Category: არქივი

  • დატბორვის შემდეგ ბარნოვის ქუჩაზე სპეცტექნიკა მუშაობს

    თბილისში, ბარნოვის ქუჩის 80 ნომერთან წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო დაზარალებულებისთვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
    ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის (GWP)–ს წარმომადგენლები და სპეცტექნიკა ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ რომ დაზიანება აღმოფხვრან და წყლის მიწოდება აღდგეს. ბარნოვის ქუჩაზე 900 მმ-იანი მაგისტრალური მილი, რომელიც მთაწმინდის რაიონს წყლით ამარაგებს ავარიულად გამთენიისას დაზიანდა. ბარნოვის ქუჩახე N72-დან N80-მდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. კომპანია განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება. რაც შეეხება ზარალს, GWP-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ზუსტი ოდენობის დათვლა და ისინი მას სრულად აანაზღაურებენ.
    წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, შენობის პირველი სართულები, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, სალონები და მანქანები დღეს გამთენიისას დაიტბორა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.დაზარალებულები ამბობენ, რომ თავდაპირველად მათ ძლიერი ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მათ სახლებში წყლის ნიაღვარი შევარდა.
    წყალმომარაგება შეეზღუდათ ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 4 თებერვალის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.

  • მელანია ტრამპი გამოჩნდა. მედიის ყურადღება კვლავ მისმა ჩაცმულობამ მიიპყრო

    შაბათს დილით დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად გაყინული ვაშინგტონიდან ფლორიდაში, მზიან პალმ–ბიჩში გაფრინდა, სადაც პრეზიდენტს საკუთარი მამული აქვს.მშობლებთან ერთად ფლორიდაში გაემგზავრა ტრამპის უმცროსი ვაჟი, 12 წლის ბარონი. მელანია ტრამპი ქმართან ერთად 2019 წელს საჯაროდ პირველად გამოჩნდა. მანამდე ის მხოლოდ იშვიათად აქვეყნებდა თეთრი სახლის კედლებში გადაღებულ ფოტოებს ინსტაგრამზე. მელანია ტრამპმა ამჯერად “ადაპტირებულ კლასიკას“ მიანიჭა უპირატესობა. მას ბრენდ Roksanda–ს თავისუფალი სტილის ორბორტიანი ღია ყავისფერი პალტო ეცვა, იმავე ფერის მაღალყელიან ჩექმასთან ერთად Gianvito Rossi –ს ბრენდისგან. ხელში კი Hermès–ის წითელი ჩანთა ეჭირა.


    მოკლე მანძილი მანქანამდე და შემდეგ მანქანიდან თვითმფრინავამდე საკმარისი აღმოჩნდა, რომ მედიას მელანიას ჩაცმულობა ზუსტად შეეფასებინა და მისი ღირებულებაც დაეთვალა. პალტოს ფასი– 3,875$ ჩექმის ფასი კი 1,625 დოლარია. მოკლედ, სადაც მელანია ჩნდება იქ მთავარი თემა მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და გარდერობის ღირებულების კალკულაციაა.

  • ეკა ბესელია პირადი კადრების შემთხვევითი გამავრცელებლების გარდა პროცესის დირიჟორის დადგენას მოითხოვს

    ქართული ოცნების უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრიდან გამოსული ეკა ბესელია ამბობს, რომ შეხვედრისას ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა:

    “პირადზე მსჯელობა არ ყოფილა და არც არის აქ სამსჯელო არაფერი ერთის გარდა.ვიცით ვინ არის ავტორი – ეს განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. ახლა საუბარია იმაზე ვინ დაგეგმა და ვინ არის დირიჟორი ამ უკანონო კამპანიის და ამ მორალური ტეროის რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს.
    გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან იმ ბრალდებით, რომ ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში და შეიძლება იქ შემთხვევითაც ვიღაცეები მოხვდნენ. ჩემი ამოცანა არ არის ოჯახები გაუბედურდეს, ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული. მე ნამდვილად არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო რომ ოჯახების ტრაგედია მოყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს.
    პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების, ვინ რა მიზნით გაავრცელა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. და გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ გაარკვიეს ეს“ – ამბობს ეკა ბესელია.
  • იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იქნება

