Category: კავკასია

  • ბაიდენი ამბობს, რომ არ სჯერა ჰამასის ინფორმაციის დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობის შესახებ

    აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არ ენდობა პალესტინის მხარის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.

    ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელიც ჰამასის ნაწილია, ისრაელის თავდასხმების შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა 6,500 პალესტინელი. ეს უწყება ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა და არ გვაწვდის დაღუპულთა სიებს ან ამ მონაცემების სხვა დადასტურებას.

    თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა მსხვერპლის ასეთი რაოდენობა, რომელთა შორის ჰამასის ინფორმაციის მიხედვით დაახლოებით 2700 ბავშვია, რომ ისრაელი უგულებელყოფს აშშ-ს მოთხოვნებს პალესტინის ანკლავის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმიზაციის შესახებ.

    „წარმოდგენა არ მაქვს, ამბობენ თუ არა პალესტინელები სიმართლეს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა. ეჭვი არ მეპარება, რომ დაღუპულებს შორის არიან უდანაშაულო ადამიანები, მაგრამ ეს არის ომის დაწყების ფასი. ისრაელელები წარმოუდგენლად ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ფოკუსირდნენ ზუსტად იმ ბიჭებზე, რომლებმაც დაიწყეს ეს ომი ისრაელის წინააღმდეგ. და როდესაც ასე არ ხდება, ეს აბსოლუტურად არ შედის ისრაელის ინტერესებში. თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული იმ ციფრებში, რომლებსაც პალესტინელები იყენებენ“, – დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

    ბაიდენს არ უსაუბრბია ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვის მიმართ სკეპტიციზმის მიზეზებზე.

    ღაზადან საერთაშორისო მედიის ფოტოგრაფების მიერ გავრცელებულ სურათებზე ჩანს ბევრი დაღუპული და დაჭრილი, მათ შორის ბავშვები და მოზარდები, მაგრამ სურათები არ იძლევა წარმოდგენას მთლიანი შესაძლო რაოდენობის შესახებ და არც იმაზე, თუ რამდენი მათგანი მოხვდა ისრაელის დარტყმების ქვეშ და რამდენი დაიღუპა თავად პალესტინელების მიერ რაკეტების წარუმატებელი გაშვების შედეგად.

    ჰამასი ამტკიცებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტია. ამავდროულად, დასავლელი დაზვერვის ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ, მაგალითად, ალ-აჰლის საავადმყოფოს მახლობლად პალესტინის რაკეტის დაცემის ინციდენტში, ჰამასის განცხადებები თითქმის 500 გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, დაახლოებით ათჯერ იყო გაზვიადებული.

    ისრაელის სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები არ არის, და თუ საჭიროა ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმა, რომელიც ხშირად მდებარეობს საცხოვრებელ უბნებში, ადგილობრივი მოსახლეობა წინასწარ გაფრთხილებას იღებს.

  • კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები,საქართველო იყოს რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის–ობრაიენი სენატში

    ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის – ეს განცხადება, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

    ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ობრაიენმა.

    სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით“ – თქვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

    ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მოსკოვის განცხადებას ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი. მისი თქმით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.

    „შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა, რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმს და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს, ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, – განაცხადა სენატორმა რიკეტსმა.

    სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე თქვა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო.

    „საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

    სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას ჩრდილოეთში ტანკების გამოყენებით რეიდი განახორციელა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით მიზანმიმართული რეიდი განახორციელეს.

    „ღამის განმავლობაში, IDF-მა ჩაატარა ტანკებით იერიში ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ბრძოლის შემდეგი ფაზებისთვის მომზადების ფარგლებში. რეიდის დასასრულს ჯარისკაცებმა დატოვეს ტერიტორია და დაბრუნდნენ ისრაელის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია მოხსენებაში.

    IDF-მა დაამატა, რომ რეიდის დროს სამხედროებმა დაარტყეს „ბევრ ტერორისტული უჯრედს, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს“.

    მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მზადებას სახმელეთო შეჭრისთვის, მაგრამ ოპერაციის დაწყების კონკრეტულ ვადას არ ასახელებენ.

  • მასობრივი სროლა აშშ–ში:22 ადამიანი დაიღუპა, შეიარაღებული პირი ჯერ არ დაუჭერიათ

    აშშ-ის მენის შტატში, ქალაქ ლუისტონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.

    პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული. პოლიცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ დამნაშავე შეიარაღებული და უკიდურესად საშიშია.

    პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლო – ცნობილია, რომ მისი სახელია რობერტ კარდი, ის 40 წლისაა.

    როგორც საქალაქო საბჭოს წევრმა რობერტ მაკკარტიმ განუცხადა CNN-ს,  ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაიღუპა 22 ადამიანი, ასევე “ბევრი, ძალიან ბევრი დაშავდა”.

    პოლიციამ განაცხადა, რომ ზარები შევიდა ორი ადგილიდან, Schemengees რესტორნიდან და Sparetime Recreation ბოულინგ ჰოლიდან. მათ შორის მანძილი 6,5 კმ-ია, რაც მანქანით დაახლოებით 10 წუთია.

    შტატის სიდიდით მეორე ქალაქის მაცხოვრებლებს ურჩევენ თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

    ცნობილია, რომ სანამ კრიმინალის ძებნა მიმდინარეობს, ქალაქში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა.

    პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა. პოლიციის ცნობით, ინციდენტი “სხვადასხვა ადგილას” მოხდა.

    ასევე არსებობს უამრავი, მაგრამ ჯერ დაუდასტურებელი ცნობები, რომ დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი.

    ცენტრალური მეინის სამედიცინო ცენტრმა თქვა, რომ ახდენს რეაგირებას “დიდი სროლის ინციდენტზე დიდი რაოდენობით მსხვერპლით” და კოორდინაციას უწევს ძალისხმევას ახლომდებარე სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან.

    მეინის შტატის პოლიციამ სოციალური მედიის X გვერდზე თქვა: ”ლევისტონში აქტიური მსროლელია. მოსახლეობას ვთხოვთ, თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან. გთხოვთ დარჩით თქვენს სახლებში და ჩაკეტეთ კარები.”

    ქვეყნის შერიფის ოფისმა  გამოაქვეყნა ეჭვმიტანილის ფოტოები – როგორც ჩანს, სათვალთვალო კამერების კადრები  და დახმარება ითხოვა მის იდენტიფიცირებაში. გასართობი ცენტრის შესასვლელთან გადაღებულ ავტომატით შეიარაღებულ წვერიან  მამაკაცს ყავისფერი ქურთუკი აცვია.

    გარდა ამისა, პოლიციამ გაავრცელა თეთრი სამგზავრო მანქანის ფოტო და სთხოვს ყველას, ვისაც ის ეცნობა, პოლიციას დაუკავშირდეს.

    თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და განაგრძობის მოვლენების განვითარებისთვის თვალყურის დევნებას.

  • სტოლტენბერგი: უკრაინამ ნატოს რეზერვები ამოწურა, ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება

    ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის აქტიურმა სამხედრო დახმარებამ საგრძნობლად ამოწურა ალიანსის საკუთარი რეზერვები, ამიტომ მისმა წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ წარმოება საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

    ამის შესახებ სტოლტენბერგმა სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ტექნოლოგიურ უპირატესობებზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე”, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა. „აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღონ მსხვილმა კომპანიებმა, როგორც ალიანსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. წარმოების გაზრდა აუცილებელია როგორც უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ჩვენი თავდაცვისთვის. “

    მისი თქმით, რუსეთი კიდევ ერთხელ ემზადება ზამთრის  გამოსაყენებლად ომში  იარაღად, და  წარმოების სიჩქარე და მოცულობა მნიშვნელოვანია. სტოლტენბერგმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვედეთს იმ დიდი ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც უკრაინას უწევს.

