Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • უკრაინის პრემიერ მინისტრი ვაშინგტონში ჩავა – როიტერი

    უკრაინის პრემიერ მინისტრი ვაშინგტონში ჩავა – როიტერი

    უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალი და სხვა მაღალჩინოსნები ფინანსური სფეროდან მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავლენ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს და აზუსტებს, რომ შმიგალის გარდა ვაშინგტონში ჩავლენ ფინანსთა მინისტრი, სერგეი მარჩენკო და ცენტრობანკის თავმჯდომარე კირილ შევჩენკო. მათი ვიზიტი ამერიკის დედაქალაქში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების დროს შედგება.

    როიტერის მონაცემებით უკრაინული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსური უწყებების ჩინოვნიკებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინასთან დაკავშირებულ მრგვალ მაგიდაში, რომლის ორგანიზატორი მსოფლიო ბანკია.
    ვიზიტი ომის დაწყების შემდეგ პირველი შესაძლებლობა იქნება უკრაინული მხარისთვის პირადად შეხვდნენ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ფინანსური უწყებების წარმომადგენლებს, აღნიშნავს სააგენტო.

  • კოლუმბია მზად არის დასავლეთისთვის ენერგორესურსების მოპოვება გაზარდოს და რუსული იმპორტი ჩაანაცვლოს

    კოლუმბიის ხელისუფლება პირობას დებს, რომ დაეხმარება დასავლეთის ქვეყნების ნაწილობრივ ან მთლიანად თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე და ის კოლუმბიურით ჩაანაცვლონ. ამისათვის ქვეყანა ნავთობის, ქვანახშირის და გაზის მოპოვებას გაზრდის. ამის შესახებ კოლუმბიის პერზიდენტმა, ივან დუკემ სიენენთან საუბარში განაცხადა. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრას გენოციდი უწოდა.

    “ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსები, რომლებსაც არ ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ქვანახშირის რესურსები გვაქვს, შეგვიძლია უფრო მეტი ნავთობი და გაზი მოვიპოვოთ. კოლუმბიას დღესვე შეუძლია გაზარდოს ქვანახშირის მოპოვება.

    რუსეთის ქმედება უკრაინაში არის გენოციდი. ჩვენ ეს უნდა შევაჩროთ. ეს სიგიჟეა“–თქვა კოლუმბიის პრეზიდენტმა.

    კოლუმბიის პრეზიდენტი სამდღიანი ვიზიტით ნიუ იორკში იმყოფება.

  • ახალი სანქციების სია, რომელსაც ევროკავშირი რუსეთს უწესებს

    ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ახალი სანქციების შესახებ, რომელსაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაამტკიცებს:

    • რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს.
    • ხიზილალის, ალკოჰოლის, ხე–ტყის, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის და სხვა საქონლის იმპორტის აკრძალვა – წელიწადში 5.5 მილიარდი ევრო.
    • რუსეთში ჩიპების, ნახევარგამტარების, კომპიუტერების და გაზის მრეწველობის, ტრანპორტის და სხვა სფეროებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვა, წელიწადში 10 მილიარდი ევროს ღირებულებით.
    • ევროკავშირის პორტების დაკეტვა რუსული ხომალდებისთვის, გარდა ენერგორესურსების და სურსათისთვის განკუთვნილი გემებისა.
    • საზღვრების დაკეტვა რუსული და ბელორუსული სატვირთო მანქანებისთვის.
    • სანქციები 4 ბანკის წინააღმდეგ, ВТБ–ს ჩათვლით, რომლებიც უკვე გამორთულია SWIFT–იდან.
    • საპასუხო ზომები, რომლებიც მოიცავს რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვას ევროკავშირში სახელმწიფო შესყიდვებში და ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვას რუსული სახელმწიფო ორგანოებისთვის.
    • სანქციების სიაში ახალი პირების შეყვანა.

    სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს ემბარგოს შემოღებას რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომელშიც რუსეთს დღეში 650 მილიონ ევროს უხდის, თუმცა მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით შეზღუდვებზე, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტს შეეხება.

    შემუშავებულ სანქციებს ევროკავშირის 27–მა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

  • ავიაკომპანია „აირზენა“ 150 მლნ დოლარად იყიდება

    ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 150 მლნ დოლარად იყიდება.ინფორმაციას ამის შესახებ ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage ავრცელებს, რომელიც ქართული ავიაკომპანიისთვის ინვესტორს ეძებს.

    “ჯორჯიან ეარვეისი“ კორონავირუსის გამო ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რის შემდეგაც შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს ავიაკომპანიის გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოება დაიწყო. ამ მიზნით, სასამართლოს კომპანიის დირექტორმა მიმართა.

    როგორც სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული,  არსებული ფინანსური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კი მოვალის რეაბილიტაცია იყო.

