Category: კავკასია

  • კაია კალასი: პუტინი „არ არის დაინტერესებული მშვიდობით“ უკრაინაში

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „არ არის დაინტერესებული მშვიდობით“, — განაცხადა შაბათს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა, როდესაც კომენტარს აკეთებდა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.

    „რუსული რაკეტები შეუჩერებლად ეცემა უკრაინას, იწვევს სულ უფრო მეტ სიკვდილსა და ნგრევას. პუტინი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას მშვიდობა არ სურს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა — წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის ყველაზე მაღალ ფასს“, — დაწერა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში.

    7-დან 8 მარტის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს უკრაინულ ქალაქებზე — დონეცკის ოლქში მდებარე დობროპოლიესა და ხარკოვის ოლქში მდებარე ბოგოდუხოვზე. შედეგად, 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 37 დაიჭრა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

  • ამერიკელმა მოპარული საყურეები გადაყლაპა, რომლის ღირებულება 770 ათასი დოლარია

    ფლორიდის შტატის პოლიცია იუწყება, რომ დააკავეს პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, გადაყლაპა Tiffany & Co-ს საიუველირო მაღაზიიდან მოპარული საყურეები, რომელთა ღირებულება 769,5 ათას დოლარს შეადგენს.

    პოლიციის ცნობით, 32 წლის ჯეიტან გილდერმა მაღაზიის თანამშრომლები მოატყუა, რომ “პროფესიონალ სპორტსმენთან” მუშაობდა, რათა მათ ძვირადღირებული ნივთები ეჩვენებინათ მისთვის.

    ამის შემდეგ, მან საყურეები მოიპარა და მაღაზიიდან გაიქცა.

    პოლიცია აღნიშნავს, რომ  ის იმავე დღეს დააკავეს და დაკავების მომენტში დაინახეს, როგორ გადაყლაპა მან რამდენიმე ნივთი, რომლებიც, სავარაუდოდ, მოპარული საყურეები იყო.

    გილდერს ასევე ეჭვმიტანილად მიიჩნევენ იმაში, რომ სურდა ბრილიანტის ბეჭდის მოპარვაც, თუმცა იგი მაღაზიიდან გაქცევისას დაუვარდა.

    პოლიციამ მოგვიანებით გაასაჯაროვა საექსპერტო გამოკვლევის (რენტგენის) სურათი, რომელზეც დაკავებულის კუჭში უცხო სხეული ჩანს.

    შეკითხვაზე, დაუბრუნდა თუ არა მოპარული საყურეები მეპატრონეს, ორლანდოს პოლიციამ კომენტარზე უარი განაცხადა.

    ამერიკული პოლიციის მონაცემებით, გილდერმა 2022 წელს უკვე გაძარცვა Tiffany & Co-ს მაღაზია ტეხასში, ხოლო კოლორადოს შტატში მის სახელზე 48 დაკავების ორდერია გაცემული.

    მის წინააღმდეგ წაყენებულია ბრალდება ნიღბის გამოყენებით ძარცვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობისთვის.

  • Untitled post 171379

    ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ბაჩიაშვილი არ აკონკრეტებს, როდის და რა გზით დატოვა საქართველო.

    “უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ
    საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერტადერთი საღი გამოსვალია
    ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას
    გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა
    ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამეტ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გადეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს
    ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ—ჩვენ გვაქვს სიყვარული!
    გიორგი ბაჩიაშვილი“– წერს გიორგი ბაჩიაშვილი.
    გიორგი ბაჩიაშვილს ამ დროისთვის ბრალი ორ საქმეში აქვს წაყენებული. პირველი ბიტკოინების საქმეა. პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები  მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქართუ ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიო ჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.

    ცოტა ხნის წინ ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინეს მტკვარი ჰესის საქმეზე.  საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.

    ბაჩიაშვილი სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში გირაოს საფუძველზე იყო თავისუფლებაზე. არ არის გამორიცხული, მისი საქართველოდან გაქცევის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.