  • ისრაელის თავდაცვის არმიამ ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებზე 400-ზე მეტი დარტყმა განახორციელა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა დილის ანგარიშში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში 400-ზე მეტ „ტერორისტულ სამიზნეს“ დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ჰამასის რამდენიმე მეთაური და ბევრი „ბოევიკი, რომელიც თავდასხმებს ამზადებდა“.

    ისრაელის არმიამ დაარტყა “ათობით” ჰამასის მებრძოლს, რომლებიც ემზადებოდნენ რაკეტების გასაშვებად და “ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისთვის ისრაელის ზურგში“– ნათქვამია განცხადებაში.

    ისრაელის საჰაერო ძალების მებრძოლებმა შეტევა მიიტანეს ათობით „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ ობიექტსა და ჰამასის პლაცდარმებზე ღაზას სექტორის რამდენიმე დასახლების მახლობლად. ერთ-ერთი დარტყმა, ისრაელის ცნობით, განხორციელდა ჰამასის გვირაბის შახტზე, რომელიც ბოევიკებს სანაპირო ზოლზე წვდომას აძლევდა.

    გარდა ამისა, საჰაერო ძალებმა დაარტყეს მეჩეთებში განლაგებულ სამეთაურო ცენტრებსა და სამხედრო ობიექტებს. ისრაელის არმია ასახელებს სამ მოკლულ მეთაურს.

    მთავარი მოკლედ:

    • ორი მოხუცი ისრაელელი ქალი, რომელიც ჰამასმა წუხელ გაათავისუფლა, თელ-ავივის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ქმრები კვლავ მძევლად რჩებიან.
    • შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ უნახავს ღაზას სექტორის ოპერაციის გეგმა მიღწევადი მიზნებით, განუცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებმა New York Times-ს.
    • შეერთებულ შტატებს ეშინია თავდასხმების მის სამხედრო ბაზებზე და სხვა ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ერაყსა და სირიაში, სადაც პროირანული შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებენ. მათ რეგიონში დამატებითი ჯარები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის ძალები გადაჰყავთ და არააუცილებელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.
  • მაკრონი ისრაელში ჩავიდა

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს თელ-ავივში ჩავიდა რათა გამოხატოს სოლიდარობა ისრაელის მიმართ 7 ოქტომბერს პალესტინის დაჯგუფება ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

    ვიზიტის დროს საფრანგეთის ლიდერი, სავარაუდოდ, გამოვა მოწოდებით„დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა“ ღაზას სექტორში, იმ დროს, როდესაც ისრაელი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს პალესტინის ანკლავზე და ემზადება სახმელეთო შეტევისთვის, წერს AFP პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით.

    დაგეგმილია საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან. გარდა ამისა, AFP-ის ცნობით, თელ-ავივში მაკრონი უნდა შეხვედროდა ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპული ან ღაზას სექტორში მძევლად მყოფი საფრანგეთისა და ფრანკო-ისრაელის მოქალაქეების ოჯახებს.

    Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ეს შეხვედრა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შედგა.

    საფრანგეთის სულ მცირე შვიდი მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ ისინი ყველა ჰამასის მძევები არიან, მაგრამ დადასტურებული მხოლოდ ერთი ფრანგი ქალის მძევლობაა.

    მანამდე სოლიდარობის ვიზიტებით ისრაელში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი .

  • ჰამასმა მძევლების ნაწილის გათავისუფლების პირობა დაასახელა

    ჰამასის წარმომადგენლის თქმით, დაჯგუფება მზად არის გაათავისუფლოს ისრაელში დატყვევებული მძევლების ნაწილი იმ პირობით, რომ ისრაელი შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას ისლამისტების წინააღმდეგ.

    “ჩვენ მზად ვართ გავათავისუფლოთ მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ გვსურს ისრაელის ჯარებმა შეაჩერონ აგრესია”, – განაცხადა ჰამასის პოლიტბიუროს წევრმა მოჰამედ ნაზალმა კატარის ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    მან ტყვეები სამ კატეგორიად დაყო: მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და ჩასახლებულები და თქვა, რომ ჰამასი მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის განთავისუფლების განხილვისთვის არის მზად.

