Category: კავკასია

  • POLITICO: ბლინკენმა გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას

    როგორც გამოცემა Politico წერს, აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გასულ კვირას გააფრთხილა კანონმდებლების მცირე ჯგუფი, რომ მისი ოფისი თვალყურს ადევნებს შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი მალე შეიჭრას სომხეთში, იტყობინება ორი ადამიანი, ვინც საუბრის შინაარსს იცნობს.

    ეს მოწოდება მიუთითებს ადმინისტრაციის შეშფოთების სიღრმეზე აზერბაიჯანის ოპერაციების გამო ქვეყნის დასავლეთში სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ და კონფლიქტის გავრცელების შესაძლებლობაზე.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მანამდე მოუწოდა სომხეთს, გახსნას „დერეფანი“ მისი სამხრეთ საზღვრის გასწვრივ, რომელიც მატერიკულ აზერბაიჯანს ირანთან და მის ექსკლავთან აკავშირებს, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ალიევი იმუქრებოდა, რომ საკითხის „ძალისმიერი გზით “ მოაგვარებდა.

    3 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას, კანონმდებლებმა მოთხოვეს  ბლინკენს ალიევის წინააღმდეგ შესაძლო ქმედებები  სექტემბერში მისი ქვეყნის მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეჭრის საპასუხოდ, აცხადებენ ადამიანები, რომლებმაც დელიკატური საუბრის გახმაურება ანონიმურობის პირობით გადაწყვიტეს.

    ბლინკენმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენი ეძებს   აზერბაიჯანისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობებს და არ აპირებს ხანგრძლივი შეთანხმების განახლებას, რომელიც აშშ-ს ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საშუალებას აძლევს. მან დასძინა, რომ სახელმწიფო ხედავს უახლოეს კვირებში აზერბაიჯანის სამხრეთ სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას.

    ამის მიუხედავად, ბლინკენმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმართ ნდობა გამოთქვა დემოკრატ დეპუტატებთან, მათ შორის კალიფორნიის წარმომადგენლებს ნენსი პელოსისა და ანა ეშოუს და ნიუ ჯერსიდან ფრენკ პალონესთან საუბარში.

    კიდევ ორმა პირმა დაადასტურა, რომ ბრიფინგი გაიმართა აზერბაიჯანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა დეტალები არ აკონკრეტებენ.

    განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ამ ინფორმაციაზე, მაგრამ ხაზი გაუსვა დეპარტამენტის ერთგულებას „სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ და კონფლიქტის „პირდაპირი მოლაპარაკებების“ გზით გადაჭრის მიმართ.

    ასევე მნიშვნელოვანია უარის თქმის ვადის გაგრძელების გადავადების გადაწყვეტილება. ყოველწლიურად, 2002 წლიდან, შეერთებული შტატები გამოსცემდა უარის დოკუმენტს, რაც მას საშუალებას აძლევს, გვერდი აევლო  თავისუფლების მხარდაჭერის აქტის დებულებისთვის, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების გაწევას აზერბაიჯანისთვის სომხეთთან არსებული ტერიტორიული დავების ფონზე. უარის თქმის ვადა ივნისში ამოიწურა, თუმცა შტატებს მისი ვადის გაგრძელება აღარ მოუთხოვია, და არც განუმარტავს რატომ არ მოითხოვა.

    ბრიფინგის შემდეგ პალონემ საჯაროდ განაცხადა, რომ შეშფოთებულია სომხეთში აზერბაიჯანის გარდაუვალი შეჭრის შესაძლებლობით. „ალიევი წინ მიიწევს თავისი მიზნისკენ, დაეუფლოს სამხრეთ სომხეთს“, – დაწერა პალონემ ოთხშაბათს ტვიტერზე და ამტკიცებდა, რომ „მისი რეჟიმი გათამამდა მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში შეჭრის გამო უარყოფითი შედეგები პრაქტიკულად არ მიუღია.

