Category: კავკასია

  • კამალა ჰარისმა აშშ–ს საპრეზიდენტო კანდიდატად მისი ნომინაციისთვის ბრძოლა დაიწყო

    აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თქვა, რომ ის მადლიერებით იღებს ჯო ბაიდენის მხარდაჭერას, რომელმაც უარი თქვა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე და დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მისი წარდგენა შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციით, მან უკვე დაიწყო ბრძოლა ნომინაციისთვის და ცდილობს თანაპარტიელების მხარდაჭერა მოიპოვოს.

    „ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ვაპირებ მივაღწიო ჩემს ნომინირებას კანდიდატად. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი – იმისათვის, რომ დავამარცხოთ დონალდ ტრამპი. არჩევნებამდე 107 დღეა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ – ერთად“, – თქვა მან.

    ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ბაიდენის გადაწყვეტილება არჩევნებიდან გასვლის შესახებ პატრიოტიზმის მაგალითია. „პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში თანამდებობაზე: ეს არის ამერიკელი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება.

    მიუხედავად იმისა, რომ გრძელდებოდა დისკუსიები იმის შესახებ, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს დარჩენა საპრეზიდენტო არჩევნების რბოლაში ტრამპთან დებატებში ცუდი შედეგის შემდეგ, ჰარისი ბაიდენის ერთგული დარჩა.

    დებატების შედეგად სკანდალის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ, მან დემოკრატიული კამპანიის ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: „ჩვენ გვჯერა ჩვენი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის“.

    დემოკრატებს ჯერ არ ყავთ ოფიციალური კანდიდატურა: მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა, არ შეიძლება ითქვას, რომ მას კონკურენტები არ ეყოლება. კენჭისყრა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გაიმართება, რომელიც ჩიკაგოში 19 აგვისტოს გაიხსნება.

    მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს,  რომ ჰარისმა უკვე დაიწყო სატელეფონო ზარების განხორციელეა  კვირას გვიან, გამოჩენილი დემოკრატების, მათ შორის დეპუტატებისა და გუბერნატორების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

    ჰარისის გუნდმა მთელი ძალისხმევა დახარჯოს – განუცხადეს წყაროებმა CNN-ს და მოიპოვოს მისი კანდიდატურის რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა პირველი კენჭისყრის წინ, რომელიც როგორც  მის მოკავშირეებს სჯერათ, შესაძლოა 1 აგვისტოს ჩატარდეს.

    „ამ მიზნის მისაღწევად, გუნდი ახლა ძალიან აგრესიულ ოპერაციას ატარებს კონგრესის დელეგატებთან ჩამორეკვით  მათი მხარდაჭერის მისაღებად“, – წერს ტელეკომპანია.

    გუნდმა ასევე დაიწყო ელ.წერილების გაგზავნა ჰარისის სახელით შემოწირულობების მოთხოვნით.

    ერთ-ერთ ასეთ წერილში ვკითხულობ: ”მე კენჭს ვიყრი  შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ვაპირებ მოვიპოვო და მოვიგო ეს ნომინაცია.“

    ფონდების მოზიდვის პლატფორმა ActBlue-მ თქვა, რომ ჰარისის კამპანიისთვის შემოწირულობების მნიშვნელოვანი ზრდაა, ბაიდენის განცხადებიდან პირველი ხუთი საათის განმავლობაში 27,5 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი თანხა 46,7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

    „შემთხვევითი ამომრჩევლები ენერგიულნი არიან და მზად არიან მხარი დაუჭირონ მას, როგორც დემოკრატიულ კანდიდატს“, – თქვა ActBlue-მ.

    არაპროგნოზირებადი კონგრესი

    ჰარისი არ არის ერთადერთი პოტენციური კანდიდატი. სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის იყვნენ მიჩიგანის გუბერნატორი გრეტჩენ უიტმერი, კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და აშშ-ს ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიგი. ნიუსომმა უკვე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ჰარისს.

