Category: კავკასია

  • სალომე ზურაბიშვილი:ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირისა და აშშ–სთვის ომის გამოცხადებაა

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის – ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადებაა.

    „მათთვის ყველასთვის ომის პარტიის წოდება და ჩემთვის და მათთვის ომის პარტიის აგენტების წოდება, საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, პარტიებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის შენარჩუნება სურთ, რევოლუციისა და დამხობის აგენტების წოდება – ეს არის ზუსტად ის ტერმინები, რასაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ წლებია იყენებს.

    დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა „ქართული ოცნება“ პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობენ ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილი სხდომები გაუქმდა. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა

    დღეს 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები – ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გამოცხადდა, რომელიც  2 მაისს, 14.00 საათამდე იმოქმედებს.

    მიზეზების შესახებ პარლამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

    „1 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად დღეს, 2 მაისს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის სასახლეში, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები“.

    წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.

    როგორც პარლამენტის განცხადებაში წერია, 2 მაისს, 14:00 საათის შემდეგ, გაუქმდება წითელი დონე და დაიწყებს მოქმედებას ყვითელი დონე, რა დროსაც  შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.

    1 მაისს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

    პარლამენტმა „აგენტების კანონის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.

    გუშინ პარლამენტთან ათეულათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსული კანონის გასაპროტესტებლად.

  • ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ!-ნინო ხარატიშვილი

    წინასწარ: მომიტევეთ პათოსი, მაგრამ არ გამოდის ამ ვითარებაში სხვაგვარად…10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)”ამ წიგნისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი, ჩვენი წარსულის უდიდესი და ყველაზე სისხლიანი თავები ხომ სამწუხაროდ დღემდე მოსკოვში ინახება…

    იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა, იყო დღეები როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს, იმის გათვალისწინებით რასაც ვაწყდებოდი სხვადასხვა წყაროებში… სრული ნიჰილიზმი მიპყრობდა საბჭოთა სისტემის სისასტიკის, დაუნდობლობის, სრული მარაზმის ფონზე, მერე მაინც რაღაცნაირად ვაგრძელებდი… და გავედი ფინალში.

    წიგნი თბილისში, მორიგ დემონსტრაციაზე მთავრდება, აწ უკვე 21 საუკუნეში. იქ 14 წლის გოგო დგას, რომელთა წინაპრებმაც მთელი ის ჯოჯოხეთი გამოიარეს იმის იმედით, რომ მათი შთამომავალი მაინც შეძლებდა და სხვანაირ, ახლებურ ისტორიას დაწერდა… თავად შეავსებდა ცარიელ ფურცელს და არც პარტია, არც ცკ, არც კრემლი, არც მორიგი განდიდების და ძალაუფლების მანიით შეპყრობილი დესპოტი არ დაუწერდა მას საკუთარ ბიოგრაფიას!
    ეს წიგნი, ამ ბოლო 10 წელიწადში ჩემდა საბედნიეროდ ბევრ ენაზე ითარგმნა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. ბევრ მკითხველს შევხვდი და ყველა, უკლებლივ ყველა იმეორებდა: როგორ არ ვიცოდით რამხელა ბოროტებაში გიწევდათ ცხოვრება, როგორი საშინელება გამოიარეთ… და ყველა მეკითხება დღემდე:” როგორ გგონიათ, ბრილკა შეძლებს ამ ყველაფერს თავი დააღწიოს? დაწერს საკუთარ ისტორიას?” ჩემი პასუხი ყოველთვის ოპტიმისტური იყო: “აუცილებლად!”
    როცა ამ წიგნს ვწერდი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის თავზე ისეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი, რომელშიც ქართველ ჰომო სოვეტიკუსებს და მათ ბელადს ეპყრობოდათ ქვეყნის სადავეები ხელთ და ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით დაუჩოქებდნენ ისევ კრემლს იმის იმედით, რომ ნაწყენი მამა უძღებ შვილს “სახლში,” მონის სტატუსზე დააბრუნებდა!
    და ამიტომ: ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!

    ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა! ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ! ისევ შიშისა და წნეხის, სრული უნდობლობის, შანტაჟის, ძალადობის, საკუთარი აზრის გამოხატვის აკრძალვის, “საზეპიროებისა” და პიონერთა ბანაკებისგან შეთითხნილი წარსული: რომელსაც მერე მომავლად გავასაღებთ!