    გასულ თვეში რეგიონში აზერბაიჯანის სამხედრო შეჭრამ აიძულა მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი გაქცეულიყო. ადგილობრივმა ლიდერებმა კაპიტულაცია მოახდინეს რუსეთის შუამავლობით და შეთანხმდნენ, რომ გაუქმდებოდა სამი ათწლეულის წინანდელი არაღიარებული სახელმწიფო. მას შემდეგ აზერბაიჯანულმა ძალებმა ყარაბაღის ათზე მეტი ყოფილი ლიდერი დააკავეს.

    20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში ბლინკენმა თქვა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებით“ და თქვა, რომ „დავების გადასაჭრელად ძალის გამოყენება მიუღებელია“.

    მაგრამ მთიანი ყარაბაღი არ არის ერთადერთი ტერიტორიული დავა ორ კავკასიურ ქვეყანას შორის. ბაქოს მოითხოვს მარშრუტს ნახჩევანის ექსკლავამდე, რომელიც გაივლის სომხეთის სამხრეთ სიუნიქის რეგიონს, რომელიც აზერბაიჯანულად ცნობილია როგორც ზანგეზური და საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს ახალი საგზაო მარშრუტი  ირანის გვერდის ავლით გაიყვანოს.

    ალიევმა განაცხადა, „ჩვენ განვახორციელებთ ზანგეზურის დერეფანს, სურს თუ არა ეს სომხეთს“.

    „სომხეთში ეს აღიქმება როგორც ტერიტორიული პრეტენზიები და მოთხოვნა ექსტრატერიტორიული დერეფნის შესახებ“, – თქვა ოთხშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ანკარასა და ბაქოდან შეთანხმების მიღწევის მზარდი მოწოდების საპასუხოდ.

    სასაზღვრო დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს: აზერბაიჯანმა დაიწყო ტრანსსასაზღვრო შეტევა 2022 წლის სექტემბერში აღმოსავლეთ და სამხრეთ სომხეთში სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად. სულ ახლახანს, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა „საპასუხო ზომები“  დრონის სავარაუდო შეტევის პასუხად.

    ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში ალიევის საგარეო პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს რაიმე პრეტენზია აქვს სომხეთის ტერიტორიაზე. მისი თქმით, კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან „ბოლო ორი კვირა იყო ყველაზე მშვიდი კვირები სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში.– წერს Politico.

  • ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთის მოსახლეობას 24 საათში ევაკუაციისკენ მოუწოდა. გაერო აპროტესტებს

    ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა ბრძანება ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებთა ევაკუაციის შესახებ

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოუწოდეს ქალაქ ღაზას  ყველა მაცხოვრებელს, დატოვონ სახლები და  ანკლავის სამხრეთით გადავიდნენ, „მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

    “ისრაელის შეიარაღებული ძალები მოუწოდებს ღაზას ყველა სამოქალაქო პირს, საკუთარი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის დატოვონ სახლები და გადავიდნენ  ღაზას სექტორის სამხრეთით, როგორც ეს რუკაზეა ნაჩვენები“, – თქვა არმიის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა ადრე დილით ტვიტერში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

    მანამდე გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ მაცხოვრებლებს ტერიტორიის უახლოესი 24 საათის განმავლობაში დატოვება უბრძანა

    გაერომ მიიღო ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებს 24 საათის განმავლობაში ანკლავის სამხრეთით გადაადგილება უბრძანა, განაცხადა ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა.

    „გაერო კატეგორიულად ითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, თუ დადასტურდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ისედაც ტრაგიკული სიტუაციის კატასტროფულად გადაქცევა“, – თქვა მან.

    ბრძანება, რომელიც პარასკევს შუაღამისას გამოვიდა, ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს – მთელი ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარს, გაეროს მონაცემებით. ზოლის ჩრდილოეთით არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ღაზა.

    მისი თქმით, ისრაელის სამხედროებმა ღაზაში მომუშავე გაეროს ოფიციალური პირებს აცნობეს, რომ ბრძანება ასევე ეხება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს და მის შენობაში მყოფებს, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებს.