    ”ძლიერი, უშიშარი, გამძლე. იმ დროს, როდესაც სასწორზე ჩვენი დემოკრატია და ჩვენი მომავალი დევს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე უკეთ აღჭურვილი არავინაა, რომ წინ აღუდგეს დონალდ ტრამპის ბნელ გეგმებს და წარმართოს ჩვენი ქვეყანა ჯანსაღი მიმართულებით“, – თქვა მან განცხადებაში.

    როგორც BBC-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი ენტონი ცურკერი აღნიშნავს, დემოკრატების კონგრესი ამჯერად ნამდვილად არ იქნება წინა წლების მსგავსად საგულდაგულოდ დაგეგმილი და გამოზომილი შეხვედრა  ტელემაყურებლებისთვის წარსადგენად.

    ის აღნიშნავს, რომ თუნდაც პარტიამ კამალა ჰარისს დაუჭიროს მხარი, რთული იქნება იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ყრილობის დარბაზში.

    ”და კონგრესი გახდება სრულიად არაპროგნოზირებადი, თუ ჰარისი ვერ გააერთიანებს  პარტიის წევრებს თავის გარშემო. ყრილობა გადაიქცევა ამაღელვებელ და ცოცხალ პოლიტიკურ თეატრად, ამერიკულ საზოგადოებას მსგავსი არაფერი უნახავს“, – თვლის ცურკერი.

  • ჯო ბაიდენი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას მოხსნის

    პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არ აპირებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.

    ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.

    81 წლის პრეზიდენტი წერილში, რომელიც მან თავის X -ის ანგარიშზე გამოაქვეყნა წერს:

    “მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გვერდზე გადგომა და მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ფოკუსირება. მე ვესაუბრები ერს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ”.– წერს ბაიდენი.

    ბოლო დღეები განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო მარათონიდან გასვლისკენ საკუთარი თანაპარტიელების დიდი ნაწილი მოუწოდებდა.

  • “უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდენმა ერს მიმართა ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით

    ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხადებაში ამერიკელებს მოუწოდა უარი თქვან ძალადობაზე პოლიტიკაში.

    ”ჩვენ უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში,” – თქვა ბაიდენმა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასეთი ძალადობა ნორმად იქცეს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გახურდა. დროა გაგრილდეს. ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა ამის გაკეთება“.

    ბაიდენმა თქვა, რომ პოლიტიკა უნდა იყოს „მშვიდობიანი დებატების არენა“ და ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი.

    „ამერიკაში ჩვენ უთანხმოებას საარჩევნო ყუთთან ვაგვარებთ. ახლა ამის გაკეთების დროა. საარჩევნო ყუთთან. არა ტყვიებით“, – თქვა ბაიდენმა მიმართვაში, რომელიც დაახლოებით შვიდი წუთი გაგრძელდა.

    პრეზიდენტმა ტრამპს უსურვა სწრაფი გამოჯანმრთელება და  გმირი უწოდა 50 წლის მეხანძრე კორი კომპატორს, რომელიც ტრამპის მიტინგის დროსდაიღუპა , როცა ოჯახის წევრებს ეფარებოდა ტყვიებისგან დასაცავად.

    ტრამპის მიტინგზე  ტყვიებით დაიჭრა კიდევ ორი ​​ადამიანი –  57 წლის დევიდ დაჩი და 74 წლის ჯეიმს კოპენჰავერი. ორივე მათგანი  საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავად ტრამპი მსუბუქად დაიჭრა: წინასწარი მონაცემებით, ტყვიამ ექს-პრეზიდენტის თავიდან სულ რამდენიმე მილიმეტრში გაიარა და ყურში მოხვდა.

    ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ჯერ არ გაუკეთებიათ რაიმე კონკრეტული დასკვნა თავდამსხმელის მოტივების შესახებ.

