Category: კავკასია

  • უკრაინის ტერიტორიის 26% პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო – შმიგალი

    „ვცდილობთ შევქმნათ ეფექტური ბაზარი ნაღმების გაწმენდისთვის, მოვიზიდოთ მაქსიმალური ინოვაციები და დავიწყოთ აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რათა რუსული ნაღმების განეიტრალებას წლები დასჭირდეს და არა ათწლეულები.[…] წლის დასაწყისიდან 80 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე გამოკვლეულია, საიდანაც 74 ათასი ჰექტარი დავაბრუნეთ ექსპლუატაციაში, სერტიფიცირებულია 34 დანაღმული ოპერატორი, ათობით საწარმო გადის ამ პროცედურას. 750-მდე პიროტექნიკური ჯგუფი დაკავებულია განაღმვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რიცხვი მუდმივად მზარდი იყოს“

    აცხადებს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

  • “დაგვაკვირდით“–აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი კითხვაზე,იქნება თუ არა სანქციები საქართველოში რუსული კანონის მიღების შემთხვევაში

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგ ჯერზე გამოთქვა შეშფოთება  “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა  8 აპრილს ბრიფინგზე თქვა, რომ  რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება. მილერის თქმით, ჯერ არ ისაუბრებს იმაზე,რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

    “ჩვენ მკაფიოდ ვთქვით განცხადებაში, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ. თუკი ის ამოქმედდება, დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ის საქართველოს, მისი ევროპული გზიდან ააცდენს. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ. ის ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ დამტკიცებულა. ასე, რომ ნებისმიერ პოტენციურ შედეგსა თუ ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე დღეს არ ვისაუბრებ”, – ამბობს მილერი. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დამაზუსტებელ კითხვაზე, საუბარია თუ არა კანონპროექტზე მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაზე? – პრესსპიკერი ასე პასუხობს:

    “ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ პროცესი წინ წავა, დაგვაკვირდით. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს”.

  • ორშაბათს,8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება

    ორშაბათს, 8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება მოხდება. ამ პროცესზე დაკვირვება შესაძლებელია მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში.

    მზის სრული დაბნელება რეგულარულად ხდება , მაგრამ არც ისე ხშირად: შემდეგი დაბნელება მხოლოდ 2026 წელს მოხდება და ის ძირითადად ატლანტის ოკეანეში იქნება ხილული. ამიტომ, მთელი მსოფლიო დააკვირდება ამ დაბნელებას ინტერნეტით და ტელევიზიით.

    8 აპრილს მზის დაბნელება წყნარ ოკეანეში დაიწყება: კუკის კუნძულების ნაწილი – პენრინის ატოლის მაცხოვრებლები პირველები იხილავენ მას.

    შემდეგ მთვარის ჩრდილი, რომელიც მზეს ფარავდა, ოკეანეს გადაუფრენს 2500 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ადგილობრივი დროით 11:07 საათზე (18:07 GMT) ის  მექსიკის სანაპიროზე ხმელეთს მიადგება, 20 წუთის შემდეგ გადაკვეთს მექსიკისა და აშშ-ს საზღვარს და რამდენიმე საათში, მთელ კონტინენტზე ზოლის გავლების შემდეგ, ატლანტის ოკეანეში ჩავა.

    რა არის დაბნელება და როგორია მისი ტიპები?

    დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მზე, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზში განლაგდებიანხოლმე.

    თუ დედამიწა შუაშია, მაშინ მისი ჩრდილი მთვარეზე ეცემა  – ეს არის მთვარის დაბნელება. თუ მთვარე შუაშია, მაშინ ის ჩრდილავს მზეს დედამიწელებისთვის – ეს არის მზის დაბნელება.

    იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორ ხაზში განლაგდებიან ეს ციური სხეულები, დაბნელება შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.

    მზის დაბნელების შემთხვევაში, მისი სისრულე ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს ან შორს იმყოფება მთვარე დედამიწიდან თავის ოდნავ წაგრძელებულ ორბიტაზე.

    რკალოვანი მზის დაბნელების დროს მთვარე იმყოფება დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილზე, ამიტომ ის მზეზე პატარა ჩანს და მთლიანად არ ფარავს მას.

