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე პარაპლანების გამოყენებით შევიდა, რისი ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. მისმა შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით 20 წუთში 5 000 რაკეტა გაუშვეს. თუმცა მოგვიანებით ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ რაკეტების რაოდენობა 2500 იყო.

    მალევე გავრცელდა ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გენშტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის შეფასებას აკეთებს და ჰამასი აუცილებლად აგებს პასუხს ამ ქმედებებისთვის. ამავე განცხადებაში ღაზას სექტორის მომიჯნავე რაიონების მაცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენა სთხოვეს, სამხრეთის და ცენტრალური რაიონების სამოქალაქო პირები კი ვალდებულნი არიან თავშესაფრების მიმდებარე ტერიტორიები არ დატოვონ.

    ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.

    „დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

    სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებზეც , როგორც ამტკიცებენ, აღბეჭდილია ტყვედ ჩავარდნილი ისრაელის სამხედროები. თუმცა, ბევრ მათგანს არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვია. ზოგი ნახევრად შიშველია.

    ამ ჩანაწერების ნამდვილობის შემოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. ზოგიერთ ფოტოზე და ვიდეოზე ჩანან ტყვედ ჩავარდნილი ქალები.

    სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით ტყვედ ჩავარდნილი ებრაელი სამხედროები მანქანებით ღაზას სექტორში გაყავთ.

    ისრაელის ხელისუფლება ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ჰამასის წარმომადგენელმა კი ალ ჯაზირას განუცხადა, რომ დატყვევებული ისრაელელები არა მძევლები, არამედ სამხედრო ტყვეები არიან.

    სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, ღაზას სექტორში ასობით ადამიანი ისრაელის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან გარბის, ისრაელის არმიის საპასუხი დარტყმების შიშით.

    საერთაშორისო მიმომხილველების თქმით, ის, რაც დღეს დილიდან ხდება, ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მომხდარა, ანუ მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორს ჰამასი მართავს.

    თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე თვის მანძილზე ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა და ძალადობის დონე იზრდებოდა.

    თუმცა,  ეს ძირითადად დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმსა და იორდანიის საზღვარს შორის მდებარე  იმ ტერიტორიებს ეხება, რომლებიც ისრაელმა 1967 წელს დაიკავა.

    ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჰამასის ბოევიკების თავდასხმის შედეგად ისრაელის ტერიტორიაზე 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია მინიმუმ 40 დაღუპულის შესახებ.

    მოძრაობა ჰამასმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს 14 ადამიანის ცხედარი. ამტკიცებენ, რომ ესენი არიან დივერსანტების მიერ მოკლული სამხედროები.

  • რატომ არ აღმოჩნდა ისრაელი მზად თავდასხმისთვის–სამხედრო ექსპერტის კომენტარი

    ისრაელის სამხედრო ექსპერტმა დევიდ გენდელმანმა BBC-ისთვის კომენტარი გააკეთა ისრაელზე ჰამასის თავდასხმის გარემოებებზე.

    – რატომ აღმოჩნდა ჰამასის თავდასხმა მოულოდნელი?

    –ისრაელის დაზვერვის შეფასება იყო, რომ ესკალაცია ახლა წამგებიანია ჰამასისთვის, ბოლო კვირების დაძაბულობის შემდეგ, ღაზაელებს მიეცათ ისრაელში მუშაობის მეტი ნებართვა, ყატარის ფულის კიდევ ერთი ტრანში შევიდა ღაზაში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ [ვარაუდობდნენ, რომ] მათი ამჟამინდელი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, ახლა აღარ იბრძოლებენ და მათი წვრთნები მხოლოდ სეზონური სწავლებებია, როგორც ადრე არაერთხელ ყოფილა.

    არც დაზვერვას გამოუვლენია, რომ უშუალოდ ოპერაცია მზადდებოდა.ამიტომ არმია მოდუნდა, საზღვარზე საბრძოლო მზადყოფნა არ იყო, ჰამასმა შეტევაში სრულ მოულოდნელობას მიაღწია და შესაბამისად, მათთვისაც კი მოულოდნელ წარმატებებს მიაღწია.

    ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ განზრახვების შეფასებამ სრულად არ უნდა ჩაანაცვლოს შესაძლებლობების შეფასება და რომ მტრის სავარაუდო  ქმედებების მორგება იმ კონცეფციაზე, რაც, ჩვენი აზრით, მისთვის ხელსაყრელი ან არახელსაყრელია, იწვევს კატასტროფულ შედეგებს.