    FBI-მ განაცხადა, რომ ტრამპს  20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა ესროლა ბეთელ პარკიდან, რომელიც პენსილვანიაში, 70 კილომეტრში მდებარეობს ბატლერიდან,  სადაც თავდასხმა მოხდა.

    თავის მიმართვაში პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ სანდო ფაქტების არარსებობის პირობებში, ინტერნეტში დაიწყო მრავალი ცრუ მტკიცებების და შეთქმულების თეორიების გავრცელება.

    „მსროლელის მოტივი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ არ ვიცით, რა შეხედულებები ჰქონდა და ვის დაუჭირა მხარი. ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა მან დახმარება ან მხარდაჭერა ვინმესგან, თუ ვინმესთან იყო კონტაქტში“, – თქვა ბაიდენმა.

    მანამდე FBI-მ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ დაუდგენიათ, უკავშირდებოდა თუ არა ის რაიმე იდეოლოგიას.

    ოვალური კაბინეტიდან მიმართვამდე ბაიდენი ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ ტრამპის უსაფრთხოება გაძლიერდება. ის ასევე დაჰპირდა უსაფრთხოების გაძლიერებას რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე, რომელიც ორშაბათს იწყება, სადაც ტრამპი ოფიციალურად იქნება წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატად.

    თუმცა, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს ამჟამინდელი და წინა პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე, განაცხადა, რომ რესპუბლიკელების კონვენციაზე თავის მუშაობაში „არავითარ ოპერატიულ ცვლილებას არ ელის“.

    ბაიდენმა ასევე დაურეკა ტრამპს, რათა გამოეხატა თანაგრძნობა მკვლელობის მცდელობის გამო. წყაროებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ზარი იყო “მოკლე და პატივისცემით გამსჭვალული”.

    ეს იყო ბაიდენის მხოლოდ მესამე მიმართვა ოვალური კაბინეტიდან მისი პრეზიდენტობის მანძილზე. ასეთი გამოსვლები შედარებით იშვიათად იმართება და, როგორც წესი, ყველაზე სერიოზულ მოვლენებს ეძღვნება.

    ბაიდენმა ასეთი მიმართვა გასული წლის ოქტომბერში, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ გააკეთა. მანამდე მან 2023 წლის ივნისში მიმართა ერს და მოითხოვა, რომ აშშ კონგრესმა დაუშვას აშშ-ს ვალის ზღვრის გაზრდა.

    ტრამპი ეროვნული ერთიანობისკენ მოწოდებით გამოდის

    ამასობაში დონალდ ტრამპმა პირველი ინტერვიუ მისცა მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან Washington Examiner-ს განუცხადა, რომ გადაწყვიტა გადაეწერა თავისი მომავალი კონვენციის გამოსვლის ტექსტი,  რათა ფოკუსირება მოეხდინა ეროვნულ ერთიანობაზე და არა ბაიდენის კრიტიკაზე.

    „სიტყვა, რომლის გამოსვლასაც ვაპირებდი, ბომბი იქნებოდა“, – თქვა ტრამპმა. „ეს რომ არ მომხდარიყო, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ გამოსვლას ნახავდით“, დასძინა მან და განმარტა, რომ მას სურდა ძირითადად ესაუბრო ბაიდენის პოლიტიკის ნაკლოვანებებზე.

    „მართალი გითხრათ, ახლა ეს იქნება სრულიად განსხვავებული გამოსვლა. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა. მათ მომცეს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

    მან ასევე აღიარა, რომ „ახლა იწყებს რეალობის გააზრებას“ იმის შესახებ, რაც მას კვირას შეემთხვა.

    ტრამპი უკვე ჩავიდა მილუოკიში (ვისკონსინი), სადაც კონფერენცია გაიმართება.

  • ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა

    FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრირებული მხარდამჭერი იყო.