     

  • ტრამპმა უკრაინისთვის მთელი სამხედრო დახმარება შეაჩერა – თეთრი სახლი

    ტრამპმა უკრაინისთვის მთელი სამხედრო დახმარება შეაჩერა – თეთრი სახლი

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეჩერების განკარგულება გასცა, სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა არ გამოავლენს „მშვიდობისადმი ერთგულებას“. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მწვავე დაპირისპირება მოხდა.

    „პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანი მშვიდობაა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენს პარტნიორებსაც ჰქონდეთ იგივე მიზანი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს“, — განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელსაც მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები და ამერიკული მედია ციტირებენ.

    თავად ტრამპს ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, ხოლო თეთრი სახლისგან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

    ორშაბათს, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებდა თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“. Bloomberg-ისა და Fox News-ის ცნობით, ეს შეჩერება გაგრძელდება მანამ, სანამ ტრამპი არ დარწმუნდება, რომ უკრაინის ხელისუფლება ნამდვილად ესწრაფვის მშვიდობას.

    „აშშ აჩერებს უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ ტრამპი არ დარწმუნდება, რომ ქვეყნის ლიდერები გულწრფელად არიან ერთგულნი მშვიდობისკენ სწრაფვის“, — ციტირებს Bloomberg თეთრი სახლის წარმომადგენელს.

    „ეს არ არის დახმარების საბოლოო შეწყვეტა, ეს დროებითი პაუზაა“, — იტყობინება Fox News ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

    Bloomberg-ის მონაცემებით, ეს გადაწყვეტილება შეეხება უკრაინაში ჯერ არ ჩასულ ყველა ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის იმ იარაღსაც, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია ან პოლონეთის გავლით ტრანზიტს ელოდება.

    ჯერ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებს ტრამპის ეს გადაწყვეტილება კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და რამდენ ერთეულს შეეხება იგი. CNN-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლები ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკისგან გარკვეული ქმედებები, შესაძლოა, საჯარო ბოდიში მოითხოვონ, სანამ მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას განიხილავენ ან უკრაინის დახმარების საკითხს განაგრძობენ.

    ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება ორშაბათს, გვიან ღამით იქნა მიღებული და წარმოადგენს „უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიას“.

    ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თანამშრომელი ჩარლზ კუპჩანი BBC-თან საუბარში ამბობს: „რაც აქ ხდება, ეს არის აგრესიული დიპლომატია, იძულება და ზეწოლა“.

    „ფაქტობრივად, ტრამპი უკრაინელებს ეუბნება: თუ გინდათ ამერიკული იარაღი და აშშ-ის მხარდაჭერა, დროა, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ“, — განაცხადა მან.

    ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ტრამპისთვის ბოდიშის მოხდას ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო, მაგრამ მზადაა, განაგრძოს ურთიერთობების გაღრმავება აშშ-სთან. მან ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთგულია მშვიდობის და მაქსიმალურად სწრაფად სურს ომის დასრულება.

    „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატია რეალურად შინაარსიანი გავხადოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და ყველაზე მეტად ეს უკრაინელებს სურთ, რადგან ომი ანადგურებს ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებს. ვკარგავთ ჩვენს ხალხს. საჭიროა ომის შეჩერება და უსაფრთხოების გარანტია“, — განაცხადა ზელენსკიმ ორშაბათს, იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას.

    მანამდე დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი შეთანხმება ჯერ „ძალიან შორს არის“. „ეს ყველაზე ცუდი განცხადებაა, რაც ზელენსკიმ შეიძლება გააკეთოს და ამერიკა ამას დიდხანს არ მოითმენს“, — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

    მან ასევე თქვა, რომ სამშაბათს კიევთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების განახლებული ინფორმაცია გავრცელდება. ვლადიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ მზადაა დოკუმენტზე ხელის მოსაწერად.