    განჩინების მიხედვით ადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარდგენისთვის მოვალის აქტივების საერთო ღირებულება უტოლდება 21 378 262 ლარს. ამავდროულად, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების საერთო ღირებულება აღწევს 175 854 075 ლარს.

    „მოვალის ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გარეშე უახლოეს მომავალში ვეღარ შეძლებს მოემსახუროს ვადამოსულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოვალის გადახდისუუნარობის პირობებში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება კრედიტორთა ერთობლივი ინტერესის დაცვის აუცილებელი და სავალდებულოდ გამოსაყენებელი გზაა,“-ნათქვამია  სასამართლოს განჩინებაში.

    საქართველოში დაფუძნებული ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage-ს პრეზიდენტი „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერიაა.  ავიაკომპანია მან გასული წლის ნოემბერში დატოვა და მიზეზად ქართულ-ამერიკულ კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში“ გადასვლა დაასახელა.

    კომპანია უცხოურ ინვესტიციებს, საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში, სხვადასხვა ბიზნეს პროექტების დასაფინანსებლად იზიდავს.

    ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს: მოქმედი ბიზნესისა და მატერიალური აქტივების ყიდვა-გაყიდვას; შემოსავალის მომტანი მატერიალური აქტივების პორტფელის შეგროვებასა და მართვას; ბიზნესის შეფასებასა და მის იმიგრაციას – საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

  • ნატოსთან და აშშ–სთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობს

    რუსეთში აქციების ბაზარი ვარდნას განაგრძობს რუსეთის ხელისუფლების უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ აშშ–სა და ნატოსთან. დაძაბულობა იგრძნობა მსოფლიო ბაზრებზეც.

    დღეს მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 3600 პუნქტზე დაბლა დაეცა, რაც გასული წლის 14 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა, დოლარის ინდექსი კი 4 მაისიდან პირველად დაეცა 1500 პუნქტით.

    ვარდნა ხუთშაბათს დაიწყო: ხუთშაბას ძირითადი სესიის დახურვისას მოსბირჟის რუბლის ინდექსი 4.05%–ით დაეცა, დოლარის ინდექსი კი 5.94%–ით. პარასკევს ვაჭრობა მცირე ზრდით გაიხსნა, თუმცა ის მალევე შეიცვალა ახალი ვარდნით.

    პარასკევს გაუფასურება განიცადა რუსულმა ვალუტამ: დღისით ევროს კურსი გასული ზაფხულის მაქსიმუმს გაუთანაბრდა და 88 რუბლს მიაღწია, დოლარი კი 77 რუბლს მიუახლოვდა.

    ეკონომისტები თანხმდებიან, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც ბაზრების ვარდნა გამოიწვია გეოპოლიტიკაა.

    ინვესტორები გეოპოლიტიკური რისკების გამო ცდილობენ რუსული აქციებისგან გათავისუფლდნენ. რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვის ბირჟის ხუთშაბათის ვარდნა 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე ძლიერია და ამის მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის საქმეში პროგრესის არარსებობაა.

    ამ კვირას რუსეთსა და აშშ–ს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები გაიმართა, ასევე გაიმართა ნატო–რუსეთის საბჭო. ვერცერთ შეხვედრაზე პუნქტების უმრავლესობაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

    როგორც მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები არანაირი ფორმით და არანაირი მიზეზით არ არიან მზად რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ ნატოს გაფართოების შეწყვეტის, ალიანსის ინფრასტრუქტურის შემცირებისა და ნატოს 1997 წლის დროინდელ საზღვრებში დაბრუნების შესახებ.

    რიაბკოვის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის საფუძველი ახლო მომავალში არ არსებობს, რადგან საუბარი ფაქტიურად ჩიხში შევიდა.

    ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო არანაირ კომპრომისზე არ წავა ორგანიზაციის გაფართოებისა და აღმოსავლეთში ჯარების განთავსების საკითხში.

    გეოპოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ სიტუაცია დაძაბულია მსოფლიოს ბაზრებზეც. თუმცა, ბაზრებზე გავლენას აშშ–ს  მიერ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების მორიგი ციკლის დასაწყისის მოახლოებაც ახდენს. ეს გადაწყვეტილება აშშ–მ ინფლაციის შესამცირებლად მიიღო, რომელიც შესაძლოა მარტში დაიწყოს.

    ხუთშაბათს  ვარდნა იყო ამერიკულ ბაზარზეც, სადაც ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მაღალტექნოლოგიური სექტორის აქციები, რომელთა ინდექსმა 2.7%–იანი კლება განიცადა, ასევე მეორადი საჭიროების სამომხმარებლო პროდუქტების წარმოების სექტორმა, რომლის დანაკარგმა 2% შეადგინა.

    Dow Jones –ის და  S&P500–ის ინდექსებმა ხუთშაბათს  შესაბამისად 0.5% და 1.4% დაკარგეს.