    ყველა ახალგაზრდა, რომელიც ახლა ქუჩაშია ის ახალგაზრდაა, რომელიც იმსახურებს საკუთარი ისტორიის- საკუთარი ხელით დაწერას!
    მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ!

    ნინო ხარატიშვილი, მწერალი

  • შსს–მ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, “მარიხუანა” და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

    18 დაკავებულს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

  • სენატორები კობახიძეს:თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ–ინდივიდუალური სანქციები, ფინანსური დახმარების გადახედვა და სავიზო აკრძალვის გაფართოება

    ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

    ამერიკის ხმა წერს, რომ 14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.

    ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.

    ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.

    „ამერიკის ხმის“ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიცირებული კანონი ამოქმედდება”, – ნათქვამია სტატიაში.

    გამოცემის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი“.

    „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა“, – ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში.

    როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია წერს, პოლიტიკის ცვლილებაში სენატორები რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა – „მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა“.

    „ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, სენატორები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც „ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა“. ამასთან, კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოს იმ პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად 1991 წლის შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.

    „ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება.

    ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს“, – ნათქვამია წერილში.

    „წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა“. მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“.

    წერილში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება.

    სენატორები ასევე აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამბობენ, რომ ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დადგეგმილი, მომავალი არჩევნების წინ.

    წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი.

    სენატორების წერილამდე ერთი დღით ადრე, ჰელსინკის კომისიამ წარმომადგენელთა პალატის ლიდერების განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ამერიკელი კანონმდებლებისთვის „აღმაშფოთებელია იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა, ასე თავხედურად უტევს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან“. კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას და ამ „დესტრუქციული გზიდან გადახვევისკენ“ მოუწოდებენ“, – ნათქვამია „ამერიკის ხმის“  სტატიაში.

  • აშშ–ს 61 მილიარდიანი დახმარება უკრაინისთვის დამტკიცებულია–მოკლე ისტორია, რეაქციები და შედეგები

    აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ, მრავალკვირიანი შეფერხების შემდეგ, მყარი უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის მხარდასაჭერად  პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული მიზნებისთვის. საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ ვაშინგტონი შეძლებს განაახლოს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რომელიც რამდენიმე თვით შეწყვეტილი იყო.

    კანონპროექტს მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ასევე რესპუბლიკელებმა: 311 მომხრე, 112 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. დემოკრატებს შორის უკრაინის დახმარებას მხარი დაუჭირა 210-ვე დამსწრე კონგრესმენმა. რესპუბლიკელებს შორის 101-მა ხმა მისცა, მაგრამ ნახევარზე მეტმა, 112 კონგრესმენმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

    ბიუჯეტის მოთხოვნა კვლავ უნდა დაამტკიცოს სენატმა, სადაც უკრაინის დახმარებას მხარს უჭერს კანონმდებლების დიდი უმრავლესობა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ სენატორები „პირველ კენჭისყრას სამშაბათს დაასრულებენ“. ეს არ იქნება ბოლო კენჭისყრა, მაგრამ კანონპროექტი, სავარაუდოდ, სენატში მომდევნო კვირაში გაივლის ყველა მოსმენას.

    მას შემდეგ კანონპროექტს  ხელი უნდა მოაწეროს დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც პირობა დადო, რომ ამას დაუყოვნებლივ გააკეთებს, როგორც კი დოკუმენტი მასთან მიაღწევს.

    უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტი მოიცავს 60,84 მილიარდ აშშ დოლარს, მაგრამ ეს მოიცავს 23,2 მილიარდ აშშ დოლარს აშშ-ს სამხედრო მარაგების შესავსებად კიევში გაგზავნის შედეგად სამხედრო მარაგების შემცირების შემდეგ და 11,3 მილიარდ აშშ დოლარს რეგიონში აშშ-ის სამხედრო საქმიანობისთვის, როგორიცაა უკრაინელი სამხედროების მომზადება მათი ქვეყნის გარეთ და სამხედრო ყოფნა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში.

    როგორც Politico-მ და Washington Post-მა გაავრცელეს ინფორმაცია ამ კვირაში, პენტაგონმა წინასწარ მოამზადა უკრაინისთვის განახლებული სამხედრო დახმარების დიდი პარტია, და როგორც კი როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება, უკრაინის არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას „ერთ კვირაზე ნაკლები“ ​​დასჭირდება .