    ორშაბათს საღამოს, Wall Street Journal-მა მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სამხედრო მიწოდებების დაფინანსება შეწყვიტა და განიხილავს არსებული მარაგებიდან იარაღის გადაცემის გაყინვას, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შესაძლებლობას, რუსულ ჯარებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

    ფინანსური მხარდაჭერა უკვე შეჩერდა ბოლო კვირების განმავლობაში თეთრი სახლის მიერ საგარეო დახმარების შეწყვეტის ფონზე, წერს გამოცემა, ხოლო უკრაინისთვის იარაღის მთავარი არხის შესაძლო ჩაკეტვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის შემდეგ იქნა მიღებული, რაც ზელენსკისა და ტრამპის დაპირისპირებას მოჰყვა.

    სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ადრევე მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას უცხოური დახმარების აკრძალვიდან გამომდინარე გამორიცხავდა, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირი პიტერ მაროკო არ გაგზავნა საჭირო წერილი პენტაგონში, რათა დახმარება კიევისთვის არ შეწყვეტილიყო, იტყობინება WSJ.

    ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ახალი სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინას, სავარაუდოდ, წლის შუა რიცხვებამდე ეყოფა იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამინდელი ტემპით გასაგრძელებლად. ნაწილობრივ, ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა იარაღის მიწოდება კიევისთვის, სანამ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, აღნიშნავს WSJ.

    როგორც CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ სამხედრო დახმარების შეჩერების შედეგები ბრძოლის ველზე შესამჩნევი გახდება, მაგრამ მარაგების ამოწურვის შემდეგ, ეფექტი სერიოზული იქნება.

    „არსებობს პოტენციური მიმართულებები, რომლის შევსებას ევროპა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს“, — განაცხადა მან.

  • „თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური კატასტროფა“ – რას წერს მედია ტრამპისა და ზელენსკის დაპირისპირებაზე თეთრ სახლში

    დასავლური მედიის მთავარი თემა შაბათს, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის პარასკევის შეხვედრა იყო, რომელიც დასრულდა მწვავე კამათით, ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ჩაშლით და უკრაინის პრეზიდენტის სასწრაფო გამგზავრებით ვაშინგტონიდან.ვნახოთ,  როგორ გამოეხმაურა დასავლური პრესა ამ დიპლომატიურ სკანდალს.

    Financial Times: თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ, რომელიც „იმდენად ცუდად დაიწყო, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია, “ ნათელი გახდა, რომ აშშ-მ ფაქტობრივად უარი თქვა უკრაინაზე, ხოლო ზელენსკის გუნდმა სერიოზული შეცდომები დაუშვა – წერს Financial Times სარედაქციო სტატიაში. სტატიის მიხედვით, კიევმა ვერ გათვალა ტრამპის „დაუნდობელი მიდგომა“, რომელიც ცდილობდა მინიმალური ფასად მიეღო მაქსიმალური სარგებელი რესურსების შეთანხმებიდან. მართალია საბოლოო პროექტი, რომელიც ამ კვირაში შეთანხმდა ნაკლებად მძიმე იყო უკრაინისთვის, ვიდრე თავდაპირველი, მაინც, მასში არ აღმოჩნდა არანაირი წინაპირობები უსაფრთხოების გარანტიებისთვის.ტრამპმა უკრაინას მხოლოდ მცირე დათმობა შესთავაზა იმ იმედით, რომ გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებდა. თუმცა საბოლოო შეთანხმებაში არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ ჩაიდო. ტრამპის მტკიცება, რომ ამერიკელი მუშების ყოფნა უკრაინაში რუსეთის შემდგომ თავდასხმებს შეაჩერებდა, არასანდოა – აცხადებს FT-ის სარედაქციო გუნდი.

    სტატია ასევე აღნიშნავს, რომ ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ტრამპისთვის „მშვიდობა“ ნიშნავს მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, რათა ამერიკულ ტელეეკრანებზე ომის სცენები გაქრეს და სამხედრო დახმარების საჭიროება შემცირდეს. თუმცა ის ნაკლებად ზრუნავს ისეთ გამოსავალზე, რომელიც ომის განახლებას სრულად აღკვეთს.

