Category: კავკასია

  • მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა

    მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა

    პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

    როგორც გამარჯვებულების გამოცხადებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე.

    სახაროვის სახელობის პრემია “აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა რუსი მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად. . ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

    გარდა ამისა, პრემია მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ პატიმრებს, აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იდევნებიან.

    2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება. თითოეულ ლაურეატს ჯილდოს სახით 50 000 ევრო გადაეცემა.

  • თეთრი სახლი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

    დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი „უახლოეს მომავალში შეხვედრას არ გეგმავენ,“ — განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, იუწყება Reuters.

    ამავე წყაროს თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც არ აპირებენ პირად შეხვედრას. Reuters-ის ინფორმაციით, ლავროვისა და რუბიოს სატელეფონო საუბარი, რომელიც ორშაბათს გაიმართა, ოფიციალურმა წყარომ „პროდუქტიულად“ შეაფასა.

    გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისას, რომელიც კრემლის ინიციატივით შედგა, მათ ბუდაპეშტში პირად შეხვედრაზე მოილაპარაკეს.

    Reuters-ის ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსეთის უარმა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, როგორც ჩანს, საფრთხე შეუქმნა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის ჩატარებას.

    ორი მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის თქმით, ის ფაქტი, რომ მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით საუბრისას ვერ მიაღწიეს შეთანხმებას შეხვედრასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტი შესაძლოა საერთოდ არ გაიმართოს.

    „ვფიქრობ, რუსებს ძალიან ბევრი სურდათ, და ამერიკელებისთვის აშკარა გახდა, რომ ბუდაპეშტში ტრამპისთვის შეთანხმება არ იქნება,“ — უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.

    „რუსებს საერთოდ არ შეუცვლიათ პოზიცია და არ თანხმდებიან „შეჩერებაზე იქ, სადაც ახლა არიან,“ — თქვა მეორე დიპლომატმა. — „ვვარაუდობ, ლავროვმა იგივე სიტყვები გაიმეორა, ხოლო რუბიომ რაღაც მსგავსად უპასუხა: ‘ნახვამდის მოგვიანებით’.“

    ამასთან, არცერთ მხარეს საჯაროდ უარი არ  უთქვამს ბუდაპეშტში შეხვედრის გეგმაზე, და Reuters-ის ცნობით, სამიტის ორგანიზებაზე ძალისხმევა, როგორც ჩანს, კვლავ გრძელდება.

    სამშაბათს ვაშინგტონში იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიისიარტო, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა:

    „ჩვენ წინ რამდენიმე სერიოზული დღე გველოდება.“

  • Reuters: რუსეთმა საქართველოში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა გადასამუშავებლად

    სააგენტო როიტერის ინფორმაციით,  რუსულმა კომპანიამ „რუსნეფტმა“ (Russneft, RNFT.MM) ამ თვეში  ნავთობის პირველი  პარტია  მიაწოდა ახლად აშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას საქართველოში — ამის შესახებ ცნობილია LSEG-ის გემების გადაადგილების მეთვალყურეობის მონაცემებისა და ინდუსტრიული წყაროების მიხედვით.

    სააგენტო წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები — ომი  მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოხდა.

    თუმცა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში თბილისმა გააღრმავა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მაშინ როცა ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან მკვეთრად დაიძაბა.

    LSEG-ის მონაცემებით და ერთ-ერთი ტრეიდერის თქმით, ტანკერმა Kayseri  6 ოქტომბერს რუსული შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან, ყულევის ნავთობის ტერმინალში მიიტანა 105 340 ტონა „Siberian Light“ ტიპის ნავთობი.

    „რუსნეფტმა“ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

    “რუსეთი ცდილობს გააფართოოს თავისი ექსპორტის მიმართულებები, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

    საქართველო კი, თავისი პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, მიზნად ისახავს მიზნად შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებულ საწვავზე.

    ქარხანამ მუშაობა ამ თვეში დაიწყო, და მისი საწყისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონაა, ანუ დღეში დაახლოებით 24 000 ბარელი ნავთობი.

    მისი წლიური გადამუშავების მოცულობა თანდათან გაიზრდება 4 მილიონ ტონამდე 2028 წლისთვის, რაც საშუალებას მისცემს ქარხანას საწვავი მიაწოდოს როგორც შიდა ბაზარს, ასევე ექსპორტზე გაიტანოს.“– წერს სააგენტო.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინული დრონების და რაკეტების უწყვეტი თავდასხმების შემდეგ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ქვეყანაში საწვავის დეფიციტია.

  • აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რუსული ეკონომიკა ჩამოაქციოს, მაგრამ საჭიროა თანამშრომლობა ევროპასთან

    აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან დამატებითი სანქციების დაწესების საკითხში იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რათა „გაანადგუროს“ რუსეთის ეკონომიკა.

    „ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენს მაგალითს მიჰყვნენ,“ — თქვა ბესენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

    „ახლა ეს არის რბოლა, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინის არმია და რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა, და თუ აშშ და ევროკავშირი ჩაერევიან, შემოიღებენ დამატებით სანქციებს, მეორად ტარიფებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ჩამოინგრევა და ეს აიძულებს პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.“–დასძინა ბესენტმა.

    აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოეთს 50-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, მიზეზად მისი მხრიდან რუსული ნავთობის უწყვეტი შესყიდვები დაასახელა.

    ბესენტმა ეს განცხადება რამდენიმე საათში გააკეთა რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

    ამერიკული მედიის შეფასებით, ტრამპი ომის დასრულების მცდელობებს უფრო პესიმისტურად უყურებს, თუმცა რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით ევროპელ ლიდერებს, მოუწოდა მათ შეუერთდნენ აშშ-ს და ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე რუსეთის მხარდაჭერის გამო უკრაინასთან ომში.

    წინადღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარიზში გამართული „მოსურველთა კოალიციის“ სამიტის მონაწილეებმა ხუთშაბათს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას, განიხილეს გზები რუსეთის აგრესიის შეჩერებისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

  • “გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“– დაპატიმრებული აქტივისტი, ნინო დათაშვილი ლელოს ლიდერებს თხოვს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ

    პატიმრობაში მყოფი აქტივისტი და მასწავლებელი,  ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და თხოვს არ მიიღონდ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

    ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

    „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს.

    ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე.

    გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას „ტრიუკს“, (თვითმმართველობის) არჩევნებს. როგორც ბატონმა მამუკამ თვითონ ბრძანა, ეს იყო მუხანათობა. დაასრულეთ ეს მუხანათური მდგომარეობა საქართველოში და გაუერთიანდით ბოიკოტში მყოფ საზოგადოებას.

    რუსთაველის გამზირის საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ გმირები და რომ თქვენი დანახვა რუსთაველის გადაკეტილ გამზირზე გვაძლებინებს პროტესტის მონაწილეებს.

    დანარჩენ საზოგადოებას: ხალხო, პირდაპირ ეთერში ღალატის აქტი ჩაიდინეს, საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება! მეტი რარა უნდა გააკეთონ?! გამოდით ქუჩაში! გამოდით!

    თორნიკე თოშხუას კიდევ ერთხელ ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ძაან ვნერვიულობ. მე თვითონ ვარ ცუდად, მაქვს კიდევ (ნერვის) მორიგი ანთება ამ გაუსაძლის პირობებში. ჩემი ხათრით, ვთხოვ, რომ ჩემი ხათრით მაინც შეწყვიტოს (შიმშილობა)“ .

    ნინო დათაშვილი
    მეხუთე პენიტენციური დაწესებულება
    6 სექტემბერი, 2025 წელი
  • კობახიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დავალებებს ოცნების გუნდის ყოფილი წევრები აძლევენ

    კობახიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დავალებებს ოცნების გუნდის ყოფილი წევრები აძლევენ

    4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას დღეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ის ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გეგმები მათთვის ცნობილია და „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ გეგმას განხორციელება არ უწერია. კობახიძის თქმით, ხაბეიშვილის უკან „ოცნების“ ყოფილი წევრები დგანან, თუმცა სახელებსა და გვარებს ის არ აკონკრეტებს.

    „რეალურად, ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, თუმცა მისი დავალების მიმცემებიც ნატურით ზუსტად ისეთივეები არიან, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად, მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ. გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ამ გეგმას არ უწერია არავითარი განხორციელება.

    კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ანუ ეს არის იგივე დავალებები“, – ასე უპასუხა კობახიძემ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ კითხვას.

    მან უპასუხა შეკითხვას, იგულისხმა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი.