    ასევე შაბათს, წარმომადგენელთა პალატამ ცალკე მხარი დაუჭირა ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტებს. თავდაპირველად ისინი  ერთიანი პაკეტის ნაწილი იყვნენ უკრაინის მხარდასაჭერი ბიუჯეტთან ერთად, მაგრამ საბოლოოდ, პალატის თავმჯდომარემ გადაწყვიტა მათი გამიჯვნა. ისინი ასევე ხელახლა უნდა დაამტკიცოს სენატმა, რის შემდეგაც პრეზიდენტს შეუძლია ხელი მოაწეროს ამ კანონპროექტებს.

    უკრაინა და ევროპელი მოკავშირეები მიესალმნენ კონგრესმენების გადაწყვეტილებას, მოსკოვში კი ის დაგმეს და მოსალოდნელი უწოდეს.

    როგორი იყო გაჭიანურებული კანონის წინაისტორია:

    ჯერ იყო ბრძოლა კონგრესში.

    აშშ-ის კონგრესში უკრაინის დახმარების შესახებ დებატები თითქმის ხუთი თვე გაგრძელდა.

    როდესაც გასული წლის ბოლოს ვაშინგტონმა გადასცა კიევს დახმარების ერთ-ერთი ბოლო პარტია, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ გააფრთხილა ყველა, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებდა უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტს უახლოეს კვირებში, პრაქტიკულად ბიუჯეტში თანხები ამისთვის ამოწურული იყო.

    გარკვეული სახეობის სამხედრო მარაგების მიღება საკმარისი რაოდენობით კიევს  მხოლოდ აშშ–დან შეუძლია: პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის რაკეტების და საარტილერიო ჭურვების. ამ საბრძოლო მასალის ნაკლებობამ უკრაინის არმია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ის იძულებულია თანდათან უკან დაიხიოს და ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ფრონტი რაღაც მომენტში შეიძლება დაიშალოს.

    მიუხედავად ამისა, დახმარების პაკეტი რთული ბრძოლების წყალობით გავიდა სენატშიც კი, რომელსაც  დემოკრატები  აკონტროლებენ.  ჯერ კიდევ დეკემბერში, რესპუბლიკურმა უმცირესობამ დაბლოკა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიღების მცდელობა, რომელიც აერთიანებდა დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის.

    ყველაზე დიდი თანხა გამოიყო  უკრაინულ დახმარებაზე – 61 მილიარდი დოლარი (თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა დახარჯულიყო ამერიკული არსენალის შევსებაზე და აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ჯარების დაფინანსებაზე), დანარჩენი ისრაელისთვის სამხედრო დახმარებისთვის, პალესტინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ტაივანისა და სხვა მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერისთვის  ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

    კანონპროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ კონგრესის ორივე პალატის რესპუბლიკელებმა მექსიკასთან საზღვრის კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს. თებერვლის დასაწყისში თეთრი სახლი და დემოკრატები შეთანხმდნენ მნიშვნელოვან დათმობებზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეწინააღმდეგა შეთანხმებას, რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს კომპრომისულ კანონპროექტს.

    შემდეგ დემოკრატებმა კენჭისყრაზე სენატში გამოიტანეს საგარეო დახმარების კანონპროექტი ყოველგვარი სასაზღვრო პუნქტების გარეშე და, მრავალი დამკვირვებლის გასაკვირად, ის დამაჯერებლად  გავიდა – დემოკრატების გარდა, რესპუბლიკური უმცირესობის თითქმის ნახევარმა ხმა მისცა. ამ ფორმით მისი ღირებულება 95 მილიარდი დოლარი იყო.

    სენატში მიღების შემდეგ, კანონპროექტი დიდი ხნის განმავლობაში გაიჭედა წარმომადგენელთა პალატაში.

    რესპუბლიკელებს აქვთ ნომინალური უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ იქაც, ორივე პარტიის კანონმდებლების უმეტესობა მზად იყო მხარი დაეჭირა კანონპროექტისთვის, თუ ის კენჭისყრაზე გავიდოდა.

    მაგრამ რესპუბლიკელების ჯგუფი, რომელიც მწვავედ  ეწინააღმდეგებოდა დახმარების პაკეტს, გადაყენებით  დაემუქრა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, იმ შემთხვევაში,  თუ ის კანონპროექტს კენჭისყრაზე გაიტანდა. ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჯონსონი ასრულებდა მათ სურვილებს, მიუხედავად ჯო ბაიდენისა და უცხოელი ლიდერების თხოვნისა.