    „გაერო შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი ტრანსფერი განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“, დასძინა დუჟარიკმა.

    ისრაელი, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება,ხდება ჯარისკაცების, მძიმე არტილერიისა და ტანკების მასობრივი განლაგება ღაზას საზღვართან.

    პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მართავს.

    ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს რეაქციას ღაზას მაცხოვრებლების ევაკუაციის შესახებ სამარცხვინოდ უწოდებს.

    ისრაელის წარმომადგენელი გაეროში, გილად ერდანი, მკვეთრად გამოეხმაურა გაეროს განცხადებას, რომელშიც ორგანიზაცია ითხოვს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის ევაკუაციის ბრძანების გაუქმებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

    „გაეროს პასუხი ისრაელის ღაზის მოსახლეობის ადრეულ გაფრთხილებაზე სამარცხვინოა! წლების განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა ჰამასის მიერ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შეიარაღებასა და გამოყენებაზე იარაღისა და მკვლელების თავშესაფრად. ახლა, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს ისრაელს, რომლის მოქალაქეებიც მოკლეს ჰამასის ტერორისტებმა, და რომელიც ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი მათთვის, ვინც არ არის ჩართული, ის ისრაელს ქადაგებებს უკითხავს“, – თქვა მან.

    დიპლომატის თქმით, გაერომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ბოევიკების მიერ აყვანილი მძევლების ისრაელში დაბრუნებაზე, ჰამასის დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე.

  • ისრაელის ავიაკომპანია El Al 41 წლის განმავლობაში პირველად შეასრულებს ფრენას შაბათ დღეს, რათა რეზერვისტები ისრაელში ჩაიყვანოს

    Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა გამოაცხადა, რომ 1982 წლის შემდეგ პირველად იფრენს  ებრაულ შაბათს, რათა  სამშობლოში დააბრუნოს ჯარში გაწვეული ისრაელელები, ასევე უსაფრთხოების პერსონალი და საზღვარგარეთ მყოფი მაშველები .

    რეზერვისტებს შაბათს უფასოდ გადაიყვანენ ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან ორი Boeing 787 თვითმფრინავით. ფრენის ხარჯებს თავად ავიაკომპანია და აშშ-ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტები ანაზღაურებენ, ნათქვამია El Al-ის განცხადებაში.

    ათწლეულების განმავლობაში ElAl-ის თვითმფრინავები შაბათობით არ დაფრინავდნენ. კომპანია ამბობს, რომ შაბათის ფრენის აკრძალვაზე უარის თქმას ჰალაჩიური მხარდაჭერა აქვს: სამაშველო ფრენები განიხილება ებრაული სამართლებრივი პრინციპის ნაწილად, რომ სიცოცხლის გადარჩენა უპირატესია თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნაზე.

  • ფაშინიანი წინააღმდეგია განიხილოს საქართველო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პლატფორმად

    აზერბაიჯანი შესაძლოა შეეცადოს ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული პრინციპების ჩარჩოს– აცხადებს სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი.

    სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის  მიცემულ ინტერვიუში სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, განიხილოს საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად.

    ფაშინიანმა თქვა, რომ ალიევის წინადადება შეიძლება განიმარტოს, როგორც უკვე შეთანხმებული პრინციპების გაუქმების მცდელობა სხვა პლატფორმაზე გადასვლით, ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილება.

    „გრანადაში შედგა შეხვედრა და ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პრინციპები, ჩვენი და ევროკავშირის თვალსაზრისით. ახლა გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში ვიკრიბებით, საუბარი სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს შეესაბამება. ეს მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და, სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა კი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრის საკითხს, სადაც, ფაქტობრივად, უნდა შეიკრას წრე,  და როდესაც აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება განიმარტოს, ასე, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით  აზერბაიჯანს სურს გააუქმოს უკვე შეთანხმებული პრინციპები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

    მისი თქმით, პრინციპები უნდა იყოს შეთანხმებული, ხელმოწერილი და გამოცხადებული, რაც ცხადს გახდის დისკუსიის ჩარჩოს.