    მზის შემდეგი რკალოვანი დაბნელება სამხრეთ ამერიკაში, წელს, 2 ოქტომბერს მოხდება. ნაწილობრივ, სამხრეთ ამერიკის გარდა, მისი დაკვირვება შესაძლებელია ჩრდილოეთ ამერიკაში და ამ კონტინენტების ორივე მხარეს – წყნარ და ატლანტიკურ ოკეანეში.

    მზის დაბნელების ყურება მხოლოდ სპეციალური, ძალიან მუქი სათვალეებით ან სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სხვა სპეციალური მოწყობილობებით არის რეკომენდირებული – წინააღმდეგ შემთხვევაში მხედველობა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს.

    სრული დაბნელების დროს ის შედარებით ვიწრო „ჩრდილის ზოლში“ ჩანს, სადაც მთვარის ჩრდილის კონუსი დედამიწის ზედაპირზე ეცემა, მაგრამ  მანძილზე ამ ზოლის გვერდებზე ასობით და ათასობით კილომეტრის გასწვრივ დაბნელება ჩანს როგორც ნაწილობრივი.

    რაც შეეხება დაბნელების ხანგრძლივობას თითოეულ ცალკეულ ადგილაზე, ის შეიძლება  განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია დედამიწის და მნათობების ურთიერთგანლაგებაზე  და იმაზე, თუ დედამიწის რომელ ნაწილზე მოდის ჩრდილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის გრძელდება არა უმეტეს ერთი რამდენიმე წუთისა. ასტრონომების აზრით, ერთ ადგილას დაბნელების თეორიული მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წუთი 32 წამია.

  • თბილისში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

    თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

    შსს–ს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
    ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

  • სტოლტენბერგი:„ავტორიტარული ძალების ალიანსი“ სულ უფრო მჭიდროდ მუშაობს დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ“

    ნატოს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა,  რომ „ავტორიტარული ძალების ალიანსი“ სულ უფრო მჭიდროდ მუშაობს დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ.

    BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა სულ უფრო მეტად აერთიანებენ ძალისხმევას, უწევენ ერთმანეთს პრაქტიკულ მხარდაჭერას და ეს ალიანსი „უფრო და უფრო ერთიანი ხდება“.

    ნატოს ხელმძღვანელმა განმარტა: „ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას თავდაცვის ინდუსტრიისთვის საკვანძო პროდუქტების მიწოდებით, სანაცვლოდ კი მოსკოვი თავის მომავალს პეკინს აბარებს“.

    რუსეთი აწვდის ტექნოლოგიებს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის სანაცვლოდ, დასძინა მან.

    სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს მოუწია იმუშაოს ქვეყნებთან თავისი გეოგრაფიული არეალის მიღმა, როგორებიცაა იაპონია და სამხრეთ კორეა, რათა „შეეწინააღმდეგოს ავტორიტარული სახელმწიფოების მზარდ ძლიერ ალიანსს“.

    სტოლტენბერგმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ნატოს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი შეთანხმების შესახებ უკრაინის დაფინანსებაზე ივლისისთვის, როდესაც ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი გაიმართება.

    ბოლო დღეებში ნატოს ხელმძღვანელი ცდილობდა დაერწმუნებინა სხვა ქვეყნები, რომ მეტი ფული გამოეყოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, რადგან ის რუსეთის აგრესიას უპირისპირდება. სტოლტენბერგს 100 მილიარდი ევროს ოდენობის  ფონდის შექმნის იმედი აქვს. ეს თანხა უკრაინას 5 წლის განმავლობაში გადაეცემა. სტოლტენბერგის თქმით, ის  დარწმუნებულია, რომ შეთანხმება ივლისისთვის იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამას ეჭვით უყურებს.

    მისი თქმით, უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ახლა, ასევე კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის.

    „მაშინაც კი, თუ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა მრავალი წლის განმავლობაში და გავაძლიეროთ მისი თავდაცვა მომავალი აგრესიის შესაჩერებლად“, – თქვა მან.

    სტოლტენბერგმა თქვა, რომ სამხედრო მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინიდან რუსული ჯარების გაძევებისთვის და პუტინის იძულებისთვის, უარი თქვას საოკუპაციო მიზნებზე.

    თუმცა, მან ასევე თქვა, რომ კიევს შესაძლოა საბოლოოდ მოუწიოს დათმობებზე წასვლა რუსეთთან.

    „საბოლოოდ, უკრაინის გადასაწყვეტია, რა კომპრომისებზეა მზად, ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალურად მიაღწიონ მისაღებ შედეგს მოლაპარაკების მაგიდაზე“, – განმარტა მან.