    გუშინ საღამოს ჰამასმა  პირველი ორი მძევალი გაათავისუფლა.  ესენი არიან აშშ-ს მოქალაქეები ჯუდიტ ტაი რაანანი და მისი 17 წლის ქალიშვილი  ნატალი რაანანი.-

    ქალები  ნათესავებს სტუმრობდნენ კიბუც ნაჰალ ოზში, სამხრეთ ისრაელში, როცა მას ჰამასი დაესხა თავს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისინი ამჟამად  ისრაელის თავდაცვის ძალების მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან. მოლაპარაკებები  მძევლებთან დაკავშირებით  კატარის შუამავლობით მიმდინარეობდა.

    შაბათს ისრაელის სამხედროებმა განაახლეს მძევლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.  ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ისლამისტებს მძევლად  ჰყავთ 210 ადამიანი და არა 201, როგორც წინა დღეებში იყო ცნობილი.

    ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ისრაელისა და კატარის ხელისუფლებებს ქალების გათავისუფლებაში დახმარებისთვის:

    ”აშშ მუშაობს 24  საათის განმავლობაში ამერიკელი მძევლების გასათავისუფლებლად და აგრძელებს ძალისხმევას ჰამასის მიერ ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფთა გასათავისუფლებლად. როგორც მათ ოჯახებს ოჯახებს ვუთხარი, როდესაც მათ გასულ კვირას ვესაუბრე, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ მათ ახლობლებს სახლში არ დავაბრუნებთ. როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს იმაზე მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამერიკელების უსაფრთხოება, რომლებიც მძევლად არიან აყვანილი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.”

     

  • ისრაელის არმია: ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაზე “ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით  ალ აჰლის ჰოსპიტალზე თავდასხმა პალესტინელი ბოევიკების სარაკეტო თავდასხმის შედეგი იყო.

    „ისრაელის არმიის  ოპერატიული სისტემების ანალიზმა აჩვენა, რომ ტერორისტებმა ღაზას სექტორში რაკეტები გაისროლეს, რაკეტები დაფრინავდნენ ღაზას სექტორში ალ-აჰლის ჰოსპიტალთან ახლოს იმ მომენტში, როდესაც საავადმყოფოზე დარტყმა მოხდა. სადაზვერვო მონაცემები  მრავალი წყაროდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიუთითებს, რომ ისლამური ჯიჰადი პასუხისმგებელია ღაზას სექტორში მდებარე ჰოსპიტალზე წარუმატებლად გაშვებული რაკეტის დაცემის გამო“.–ნათქვამია განცხადებაში.

    ღაზაში მდებარ ალ–აჰლის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა გვიან საღამოს მოხდა. ღაზას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაიცვალა ასეულობით ადამიანი, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია. ჰამასის ინფორმაციით დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი.

    ალ–აჰლის ბაბტისტური საავადმყოფო ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჰამასი აცხადებს, რომ ნანგრევებში შეიძლება უამრავი მსხვერპლი იყოს.

    ბრიტანელ–პალესტინელი ქირურგი, პროფესორი ჰასან აბუ სიტა ამბობს, რომ ის ოპერაციას ატარებდა, როცა საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა და საავადმყოფოს ნაწილს ცეცხლი მოედო.

    ისრაელის არმიამ აფეთქებისთანავე განაცხადა, რომ მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და ისრაელის არმიის სამიზნე ღაზას საავადმყოფო არ ყოფილა.

    ჰამასი საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.

  • პენტაგონმა 2000 ჯარისკაცის საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა

    პენტაგონმა  ბრძანება გაუგზავნა 2000 ამერიკელ სამხედროს “მზად იყვნენ განლაგებისთვის”. ამის შესახებ AP-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით აცნობა.

    ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა დამხმარე ფუნქციებს, როგორიცაა დამატებითი სამედიცინო დახმარება, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის შენახვა და განადგურება და დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე.

    ისინი არ გაიგზავნებიან ისრაელში, მაგრამ შესაძლოა გაიგზავნონ რეგიონის სხვა ქვეყნებში.