    ფაშინიანის თქმით,  შიში იმისა, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა მართლაც ახალ ესკალაციას გეგმავს, სულ უფრო ძლიერდება.

    „ჩვენ არავითარი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გამოგვიყვანს“, – დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

  • NYT იმ ფაქტორებზე წერს, რომლებმაც ხელი შეუშალა ისრაელის დაზვერვას ჰამასის შეტევის შეჩერებაში

    ისრაელის სამხედრო და ჯაშუშური სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება, მაგრამ შაბათს, ოპერატიული და სადაზვერვო საქმიანობის წარუმატებლობამ გამოიწვია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაშ ისრაელის თავდაცვის ყველაზე სერიოზული გარღვევა, წერს The New York Times.

    ისრაელის დაზვერვის ოთხი მაღალჩინოსნის თქმით, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, ისრაელში ჰამასის შეჭრა შესაძლებელი გახდა ისრაელის დაზვერვისა და სამხედროების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რიგი შეცდომების გამო. მათ შორის გაზეთის წყაროებმა დაასახელეს:

    • დაზვერვის უუნარობა გაეკონტროლებინა ძირითადი საკომუნიკაციო არხები, რომლებსაც იყენებდნენ ჰამასის მებრძოლები;
    • საზღვრის სათვალთვალო აღჭურვილობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, რომლის გამორთვაც ჰამასმა მოახერხა;
    • მეთაურების კონცენტრაცია ერთ სასაზღვრო ბაზაზე, რომელიც შეჭრის დასაწყისში იქნა აღებული,რამაც  ხელს უშლიდა კომუნიკაციას დანარჩენ შეიარაღებულ ძალებთან;
    • ღაზას სამხედრო ლიდერების პირადი სატელეფონო საუბრების დროს გაკეთებული განცხადებების „პირდაპირი აღქმა“, რომ ისინი არ ემზადებიან ბრძოლისთვის. ჰამასის მებრძოლებმა იცოდნენ, რომ ეს არხები ისრაელის მიერ ისმინებოდა.

    როდესაც ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა გასულ კვირას აცნობეს უსაფრთხოების ხელმძღვანელებს ქვეყნის თავდაცვისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეების შესახებ, მათ ყურადღება გაამახვილეს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანელი ბოევიკების საფრთხეზე, ჰამასისგან მომავალი საფრთხე კი პრაქტიკულად არც უხსენებიათ– წერს  New York Times.

  • მძევლებზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ისრაელი და ჰამასი ამას უარყოფენ – BBC-ის წყარო

    დიპლომატიური მცდელობები 100-ზე მეტი მძევლის ჰამასის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად ძლიერდება.

    როგორც ჩანს, ძირითადი ყურადღება ეთმობა ქალების და ბავშვების გათავისუფლებას, როგორც ისრაელის მოქალაქეების, ისე უცხოელების. სანაცვლოდ საუბარია ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე.

    დიპლომატმა, რომელიც მოლაპარაკებების შესახებ არის ინფორმირებული, განუცხადა BBC-ს, რომ მოლაპარაკებები იმართებოდა ყატარის მონაწილეობით, სადაც ჰამასის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი იმყოფება.

    ამ პროცესის კოორდინატორად აშშ დასახელდა. მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს დაჯგუფება ისლამური ჯიჰადი, რომელმაც 30-მდე მძევალი აიყვანა.

    ისრაელიც და ჰამასიც საჯაროდ უარყოფენ, რომ რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობს დატყვევებული მძევლების გასათავისუფლებლად. თუმცა, BBC-ის დიპლომატიური წყაროს თქმით, მოლაპარაკებები დაჩქარდა.

  • “ნუ ცდილობთ ისარგებლოთ ამ სიტუაციით”– ბაიდენის მიმართვა ჰამასის ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით

    აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰამასის თავდასხმას ისრაელზე “სუფთა ბოროტების აქტი” უწოდა.