    მან თქვა, რომ ახლა არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე წასვლისკენ და დასძინა, რომ “ნამდვილი მშვიდობა” მიღწეული იქნება, როდესაც “უკრაინა გაიმარჯვებს”.

    სტოლტენბერგმა უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე, შეშფოთებულია თუ არა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ის თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ დარჩება უკრაინის მნიშვნელოვან მოკავშირედ და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ქვეყანაში ხელისუფლებაში.

    სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერის პოსტი 10 წლის წინ დაიკავა.

    ორგანიზაციის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ მსოფლიო ახლა “ბევრად საშიში, ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი” და “ბევრად ძალადობრივია”.

  • ამერიკის პენცენტრი, Freedom House, ჰელსინკის კომისია… რუსული კანონის წინააღმდეგ კრიტიკ არ წყდება

    „ქართული ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების კრიტიკული შეფასებები არ წყდება. ამერიკის პენცენტრი ე.წ. აგენტების კანონს სამარცხვინოს უწოდებს და მიაჩნია, რომ მას ხელისუფლება კულტურის მოღვაწეების და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისთვის გამოიყენებს. „არ შეცდეთ“ —ამ სიტყვებით მიმართავს ამერიკის პენცენტრი საქართველოს მოქალაქეებს. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 

    ამერიკის პენცენტრი რუსულ კანონზე

    უბრალო კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება“ კვლავ ბიძგს აძლევს ე.წ. უცხოელი აგენტის კანონს, რათა ძირი გამოუთხაროს მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას. სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს სიტყვების: „გამჭვირვალობა“, „ანგარიშვალდებულება“ და „უსაფრთხოება“, მნიშვნელობას, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. არ შეცდეთ, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას. საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცხადებული ევროკავშირის წევრობის მისაღწევად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების, გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა.

     

    Freedom House რუსულ კანონზე

    “ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებით. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, მიღების შემთხვევაში, საქართველოს რუსეთსა და ყირგიზეთთან დააკავშირებს – ავტოკრატიებთან, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარდგენილი კანონი. “

    ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე

    “ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, ევროპული გზის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი რუსული კანონითაა შთაგონებული და მისი ანალოგია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახლა ინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობების მიღების მცდელობების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ მიდის ამ გზაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად.“

    „ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ პარტნიორი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებიც. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირს უთხრის. „ოცნების“ რუსულ კანონს გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე, კრისტიანე ჰოფმანიც აკრიტიკებს.

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

    “საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს განახორციელებს. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების განმეორებითი მცდელობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და შესაძლოა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს.“

    გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე

    “ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება… ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია.“

    „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება, თავდაპირველად, 2023 წლის მარტში სცადა. მაშინ კანონპროექტი პარლამენტში ე.წ. „ხალხის ძალამ“ დააინიცირა. პირველი მოსმენით რუსული კანონის მიღებას საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე პროტესტი მოჰყვა. 7 და 8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ივანიშვილის ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოიყენებით დაარბია. პროტესტის შემდეგ, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. მაშინ მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ, რადგან ამას შესაძლოა ხელისუფლებისთვის უმძიმესი შედეგები მოეტანა. თუმცა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან 1 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონპროექტი პარლამენტში ისევ დააინიცირა.

     

     

  • რუსეთში, ორენბურგის ოლქში კაშხლის გარღვევამ ქალაქ ორსკის დატბორვა გამოიწვია

    ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში, წყალსაცავიდან წყლის რეკორდული გამოშვების შემდეგ, მდინარე ურალზე კაშხალი გასკდა. ხელისუფლებამ წყალდიდობის საფრთხის ქვეშ მყოფი რაიონების მოსახლეობას სთხოვა სასწრაფო ზომების მიღება ევაკუაციისთვის. ქალაქის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წყალი არა უადრეს კვირანახევარში გაიწოვება.

    გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ორსკში კაშხალი 10 წლის წინ აშენდა. ეს არის არა ჰიდრავლიკური ნაგებობა, არამედ სანაპირო კაშხალი, რომლის მთავარი ამოცანაა გზის დაცვა და მდინარის ნაპირის გამაგრება.