    – რას გააკეთებს ისრაელი ამის  შემდეგ?

    ამ დროისთვის, გამოცხადებული ოპერაცია “რკინის ხმლები“ კონცენტრირებულია ისრაელის დასახლებული ტერიტორიების სრულ გაწმენდაზე ჯერ კიდევ იქ დარჩენილი ჰამასის ბოევიკებისგან და საჰაერო თავდასხმებზე ღაზას სექტორზე.

    პარალელურად მიმდინარეობს რეზერვების მობილიზება და სახმელეთო ძალების გადასროლა  საზღვრისკენ,  სახმელეთო ოპერაციისთვის მზადების მიზნით.

    — ჰამასმა დიდი რაოდენობით მძევლები აიყვანა. როგორ მოაგვარებს ისრაელი ამ პრობლემას?

    ისრაელის მხრიდან მსხვერპლის დიდი რაოდენობა და ჰამასის მხრიდან “ჩვეულებრივი” ესკალაციის ნიშნულის   მკვეთრი მატება მოითხოვს ისრაელის უფრო მძლავრ პასუხს და ზრდის სახმელეთო ოპერაციის ალბათობას, განსხვავებით წარსული წმინდა “საჰაერო” რაუნდებისგან.

    ღაზაში დატყვევებული ისრაელელების დიდი რაოდენობის საკითხი ამ შემთხვევაში დიალექტიკურია: ერთის მხრივ, ეს ასევე ზრდის სახმელეთო ოპერაციის ალბათობას, მაგრამ ამავე დროს ართულებს მის განხორციელებას, შეიძლება ტყვეები  დაზარალდნენ.

    ყველა ამ ფაქტორს მთავრობა ითვალისწინებს ოპერაციის რკინის ხმლების შემდგომი განვითარებისას.

  • აშშ იმუშავებს იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელს ყველაფერი აქვს, რაც თავის დასაცავად ჭირდება-ოსტინი

    აშშ–ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განცხადება გაავრცელა ისრაელზე პალესტინელი ბოევიკების თავდასხმის შესახებ.

    “დეტალურად ვაკვირდები მოვლენების განვითარებას ისრაელში. ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მისი თავდაცვის საქმეში უცვლელი რჩება, გამოვხატავ თანაგრძნობას იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, ვისი სიცოცხლეც სამოქალაქო პირებზე ამ საშინელ თავდასხმას შეეწირა. მომდევნო დღეებში აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისრაელს ყველაფერი აქვს, რაც ჭირდება საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან.“– ნათქვამია განცხადებაში.

  • ისრაელში ჰამასის სარაკეტო შეტევის შემდეგ საომარი მზადყოფნა გამოცხადდა

    ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დღეს დილით ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის ათობით ბოევიკმა როგორც ჩანს მოულოდნელად შეაღწია ისრაელის სამხრეთში და  თავისუფლად გადაადგილდებიან.

    მანამდე ისრაელის მიმართულობით ათობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მთელი ქვეყნის მაშტაბით საჰაერო განგაში მოჰყვა.

    ერთი ადამიანი დაიღუპა, გავრცელდა ინფორმაცია თელავივის სიახლოვეს და ღაზას სექტორის გარშემო მდებარე რაიონებში აფეთქებების შესახებ.

    თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. მისმა შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით 20 წუთში 5 000 რაკეტა გაუშვეს. თუმცა მოგვიანებით ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ რაკეტების რაოდენობა 2500 იყო.

    ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაჯგუფებამ ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მასირებული სარაკეტო დაბომბვა დაიწყო და ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორიის სხვადასხვა ადგილებზე შეაღწიეს.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ გენშტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის შეფასებას აკეთებს და ჰამასი აუცილებლად აგებს პასუხს ამ ქმედებებისთვის. ასევე ნათქვამია, რომ ღაზას სექტორის მომიჯნავე რაიონების მაცხოვრებლებს სთხოვეს გარეთ არ გამოვიდნენ, სამხრეთის და ცენტრალური რაიონების სამოქალაქო პირები კი ვალდებულნი არიან თავშესაფრების მიმდებარე ტერიტორიები არ დატოვონ. გამოცხადდა რეზერვისტების მობილიზაცია.

    საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აქრობენ ებრაელი მეხანძრეები ხანძარს ქალაქ აშკელონში, სადაც დამწვარ ავტომობილებს ძლიერი კვამლი ასდის.

    ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები სარაკეტო დარტყმის გამო იკრიბებიან.

    ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.

     

    „დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.