Category: არქივი

  • მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკიდან მიდის

    თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე თიბისიდან მიდის. განცხადება ამის შესახებ მან დღეს გაავრცელა. გთავაზობთ განცხადების ტექსტს სრულად: 

    მეგობრებო,

    თიბისელებო,
    ჩემი და თიბისი გუნდის გულშემატკივრებო!
    უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის.
    ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.
    აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.
    სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე
    მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.
    მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც
    მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.
    ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.
    დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.
    შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.
    იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.
    სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.
    ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში.
    პატივისცემით,
    მამუკა ხაზარაძე
  • “სააკაშვილის ერთპიროვნული ლიდერობით ივანიშვილის დამარცხება გაჭირდება “– ნიკა მელია

    ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ამოცანა ოპოზიციურად განწყობილ პარტიებთან მჭიდრო ურთიერთობა და დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაა. ტელეკომპანია “კავკასიის“ ეთერში დასმულ კითხვაზე, არის თუ არა თანხვედრაში ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი ნიკა მელია პასუხობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც, პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის გზავნილებს შორის ხშირად ხდება აცდენა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია.

    „მიხეილ სააკაშვილის გარეშე შეუძლებელია ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ სააკაშვილის ერთპიროვნული ლიდერობიდათც გაჭირდება მისი დამარცხება“ – განაცხადა მელიამ. ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილისა და პარტიის ინტერესებს შორის აცდენა არ მოხდება. „თუმცა, თუკი მიზანთან მაინც და მაინც წინააღმდეგობაში მოვა მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, განცხადებები, ჩვენ დავრჩებით ოპოზიციაში. ეს იქნება და ეს“ – განაცხადა მელიამ გადაცემა „ბარიერში“ . მისივე თქმით, თუ სწორი სტრატეგია არ შემუშავდა, ფართო ოპოზიციური გაერთიანების გარეშე არაფერი გამოვა.

  • შსს–მ ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით  1975 წელს დაბადებული დ.ჩ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 1971 წელს დაბადებულ მ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც მ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.
    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
  • კალაძე: თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში

    არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ერთ-ერთ მათგანს ტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს, განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

    “რასაკვირველია, ეს ის პრობლემაა, რომლის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული რესურსებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით, რომელიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი, პრობლემის მოგვარებასა და გადაჭრას შევძლებთ. ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს. მანქანების რაოდენობასაც თუ შევხედავთ, დღეს თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში ნაკლებ მანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისახავს მიზნად, რომელიც ყველაზე კომფორტული და სწრაფი იქნება”,ამბობს კალაძე. 

    “თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში”, აღნიშნა თბილისის მერმა.

  • საპატრიარქო: ტომოსის გადაცემის შემდეგ ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის

    20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს (პაკანიჩი) და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

    საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის საპატრიარქოსთვის გაცნობა.

    “ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს”,წერია საპატრიარქოს ინფორმაციაში. 

    საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს, თუმცა ჯერ უცნობია სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი.

    6 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში მოხდა. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი. ტომოსის გადაცემის ცერემონიას, რომელიც სტამბოლის წმ. გიორგის ტაძარში გაიმართა, ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

  • კვიციანი იმედოვნებს, რომ ივანიშვილი შეყვარებულთა აღმრიცხავ ცენტრში “მსუყე თანხას” ჩარიცხავს

    “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატს ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მსუყე თანხას ჩარიცხავს შეყვარებულთა აღმრიცხავ ცენტრში. რომელიც ემზარ კვიციანმა რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.

    “6 დღეა რაც დარეგისტრირდა, მაგრამ ანგარიში 2 დღეა რაც გაიხსნა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, მხედველობაში მაქვს ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომელთა თხოვნითაც შეიქმნა, სხვათაშორის, ეს ცენტრი და ვნახოთ რა იქნება მომავალში. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ, ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და არის ქართველი ხალხის გვერდით ამდენი წელიწადია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს”,- განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

    ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი შეყვარებულთა აღმრიცხავი ცენტრი საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. ცენტრის სახელწოდებაა “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”.

  • “არ არსებობს უმუშევარი ქალი“ – 8 მარტს მსვლელობა გაიმართება

    “არ არსებობს უმუშევარი ქალი” – ამ სლოგანით გაიმართება 8 მარტს მსვლელობა, რომლის ორგანიზატორიც არიან “სოლიდარობის ქსელი” და “ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი”.

    ქალთა დაცვის საერთაშორისო დღეს ისინი გამოაქვეყნებენ მანიფესტს,რომელშიც ლაპარაკია ქალების უხილავ შრომაზე.

    სამსახურში 40 საათზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, ქალებს სახლში “მეორე ცვლა” ელოდებათ. მსვლელობის ორგანიზატორთა თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირებაა.

    “გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის “ბუნებრივ” მოვალეობად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვირთის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების გათენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი”, – წერენ მსვლელობის ორგანიზატორები.

    მათივე განცხადებით, ქალები ითხოვენ დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ: “ქალებმა უკვე გამოაცხადეს გაფიცვა და აღარ აჩენენ ბავშვებს, რადგან კაბალურ პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც ჰქონდეთ. ასევე ორ წლამდე გაიზარდოს დეკრეტული შვებულება და საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების მიღება ექვსი თვიდან ორ წლამდე იყოს”.

    “8 მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა”, წერია მსვლელობის ორგანიზატორთა განცხადებაში.

  • ეკა ბესელია – ვერავინ გამრიცხავს

    გარიცხავენ თუ არა ეკა ბესელიას საპარლამენტო უმრავლესობიდან, პოლიტიკოსის განცხადებით, მასთან ასე საუბრის უფლება არავის აქვს. ეკა ბესელიას თქმით, მას ამ ტონით გუნდში არავინ ელაპარაკება და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

    “ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ ყველა გადაწყვეტილება ეკა ბესელიას მიუღია და სხვისი არავისი”, უპასუხა ბესელიამ ჟურნალისტებს.

    “მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი: გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ”,აღნიშნა პოლიტიკოსმა.

  • მავთულხლართებით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია

    ოტობაია-ორსანტიას ხიდთან 50-მდე ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას ელოდება. ჭირისუფალი საგანგებოდ მოასვენებს მიცვალებულს ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ. ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა.

  • ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში გვყავდეს ისეთი მეგობარი, როგორიც გერმანიაა

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის შემდეგ გერმანიას ეწვია. ქვეყნის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ზურაბიშვილმა გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდა. ბელვიუს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზეც ისაუბრეს. აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.

    “მადლობა გულთბილი მიღებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში გვყავდეს ისეთი მეგობარი, როგორიც გერმანიაა. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბელვიუს სასახლეში შეხვედრისას. 


    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში:

    “საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მეგობრობა. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნოთ, რომ შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში ამ საკითხების დაძვრა.

    ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ვცდილობთ კავშირის განახლებას და გაძლიერებას, რათა გაყინული სიტუაცია სხვა მდგომარეობაში გადავიყვანოთ. ამის გარდა, რუსეთთან ურთიერთობაში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია”, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

    გერმანიასთან ორმხრივი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრისას კი პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. 

    “თქვენ ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქართული კულტურის წარმოჩენა შუაგულ ევროპაში, სადაც უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე, საქართველო იყო ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, საქართველოს შესვლა ევროპის კულტურაში ხვალინდელი დღიდან იყოს არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ გახდეს უფრო ხანგრძლივი და მთელმა ევროპამ დაინახოს, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და ჩვენი სვლა ევროპაში, სწორედ ამ გზით უნდა განვითარდეს, რაშიც გერმანიის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომელიც დღეს უფრო გაძლიერდა. იმედი გვაქვს, გერმანია დაგვეხმარება, რომ შევიდეთ ევროპაში მართლაც ყველა იმ გზით, რომელიც დღეს შესაძლებელია და იმ დღემდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად შევა. ეს გზები არის კულტურა, განათლება და ძალიან ბევრი სხვა პროგრამა, რომელზეც ვისაუბრეთ – ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთი ნაბიჯით გაძლიერება და განმტკიცება”, თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.