    ბოლო დღეებში ორენბურგის რეგიონში წყალდიდობის პიკი იყო. ამიტომ, ხუთშაბათს, 4 აპრილს, მთელ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მდინარე ურალში, რომელზეც ორსკი დგას, წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა, რამაც ირიკლინსკის წყალსაცავიდან წყლის რეკორდული რაოდენობის გამოშვების საჭიროება გამოიწვია.

    ორსკის ხელმძღვანელმა ვასილი კოზუპიცამ განაცხადა, რომ კაშხალს უნდა გაეძლო უპრეცედენტო დატვირთვისთვის, თუმცა 2014 წელს კაშხლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ წყალი ამ დონემდე არასოდეს ასულა. გაირკვა, რომ კაშხალმა ვერ გაუძლო.

    წყალმა კაშხალი ორ ადგილას გახეთქა, თქვა კოზუპიცამ პარასკევს საღამოს.

    ქალაქის სამი უბნიდან ორი – ლენინსკი და სოვეცკი – წყალდიდობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ორსკი სიდიდით მეორე ქალაქია ორენბურგის რეგიონში. ქალაქში თითქმის 190 ათასი ადამიანი ცხოვრობს. იგი მდებარეობს ყაზახეთის საზღვართან, რეგიონული ცენტრიდან 286 კილომეტრში, მდინარე ურალი მას ორ ნაწილად ყოფს – ევროპულ და აზიურ ნაწილებად.

    წყალმა დატბორა ძველი ქალაქი – მიკრორაიონი ორსკის სოვეცკის რაიონში, ურალის მარცხენა (აზიური) სანაპიროზე. ის ძირითადად 1930-იან წლებში აშენებული მიკრორაიონია ერთსართულიანი, ორ და სამსართულიანი სახლებით და თანამედროვე კოტეჯებით.

    „ძველი ქალაქის ტერიტორიაზე კაშხლის სანაპირო ნაწილი გასკდა. იქ არის კერძო სექტორი, რომელიც რეგულარულად იტბორება, ხალხი წინასწარ იყო გაფრთხილებული ევაკუაციისთვის, ზოგიერთის პრევენციული ევაკუაცია დღის განმავლობაში მოხდა და ევაკუაცია გრძელდება“–ამბობენ ორენბურგის ოლქის გუბერნატორის პრესსამსახურში.

    „უახლოეს მომავალში ძველი ქალაქის მთელი საცხოვრებელი ზონა დაიტბორება. მოსახლეობამ უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები ევაკუაციისთვის“, – აფრთხილებს მოსახლეობას ქალაქის ადმინისტრაცია.

    ამ დროისთვის ცხრა ქუჩაზე 600-მდე სახლი დატბორილია, ხოლო წყალი ქალაქ ორსკის ძველ ნაწილში აგრძელებს ჩადინებას, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

    ხალხი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით გადაიყვანეს ნათესავებთან ნიუ-თაუნში ურალის მეორე მხარეს და სკოლებში გახსნილ დროებით განსახლების ცენტრებში. ძველ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მაშველები კერძო სექტორს ათვალიერებენ და ხალხს წასვლას ურჩევენ.

    ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის ზონაში 4 ათასზე მეტი სახლი და თითქმის 11 ათასი მცხოვრები მოხვდა.

    საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცდილობენ ორსკში კაშხლის ჩამონგრევის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოებში ჩართულია ათობით მძიმე ტექნიკა.

    კაშხლის გარღვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, სამედიცინო დახმარებისთვის არავის მიუმართავს, წერს რია ნოვოსტი. დროებითი განსახლების ცენტრებში 235 ადამიანი იმყოფება, დანარჩენები სახლებიდან ნათესავებთან გადავიდნენ.

    წყალდიდობამ არა მხოლოდ ორსკი, არამედ ორენბურგიც დაზარალდა. ქალაქის ხელისუფლება რეგიონული ცენტრის რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს ევაკუაციას სთხოვს.

    „2024 წლის წყალდიდობა ორენბურგის რეგიონში ყველაზე ძლიერია ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში“, წერს Orenburg Media. — მძიმე ვითარება დაფიქსირდა რეგიონის თითქმის ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის ორსკში: რამდენიმე დღეა აქ იტბორება გარეუბნის სოფლები. თუმცა, კაშხლის გარღვევამ გამოიწვია წყალდიდობის ზონიდან რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია ერთ საღამოს“.