    „არავის უნდა შეეპაროს  ეჭვი, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ებრაულმა და დემოკრატიულმა სახელმწიფო ისრაელმა შეძლოს თავის დაცვა დღეს, ხვალ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. ვინც ფიქრობს ისარგებლოს ამ სიტუაციით, მე ვეტყვი ერთ რამეს: არ გააკეთოთ ეს. ჰამასი არ იცავს პალესტინელ ხალხს. ისინი იყენებენ პალესტინელ ცოცხალ ფარად.”–განაცხადა ბაიდენმა მიმართვისას.

    აშშ-ს პრეზიდენტმა მოიყვანა ამ თავდასხმის შედეგად ჰამასის ბოევიკების მიერ ჩადენილი ძალადობის მაგალითები: „კლავდნენ მშობლებს, რომლებიც სხეულით ეფარებოდნენ საკუთარ შვილებს დასაცავად… გვაქვს ინფორმაცია ჩვილების მკვლელობის შესახებ… ქალებს აუპატიურებდნენ და საჯაროდ დაატარებდნენ როგორც ნადავლს. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელს“, – ხაზგასმით აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ისრაელს ექნება ის, რაც მას სჭირდება თავდასხმაზე პასუხის გასაცემად.

  • ისრაელის სამხედროები ღაზას სექტორში ოპერაციებისთვის ემზადებიან

    ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები “აშენებენ ინფრასტრუქტურას მომავალი ოპერაციებისთვის”.

    მისი თქმით, ღაზას სექტორის საზღვარზე 35 ბატალიონი იქნება განლაგებული (ბატალიონი, როგორც წესი, 100 ჯარისკაცისგან შედგება).

    ისრაელი სავარაუდოდ ღაზას სექტორში დიდ სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს შაბათის შეჭრისა და სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ.

    გუშინ საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნისადმი მიმართვაში თქვა, რომ ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები “მხოლოდ დასაწყისია”.

    ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ღამით ღაზას სექტორში ჰამასის მებრძოლების და სხვა დაჯგუფებების  200 სამიზნეს დაარტყეს,  შაბათს ისრაელში შეჭრაზე საპასუხოთ. ისრაელის მხარეს დაახლოებით 900 ადამიანი დაიღუპა.

    ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შაბათიდან ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმებს 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

  • Times of Israel: ისრაელის სამხედროები აღარ გააფრთხილებენ ღაზას მოსახლეობას მოსალოდნელი დარტყმების შესახებ

    პორტალი Times of Israel რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალეს.

    კერძოდ, გამოცემის ცნობით, ჩინოვნიკმა ქნესეტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისრაელი თავდასხმამდე აღარ ისვრის ბომბებების მულაჟებს სამიზნე შენობებზე (ადრე ასე აფრთხილებდნენ სამოქალაქო პირებს გაქცევის აუცილებლობის შესახებ).

    სხვა წყარომ დაადასტურა, რომ ტაქტიკა “სახურავზე დაკაკუნება”, რომლითაც ისრაელის არმია მოსახლეობას ატყობინებდა მოსალოდნელი დარტყმის შესახებ,  ახორციელებდა ზარებს ან არაასაფეთქებელ ბომბებს ყრიდა სახლების სახურავზე,  რათა გააფრთხილა მოსახლეობა თავდასხმების წინ, აღარ გამოიყენება.

    მისი თქმით, ამ ტაქტიკაზე საბოლოოდ უარი არ უთქვამთ, მაგრამ ამ დროისთვის ღაზას მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია „ტერორისტების მიერ ოკუპირებული ცენტრალური ტერიტორიებიდან“ ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ.

    გარდა ამისა, Times of Israel-ის ცნობით, ისრაელი მზადაა დაარტყას ღაზას, თუნდაც მძევლებს ზიანი მიაყენოს. წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ თუ არმიას ექნება სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, თუ სად არიან მძევლები, ისინი არ დაარტყავენ ამ შენობას. თუმცა, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, ყველა ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჰამასთან, შეტევის სამიზნეა.