    ქართული ოცნების დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ იურიდიულ კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება მიუღებელია ეკა ბესელიასთვის, რომელიც ამ პოსტზე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას უჭერდა მხარს. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომისას ეკა ბესელიამ მის მოადგილედ გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა, რომელსაც მისი გადადგომის შემდეგ მისი უფლებამოვალეობები უნდა შეესრულებინა, თუმცა მოგვიანებით ქართული ოცნების ლიდერის და უმრავლესობის გადაწყვეტილებით გედევან ფოფხაძე კომიტეტიდან გაიწვიეს. ამის შემდეგ ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეობის მისთვის მისაღებ კანდიდატად ლევან გოგიჩაიშვილს ასახელებდა.. 

    ანრი ოხანაშვილი ე.წ. “კობაზიძის ჯგუფის“ წარმომადგენელია და მას უმრავლესობის ნაწილი, ე.წ. ამბოხებულები მხარს არ უჭერენ, თუმცა დღეს ქართული ოცნების უმრავლესობამ დახურულ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც საგაზაფხულო სესიაზე ერთ–ერთ პირველ საკითხაზ უყრიან კენჭს.

  • რით დასრულდა უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრა

    ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარები უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა. მათი თქმით შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ მოსამართლეთა კრიტერიუმების და ამის შედეგად მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე. თუმცა სავარაუდოდ დაპირისპირებულ მხარეებს შორის საბოლოოდ შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

    “განვიხილეთ პროცესის ძირითადი ლოგიკა. შევთანხმდით რომ ეს რეგულაციები მომზადდება სამართლებრივ პრინციპებთან თანხმობაში. დღეიდან კანონის შემუშავების და მისი დამტკიცების პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება. “ – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ.

    “ეს არის პროცესი, როდესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ვინც ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. შემდგომში თუ როგორ მოხდება ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეტანილი განაცხადების დამუშავება, როგორ მოხდება სიის ფორმირება და სიის წარდგენა პარლამენტში. პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა საკმარისად დროში,“ – ამბობს უმრავლესობის ლიდერი.
    შეხვედრიდან გამოსულმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ვერ გაიგო რას ნიშნავდა შეთანხმება, რომ შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული პროცესი კონსტიტუციას არ გასცდება.
    „შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება. მე ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერ გავერკვიე, რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ეს სადაო არ არის. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, ამ ეტაპზე პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კონსტიტუციის შეცვლას პრინციპულად არც ითხოვდა ვინმე, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია. მე არავის მოვუწოდებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, უბრალოდ, თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ალბათ, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ავირჩიოთ ღირსეული მოსამართლეები.“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
    შეხვედრიდან გამოსული ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს ძირითად საკითხებზე საბოლოო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.მაგალითად, კვლავ განსხვავებული პოზიცია არსებობს კრიტერიუმებთან დაკავშირებით
    “ ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, რადგან არსებობს ორი განსხვავებული ხედვა. ის ვერსია, რაზეც საუბრობდა დღეს კობახიძე არის განსხვავებული, ამიტომაც ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ მუშაობა გაგრძელდება.“
    ეკა ბესელია ამბობს, რომ არ აპირებს სამუშაო ჯგუფის იმ ფორმატში ჩართვას, რომელიც ამჟამად არსებობს, რადგან მას არ სურს იმ მოსამართლეებთან ერთად საკითხების განხილვა, რომლებიც მისთვის მიუღებელინი არიან .

    შეხვედრიდან გამოსულმა ლევან გოგიჩაივშილმა განაცხადა, რომ მას განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ აქვს.