    „არა, არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როდესაც ასე ხდება, მერე შეიძლება სხვა გვარები მოიკითხოთ და ა.შ. არცერთ გვარს არცერთი ფორმით არ დავასახელებ“, – განაცხადა კობახიძემ.

  • სამტრედიის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა-პროკურატურა

    სამტრედიის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა-პროკურატურა

    არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით  ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

    „სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

    სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ( გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • აქტივისტ ალბი კორძაიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

    სამოქალაქო აქტივისტს, ალბი კორძაიას სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს.

    „მომისაჯეს 12 დღე. ამ ჩემი მწვავე მუცლით, სავარაუდოდ, იზოლატორიდან მალე ისევ საავადმყოფოში ამოვყოფ თავს. წავედი ჩავალაგებ,“ – წერს კორძაია.

    ალბი კორძაია 2 სექტემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 2 სექტემბერს, ამ  მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით, ჯამში, 23 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც პროევროპული აქციებისას დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ.

    ალბი კორძაიასთვის ეს რიგით მესამე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება. აქტივისტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და არსებობს შანსი, რომ პატიმრობის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება მან კლინიკაში გაიგო, სადაც სამედიცინო პროცედურებისთვის იმყოფებოდა. დღეს ის ზაჰესის იზოლატორთან საკუთარი ფეხით მივიდა.

  • ზელენსკი: კოალიციის მონაწილეებს ერთნაირი ხედვა აქვთ, რომ რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს

    უკრაინის პრეზიდენტმა შეაჯამა „მსურველთა კოალიციის“ სხდომის შედეგები, რომელიც პარიზში გაიმართა.

    „დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. დავაკოორდინეთ პოზიციები და განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტები. მადლობას ვუხდი ყველას იმის გაგებისთვის, რომ უსაფრთხოების მთავარ გარანტად მაინც ძლიერი უკრაინული არმია რჩება.

    არსებობს ერთიანი ხედვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად გააჭიანუროს მოლაპარაკების პროცესი და გააგრძელოს ომი. საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება. ამჟამად მზადდება ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტი. ასევე სასანქციო ნაბიჯებზე მუშაობს იაპონია.“

    ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაწევის მზადყოფნისთვის.

    პარიზში „მოსურვილთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულების შემდეგ უახლოეს პერიოდში გაიმართება სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00-ზე (ლონდონის დროით – 13:00, კიევის დროით – 15:00). გამოცემის ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობას არ მიიღებს კოალიციის ყველა წევრი, არამედ მხოლოდ ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში იმყოფებოდნენ.

    უკრაინის მოკავშირეებმა პარიზში განიხილეს  მისი უსაფრთხოების მომავალი გარანტიები. იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ შეძლებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებას ომის დასრულების შემდეგ.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც გუშინ პარიზში მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, განაცხადა, რომ ევროპა მზად იქნება „უკრაინასა და უკრაინელებს შესთავაზოს უსაფრთხოების გარანტიები იმ დღეს, როდესაც მოეწერება ხელი მშვიდობას“.

    „მსურველთა  კოალიციის“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „მოსურვილთა კოალიციას“) სხდომაში, რომელსაც მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ხელმძღვანელობდნენ  შერეულ ფორმატში — ადგილზე და ვიდეოკავშირის საშუალებით — 35 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

    ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ გეგმებზე მუშაობდნენ აგვისტოს შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდნენ. მისი თქმით, ეს მკაცრად კონფიდენციალური გეგმები ოთხშაბათს უკვე დამტკიცდა თავდაცვის მინისტრების დონეზე.

  • დონალდ ტრამპმა მთელ მსოფლიოს სავაჭრო ომი გამოუცხადა. ტრამპის ტარიფებს ვერც საქართველო გადაურჩა

    მთელი მსოფლიოს ყურადღება ტრამპის ახალი გადაწყვეტილებისკენ არის მიმართული, რომლითაც მან მსოფლიოს ყველა ქვეყანას სავაჭრო ტარიფები დაუწესა. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც ეს საკითხია:

    დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორი თვე ამზადებდა თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის მთავარ მოვლენას. საზეიმო გარემოში, თეთრი სახლის ვარდების ბაღში, ტრამპმა 2 აპრილი ამერიკის „განთავისუფლების დღედ“ გამოაცხადა და განაცხადა, რომ აშშ-ში შემოტანილ საქონელზე შემოაქვს უპრეცედენტო ტარიფები — რაც მომხდარა გასული საუკუნის დასაწყისიდან არ მომხდარა.