    მდინარე ურალის დონე შაბათს დილით არის 9,27 მეტრი, რაც სახიფათო დონეზე 2 მეტრზე მეტია, განაცხადა ორსკის ხელმძღვანელმა. დაიტბორა ძველი ქალაქის ნახევარი. წყლის დონე სწრაფად მატულობს.

    წყალი ორ-სამ დღეში არ გაქრება, მის გაწოვას დაახლოებით ორი კვირა დაჭირდება. კოზუპიცას თქმით, წყალი სახლებს დააზიანებს და მათი ნაწილი საცხოვრებლად აღარ გამოდგება.

  • როგორ გამოიყენა “აგენტების კანონი“ პუტინმა მედიის, ოპონენტების და სამოქალაქო აქტივისტების გასანადგურებლად. ნახეთ მოკლე ისტორია

    “ქართული ოცნება“ აღშფოთებას გამოხატავს, როცა მის მიერ ინიცირებულ “უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს“ რუსულს უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლება მწვავედ აკრიტიკებს დასავლელ პარტნიორებსაც, რომლებიც ამ კანონის გამო შეშფოთებას გამოხატავენ. მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდა პროცესები თავად რუსეთში “აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ და როგორ გამოიყენა ის პუტინმა. დასაწყისში პუტინის რიტორიკაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მსგავსი იყო – ის გამჭვირვალობაზე საუბრობდა და კანონს უწყინარ აქტად წარმოაჩენდა, რომელიც მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტ გამჭვირვალობას აიძულებდა. დღეს კი ეს კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში ნებისმიერი პროფესიის ადამიანის აგენტად გამოსაცხადებლად და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლადაც  კი ეფექტური ინსტრუმენტია.

    “კანონი უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთში პირველად 2012 წელს იქნა შემოღებული. ის ავალდებულებს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც იღებს უცხოურ დაფინანსებას და ეწევა „პოლიტიკურ აქტივობას“, დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური აგენტი“ იუსტიციის სამინისტროში. თავდაპირველად ეს კანონი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ წლების განმავლობაში მისი მოქმედების სფერო მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

    მიზანი და გაფართოება

    კანონის ოფიციალური მიზანი, როგორც რუსეთის მთავრობა მისი მიღებისას აცხადებდა, იყო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის დაცვა გარე გავლენისგან, “რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია.“ თუმცა, კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ის გამოყენებულ იქნებოდა ინსტრუმენტად განსხვავებული აზრის ჩასახშობად, სამოქალაქო საზოგადოების გასაკონტროლებლად და ოპოზიციის გავლენის შესამცირებლად ხელისუფლების მიერ არასასურველად მიჩნეული ორგანიზაციებისა და პირების სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის გზით.

    საბოლოოდ ასეც მოხდა.

    დაარსების დღიდან კანონმა განიცადა რამდენიმე ცვლილება და მისი მოქმედების არეალი გაფართოვდა:

    2012 წელი: თავდაპირველი კანონი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური დაფინანსებით.

    2014 წელი:კანონში  ცვლილებებმა მთავრობას უფლება მისცა პირდაპირ მიეწებებინა ორგანიზაციებისთვის უცხოეთის აგენტების იარლიყი.

    2015 წელი: კანონის ფარგლები გაფართოვდა და მოიცვა „არასასურველი ორგანიზაციები“, რითაც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლს უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებზე.

    2016 წელი: შევიდა ცვლილებები, რომლითაც ფიზიკური პირები შეიძლება გამოცხადდნენ უცხოეთის აგენტებად, თუ ისინი ავრცელებდნენ უცხოური მედიის შინაარსს ან ჩაითვლებოდა, რომ ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას უცხოეთის მხარდაჭერით.

    2017 წელი და შემდგომ: შემდგომმა ცვლილებებმა გააფართოვა პოლიტიკური აქტივობის განმარტება და გაზარდა ზემოქმედების ქვეშ მყოფთა კონტროლი და რეგულირების ტვირთი.