    გარდა ამისა, ტრამპს კვლავ აქვს გაუგებარი აღტაცება ვლადიმირ პუტინით და მისი მე-19 საუკუნის იმპერიალისტური ხედვებით, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე დიდი სახელმწიფო და ძლიერი ლიდერი უნდა მართავდეს, და თითოეულს საკუთარი გავლენის ზონა უნდა ჰქონდეს.

    გაზეთის აზრით, ზელენსკის არ აქვს ის დიპლომატიური უნარი, რომელიც, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოიჩინეს, როდესაც ამ კვირაში ტრამპს შეხვდნენ.

    თეთრი სახლის ეს „ჩასაფრება“ ზელენსკისთვის დამამცირებლად დასრულდა, ხოლო უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა ახლა ყველაზე საშიშ ფაზაში შევიდა – წერს Financial Times.

    Wall Street Journal-ის ავტორების  აზრით, გუშინდელი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა როგორც ტრამპისთვის, ასევე ზელენსკისთვის.

    • ზელენსკიმ დაკარგა შანსი, მიეღო უფრო ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის გრძელვადიანი თავდაცვისთვის.
    • ტრამპისთვის ეს იყო სერიოზული დაბრკოლება მის გეგმაში, რათა ისტორიაში შესულიყო, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელმაც მიაღწია შეთანხმებას კიევსა და მოსკოვს შორის.

    თუმცა, ორივე ლიდერის ინტერესებშია ურთიერთობების გადარჩენა ან, სულ მცირე, უთანხმოების დამალვა.

    გაზეთის ვარაუდით, ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა საჯაროდ შეუტიეს ზელენსკის, რათა მისთვის დაეთმობინებინათ პოზიციები მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

    თუმცა, ასეთი ღია დაპირისპირება უფრო აძლიერებს პუტინის თავდაჯერებულობას და მას საშუალებას აძლევს, უკრაინას კაპიტულაცია მოსთხოვოს.

    „ამით ყველაზე მეტად პუტინი სარგებლობს. მოსალოდნელია, რომ რუსები სწრაფად იმოქმედებენ, სანამ ემოციები ცხელია, რათა უკრაინას კაპიტულაციის შეთანხმება მოახვიონ თავს“, – ციტირებს გაზეთი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტ ალინა პოლაკოვას.

    The Guardian სტატიას ასეთი სათაურით აქვეყნებს: „დიპლომატია პირდაპირ ეთერში მოკვდა, როდესაც ტრამპი და ვენსი გაერთიანდნენ უკრაინის ლიდერის დასაბულინგებლად“. შეხვედრას თეთრ სახლში ეწოდა “ერთ–ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური კატასტროფა თანამედროვე ისტორიაში.“

    „ოვალური კაბინეტის კედლებში არაერთი ისტორიული მოვლენა მომხდარა, მაგრამ ამ კედლებს მსგავსი რამ არასოდეს უნახავს“, – წერს Guardian-ის რეპორტიორი დევიდ სმიტი.

    „ზელენსკი ტრამპისა და მისი ცბიერი ვიცე-პრეზიდენტის ჩასაფრებაში მოხვდა. ისინი მისგან ელოდნენ, რომ უბრალოდ ჩუმად მოითმენდა ყველაფერს, მაგრამ მან უარი თქვა“.

    „ტრამპმა და ვენსმა სცადეს მისი დამცირება, როგორც უმადური ბავშვის. საბოლოოდ, ზელენსკიმ დატოვა ვაშინგტონი ცარიელი ხელებით – მან გადაიტანა საკუთარ დიპლომატიური ჩერნობილი“– ასკვნის სმიტი.

    Bloomberg-ის ინფორმაციით, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში, რომელიც გადაიქცა „რეალითი-შოუდ მძაფრი კამათით“, ევროპელი მაღალჩინოსნებისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა.