    მაგრამ ოთხშაბათს მან შეცვალა პოზიცია და თქვა, რომ აპირებს სწორად მოიქცეს, შედეგების მიუხედავად.

    დემოკრატების ჯგუფი ასევე ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტის კენჭისყრას – უკვე ისრაელისთვის დახმარების შესახებ დებულებების გამო, რომელიც ღაზაში ომს აწარმოებს.

    შედეგად, სპიკერმა შესთავაზა  კონგრესს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების გაფორმება ცალკე კანონპროექტების სახით. იდეას მხარი დაუჭირეს პალატის შეიარაღებული ძალების, საგარეო საქმეთა, დაზვერვის, ბიუჯეტისა და თავდაცვის ბიუჯეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეებმა. შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს მაიკ ჯონსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს.

    კონსერვატორი სპიკერის ალიანსი დემოკრატებთან

    დემოკრატიულმა ხმებმა ხელი შეუწყო რესპუბლიკელ მაიკ ჯონსონს კენჭისყრის დანიშვნაში.  ეს უკიდურესად ატიპიური ამბავია: როგორც წესი, პარტია, რომელსაც აქვს უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, პალატის საქმიანობის ორგანიზების ყველა საკითხს მხოლოდ საკუთარი ხმებით წყვეტს: ის განსაზღვრავს დღის წესრიგს, პროცედურის წესებს, ირჩევს სპიკერს და სხვა თანამდებობის პირებს. უმცირესობის პარტია ტრადიციულად ყველა ამ პროცედურულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

    მაგრამ რესპუბლიკელების სხვაობა დემოკრატებთან მიმართებაში წარმომადგენელთა პალატაში ძალიან მცირეა: 217 ხმა 213-ის წინააღმდეგ (კიდევ ხუთი ადგილი ახლა ვაკანტურია). თუ სულ მცირე ორი რესპუბლიკელი უარს იტყვის თავის ფრაქციასთან ერთად ხმის მიცემაზე, ხოლო დემოკრატები ინარჩუნებენ ჩვეულ ხაზს და მის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, მაშინ რეზოლუცია მარცხდება. კიდევ ბევრი რესპუბლიკელია, რომელიც ეწინააღმდეგება საგარეო დახმარებას, განსაკუთრებით უკრაინისთვის.

    შედეგად, დემოკრატების პოზიციის ცვლილების წყალობით, კანონპროექტების კენჭისყრაზე წარდგენის პროცედურული გადაწყვეტილება წარმატებით მიიღეს (316 ხმით მომხრე და 94 წინააღმდეგი). ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა პალატის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრი.

    რესპუბლიკელებს შორის უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეები ახლა იმუქრებიან, რომ დააინიცირებენ კენჭისყრას სპიკერ ჯონსონის გადაყენებისთვის, მათგან მინიმუმ ორი საჯაროდ აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს მის გადაყენებას. ეს შეიძლება საკმარისი იყოს – თუ დემოკრატები კვლავ არ დაირაზმებიან მის დასახმარებლად.

    რეაქცია: შვება უკრაინასა და ევროპაში, მუქარა და ლანძღვა რუსეთში

    დიდი ხნის ნანატრი ამერიკული დახმარების დამტკიცებას კიევი მიესალმა,  შეერთებული შტატების ევროპელმა მოკავშირეებმა აშკარა კმაყოფილებით უპასუხეს.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ორივე მხარეს და პირადად სპიკერ ჯონსონს.

    „ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამერიკული დახმარების კანონპროექტი, რომელიც დღეს მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, თავიდან აიცილებს ომის ესკალაციას, გადაარჩენს ათასობით ათასობით სიცოცხლეს და დაეხმარება ორივე ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს. სამართლიანი მშვიდობა და უსაფრთხოება მიიღწევა მხოლოდ ძალით“, – წერს ზელენსკი X ქსელში.