    ექსპერტები დღევანდელ დილას მსოფლიო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას “სუსტად ნეგატიურს“ უწოდებენ.

  • საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება—აზიის განვითარების ბანკი

    საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 3.5%-თ არის მოსალოდნელი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.

    აზიის განვითარების პროგნოზის (ADO) 2021 — ბანკის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური გამოცემის მიხედვით ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2022 წელს 6%-ით ვარაუდობს, რადგან ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა  მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს.

    “როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. “ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.“

    ADB 2021 წელს ინფლაციის 5.0%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10 პროცენტამდე შემცირდება, 2022 წელს კი 7 პროცენტამდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს.

    მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%, ხოლო 2022 წელს 3.9% ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს.

    მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს — 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს — 8.9%-ით.

    ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა საფერმო მეურნეობის ცოდნის, კავშირების, ფინანსებთან წვდომისა და ტექნიკური შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. სოფლის მეურნეობის წარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ბაზარზე წვდომის გამარტივება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.

    მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს ინვესტიციების წახალისება საირიგაციო სისტემებში, პროდუქტიულობის გაზრდის, სოფლის მეურნეობის საექსპორტო ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ბაზრების სტანდარტიზაციის მოოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

  • შეუკვეთე მაგთის სერვისები ონლაინ MyMagti-ის საშუალებით

    დღეიდან მობილური აპლიკაცია MyMagti-ის საშუალებით უკვე შეგიძლიათ ონლაინ შეკვეთის სერვისით სარგებლობა და ისეთი მომსახურების მიღება, რისთვისაც უწინ ოფისში მისვლა იყო აუცილებელი, კერძოდ:

    * სასურველი ნომრის შერჩევა და ქსელში ჩართვა
    * პორტირება
    * SIM-ბარათის შეცვლა ან ახლის შეკვეთა
    * TV პულტის შეკვეთა
    * WiFi მოდემის შეკვეთა

    სერვისების მისაღებად საჭიროა, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია MyMagti (თუ ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული), შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი, შეავსოთ საჭირო ველები (მისამართი, საკონტაქტო და ა.შ.), გადაიხადოთ თანხა და დააფიქსიროთ შეკვეთა.

    მობილური აპლიკაცია MyMagti თქვენს სმარტფონში მაგთის ოფისის ფუნქციას ასრულებს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ: ბალანსის  შემოწმება, ანგარიშის შევსება, ბარათით გადახდა, სასურველი პაკეტების/სერვისების შეძენა და ავტომატურად განახლება, კოქტეილის არჩევა ან შექმნა, TV არხების დამატება, ინტერნეტსიჩქარის გაზრდა,WiFi პაროლის შეცვლა, ამ ყველაფერს კი უკვე ონლაინ შეკვეთის სერვისიც დაემატა.

    „დისტანციური სერვისების არსებობა და მათზე გამარტივებული წვდომა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა და პანდემიამ კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა გააჩინა დისტანციურ სერვისებზე. ტელესაკომუნიკაციო დარგში მაგთიკომი პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის სახით დისტანციური სერვისი შესთავაზა, მას შემდეგ კომპანია მუდმივად ავითარებს ამ მიმართულებას და დროის გამოწვევების საპასუხოდ, ახალ ფუნქციებს და სერვისებს უმატებს მას.

    დღესაც, ახალი სერვისის – ონლაინ შეკვეთის დამატებით, ვფიქრობთ, მეტ კომფორტს შევუქმნით ჩვენს მომხმარებლებს და გავუმარტივებთ წვდომას მაგთის სერვისებზე“,- აცხადებენ მაგთიკომში.

    ბმული ვებ გვერდზე – www.magticom.ge/onlineorder

  • umlaut – გლობალური საკონსულტაციო კომპანია და მსოფლიო ლიდერი მობილური ქსელების ტესტირებაში, საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს

    “Best in Test” – ასე აფასებს მაგთიკომის ქსელს დამოუკიდებელი გლობალური კომპანია umlaut-
    ი, რომელიც მსოფლიო ლიდერია მობილური ქსელების ტესტირებისა და შეფასების სფეროში.

    umlaut-ის მიერ საქართველოს მობილური ქსელების დამოუკიდებლად ჩატარებულმა
    ტესტირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგთიკომს ქვეყანაში საუკეთესო ქსელი აქვს.

    მაგთიკომი “Best in Test” – სერტიფიკატი კომპანიას 2021 წლის 12 თებერვალს გადაეცა.