    ევროპის ლიდერები, რომლებიც ისედაც მაქსიმალურად ცდილობენ ტრამპის მოთხოვნების შესრულებას – კერძოდ, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ უკრაინის მხარდაჭერასა და საკუთარი უსაფრთხოების დაცვაზე რუსეთისგან – ახლა რთული არჩევანის წინაშე დგანან:

    • ან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა სრულად საკუთარ თავზე აიღონ,
    • ან ტრამპთან შეთანხმება დადონ, რაც შესაძლოა ზელენსკის პოლიტიკური მომავლის ხარჯზე მოხდეს.

    „ევროპა შეეცდება სიტუაციის გაკონტროლებას, მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპმა უკრაინა გაყიდა“, – უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ანონიმურად დარჩენა ისურვა. თავის მხრივ, ტრამპის გარემოცვაში ამბობენ, რომ ზელენსკის რეაქცია Fox News-ის ინტერვიუში, სადაც მან არანაირი სინანული არ გამოხატა, ბევრისთვის იმ ეჭვების დადასტურება იყო, რაც უკრაინის პრეზიდენტზე უკვე ჰქონდათ.

    „ზელენსკი გაფუჭდა ბაიდენის პრეზიდენტობისას, რამაც მას დააჯერებინა, რომ ამერიკის ხალხი უკრაინის დაფინანსებას უსასრულოდ გააგრძელებდა“, – განუცხადა Bloomberg-ს ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წყარომ. „ზელენსკი დასრულებულია“, – დასძინა მან.

    მეორე წყაროს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, ამერიკას უკვე იმდენი რესურსი აქვს ჩადებული ომის დასრულების მცდელობაში, რომ ახლა ყველაფრის მიტოვება არ სურს. ამის ნაცვლად, მისი აზრით, ვაშინგტონი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ზეწოლას კიევზე და ეცდება, რომ ზელენსკისთან პირდაპირი კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდოს.

    Spiegel-ის ჟურნალისტი რენე ფისტერი სვამს კითხვას, როგორ უნდა იმოქმედოს ევროპამ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ.

    „ტრამპის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მთლიანად ძალაუფლებაზეა დაფუძნებული, ევროპისთვის ცხადყოფს, რომ აშშ-თან ურთიერთობაში აღარ არის არანაირი გარანტია და საიმედოობა. ტრანსატლანტიკური ალიანსი მკვდარია. ჩვენ ვცხოვრობთ ახალ გეოპოლიტიკურ ჯუნგლებში, სადაც მართავენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ტანკებისა და ბირთვული ქობინების ძალას ენდობიან. ტრამპი შესაძლოა ისევ ირწმუნებოდეს ნატოს ერთგულებას, მაგრამ რა ღირებულება აქვს იმ ადამიანის სიტყვას, რომელმაც ზელენსკის დიქტატორი უწოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ბუნებრივი რესურსების შეთანხმებაზე დაეთანხმებინა?“ – წერს Spiegel-ის ავტორი.

    შეიძლება გარკვეული ეჭვებიც გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ზელენსკის მხრიდან ტრამპისა და ვენსისთვის საჯაროდ ლექციების წაკითხვა, მაგრამ არ იქნებოდა სამართლიანი, რომ მთელი ბრალი მხოლოდ უკრაინის ლიდერის დიპლომატიური უნარების ნაკლებობაზე დავაკისროთ – აღნიშნავს ფისტერი.

    Spiegel-ის ავტორის შეფასებით, ტრამპი ცუდად მოემზადა ამ შესაძლო შეთანხმებისთვის, მაგრამ რაც კიდევ უფრო უარესია – მან შექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ომში აღარ არსებობს მკაფიო განსხვავება აგრესორს (რუსეთს) და ამ აგრესიის მსხვერპლს (უკრაინას) შორის.