    მას შემდეგ, რაც ტყვია ტრამპს ააცილა, უფრო ზუსტად – ყურში მოარტყა,მსროლელმა რამდენიმე ტყვია ესროლა შეკრებილ ხალხს, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და კიდევ ორი ​​მძიმედ დაჭრა. მას ესროლეს და მოკლეს საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა, რომლებიც ტრამპს იცავდნენ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და როგორც ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატს.

    თომას კრუქსს თან არანაირი საბუთი არ ჰქონია და გამოძიებამ მისი იდენტიფიკაცია დნმ-ით შეძლო.

    თომას კრუქსი მშობლებთან ერთად ცხოვრობდაპიტსბურგის  წყნარ გარეუბანში, ბეთელ პარკში, მკვლელობის მცდელობის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. 2022 წელს მან დაამთავრა სკოლა და მიიღო პრიზი – 500 დოლარი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღებული შედეგებისთვის. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერდა.

    სკოლის დამთავრების შემდეგ კრუქსი იქვე, მოხუცთა სახლის სამზარეულოში მუშაობდა.

    როგორც ამერიკულმა პრესამ გაარკვია, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც რესპუბლიკელი კანდიდატის, ტრამპის მკვლელობა სცადა, თავად ოფიციალურად დარეგისტრირდა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერად.

    თუმცა, სამი წლის წინ მან თანხა  – $15 შესწირა ორგანიზაცია ActBlue-ს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ პარტიას. ამერიკული პრესის ცნობით, მკვლელობის დროს კრუქსს ეცვა მაისური Demolition Ranch-ის ლოგოთი. ეს არის YouTube არხი მილიონობით გამომწერით, რომელიც აქვეყნებს ვიდეოებს იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

    სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ იარაღი, რომელიც თომას კრუქსმა გამოიყენა სროლისას,  მამამისმა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ლეგალურად იყიდა. ამის შესახებ Associated Press ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    მოტივები უცნობია

    ”ჩვენ ვერ დავადგინეთ მისი მოტივი ამ დროისთვის,” – თქვა კევინ როჟეკმა, FBI-ის პიტსბურგის ოფისის ხელმძღვანელმა შაბათს გამართულ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, გამოძიება შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს და გამომძიებლები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა გაარკვიონ, თუ რამ აიძულა კრუქსი ტრამპისთვის ესროლა.

    თომასის მამამ, მეთიუ კრუქსმა, CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას აბსოლუტურად არ აქვს წარმოდგენა რა მოხდა და მან უნდა ისაუბროს სამართალდამცავებთან, სანამ შვილზე პრესასთან ისაუბრებს.

    მკვლელობის მცდელობის შემდეგ, კვირას ღამით, პოლიციამ ალყა შემოარტყა კრუქსის სახლს და მიმდებარე სახლებს და სასწრაფოდ მოახდინა მათი მეზობლების ევაკუაცია. ადგილობრივმა პოლიციამ განმარტა, რომ ამის მიზეზი კრუქსის სახლში სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა გახდა.

  • კობახიძე ტრამპზე თავდასხმაში გლობალური ომის პარტიის კვალს ხედავს

    საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გლობალურ ომის პარტიას უკავშირებს, თუმცა მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის განკუთვნილ განცხადებაში.

    “გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს.“– დაწერა კობახიძემ ფეისბუქზე.

    ფეისბუქზე ქართულ ენაზე გამოქვეყნებული მისი ეს განცხადება განსხვავდება სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებული ტექსტისგან, სადაც გლობალური ომის პარტია ნახსენები არ არის.

    “ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!” – ეს ტექსტი კობახიძის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ინგლისურად გამოქვეყნდა.

  • პენსილვანიაში დონალდ ტრამპს ესროლეს. დეტალები და რეაქციები

    სროლის ხმა გაისმა აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას პენსილვანიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე. ტრამპმა სიტყვა შეწყვიტა და სცენა დატოვა.

    მალევე გავრცელდა ინფორმაცია სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით, რომ მსროლელი „განეიტრალებულია“. მოგვიანებით ოლქის პროკურორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ  მსროლელი მოკლეს, ასევე მოკლულია აქციის მინიმუმ ერთი მონაწილე.