    ტრამპის აზრით, სავაჭრო ბარიერები აიძულებს როგორც მეგობრებს, ისე მტრებს, მასთან დათმობებზე წასვლას — როგორც სავაჭრო, ისე ტერიტორიულ საკითხებში. ეკონომისტები კი გვაფრთხილებენ, რომ ახლა ცხოვრება ყველასთვის გართულდება, მათ შორის ამერიკელებისთვისაც, რომლებსაც ტრამპის მიერ დაწესებული იმპორტის გადასახადი შეეხებათ.

    „დღეს — განთავისუფლების დღეა,“ — განაცხადა ტრამპმა. „ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს ამერიკის ეკონომიკური დამოუკიდებლობის დეკლარაციაა.“
    „ჩვენ ისევ გავხდებით დიდი და მდიდარი ქვეყანა. ჩვენს ქვეყანას 50 წელზე მეტია ძარცვავენ. ეს აღარ განმეორდება.“

    აშშ — მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა, რომელთანაც ყველა ცდილობს ვაჭრობას. ტრამპი მიიჩნევს, რომ სავაჭრო პარტნიორები ამერიკას იყენებენ — ყიდიან აშშ–ში უფრო მეტ პროდუქტს, ვიდრე მისგან ყიდულობენ, და მათ ტარიფებიც უფრო მაღალი აქვთ. მისი თქმით, დღევანდელი „საპასუხო“ ტარიფები თამაშის წესების გასასწორებლად შემოდის.

    ტრამპის სამი მთავარი სამიზნეა: ევროკავშირი (მსოფლიოში მეორე ეკონომიკა), ჩინეთი (მესამე) და კანადა-მექსიკა (მეზობლები და საბაჟო კავშირის პარტნიორები). მათზე მოდის აშშ-ს დეფიციტური სავაჭრო ბრუნვის დიდი ნაწილი. სწორედ მათ მიმართ გამოხატა ამერიკის პრეზიდენტმა თავისი სატარიფო რისხვა.

    ტრამპმა თქვა, რომ შემოაქვს „საპასუხო“ ტარიფი — ჩინეთისთვის 34%, ევროკავშირისთვის 20%, იაპონიისთვის 24%, ხოლო ინდოეთისთვის 26%. გადასახადს მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაურჩება — „მინიმალური საბაზო ტარიფი“ იქნება 10%. სწორედ ამ სატარიფო განაკვეთში მოხვდა საქართველო.

    სხვა ქვეყნები პასუხობენ, რომ თავისუფალი ვაჭრობა ნულოვანი შედეგის მქონე თამაში არ არის და მისით ყველა მონაწილე სარგებელს იღებს, რასაც თვალსაჩინოდ ადასტურებს მსოფლიო ეკონომიკის ისტორია უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ისინი მზად არიან, საპასუხო ტარიფები დააწესონ, თუმცა ჯერ კიდევ იმედოვნებენ შეთანხმებაზე.
    მანამ კი, ხვალ დილით მსოფლიო ახალ რეალობაში გაიღვიძებს — სადაც პლანეტის ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქვეყანა ყველა დანარჩენისგან სატარიფო ბარიერით იქნება გამიჯნული.

    რა ტარიფები იქნება მომავალში, მას შემდეგ რაც ქვეყნები ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ან შეთანხმდებიან, ან ვერა — წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. თუმცა უკვე ახლა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე საშუალო გადასახადი 3-4%-დან 10-15%-მდე გაიზრდება.

    შედარებისთვის: ევროკავშირში ახლა საშუალო ტარიფი დაახლოებით 5%-ია, ჩინეთში — 7.5%, ინდოეთში — 17%. დანარჩენ ქვეყნებს ტრამპი დაპირდა „მინიმალურ საბაზო ტარიფს“ — 10%.
    საშუალო მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საკმაოდ პირობითია — როგორც „საშუალო ტემპერატურა პალატაში“, მაგრამ ის დაახლოებით გვიჩვენებს, როგორ დაზარალდება მსოფლიო ვაჭრობა და გლობალური კეთილდღეობის ზრდა, თუ ტრამპის მიერ გამოცხადებული დღევანდელი ტარიფები ახალი რეალობა გახდება და არა დროებითი ახირება — როგორსაც ადგილი ჰქონდა ტრამპის წინა არაერთი სატარიფო ინიციატივის დროს.