    გავლენა და შედეგები

    არასამთავრობო ორგანიზაციები

    კანონმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთში არასამთავრობო სექტორზე. ასობით ორგანიზაციას მიენიჭა უცხოეთის აგენტის იარლიყი. ამის გამო ისინი  ექვემდებარებიან გაძლიერებულ სამთავრობო კონტროლს, ანგარიშგების დამატებით მოთხოვნებს და საზოგადოებრივ სტიგმას. ამან გამოიწვია მრავალი ორგანიზაციის დახურვა, პირდაპირი ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის ან უცხოური აგენტის  ეტიკეტთან დაკავშირებული რეპუტაციის დაზიანების გამო. ზუსტი რიცხვებიის შესახებ ინფორმაცია განსხვავებულია, მაგრამ ანგარიშებში ნავარაუდევია,  რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, სულ მცირე, რამდენიმე ასეული არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებული გახდა დახურულიყო ან ნებაყოფლობით დაიშალა, რათა თავიდან აეცილებინა უცხოური აგენტის იარლიყი.

    მედია

    რუსეთში მედია ლანდშაფტიც დაზარალდა. დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, მოიხსენიებენ, როგორც უცხოურ აგენტებს, რაც იწვევს თავისუფალ პრესასა და გამოხატვის თავისუფლებას გამყინავ ეფექტს. ეს აღნიშვნა აწესებს ფინანსური ანგარიშგების მკაცრ მოთხოვნებს, მოითხოვს ყველა პუბლიკაციების ეტიკეტირებას „უცხოური აგენტის“ სახელდებით, და, შედეგად, ხელს უშლის რეკლამის განმთავსებლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს მათთან თანამშრომლობაში, რაც ამ მედიასაშუალებების კიდევ უფრო მეტ იზოლირებას იწვევს.

    საზოგადოება და პოლიტიკა

    უცხოელი აგენტების კანონმა ხელი შეუწყო რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული პოლიტიკური აზრის უფრო კონტროლირებად და რეპრესიულ გარემოს. ის გამოიყენებოდა ოპოზიციონერების, უფლებადამცველების, გარემოსდაცვითი ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების სამიზნედ ქცევისთვის, მათ შორის. პოლიტიკური აქტივობის ფართო და ბუნდოვანი განმარტება ფართო ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, რამაც ხელისუფლებას გაუადვილა კანონის გამოყენება ორგანიზაციებისა და ინდივიდების ფართო სპექტრზე.

    კანონს მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევის გამო. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონმა ძირი გამოუთხარა ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რომელიც გადამწყვეტია დემოკრატიული სისტემისთვის.

    უცხოელი აგენტების კანონი რუსეთში იქცა  მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მთავრობის სტრატეგიაში საჯარო დისკურსის კონტროლის, ოპოზიციის დათრგუნვისა და გარე გავლენის შეზღუდვისთვის. მისმა ფართო გამოყენებამ და შემდგომმა სტიგმატიზაციამ ღრმა გავლენა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მოქმედ გარემოზე ქვეყნის შიგნით.

    კანონმდებლობის ცვლილებებმა და რეგულაციების გამკაცრებამ 2012 წლიდან მოყოლებული რუსეთიდან საერთაშორისო ფონდებისა და დასავლური დონორი ორგანიზაციების თანდათანობით გასვლა გამოიწვია. ორგანიზაციებმა დაიწყეს რუსეთის დატოვება ან იძულებულნი გახდნენ შაეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა იქ რამდენიმე წლის განმავლობაში, კანონმდებლობის ცვლილებებისა  და პოლიტიკური ზეწოლის გამო.

    არასასურველი ორგანიზაციების კანონი (2015): 2015 წელს რუსეთმა შემოიღო კანონი „არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევდა აეკრძალა უცხოური ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც “საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს, თავდაცვისა თუ უსაფრთხოებისთვის.“ ამ კანონმდებლობამ კიდევ უფრო გაართულა საერთაშორისო ფონდებისა და დონორი ორგანიზაციების ფუნქციონირება რუსეთის შიგნით, ადგილობრივი პარტნიორებისთვის ან საკუთარი თავისთვის სამართლებრივი შედეგების გარეშე.

    გაზრდილი დაძაბულობა და პოლიტიკური კლიმატი (2014 წლიდან): 2014 წელს ყირიმის ანექსიამ და შემდგომმა კონფლიქტმა აღმოსავლეთ უკრაინაში გამოიწვია დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რასაც შედეგად მოჰყვა სანქციები და გაუარესებული პოლიტიკური კლიმატი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეს დაძაბულობა გაამწვავა რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ სირიაში და ბრალდებებმა სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ. პოლიტიკური გარემო სულ უფრო მტრული ხდებოდა დასავლური ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც რუსეთის მთავრობა უცხოური გავლენისა და ჩარევის ინსტრუმენტებად ნათლავდა.

    ბევრი ორგანიზაცია პირდაპირ გამოცხადდა “არასასურველად”, რის გამოც ისინი აიძულეს შეაჩერონ თავიანთი საქმიანობა რუსეთში.

    სხვებმა აირჩიეს წასვლა შეუძლებელი სამუშაო პირობების გამო, მათ შორის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი რისკების, ფინანსური კონტროლისა და ზოგადად მტრული გარემოს გამო.

    ამ ორგანიზაციების წასვლამ დიდი გავლენა მოახდინა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეამცირა რესურსები და მხარდაჭერა ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, განათლებისა და კულტურული გაცვლისთვის.

    მან ასევე მოახდინა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების იზოლაცია საერთაშორისო ქსელებისა და თანამშრომლობისგან, კიდევ უფრო გააძლიერა მთავრობის კონტროლი საჯარო სფეროზე და სამოქალაქო ინიციატივებზე.

    საკანონმდებლო ცვლილებები და სხვადასხვა სახის ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან დასავლური ორგანიზაციების და გავლენის განსადევნად გამოიყენა.

    “აგენტების კანონი“ 2022 წლის თებერვლის შემდეგ

    2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ამ პერიოდში აღინიშნა კანონის გამოყენების მნიშვნელოვანი ზრდა იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აღიქმება კრიტიკულად ხელისუფლების ქმედებების მიმართ, განსაკუთრებით მისი სამხედრო ინტერვენციის მიმართ უკრაინაში.

    გაფართოებული სამიზნე

    2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გააფართოვა უცხოური აგენტების კანონის მიზანმიმართულობა, და მოიცვა ფიზიკური და იურიდიული პირების უფრო ფართო სპექტრი. უცხოეთის აგენტებად გამოცხადდნენ არა მხოლოდ ჟურნალისტები, აქტივისტები, ბლოგერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, მათ შორის მსახიობები, მეცნიერები, მომღერლები და ა.შ. პრაქტიკულად მედიის მუშაობა ისე გართულდა, რომ უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებამ არათუ გაართულა მუშაობა, არამედ შეუძლებელი გახადა კრიტიკული მედიის საქმიანობა და კერძო პირების მიერ კრიტიკული აზრის გამოხატვა იურიდიული შედეგების გარეშე. ჟურნალისტების და სხვა პროფესიის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გაიქცა.

    მედია საშუალებები: დამოუკიდებელ მედიას შეეჯახა უპრეცედენტო ზეწოლას, მრავალი გამოცემა და ჟურნალისტი მიენიჭა უცხოური აგენტის იარლიყი და  იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, ან პირდაპირი აკრძალვით ან უცხოური აგენტის სტატუსით დაწესებული გაუსაძლისი პირობების გამო. უცხოური აგენტების კანონის ზეწოლამ, სხვა რეპრესიულ ზომებთან ერთად, გამოიწვია კიდევ რამდენიმე არასამთავრობო და დამოუკიდებელი მედია საშუალების დახურვა. ზოგიერთმა აირჩია დაშლა ან ოპერაციების შეწყვეტა, ვიდრე უცხოური აგენტად დასახელების სამართლებრივი და სოციალური შედეგები.

    აკადემიური და კულტურული მოღვაწეები: პირველად კანონის უფრო ფართოდ გამოყენება დაიწყო აკადემიკოსების, ხელოვანებისა და კულტურის მოღვაწეების მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლებაზე და ჩაახშო  კრიტიკულ ხმას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

     

    სამართლებრივი და სოციალური შედეგები

    ლეგალური შევიწროება და ცენზურა: უცხოური აგენტის აღნიშვნა გამოიყენება ინდივიდებისა და ორგანიზაციების ლეგალური შევიწროებისა და ცენზურის მიზნით. კანონი ავალდებულებს ეტიკეტირებულ სუბიექტებს, მონიშნონ ყველა თავიანთი პუბლიკაცია „უცხოური აგენტის“ პასუხისმგებლობის შეზღუდვით, წარადგინონ რთული  ფინანსური ანგარიშგება და ექვემდებარონ რეგულარულ სახელმწიფო ინსპექტირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჯარიმები შეუსრულებლობისთვის.