    „მივესალმები ამ კანონპროექტის მიღებას წარმომადგენელთა პალატის მიერ. ეს აჩვენებს უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას“, – წერს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ასევე X-ში. „დახმარების ეს მნიშვნელოვანი ზრდა შეავსებს ევროპელი მოკავშირეების მიერ გაწეულ ათობით მილიარდ დახმარებას. პარასკევს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე მოკავშირე თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე. მოვუწოდებ სენატს დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნოს.“

    „აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა უკრაინისთვის $60 [დამრგვალებული] მილიარდი დოლარით არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, წერს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდ დევიდ კამერონი X-ში. „თუ პუტინს ოდესმე ეჭვი ეპარებოდა დასავლეთის გადაწყვეტილებაში უკრაინის მხარდასაჭერად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი კოლექტიური ნება არ გამქრალა. მხარდაჭერით უკრაინას შეუძლია და მოიგებს. #ვდგავართ უკრაინის გვერდით.”

    მოსკოვში კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ეს კიდევ უფრო გაამდიდრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და კიდევ უფრო დაანგრევს უკრაინას, რაც გამოიწვევს მეტი უკრაინელის სიკვდილს კიევის რეჟიმის ბრალეულობით“.

    ის ასევე შეეხო სხვა კანონპროექტს, რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, შეერთებულ შტატებში რუსეთის მთავრობის აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს. პესკოვის თქმით, „თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ამერიკას მოუწევს აგოს პასუხი. და ნაკლებად სავარაუდოა, რომ აქ რაიმე დროითი შეზღუდვა იქნება. ”

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა როგორც უკრაინის დახმარებაზე, ასევე წარმომადგენელთა პალატის მიერ შაბათს მიღებულ კანონპროექტებზე.

    „აშშ-ს მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა გაამწვავებს გლობალურ კრიზისს: კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარება არის ტერორისტული აქტივობების პირდაპირი სპონსორობა, ტაივანის მიმართ – ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა, ისრაელისთვის – პირდაპირი გზა რეგიონში უპრეცედენტო გამწვავებისკენ“, – დაწერა ზახაროვამ თქვენს ტელეგრამის არხზე.

    უფრო ემოციურად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.

    „ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, მიუხედავად 61 მილიარდი სისხლიანი დოლარისა, რომელიც ძირითადად მათ გაუმაძღარი სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს ყელში წავა.  ძალა და სიმართლე ჩვენსკენ არის“, – წერს მედვედევი ტელეგრამის თავის არხზე „მაგრამ რუსოფობიური გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც მიიღეს, მე არ შემიძლია მთელი გულწრფელობით არ ვუსურვო შეერთებულ შტატებს ახალ სამოქალაქო ომში რაც შეიძლება სწრაფად ჩაძირვა.“

  • ირაკლი ღარიბაშვილი:დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ არის კონსენსუსი ამაზე, დრო დასჭირდება

    “დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას“– უთხრა ჟურნალისტებს დღეს ყოფილმა პრემიერმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსულ კანონზე საუბრისას. მისი თქმით, ამ კანონის გადახედვა და გაუქმება შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა საქართველო მზად იქნება ევროკავშირისთვის:

    „ერთი რამ მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება, თქვენი აზრიც მაინტერესებს, თქვენც ყველა მოქალაქეები ხართ. საუბარია იმაზე,რომ ამ კანონის მიღებით რაღაც შეიძლება შეიცვალოს და იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი , ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან,რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად.

    არ ვიცი, ვის ინტერესშია ეს, ვინ იყენებს ამ განცხადებას,ისევ რადიკალური ოპოზიცია. გადახედეთ, თუ რაიმე პატარ კრიზისები იყო, ყოველი განცხადება და ასეთი გამონათქვამი შემდგომში გამოყენებული იქნა ისევ რადიკალური ოპოზიციის მიერ, ეს ხომ მარტივი გასაშიფრი და წასაკითხია. უბედურება რაშია იცით, აი, ჩვენი უბედურება, აქ ხალხი ცხოვრობს, სამი ათასწლოვანი ისტორია გვაქვს, ჩვენ ე.ი. ჩასაფრებული ვართ რა თქვა, რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელმა, რა თქვა შემდეგ ევროპის წარმომადგენელმა, ამერიკის, ასე მეგობრებო, ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება საქართველოს და რაც სჭირდება ქართველ ხალხს. დღეს ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ქვეყანას არ სჭირდება ომი და ნგრევა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას  ღარიბაშვილმა.