    „სწორედ ამ მორალურმა გულგრილობამ გამოიწვია ზელენსკის რეაქცია, რომელიც ევროპისთვისაც დრამატული შედეგების მომტანი იქნება“ – ნათქვამია სტატიაში.

    ევროპისთვის ამ „ახალი და სახიფათო სამყაროს გეოპოლიტიკურ ჯუნგლებში“ გზის გაკვალვა გერმანიის მომავალ კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწევთ. ეს რთული, მაგრამ მაინც შესაძლებელი ამოცანაა, მიიჩნევს Spiegel-ის მიმომხილველი.

    „რუსეთი ეკონომიკურად ბევრად სუსტია, ვიდრე ევროზონა. თუ ევროპა მართლაც მოინდომებს, მას შეუძლია შექმნას საკუთარი შეკავების სისტემა, რომელიც აშშ-სგან დამოუკიდებლად იმუშავებს. თუ პარიზი და, შესაძლოა, ლონდონიც მოახერხებენ თავიანთი ეროვნული ინტერესების ფარგლებს გარეთ გასვლას, მაშინ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული არსენალი შესაძლოა გახდეს მთელი ევროპის ბირთვული თავდაცვის ფუნდამენტი“ – ასკვნის Spiegel-ის ავტორი.

    Fox News-ის ჟურნალისტი ვიქტორია კოუთსი წერს, რომ ზელენსკიმ შეცდომა დაუშვა, როდესაც ვაშინგტონში ჩავიდა იმ იმედით, რომ „კიდევ ერთ კარტ-ბლანშს“ მიიღებდა.

    „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა წინა შეხვედრებზე მკაფიოდ დააფიქსირა თავისი ახალი მიდგომა უკრაინის მიმართ, პრეზიდენტი ზელენსკი ამ კვირაში ვაშინგტონში იმ აზრით ჩავიდა, რომ კვლავ მიიღებდა ისეთივე უპირობო აღტაცებას და მხარდაჭერას, როგორსაც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის დროს იღებდა.“

    კოუთსის აზრით, ზელენსკი ოვალურ კაბინეტში პრესასთან საუბრისას ტრამპის მიმართ დამთმობი იყო, ასევე „ის იქცეოდა ისე, თითქოს მას  ტრამპის უპირობო მხარდაჭერისა და პატივისცემის მიღების უფლება ჰქონდა“.

    „იმის ნაცვლად, რომ ნებისმიერი უთანხმოება დახურულ კარს მიღმა დაეტოვებინა, მან არასწორად აღიქვა პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ნათქვამი. მან ჩაშალა უკრაინელი ხალხისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების შეთანხმება და სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიაყენა საკუთარ თავს ამერიკელი ხალხის თვალში. მადლობის უბრალო სიტყვების ნაცვლად, ის გამოჩნდა კრიტიკით სავსე ხმით და დამატებითი მოთხოვნებით.“ – წერს კოუთსი.

    „ზელენსკის შეიძლებოდა ეფიქრა, რომ ეს დაპირისპირება მას „მაგარ ბიჭად“ წარმოაჩენდა, მაგრამ რეალურად, ასეთი უპატივცემულობა ვერ მოიპოვებს სიმპათიას იმ ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან, რომლებმაც საკუთარი შრომით ნაშოვნი მილიარდობით დოლარი ჩადეს მის ქვეყანაში და რომლებმაც ხმა დონალდ ტრამპს მისცეს.“ – ასკვნის Fox News-ის ავტორი.

  • რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რა დოკუმენტია ეს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

    სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის დაიდო ვლადიმირ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანის კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად. მხარეებმა აღიარეს, რომ „ამაზე დიდი ხანია მუშაობდნენ“, ცდილობდნენ „შეცდომებისა და შეფერხებების აღმოფხვრას“, თუმცა ახლა, მათი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „დამატებით იმპულსს“ მიიღებს.

    რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი?

    დოკუმენტის შინაარსი წინასწარ არ გამოქვეყნებულა, თუმცა რუსი და ირანელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეიარაღების ორმხრივი მიწოდებაა.