    “შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც შეჩერდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები. დღეს ვერ დავინახე რომ პროოცესი გარანტირებულად ისე დამთავრდება, როგორიც არის საზოგადოებრივი დაკვეთა. განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ მაქვს.ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დამთავრდეს ისე, როგორც არის საზოგადოების დაკვეთა.“ განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
  • პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა მუზეუმი გაიხსნას

    პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. განცხადება ამის შესახებ ქართული ოცნების შეკრების დამთავრების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, რეზიდენციის მომავალი ბედი დღევანდელი შეკრების ერთ–ერთი განსახილველი თემა იყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეზიდენციის ბედს გადაწყვეტს. მდინარაძის განცხადებით განიხილება რამდენიმე ვერსია და ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნა მხოლოდ ერთ–ერთი მათგანია. საბოლოო გადაწყვეტილებას რეზიდენციის ბედის შესახებ სამუშაო ჯგუფი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
    ავლაბრის რეზიდენციის ფუნქციის საკითხი დღის წესრიგში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დადგა. სალომე ზურაბიშვილმა მუშაობა ათონელის რეზიდენციაში ამჯობინა.
  • პრეზიდენტმა საკუთარი გერი მრჩევლად დანიშნა

    სალომე ზურაბიშვილმა მისი მეუღლის, ჯანრი კაშიას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ნანა კაშია მრჩევლად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ რომ ზურაბიშვილის გერი ადმინისტრაციაში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით მას კონტრაქტი 1 იანვარს გაუფორმეს.
    ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თანამშრომელთა რაოდენობა 102 დან 60–მდე უნდა შემცირდეს. რეორგანიზაცია 31 დეკემბრიდან გამოცხადდა და პრეზიდენტის პრეს მდივანი აცხადებდა, რომ 15 იანვრამდე საკადრო პოლიტიკის შემუშავება უნდა დასრულებულიყო. 15 თებერვლამდე კი ამ პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლობის შეთავაზება შიდა რესურსისთვის. თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის გერს კონტრაქტი 1 იანვარს, ამ პროცესების მიღმა, კონკურსის გარეშე გაუფორმა.
  • თამარ ჩუგოშვილი ” ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში”

    თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია


    „ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ათეულობით შეხვედრა გავმართეთ, ძირითადად კონგრესში ჩვენს კოლეგებთან – ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ პოლიტიკოსებთან, რომელებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასევე შეაჯამა პარლამეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი.

    მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ საქართველოსთან დაკავშირებით აზრის ჩამოყალიბებაში და საქართველოს რეპუტაციის განსაზღვრაში.

    პარლამეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გარკვეული კონკრეტული შედეგები მალე გამოჩნდება.

    „ჩვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიქმება როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. ყველა აცნობიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშროლობის მნიშვნელობას. მე იმედი მაქვს, რომ მალე ვიხილავთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას კონგრესში და ასევე, უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას და შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბუნებრივის მოვლენებს წინა არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ სრული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

    საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს მონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, სადაც განხილული იყო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები.
    დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობას.
    შეხვედრაზე განიხილეს დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და მათი დაფინანსების სისტემის გაძლიერების, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
    საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა არსებობს.
    „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, იმიტომ, რომ ყველგან, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. არის ძალიან ღრმა გააზრება რუსეთის საფრთხის, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე რეგიონისა და მათ შორის, მთელი მსოფლიოსათვის. ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდში ჩვენი ამ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
    მისივე თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახით ჰყავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სწორად განვითარების დიდი მხარდამჭერი.
    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შეხვედრები გამართა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

    საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

  • აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

    ჯონდი ბაღათურიას და ქართული დასის ორგანიზებით საზოგადოების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არის შეკრებილი. მათი მოთხოვნაა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს მათი მოთხოვნები საქართველოს “გაეროს მიგრანტთა პაქტიდან გამოსვლის “ შესახებ.

    აქციის მონაწილეები აზიიდან და აფრიკიდან საქართველოში მიგრანტთა შეუზღუდავად შემოსვლის აკრძალვას მოითხოვენ. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი სთხოვენ მათი პოზიცია და აქტიურობა გააქშუქოს.