  • “საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ“–აშშ–ს ყოფილი ელჩი, დეგნანი

    ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოში აშშ–ს ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, რომლებიც მან დღეს  ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში დისკუსიაზე გააკეთა. დეგნანი რუსულ კანონზე, ქართველების რეაქციებზე და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე საუბრობს, რომელსაც მისი აზრით საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავს:

    – “ქართველები ახლა, კიდევ ერთხელ დგანან ქუჩაში, იმ დროს, როცა მმართველ პარტიას ძალით გააქვს რუსული სტილის კანონი დასამტკიცებლად. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და არ გამიკვირდება, რომ ხალხის ნების უგულებელყოფით, ისინი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ.
    – მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს.

    – ძალიან ვღელავ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოში და იმ ფაქტზე, რომ მომდევნო პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და ამით მმართველი პარტია შეძლებს კონტროლი ჰქონდეს ხელისუფლების ყველა შტოზე, ეს კი დემოკრატია არ იქნება.

    – ვფიქრობ, რომ კიდევ იქნება კრიზისი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამჯერად, ამ კანონის გარშემო მიმდინარე პროტესტისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უკეთაა ორგანიზებული ვიდრე გასულ წელს.

    – ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკრიდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, ქართული ოცნება ეტაპობრივად შეეცდება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ.

    – იმის გამო, რომ ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით, როცა თავისუფლების მოყვარულები საბოლოოდ ამბობდნენ რომ „საკმარისია“, არ ვიცი ამ შემთხვევაში რა იქნება მაპროვოცირებელი, ეს შეიძლება იყოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები ოქტომბერში ან სხვა რამ, მაგრამ მჯერა, რომ თავისუფლების სული და თავისუფლებისადმი ამ ერის ლტოლვა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

    – საქართველო, ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ და ეს ძალიან მაღელვებს, რადგან ვხედავ, ამ მხრივ, გლობალურ ტრენდს.

    – საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები.“– თქვა დეგნანმა.

  • ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტების და დრონების 99% მოგერიებულია. ირანი ახალი შეტევით იმუქრება

    წუხელ ირანმა  300–მდე  რაკეტა და კამიკაძე დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.

    მისი თქმით, ისრაელისა და მისი მოკავშირეების თავდაცვითმა სისტემებმა რეგიონში გაანადგურეს რაკეტების და უპილოტო დრონების დიდი უმრავლესობა. ათობით მათგანი ჯერ კიდევ მანამდე ჩამოაგდეს, სანამ ისრაელის ტერიტორიას მიაღწევდნენ.

    რამდენიმე ირანულმა რაკეტამ მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის ერთ სამხედრო ობიექტს, თქვა ჰაგარიმ. რა ობიექტზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.

    ამ დროისთვის ცნობილია ერთი მსხვერპლის შესახებ – 10 წლის გოგონა სამხრეთ ისრაელში, არადის რეგიონის ბედუინთა რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.

    შეერთებული შტატები „დაეხმარა ისრაელს გაანადგუროს თითქმის ყველა უპილოტო დრონი  და რაკეტა“, რომელიც რომელიც ირანმა გაუშვა– განაცხადა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან ასევე გამოაცხადა დიდი შვიდეულის ლიდერების სასწრაფო მოწვევის შესახებ „ირანის თავხედურ თავდასხმაზე ერთიანი დიპლომატიური პასუხის კოორდინაციის მიზნით“.

    დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში “გადაიჭერენ   ნებისმიერ საჰაერო თავდასხმას ხელმისაწვდომი დიაპაზონის ფარგლებში”, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ. თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა თქვა, რომ რეგიონში განლაგებულია დამატებითი საჰაერო აქტივები, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები და საწვავის შემავსებელი თვითმფრინავები.

    ირანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არ განახორციელებს შემდგომ დარტყმებს, მაგრამ გააფრთხილა ისრაელი შურისძიების, ხოლო შეერთებული შტატები ყოველგვარი ინტერვენციის წინააღმდეგ.

    ისრაელის ხელისუფლებამ ირანის თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვები ამ დროისთვის უკვე გააუქმა.

    ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი უპასუხებს მის ტერიტორიაზე თავდასხმას, თეირანის შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

    ირანის გენშტაბის უფროსმა, მოჰამედ ბაგერიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ირანის სამხედროების პასუხი შესაძლო კონტრშეტევაზე „ბევრად ძლიერი“ იქნება.