    რა ითქვა ხელშეკრულებაზე მოსკოვში?

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „РИА Новости“-სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ხელშეკრულებაში „განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონულ და გლობალურ დონეზე მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებას, ასევე, დაფიქსირებულია მოსკოვისა და თეირანის სურვილი უსაფრთხოების, თავდაცვის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სხვა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ“.

    ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს: სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებიდან  კულტურულ-ჰუმანიტარულ სფერომდე.

    ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი არანაირად არ უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. მედიამ ყურადღება მიაქცია ირანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის სწრაფ ტემპს ტრამპის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირანთან ომის ალბათობა არ გამოურიცხავს.

    პესკოვმა IRNA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დაკავშირება იმ დოკუმენტის ორწლიანი დეტალური მუშაობის ლოგიკურ დასასრულთან, რომელიც რუსეთ-ირანის ურთიერთობებს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს“, ნაკლებად მიზანშეწონილია.

    რა ითქვა შეთანხმებაზე თეირანში?

    ირანის ხელისუფლებამ ბოლო კვირებში ხელშეკრულების ცალკეული მუხლების შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მასში სულ 47 მუხლი შედის, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს მოიცავს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ, აღნიშნა, რომ საუბარი არ არის სამხედრო კავშირის გაფორმებაზე. ეს შეთანხმება, მაგალითად, განსხვავებულია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული ხელშეკრულებისგან.

    არაქჩიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში არ არის საუბარი არც სამხედრო კავშირზე და არც კონკრეტულ მიზნებზე. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი მიზანი — „გრძელვადიანი პერსპექტივის მიცემაა“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის.

    ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულება „დაფუძნებულია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე“ და „არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“.

    ირანის ელჩმა მოსკოვში, ყაზემ ჯალალიმ, „ТАСС“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ მოიცავს მუხლებს ორმხრივი თავდაცვის შესახებ, რაც განსხვავდება რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან და ბელარუსთან გაფორმებული შეთანხმებებისგან.

    ამავდროულად, რუსეთმა და ირანმა ხელშეკრულებაში ჩართეს მუხლი, რომელიც კრძალავს მხარეების მიერ მესამე ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების მხარდაჭერას ხელშეკრულების მონაწილეებზე თავდასხმის დროს და ასევე კრძალავს მათი ტერიტორიის ამ მიზნებისთვის გამოყენებას.

    Middle East Eye-ის წყაროების ინფორმაციით თეირანში, ირანი არ აპირებს აღიაროს ყირიმი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. ამ მკაცრი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი ირანის საკუთარი სადავო ტერიტორიებია — კუნძულები სპარსეთის ყურეში, რომელზეც არაბთა გაერთიანებული საემიროები აცხადებს პრეტენზიას.

  • ზელენსკის თქმით, ჩრდ. კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოლებენ

    “ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება”.

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს

    პაველ დუროვი, Telegram-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ამავე სახელწოდების პოპულარულ მესენჯერს მართავს, საფრანგეთის პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისი პირადი თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა.

    ის საჰაერო ტრანსპორტის ჟანდარმერიის ჟანდარმებმა თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე დააკავეს.

    TF1-ის ცნობით, დუროვი ძებნილთა სიაში შეიყვანეს იმ მოტივით, რომ Telegram-ში მოდერაციის არარსებობამ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გამორიცხვამ ის ამ ქსელში მომხდარი უკანონო ქმედებების, მათ შორის ნარკოტიკების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და თაღლითობის გავრცელების   თანამონაწილე გახადა .

    ფრანგული მედია წერს, რომ დუროვს, რუსეთის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს. მათივე თქმით, მან იცოდა, რომ ძებნილი იყო და თავს არიდებდა საფრანგეთში ჩასვლას. წყაროებს არ ესმით, რატომ ჩავიდა ის ამჯერად.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩავიდა.