    ჰამასი დღეს დაიმუქრა, რომ დაიწყებდა მძევლების სიკვდილით დასჯას, თუ ისრაელი არ შეწყვეტდა გაფრთხილების გარეშე თავდასხმას სახლებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

  • ბრიტანეთში პატარკაციშვილის ქვრივის 10 მილიონიანი სახლი დაიწვა–ბრიტანული მედია დეტალებზე

    ინგლისში, სურეიში ყოფილი რუსი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის 10 მილიონიანი სახლი დაიწვა –წერს ბრიტანული გამოცემა dailymail და შესაბამის ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს.

    უზარმაზარი სახლი მთლიანად დაიწყვა ხანძრის შედეგად, რომელიც მისი სამწლიანი და მრავალმილიონიანი რეკონსტრუქციის დასრულების მეორე დღესვე გაჩნდა.

    სახლის მფლობელი, ინა გუდავაძე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივია, რომელიც რუსეთის დიქტატორის, პუტინის ყოფილი მოკავშირე იყო, მასთან დაპირისპირების შემდეგ კი მალევე უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა – წერს ბრიტანული გამოცემა.

    გამოცემის ინფორმაციით 67 წლის ინა გუდავაძეს იმედი ჰქონდა, რომ ახლო მომავალში გადავიდოდა ამ შესანიშნავ სახლში, სანამ ის ორი კვირის წინ ცეცხლმა არ გაანადგურა.

    ახლა ბრიტანეთის ერთ–ერთ ყველაზე მდიდრულ რაიონში მდებარე  უზარმაზარი სახლისგან შიშველი კედლები და საძირკველი დარჩა.

    ხანძარი როგორც ირკვევა 23 სექტემბერს მოხდა, თუმცა მედიაში ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. ცნობილია, რომ ცეცხლის ჩასაქრობად 8 სახანძრო მანქანა მუშაობდა, თუმცა მისი დროულად ჩაქრობა ვერ შეძლეს. ახლა გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ გაჩნდა ცეცხლი.

    გამოცემა წერს, რომ საქართველოში დაბადებული ინა გუდავაძის ქონება ახლა 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად ფასდება. როგორც ბრიტანული მედია წერს, ინა გუდავაძე აპირებდა ლონდონის სახლიდან  სურეიში გადასულიყო მის ორ ქალიშვილთან – ლინა ჟმოტოვასთან და ია პატარკაციშვილთან ერთად.

    სახლში იყო 9 საძინებელი ოთახი, კინოთეატრი, ოჯახური ოთახი და ლიფტი, რომელიც 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებულ სარდაფში ჩადიოდა, სადაც ღვინის სადეგუსტაციო და სასადილო დარბაზი იყო მოწყობილი. სახლი იმ დიდ მიწის ნაკვეთზე აშენდა, რომელიც ქვრივს ქმრისგან მემკვიდრეობით დარჩა.

    გამოცემა წერს, რომ მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი რუსეთიდან 2000 წელს გაიქცა პუტინთან დაპირისპირებისა შემდეგ და ის თაღლითობაში იქნა დადანაშაულებული.

    პატარკაციშვილი სურეიში მდებარე სახლში 2006 წელს გადავიდა და ორი წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა გულის შეტევისგან 52 წლის ასაკში.

    ახალი სახლი, რომელიც ახლა უკვე ნანგრევებად არის ქცეული, მისმა ცოლმა ააშენა 300 მეტრის დაშორებით იმ სახლიდან, სადაც პატარკაციშვილი გარდაიცვალა. ეს სახლი ისევ გუდავაძის საკუთრებაშია და იქ გუდავაძის პერსონალი და დაცვა ცხოვრობს.

    გუდავაძემ, რომელიც ერთ დროს ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალების სიაში მეათე იყო, კომენტარზე უარი თქვა – წერს გამოცემა.

    საკითხს სწავლობენ სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტები და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები.