Category: არქივი

  • ხატთან დავიფიცოთ, მამაოსთან მივიდეთ-თქო, მაგრამ მაინც დამარტყა – ბედუკაძე

    გლდანის ციხის სკანდალური კადრების ვლადიმერ ბედუკაძე მისი ცემის დეტალებს იხსენებს. 

    ბედუკაძე იხსენებს, რომ მასთან მივიდა უცნობი მოქალაქე და ასევე მისთვის უცნობი ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულა: მე მას ვუთხარი, რომ ხატთან დავიფიცებდი, ან მამაოსთან მივიდეთ-მეთქი. არაფერი აინტერესებდა, დაიწყო “ქართული ოცნების” გინება, ჩემი გინება და დამარტყა”, ამბობს ბედუკაძე და აღნიშნავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სურს ციხის კადრების ლაქა ჩამოირეცხოს”. 

    “ქაშვეთის ეკლესიის მრევლი ვარ, ეს ადამიანი პირველად ვნახე. წირვიდან რომ გამოვედი, ზიარებამდე, იქ დამხვდა და მკითხა, არ გეცნობიო? ამბობდა – კარანტინში, რომელიღაც ხელმოტეხილი მოკალიო – მე ვუპასუხე, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა და ეკლესიის წინ ასეთ ბრალდებას “აჟღერებ მეთქი”… ეკლესიაში შესვლა შევთავაზე”, იხსენებს ბედუკაძე. 

  • 21 პოლიტიკური პარტია 2020-სთვის

    მილიონი ხმა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად – 21 ოპოზიციური პარტია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ხმების შეგროვებას იწყებს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამ მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართეს და ხვალ საპროცედური საკითხთა კომიტეტისგან ხელმოწერების ფურცლის ნიმუშებს ელოდებიან, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ოპოზიცია ითხოვს, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არა 2024, არამედ 2020 წელს ჩატარდეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ზეწოლის შედეგად მმართველი გუნდი ამ დათმობაზე წავა. ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედება ოპოზიციას თავის დროზე შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს, ახლა კი თემა უკვე დახურულია.

  • “ევროპა, თუ შეიძლება გაიღვიძე!” – ჯორჯ სოროსი

    “ევროპა, თუ შეიძლება გაიღვიძე!“ – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს ფონდ “ღია საზოგადოების დამფუძნებელი, ბიზნესმენი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი. “
    გთავაზობთ წერილის ტექსტს:
    “ევროპა მთვარეულივით გაუაზრებლად მოძრაობს. ევროპის ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, სანამ ძალიან გვიან არ არის. თუ ასე არ მოხდა, ევროკავშირი 1991 წლის საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს. ვერც ჩვენი ლიდერები და ვერც რიგითი მოქალაქეები როგორც ჩანს ვერ ხვდებიან, რომ ამჟამად რევოლუციური მომენტია, როცა შესაძლებლობების არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა მოსალოდნელი საბოლოო შედეგები სრულიად გაურკვეველი.
    ჩვენს უმრავლესობას სჯერა, რომ მომავალი მეტნაკლებად აწმყოს მსგავსი იქნება, მაგრამ ასე შეიძლება სულაც არ მოხდეს. ჩემი ხანგრძლივი და მოვლენებით სავსე ცხოვრების მანძილზე ბევრი პერიოდის მომსწრე გავხდი, რომლებსაც მე წონასწორობის რადიკალურად დაკარგვის პერიოდს ვუწოდებ. ამჟამადაც სწორედ ასეთი პერიოდია.
    შემდეგი გარდამტეხი მომენტი 2019 წლის მაისში ევროპარლამენტის არჩევნები იქნება. სამწუხაროდ, ანტიევროპული ძალები კენჭისყრისას კონკურენტული უპირატესობით ისარგებლებენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მოძველებული პარტიული სისტემა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ევროპული ხელშეკრულების შეცვლის შეუძლებლობა და ლეგალური ინსტრუმენტების არარსებობა იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში იმ პრინციპების დაცვა უზრუნველყოს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნებოდა. ევროკავშირს შეუძლია წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ევროპული კანონმდებლობის დაცვა მოსთხოვოს, თუმცა ნაკლებად აქვს ეფექტური შესაძლებლობები უკვე წევრ ქვეყნებს იგივე აიძულოს.  მოძველებული პარტიული სისტემა ხელს უშლის მათ, ვისაც უნდა ევროკავშირის არსებითი ღირებულებები დაიცვას, მაგრამ ეხმარება მათ, ვისაც უნდა ეს ღირებულებები რაღაც სრულიად განსვავებულით ჩაანაცვლოს. ეს ეხება როგორც ცალკეულ ქვეყნებს, ასევე ტრანს– ევროპულ ალიანსებს.
    პარტიული სისტემა ცალკეულ ქვეყნებში კვლავ იმ დაპირისპირების ანარეკლად რჩება, რომელიც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში იყო მნიშვნელოვანი, როგორიც არის კონფლიქტი კაპიტალსა და შრომას შორის. მაგრამ დღეს უფრო მნიშვნელოვანია განსხვავებულობა პროევროპულ და ანტიევროპულ ძალებს შორის.
    ევროკავშირის დომინანტი ქვეყანა გერმანია და მისი წამყვანი პოლიტიკური ალიანსი ქრისტიან დემოკრატიულ კავშირსა(CDU) და ბავარიაში დაფუძნებულ ქრისტიან სოციალისტთა კავშირს(CSU) შორის უკვე არაეფექტურია. ალიანსი კარგად მუშაობდა მანამ, სანამ ბავარიაში სხვა მნიშვნელოვანი პარტია არ იყო. ეს მოცემულობა შეიცვალა გერმანიის ექსტრემისტული პარტიის – ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) გაძლიერების შემდეგ. გასული წლის სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნებში ქრისტიან დემოკრატიული კავშირის შედეგები ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი იყო, ალტერნატივა გერმანიისთვის კი ბავარიის პარლამენტში პირველად მოხვდა.
    ამ პარტიის პოპულარობის ზრდამ აზრი დაუკარგა ალიანსის არსებობას. მაგრამ მისი დაშლა ახლა აუცილელად გამოიწვევს ახალ არჩევნებს, რაც არც ევროპისთვის და არც გერმანიისთვის არ იქნება კარგი. ასეა თუ ისე, ამჟამინდელი მართველი კოალიცია ვერ იქნება ისეთი პროევროპელი, როგორც იმ შემთხვევაში იქნებოდა, მემარჯვენე ფლანგზე “გერმანული ალტერნატივა“ რომ არ ემუქრებოდეს.
    თუმცა სიტუაცია უიმედო არ არის. გერმანელი მწვანეების პოპულარობა გამოკითხვების მიხედვით იზრდება და ის ქვეყანაში ერთადერთ პრო ევროპულ პარტიად გამოიკვეთა, იმ დროს, როცა AFD–მ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს უკვე მიაღწია.
    იგივე სიტუაციაა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მოძველებული პარტიული სტრუქტურები ხელს უშლიან საზოგადოების ნების სწორ გამოხატვას.
    ლეიბორისტულ და და კონსერვატიულ პარტიებს შორის შიდა პოლიტიკაში განსხვავებები არსებობს, მაგრამ მათი ლიდერები, ჯერემი კორბინი და ტერეზა მეი იმდენად მონდომებულები არიან ბრექსითის მისაღწევად, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობასაც კი დათანხმდნენ. სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ბრიტანელების უმრავლესობას უბრალოდ უნდა ის რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი იქნება მომდევნო ათწლეულში ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი. საზოგადება უკვე თანდათანობით აცნობიერებს ბრექსითის მძიმე შედეგებს.
    იგივე სიტუაციაა იტალიაში. ევროკავშირმა ფატალური შეცდომა დაუშვა 2017 წელს, როცა მას დუბლინის შეთანხმების შესრულება მკაცრად მოსთხოვა. ამან არათანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა იტალიის მსგავსი ქვეყნები, რომლებსაც ემიგრანტები ევროკავშირში შესაღწევად პირველ რიგში იყენებენ. ამის შედეგად იტალიის პროევროპული და იმიგრაციის მხარდამჭერი ამომრჩეველი 2018 წელს ანტიევროპული პარტიების მხარეს გადაიხარა. წარსულში დომინანტ დემოკრატიულ პარტიაში არეულობაა. შედეგად ელექტორატის პროევროპულ ნაწილს ასარჩევიც აღარავინ დარჩა. იგივე არეულობაა საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთის და შესაძლოა ყველა დანარჩენი ევროპული ქვეყნის პარტიულ სისტემაშიც.
    კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა ტრანს–ევროპულ ალიანსებში. ნაციონალურ პარტიებს წარსულში მაინც აქვთ გარკვეულწილად ფესვები, მაგრამ ტრანს–ევროპული ალიანსები მთლიანად პარტიის ლიდერების პირად ინტერესებს ემსახურება. მაგალითად, ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელმაც მთლიანად უარი თქვა პრინციპებზე, როცა თანხმობა განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის წევრობა გაეხანგრძლივებინა ფიდესში, ოღონდაც უმრავლესობა შეენარჩუნებინა და კონტროლი არ დაეკარგა ევროკავშირში საუკეთესო თანამდებობებზე წვდომაზე. მათთან შედარებით ანტი ევროპული ძალები შესაძლოა უკეთესადაც კი გამოიყურებოდნენ: მათ პრინციპები მაინც აქვთ, მიუხედავად იმისა რომ ოდიოზურები არიან.
    რთული სათქმელია, როგორ მოახერხებენ პროევროპული პარტიები მაისში არჩევნებში გამარჯვებას, თუ ევროპულ ინტერესებს საკუთარზე წინ არ დააყენებენ. შესაძლოა ვიღაცას იმედი ქონდეს, რომ ევროკავშირი გადარჩება მისი რადიკალური განახლების გზით. მაგრამ ამისათვის ევროკავშირის შიგნით არსებითი ცვლილებებია საჭირო. ამაჟმინდელი ხელმძღვანელობა დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მსგავსად განაგრძობს “უკაზების“ გამოცემას, თითქოს ეს ისევ რელევანტური იყოს.
    პირველი ნაბიჯი ევროპის შიდა და გარე მტრებისგან დასაცავად არსებული საფრთხის მაშტაბის გაცნობიერებაა. მეორე ნაბიჯი მძინარე პროევროპული უმრავლესობის გამოფხიზლება და მათი მობილიზაციაა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. სხვაგვარად ოცნება გაერთიანებულ ევროპაზე 21 საუკუნეში შესაძლოა ღამის კოშმარად იქცეს.

    ჯორჯ სოროსი
  • გიორგი ნავალოვსკი უკლუბოდ დარჩა

    ქართული ფეხბურთისთვის მორიგი უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. გიორგი ნავალოვსკი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი უკლუბოდ დარჩა. 32 წლის მცველი მინსკის დინამოში ასპარეზობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

    გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის კლუბთან კონტრაქტი შარშან ზაფხულში გააფორმა, მას მინსკის დინამოს მაისურით ყველა ტურნირის ჯამში 11 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

    ტრადიციულად, კლუბმა მადლობა გადაუხადა გიორგის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებები უსურვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი მცველი კარიერას.

  • ბედუკაძე ცემეს

    ლადო ბედუკაძე სცემეს – რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, ციხის კადრების ავტორზე თავდასხმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ამავე წყაროს ცნობით, ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.

    ლადო ბედუკაძე ალადაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი ასევე ჩხუბში მონაწილე მეორე პირი.  მედიკოსების განმარტებით, დაზიანებები ორივე  პაციენტს ძირითადად სახის  მიდამოებში  ჰქონდა.

  • ამერიკელი დიპლომატი საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა რომელსაც ეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეკავა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლა ევროპიდან ადევნებს თვალს. გაეცნო ლიეჟში განვითარებულ მოვლენებსაც, თუმცა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და საქართველოში სააკაშვილის შესაძლო ჩასვლის კონტექსტში ისაუბრა:

    “როგორც თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, ის საბოლოოდ საქართველოში აპირებს დაბრუნებას, თუმცა აცნობიერებს, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის”.

    მმართველი პარტიის ბიზნესმენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის კრიტიკაზე კი ამბობს, რომ ივანიშვილის “რუს მეგობრებს შესაძლოა, აქვთ გარკვეული გეგმები, თუმცა გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია”.

    “ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილის მეგობრები და კოლეგები რუსეთში იმედოვნებენ, რომ ქართველ ლიდერს (ივანიშვილი) შეუძლია, გამოიყენოს თავისი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი, მოახდინოს გავლენა და შეანელოს საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. მაგრამ საქართველოს მოქალაქეეები უფროდაუფრო ახლო ურთიერთობას ამყარებენ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის NATO-ს და ევროკავშირის წევრი, თუმცა – ჯერჯერობით”,ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

  • ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

    ქუთაისის მერიის “სპეციალური სერვისების” ყოფილი უფროსი გელა გაგუა ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენების სამუშაოებზე გამოვლენილი დარღვევებისა და 250 086 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. გაგუას დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ადასტურებს. პროკურატურის ცნობით, გ.გ.-ს მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ”” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ”” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    რადიო თავისუფლების ცნობით, გელა გაგუა “სპეციალური სერვისების” ხელმძღვანელად, ქუთაისის წინამორბედი მერის, შოთა მურღულიას პერიოდში მუშაობდა.

    შესრულებული სამუშაო უხარისხოდ ჩათვალა მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ და დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.

  • რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე რუსთავში ბინის გაქურდვის დროს დააკავეს

    რუსთავის პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს ერთი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დადგინა, რომ მათ 11 თებერვალს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. “ატმიჩკების” საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ.

    “სამართალდამცველებმა ერთი დამნაშავე ბინიდან გამოსვლის და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 000 დოლარი და ე.წ. “ატმიჩკები”. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”იუწყება შსს.

  • “ხანძრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩნდება, კითხვის ნიშნები რატომ არის, ვერ ვხვდები” – დიდუბის გამგებელი

    დიდუბის გამგებელი ამბობს, რომ სადგურის მოედანზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი ექსპერტ-კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ, დაზარალებულებს კი ზარალი აუნაზღაურდებათ. 

    ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, სახანძრო ადგილზე 4 წუთში მივიდა და რეაგირება მოხდა უსწრაფესად: “დაკვამლიანება რომ არ იყოს, ახლა ამაზე მუშაობენ. ამ ბაზრის ხელმძღვანელობას ამ ხალხლთან გვერდით დგომის დიდი გამოცდილება აქვს და ეჭვიც არ მეპარება, როგორც ადრე მოხდა, ახლაც იგივეს გააკეთებენ”, ამბობს დიდუბის გამგებელი. 

    “ხანძრები მთელი ქალაქის და მსოფლიოს მასშტაბით ჩნდება, კითხვის ნიშნები რატომ არის, ვერ ვხვდები. უბრალოდ უნდა დადგინდეს, საიდან არის ხანძარი”, ამბობს ირმა ზავრადავშილი.

    როგორც ცნობილია, სადგურის მოედანთან ხანძარი იყო. დაიწვა დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც მეორადი ტანსაცმლის საწყობი იყო განთავსებული. ბაზრობის ტერიტორია დაახლოებით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ხანძარს 17 სახანძრო-სამაშველო მანქანა აქრობდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამას ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ. წინასწარი ინფორმაციით კი, ცეცხლი გაუჩნდა ელექტრო-სადენებს. ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის. დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერის მისვლას მოითხოვენ.

    “წინათაც დამეწვა ორასიათასის, მაგრამ 200 ლარიც არ მოგვცეს, სახლი ბანკში ჩავდე და ახლა ისიც უნდა წამართვან?!”,ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

    მათივე ცნობით, გასულ წელსაც იგივე ფაქტი მოხდა და როგორც ჩანს, უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ არის დაცული.

    “ჰკითხეთ, კახა კალაძეს, როდის დაგვეხმარა?”,ამბობს ადგილზე დასაქმებული.