    ირანმა ასევე გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ისრაელის პასუხის მხარდაჭერა გამოიწვევს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას რეგიონში.

    ირანის მისიამ გაეროში მანამდე განაცხადა, რომ ისრაელზე მასიური დარტყმის შემდეგ, თეირანი მიიჩნევს, რომ „საკითხი ამოწურულა“, ვინაიდან ირანმა უკვე გამოიყენა თავდაცვის უფლება გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით.

    ირანის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა „კიდევ ერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას“.

    ირანის წუხანდელი დარტყმა ისრაელზე იყო შურისძიება სირიაში ირანის საკონსულოზე განხორციელებული შეტევის გამო. შეტევა დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა.

  • საქართველო ყალიბდება ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად – Freedom House-ის ანგარიში

    Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც, საქართველო, ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია მოხსენიებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანა, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა.

    ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ირკვევა, რომ ინსტიტუციები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდა  პოლიტიზების იმ დონეს, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად.

    • “ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლები მასშტაბით საქართველო, ანგარიშის მეთოდოლოგიით ყალიბდებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად. საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიითა და დამთავრებული სასამართლოთი, გასცდნენ ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციის პოლიტიზირების ფარგლებს და ამჟამად მმართველი პარტიის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან და მათი გამოყენება მიკერძოებულად ან პერსონალური სარგებლისთვის ხდება” – ნათქვამია კვლევაში. 

    ანგარიშში, ასევე აღნიშნულია,  ”ქართული ოცნების” მიერ 2023 წელს ინიცირებულ “უცხოელი აგენტების” შესახებ რუსული სტილის კანონზეც. კერძოდ, როდესაც ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა იყო, როგორც საგარეო ასევე საშინაო, ხელისუფლება იძულებული გახდა უკან გაეწვია კანონპროექტი. ანგარიშში წერია, რომ როცა ასეთი ზეწოლა ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმის ეს კატეგორია, ჩვეულებისამებრ, დათმობაზე მიდის.

    • “ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ტურბულენტური წლის მიუხედავად, უნგრეთის, საქართველოსა და კოსოვოს შეფასება უცვლელად რჩება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აირიდა მსგავსი საფრთხე მარტში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა მობილიზებამ და საერთაშორისო წნეხმა აიძულა ხელისუფლება, უკან გაეწვია ანტი-ენჯეო კანონმდებლობა.როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმების ქვეკატეგორიებს შესაძლოა უკან დაახევინო კონკრეტულ საკითხებზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის მარტში, საერთაშორისო ხმამაღალი განცხადებებისა და მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვია რუსული სტილის “ოცხოური აგენტების” კანონი. ავტოკრატიზირებად ჰიბრიდულ რეჟიმებსა და  ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარული რეჟიმების შორის განსხვავება მინიმალურია, თუმცა ნამდვილი ზღვარი გადის შეკრების თავისუფლების პატივისცემასა და იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო იშვიათად იყენებს ფიზიკურ ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად” – წერია კვლევაში.

    Freedom House-ის განცხადებით, ეს აღწერა შეესაბამება, სერბეთს, სადაც პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის რეჟიმი ძალაუფლებაზე კონტროლს არჩევნების გაყალბებით, მედიაზე ზეწოლით, ოპოზიციის და აქტივისტების დისკრედიტაციით ინარჩუნებს. ამ კატეგორიაში მოქცეულ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა ლიმიტირებულია. სერბეთის მაგალითზე აღნიშნულია, რომ მსგავსი რეჟიმები პრაქტიკაში ისეთ ფარულ მიდგომებს იყენებენ, როგორებიცაა, დაშინება, დახშობა, თვალთვალი.

    ანგარიშის ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ  ავტოკრატიზებული ჰიბრიდები უახლოვდებიან მართვის სრულად ავტორიტარულ სტილებს, “საერთაშორისო საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, რომ მათ სწორედ ამგვარი რეჟიმების მსგავსად მოექცეს”.

    “ავტოკრატიზებული ჰიბრიდები კვლავ რეაგირებენ საერთაშორისო ზეწოლაზე, ეს ევროკავშირმა ნათლად წარმოაჩინა ორბანის მხრიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის წინააღმდეგობის გაწევისას”. – წერია ანგარიშში.

    Freedom House ასევე  არ გამორიცხავს სანქციების გამოყენების შესაძლებლობასაც.