    მაგთიკომის ქსელის საუკეთესოდ აღიარება 2020 წლის დეკემბერში საქართველოში
    მაგთიკომისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ ტესტირებას ეფუძნება. კვლევის არეალი
    მოიცავდა როგორც დიდ ქალაქებსა და რეგიონებს, ისე მაგისტრალებსა და დამაკავშირებელ გზებს.
    umlaut-მა მაგთიკომის ხმოვანი და ინტერნეტსერვისის ხარისხის ტესტირება სხვადასხვა
    ტექნოლოგიების მიხედვით (LTE/UMTS/GSM) განახორციელა. umlaut-მა ქსელის შეფასება მომსახურების 3 ძირითადი პარამეტრის მიხედვით მოახდინა:

    • Voice – ხმოვანი სერვისის მიმართულებით (გაიზომა დარეკვის დრო, ზარების ხარისხი,
      ხმის გარჩევადობა)
    • Data – მობილური ინტერნეტსერვისის მიმართულებით (შეფასდა მონაცემთა გადაცემის
      სიჩქარე, ხარისხი)
    • crowdsourced quality – შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო აპლიკაციების მომწოდებლების
      სერვერებიდან მიღებული მონაცემები.


    მაგთიკომის ქსელი მომსახურების სამივე კატეგორიაში ლიდერობს საქართველოში, საუკეთესო შედეგებს აჩვენებს კონკურენტებთან მიმართებაში, გამოირჩევა ყველაზე მაღალხარისხიანი და სწრაფი მობილური ინტერნეტით და საუკეთესო ხმოვანი სერვისით.

    “ვულოცავ მაგთიკომს მომსახურების ყველა კატეგორიაში ლიდერობას. მან საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც მობილური ინტერნეტის, ისე ხმოვანი სერვისის და აპლიკაციების მოხმარების ხარისხის (crowdsourced quality) მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19- ით განპირობებული გამოწვევების პერიოდში“, – აცხადებს Hakan Ekmen, umlaut-ის გენერალური დირექტორი.

    იხილეთ umlaut-ის კვლევის მონაცემები და საქართველოში მოქმედი ოპერატორების ქსელების შეფასება.

    umlaut-ი გლობალური, სრული მომსახურების მქონე, კროს-ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც პროცესის საწყისი ეტაპიდან ბოლო საფეხურამდე მიყვანას უზრუნველყოფს და მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს.

    50 ქვეყანაში არსებული umlaut-ის 20 საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია, 4300 სპეციალიზირებული ექსპერტი და ინჟინერი ინოვაციურ გადაწყვეტებს და ტრანსფორმაციებს სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიებს.

  • Coca-Cola პლასტიკური ბოთლების ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებას იწყებს

    კომპანია Coca-Cola პლასტიკურ ბოთლებს ქაღალდის ბოთლებით ჩაანაცვლებს. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით პირველი ნიმუში დანიურმა კომპანიამ Paper Bottle Company წარმოადგინა. სატესტო რეჟიმში კოკა-კოლა 2000 ბოთლს გამოუშვებს.

    ბოთლებს პლასტიკური მხოლოდ სახურავი და შიდა მემბრანა აქვს. ექსპერიმენტის საბოლოო მიზანი ბოთლების მთლიანად ქაღალდისგან დამზადებაა.

    ორგანიზაცია Break Free From Plastic-ის მონაცემებით, Coca-Cola პლასტიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა Pepsi ხოლო მესამეზე კი Nestle

    იცით რამდენ ხანში იშლება გარემოში მოხვედრილი ნარჩენი გადამუშავების გარეშე?
    • ალუმინის ქილა: 200 – 500 წელი
    • პლასტმასის ბოთლი: 450 წელი
    • პოლიეთილენის პარკი: 200 – 1000 წელი
  • “საზოგადოება ხედავს, რომ ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“–სოსო ფხაკაძე ხელისუფლების მადლობელია

     “მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან სკურპულოზურად ვუყურებდით ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და აქედან გამომდინარე, თანაზიარი ვიყავით იმ მოსაზრებისა, რომ პირველ რიგში ეპიდსიტუაცია უნდა დარგეულირებულიყო და ამის შემდგომ შეიძლებოდა უკვე ეკონომიკის გახსნაზე საუბარი და ა.შ. ფაქტია, მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ დღევანდელი დღიდან ბევრი რამ გაეხსნა და ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    მისივე თქმით, ეს პოზიტიური სიგნალია ბიზნესისა და ეკონომიკისთვის.

    „ეს პოზიტიური სიგნალია ეკონომიკისთვის და პოზიტიურ ვიბრაციას შექმნის, ბუნებრივია, ბიზნესებისათვის. ასევე, ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას, ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ისიც თანდათანობით გაუქმდეს,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

    კითხვაზე – იყო თუ არა პრემიერის მხრიდან რაიმე მითითება, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

    „იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოთხოვნები, რაც გვაქვს ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული, ზედმიწევნით დავიცვათ. ამას ჩვენ ისედაც ვაკეთებთ და ბუნებრივია, მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაკეთებთ, რათა თითოეული მოქალაქის და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს დაცული,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

    შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.