    სროლის დაწყებისთანავე, ტრამპი ტრიბუნისკენ დაიხარა, მასთან მცველები მივარდნენ და წაიყვანეს.

    ვიდეო კადრებში ჩანდა, რომ ტრამპის მარჯვენა ყური სისხლით იყო მოსვრილი.

    რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი  მხარდამჭერებს ბატლერში, პენსილვანიის შტატში მიმართავდა სიტყვით,  რომელიც გადამწყვეტი შტატია ნოემბრის არჩევნებში.

    ტრამპის უკან მისი მხარდამჭერები იდგნენ პლაკატებით. სროლის ხმის გაგონებისთანავე ისინიც დაიხარნენ.

    კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხალხიდან მხრიდან სროლა მაშინ გაისმა, როცა   ტრამპი აშშ-ში არალეგალური მიგრანტების რაოდენობაზე საუბრობდა.

    ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩანგმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება საავადმყოფოში, სადაც ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ. „პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლებს ამ საშინელი მოვლენის დროს სწრაფი რეაგირებისთვის. ის კარგად არის და ადგილობრივ საავადმყოფოში გადის გამოკვლევას“.

    ტრამპის დაცვაზე პასუხისმგებელი საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ექს-პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

    პირველი რეაქცია

    პენსილვანიის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ განაცხადა, რომ შტატის პოლიცია ადგილზე მუშაობს ფედერალურ სააგენტოებთან ერთად. „ძალადობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა შაპირომ. “მას ადგილი არ აქვს პენსილვანიაში და შეერთებულ შტატებში.”

    ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც რეაგირება მოახდინა მომხდარზე. „მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმით, ჩვენ ვლოცულობთ მისი უსაფრთხოებისთვის და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის“, დაწერა მან X-ზე (ყოფილი Twitter).

    პოლიტიკოსების მკვლელობის მცდელობები მთელ მსოფლიოში იზრდება

    ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გაიზარდა პოლიტიკური მკვლელობის მცდელობებისა და სიკვდილით გამოწვეული მუქარის რიცხვი.

    გასულ წელს კიტოში მოკლეს ეკვადორის საპრეზიდენტო კანდიდატი ფერნანდო ვილავიჩენსიო.

    არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, რადგან თავდამსხმელის იარაღი გაიჭედა.

    იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე თვითნაკეთი იარაღით მოკლეს.

    ამ წლის დასაწყისში სამხრეთ კორეის ოპოზიციის ლიდერი ლი ჯე-მიუნგი კისერში დაიჭრა, გაზაფხულზე კი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მკვლელობის მცდელობას გადაურჩა.

    ასეთი გახმაურებული შემთხვევები აშშ-ში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსნების მიმართ მუქარა გახშირდა.

    New York Times იტყობინება, რომ გასულ წელს პოლიციამ გამოიძია რვა ათასზე მეტი მუქარა კონგრესის წევრების მიმართ და მუქარა განხორციელდა ფედერალური მოსამართლეების მიმართაც.

    გასული წლის ოქტომბერში ამერიკელების თითქმის მეოთხედი დაეთანხმა განცხადებას, რომ „პატრიოტებს შესაძლოა ძალადობა მოუწიოთ ქვეყნის გადასარჩენად“ (ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  ბოლო სამი წლის განმავლობაში).

  • რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს–კონსტიტუციონალისტის განმარტება

    კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განიხილავს რამდენიმე ვერსიას, როგორ შეიძლება პარლამენტში პროცესები განვითარდეს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. ვახუტში  მენაბდე წერს, არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

    1. უმრავლესობას შეუძლია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები; ამისთვის პარლამენტმა უბრალო უმრავლესობით მხარი უნდა დაუჭიროს სალომე ზირაბიშვილის წინადადებას;
    2. პარლამენტს შეუძლია დაძლიოს ვეტო. ამისთვის საჭიროა სამი მოსმენით უკვე მიღებულ კანონს, კიდევ ერთხელ, მინიმუმ 76 დეპუტატმა მისცეს ხმა (ოცნებას 84 აქვს). ასეთ დროს კანონი უკან ეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. მას ვეტოს გამოყენების უფლება აღარ აქვს;
    3. ოცნებას შეუძლია ვეტოს განხილვა გადადოს. განხილვისთვის მას კონკრეტული ვადები არ აქვს. შეუძლია უსასრულოდ “შემოდოს თაროზე” და როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ დაუბრუნდეს;
    4. მმართველ გუნდს შეუძლია არც პრეზიდენტის ვეტოს დაუჭიროს მხარი და არც კანონის სამი მოსმენით მიღებულ ვერსიას. ასეთ შემთხვევაში კანონი უარყოფილად ჩაითვლება და მოიხსნება დღის წესრიგიდან.
    როგორც ხედავთ, მე-4 ვარიანტით ოცნებას კიდევ ერთი შანსი აქვს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და უარი თქვას კანონზე. რეგლამენტი და კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას აძლევს- წერს ვახუშტი მენაბდე.

     

    კანონზე მოტივირებული შენიშვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა. სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს  ვეტო გუშინ  დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“.

    „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო – ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

    სალომე ზურაბიშვილმა “საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ვეტო დაადო. პრეზიდენტმა ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ვეტო იურიდიულად გამართულია, თუმცა ის არ ემსახურება კანონის გაკეთილშობილებას.  “ეს კანონი უნდა გაუქმდეს”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

    „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    ქართული ოცნება ბოლო კვირაა აცხადებს, რომ მზად არის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს და კანონში ცვლილებები შეიტანოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე თქვა, რომ არ აპირებს ოცნებას კანონის გაკეთილშობილბაში დაეხმაროს.

    ახლა ოცნებას ორი არჩევანი აქვს: ან ვეტო დაძლიოს და ის კანონი აამოქმედოს, რომელსაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, დასავლეთის კრიტიკა და სანქციების მუქარა მოჰყვა, ან ვეტო არ დაძლიოს და კანონი ჩააგდოს.

  • საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ს კონგრესში მოსმენა გაიმართება

    4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

    „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ.

    „აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, – წერია განცხადებაში.

  • “ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს” – აშშ, ევროკავშირი და 14 ევროპული ქვეყანა

    ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირის და 14 ქვეყნის (ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, პოლონეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ავრცელებს განცხადებას საქართველოში რუსული კანონის მიღების შესახებ.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა “საგანგაშო და რეპრესიული” ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ:

    “მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან შეშფოთების არაერთი გამოხატვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოცხადებულ დასავლურ ინტეგრაციის მიზანთან. როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლებს, გვესმის, რომ პარლამენტის როლია თავისი ხალხის სურვილი ასახოს, ქართველებმა ერთმნიშვნელოვნად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. ‘უცხოური აგენტების’ კანონი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას ასახავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს.

    პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI Georgia), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაცია (GYLA), ცენტრალურ როლებს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ გზაზე. ეს კანონი სრულიად ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევებს და სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე – ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე – პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინაიდან მათი ლიდერობა და საქართველოს ხედვა ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითია, რაც მკვეთრად განსხვავდება  პარლამენტის 84 წევრმსგან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრის დროს რუსეთის მოკავშირეები გახდნენ.

    არასდროს არ მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობით მამაცად აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ურყევი ერთგულება, ასევე არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია ამ რუსული სტილის კანონის ამოქმედებაში და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის. ქართველ ხალხს ჩვენ ვეუბნებით: მარტონი არ ხართ”, – ნათქვამია განცხადებაში.

    საერთო განცხადება ინიცირებულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის მიერ. ხელმომწერებს შორის არიან ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.