    გამყინავი ეფექტი: კანონის გაფართოებულმა გამოყენებამ  გამყინავი ეფექტი შექმნა სიტყვის თავისუფლებაზე და აქტივიზმზე. იმის გააზრებისგამო, თუ რა რისკებს უკავშირდება უცხოური აგენტის ეტიკეტირება, ბევრმა ინდივიდმა და ორგანიზაციამ მოახდინეს თვითცენზურა, თავი აარიდეს მთავრობის კრიტიკას ან სენსიტიურ თემებში ჩართვას. ცოტა ხნის წინ რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც უკვე ოფიციალურად უკრძალავს რეკლამის განთავსებას “უცხოურ აგენტად“ გამოცხადებულ მედიასაშუალებაში.

    საერთაშორისო რეაქცია: წლების მანძილზე უცხოელი აგენტების კანონი საერთაშორისო კრიტიკას იწვევდა   ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, უცხოური მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანოების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული ხდებოდა გლობალური საზოგადოებისგან და არღვევდა გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ძირითად პრინციპებს.

    დღეს რუსეთი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ადამიანის უფლებების შესახებ კი ამ ქვეყანაში საუბარიც კი ზედმეტია.

  • როცა ყირგიზეთმა რუსული კანონი მიიღო, ივანიშვილი მოსკოვიდან კურიერს შეხვდა – სააკაშვილი

    როცა ყირგიზეთმა რუსული კანონი მიიღო, ივანიშვილი მოსკოვიდან კურიერს შეხვდა – სააკაშვილი

    იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. ივანიშვილმა იმავე საღამოსთვის დანიშნა “ოცნების” პოლიტსაბჭო. – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “სინამდვილეში რა მოხდა – იმ დღეს, როდესაც ყირგიზეთმა “რუსული კანონი” მიიღო, ივანიშვილს ურეკში მოსკოვიდან გამოგზავნილი კურიერი შეხვდა. ივანიშვილმა იმავე საღამოსთვის დანიშნა “ოცნების” პოლიტსაბჭო.

    ის თბილისში ჩამოფრინდა, დაელოდა მეორე დღეს რუსული კანონის ხელახლა შემოტანის დაანონსებას, რის შემდეგაც თბილისიდან დემონსტრაციულად გაფრინდა. ოღონდ, გამოცხადებისას ხაზი გაესვა, რომ ივანიშვილი კანონის მიღებაში აქტიურად იყო ჩართული – ესეც, რა თქმა უნდა, მოსკოვის გასაგონად.

    მოსკოვის ინტერესი აქ დღესავით ნათელია. როგორც ძაღლი მოინიშნავს ხოლმე თავის ტერიტორიას, ასევე იყენებს კრემლი ამ კანონს თავისი სამფლობელოს შემოსაღობად.

    აი, ივანიშვილისთვის კი, ეს უდიდესი რისკია. მას იმედი აქვს, რომ უკიდურეს ძალადობას მიმართავს, მაინც გაიტანს ამ კანონს და პარალელურად დააჩმორებს ქართულ საზოგადოებას. ეს მისთვის სწორედაც რომ ქართული საზოგადოების დაჩმორების კანონია.

    უნდა გვესმოდეს და ვემზადოთ იმისთვის, რომ ამჯერად ივანიშვილი ბევრად მეტ ძალადობასა და რეპრესიებს მიმართავს, ვინაიდან ეს მისთვის გენერალური ბრძოლაა, ეს კი უკიდურეს არეულობას გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა გავატანინოთ კანონი და არ უნდა ავარევინოთ.

    ახლა ხანდახან მესმის მოტივი – “მიუხედავად იმისა, გაიტანს კანონს თუ არა, მაინც არჩევნებზე გადაწყდება ყველაფერი”. აქ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებისთვის თავიდან აიცილებს ელექტორალურ რევოლუციას, ვინაიდან საზოგადოება უკვე დემოტივირებული იქნება.

    სწორედ ამიტომ, ოლიგარქის დამარცხების გასაღები მობილიზაციაში, ერთიანობასა და სიმტკიცეშია”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

  • აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ყიდდნენ – 5 ადამიანი დააკავეს

    აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უკანონოდ ხდებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთიდაიგივე პირები მართავდნენ. დაკავებულია 5 პირი.

    “აჭარის რეგიონში, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

    გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან 5 დააკავეს.

    დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში მიიღეს დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მოახდინეს მისი ლეგალიზაცია.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა, – წერია განცხადებაში.

    გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.