    Telegram-ს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი პაველ დუროვის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩომ „დაუყოვნებლივ გადადგა საჭირო ნაბიჯები მსგავს შემთხვევებში რუსეთის მოქალაქის ირგვლივ ვითარების გასარკვევად, მიუხედავად ბიზნესმენის წარმომადგენლების მიმართვის არარსებობისა“.

  • ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ულამაზესი მამაკაცი, მილიონების ადამიანის კერპი და საფრანგეთის სიამაყე ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    2019 წელს მსახიობმა ორი ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო დროს ის შვეიცარიაში ცხოვრობდა.2024 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის სასამართლომ მსახიობი ქმედუუნაროდ გამოაცხადა.

    ვარსკვლავი 18 აგვისტოს გარდაიცვალა, იუწყება Le Figaro. გარდა ამისა, გაჩნდა ინფორმაცია, რომ დელონი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გარდაიცვალა. “ალენ დელონი იმდენჯერ მოკვდა ეკრანზე, რომ ეს თითქოს უკანასკნელი დუბლია ღმერთმა, რომელიც ცუდი სცენარისტია, თქვა: “გადაღებულია!”. დელონი აღარ ადგა”, – ნათქვამია სტატიაში.

    ალენ დელონი დაიბადა საფრანგეთში 1935 წლის 8 ნოემბერს, ის ვარსკვლავი გახდა ფილმების “კაშკაშა მზეზე”, “როკო და მისი ძმები” (1960), “ლეოპარდი” (1963), ასევე “შავი ტიტა” შემდეგ. გაათავისუფლეს ” (1964). წლების მანძლზე ის მსოფლიოში ულამაზეს მამაკაცად და  სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა.ფილმები მისი მონაწილეობითმსოფლიო კინოს საგანძურს განეკუთვნება.

  • აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას მათი დამოუკიდებლობა აღიარონ

    რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანჩესკა გატის განცხადება, რომელშიც მან აფხაზეთს “საქართველოს განუყოფელი ნაწილი” უწოდა და რუსეთს აღიარების მოხსნისკენ მოუწოდა. აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი წარმოადგენენ სუვერენულ ქვეყანას, “ქართული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით.“

    „მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის ნების შედეგები, მათ მიერ განხორციელებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით და აღიაროს ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც განვითარდა ამიერკავკასიაში. რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – ნათქვამია ტექსტში.

    აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა რეფერენდუმის შედეგი იყო და “აფხაზი ხალხი გაეროს სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდა.

    „დიდი იმედგაცრუებით უნდა ვაღიაროთ, რომ ე.წ. საერთაშორისო თანამეგობრობის ზოგიერთი წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს საკუთარი ოპორტუნისტული ინტერესების შესაბამისად განმარტავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, კრემლმა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს დაყოლიება შეძლო ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. დღემდე გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან რესპუბლიკების დამოუკიდებლობა საქართველოსგან 5-მა ქვეყანამ – რუსეთის ფედერაციამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარა.

    რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარეს გაეროს სხვა წევრმა ქვეყნებმაც – ტუვალუმ და ვანუატუმ , მაგრამ მოგვიანებით ამ ქვეყნებმა მოხსნეს აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოაცხადეს. საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მას საქართველოს რეგიონად მოიხსენიებს. გაერო,დიდი შვიდეული, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო, ევროკავშირი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გმობენ რუსეთის ქმედებებს და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

    არაღიარების პოლიტიკის ძირითადი გარანტორები შეერთებული შტატები და საქართველოს სხვა დასავლელი პარტნიორები არიან.

    მაგალითად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტები, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოების მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს, მუდმივად არის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს ქვეყნის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს.

    დოკუმენტის თანახმად, „აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც, როგორც სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და აცნობებს ასიგნებების კომიტეტს, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“.

    დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

    გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა უნდა დაავალოს აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.