Category: არქივი

  • NATO-ს პოზიცია ანაკლიის პორტზე

    საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის – ანაკლიის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს, ამბობს NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაური, კლაივ ჯონსთოუნი. 

    ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფროსი საზღვაო მრჩეველი მიიჩნევს, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, რომ საქართველო ინვესტიციას დებს ასეთ პროექტში.

    “რწყინვალე, ამბიციური ხედვაა. პორტმა შესაძლოა, ქვეყანას მოუტანოს ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილურობა, რაც მის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს – ნებისმიერი რამ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას, კარგია”.

    წყარო – “აქცენტი”

  • პოლიციის რეიდი ღამის კლუბის წინააღმდეგ მოსკოვში

    პოლიციის რეიდები მოსკოვში Boiler Room-ის შეწყვეტის მიზეზი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში „Boiler Room”-ის ანდერგრაუნდ მაუწყებლობის ღონისძიების დროს პოლიციელები შეიჭრნენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმის კლუბში პოლიციელების შესვლის მიზეზი ალკოჰოლის ლიცენზირების საკითხი იყო. უწყების წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

    Boiler Room-ი გლობალური ონლაინ მუსიკალური მაუწყებლობაა, რომელიც ცოცხალი მუსიკის ღონისძიებებს აწყობს და ინტერნეტით ტრანსლაცია მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს.

  • მეტროპოლიტენს ორი ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა რომლითაც მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება

    თბილისის მეტროპოლიტენს ორი ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა რომლითაც მოცდის პერიოდი 2.5 წუთამდე შემცირდება.

    „თებერვალის დასაწყისში მოგახსენეთ, რომ თბილისის მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა. შესაბამისად, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. აქვე, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თებერვლის ბოლოსთვის კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატებოდა. ისინი უკვე მზადაა. მეტროს ორი ახალი, ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, თუმცა ჩვენ ასევე პირობა გვქონდა მოცემული, რომ 12 შემადგენლობა იქნებოდა რეაბილიტებული და განახლებული. ამაზე უახლოეს მომავალში ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის დრო შევამციროთ, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ითაა გაზრდილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში ყველაზე კომფორტული, სწრაფი და მოწესრიგებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისის მერის ინფორმაციით იგივე მიდგომაა ავტობუსებთან დაკავშირებითაც და არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება უკვე დაწყებულია.მაისის დასაწყისში თბილისში 90 ერთეული, MAN-ის ტიპის ავტობუსი შემოვა, წლის ბოლოსთვის კი ავტობუსების არსებული პარკის სრულად განახლება იგეგმება.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.

  • კობახიძემ მოგვიყვა, როგორი კარგები გახდნენ ფაშისტები – ქართული დიასპორის წარმომადგენელი ვენაში

    ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ერთი ნაწილი უკმაყოფილებას ვერ მალავს ვენაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციის წევრებთან შეხვედრის გამო. სოციალურ ქსელში შეხვედრის რამდენიმე მონაწილე დეტალებს ასაჯაროებს და წერს, რომ მათ “თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს“.

    ერთ-ერთი, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, არის ავსტრიაში მცხოვრები ნანა ცქვიტარია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას “უცნაური” უწოდებს: ის წერს, თავიდან კობახიძე საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა, თუმცა, შეხვედრის ატმოსფერო მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოსამართლეების – მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილის საკითხზე საუბარი დაიწყო.

    “ერთ-ერთი ემიგრანტის კითხვაზე, რატომ არ ჰკითხა ხელისუფლებამ აზრი მოსახლეობას, როცა პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა გააუქმა, ბატონმა კობახიძემ პირდაპირ უპასუხა, რომ “ხალხს ელემენტარული განათლება არა აქვს და მისი (ხალხის) აზრით მანიპულირება ძალიან იოლია”. და მაგალითად მოიყვანა სოციოლოგიური გამოკითხვა (სავარაუდოდ, ბიგვავას გაკეთებული), სადაც გამოკითხულთა 75%-მა სპეციალურად დასმულ შეკითხვას აბსურდული პასუხი გასცა. ანუ, ხალხი სულელია, მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო არააო. ზუსტად ასე გვითხრა”, წერს ნანა ცქვიტარია.

    პოსტის ავტორი ავსტრიაში საქართველოს საელჩოს და ელჩს დავით დონდუასაც მიმართავს და ამბობს, რომ შეხვედრის დროს მათ არაერთხელ დააყვედრეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დატვირთული დღის შემდეგ მათთან შეხვედრაზე მივიდა და რომ შეკითხვებით არ უნდა შეეწუხებინათ:

    “თქვენი ამ შენიშვნების გამო მეც და იმ მყოფმა ბევრმა ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენით, – წერს ნანა ცხვიტარია – ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, დიახაც, უნდა შემხვდეს და უპასუხოს ჩემს შეკითხვებს, 7 წელიწადში ერთხელ კი არა, უფრო ხშირად და ინტენსიურად. მე ის ავირჩიე, მე ვარ ხალხის ნაწილი, მე მისი ხელისუფლებაში ყოფნის წყარო ვარ და იგი ანგარიშვალდებულია ჩემს წინაშე. წერტილი”.

    საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრით უკმაყოფილოა შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე ანდრე ლარსონი. ისიც წერს, რომ შეხვედრაზე მისული აუდიტორიის 90% ამ შეხვედრაზე სამსახურებიდან მივიდა და ისინიც არანაკლებ დაღლილები იყვნენ, ვიდრე დელეგაციის წევრები. ლარსონი ირაკლი კობახიძეს ასევე აკრიტიკებს მოსამართლეების მიმართ დამოკიდებულებისა და რეფერენდუმის საკითხზე მისი პოზიციის გამო:

    “ამჟამინდელი მოსამართლეები შეადარა ფაშისტური გერმანიის მარცხის შემდეგ ქვეყანაში დარჩენილ ფაშისტებს. მოგვიყვა ისტორია , ფაშისტური რეჟიმი რომ შეიცვალა, ფაშისტები როგორი კარგები გახდნენ… რეფერენდუმზე საუბრისას ბრძანა, ეგ ფრიად სახიფათო რამეა, ხალხს არ აქვს საკმარისი ცოდნა და მარტივად ტყუვდებიან, ამიტომ რეფერენდუმი ქართველების საქმე არააო”, – წერს ლარსონი.

    თავად ირაკლი კობახიძის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ავსტრიაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე ვკითხულობთ: “ავსტრიაში ვიზიტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დავასრულეთ, რომლებთანაც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ”.

    რადიო თავისუფლებამ ამ შეხვედრის დეტალებზე რამდენიმე შეკითხვა დაუსვა დელეგაციის წევრს, რატი იონათამიშვილს, რომელიც ესწრებოდა ვენაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრას.

    მისი თქმით, ამ შეხვედრაზე იაქტიურა დაახლოებით ხუთმა ადამიანმა, რომლებმაც მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის კითხვები დასვეს. დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს კი მხოლოდ ერთი კითხვა დაეთმო. ამიტომ უშუალოდ დიასპორის პრობლემებზე საუბარი შეხვედრის დასრულების შემდეგაც გაგრძელდაო.

    რაც შეეხება რეფერენდუმის საკითხს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე, რატი იონათამიშვილმა გვიპასუხა, რომ “მსგავსი საკითხები არ გამოდის რეფერენდუმზე, მით უმეტეს თუ საპარლამენტო სახელმწიფოს ვაშენებთ”.”

    “მაგალითისთვის ირაკლიმ მოიყვანა ერთ-ერთი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 80 %-მა თქვა რომ პრემიერიც ხალხმა უნდა აირჩიოსო, რაც საკონსტიტუციო სამართალს ეწინააღმდეგებაო. ამას დაეთანხმა ოპოზიციის დეპუტატიც, რომელმაც “ბრექსიტი” მოიშველია, სადაც მოსახლეობის ზეგავლენაზე უფრო პოპულარული არგუმენტები ჭარბობდა, ვიდრე კომპეტენტური და დღეს ბრიტანელების განწყობა მკვეთრად შეცვლილია… ჩვენთვის ეს არ იყო არც პოლიტიკური, არც პარტიული და არც საარჩევნო შეხვედრა, მაგრამ როცა ხდებოდა ერთი და ჰყვები მეორეს, უბრალოდ საწყენია და რასაც ემსახურება, იმ მიზნისთვის არ ღირს ეს ყველაფერი”, – გვითხრა რატი იონათამიშვილმა.

    25-26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მეთაურობით სამუშაო ვიზიტით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა, სადაც ის ავსტრიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდა.

    წყარო – რადიო თავისუფლება

  • რომის პაპზე მეტ კათოლიკობას ნუ მოგვთხოვენ – ზოიძე ეუთო-ს დასკვნაზე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე ეუთოს კრიტიკულ დასკვნას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის საინტერესო არ არის ამ ორგანიზაციის ეჭვები, როდესაც საქმე ეხება მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებულ პროგრამას.

    პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ჭარბვალიანობის შესახებ მთვრობის ინიციატივის კანონიერება პროკურატურამაც დაადგინა და აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს.  

    აკაკი ზოიძის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნაში ევროპარლამენტის ანგაჟირებული წევრების მიერ დაწერილი ტექსტის ასახვა მოხდა. 

    “ჩემი ღრმა რწმენით, ყველა პოლიტიკური, სოციალური დაპირება, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის პარტია გასცემს, შეიძლება, მოსყიდვად ჩაითვალოს. საქართველოში სულ არჩევნებია, მაშინ ინიციატივას ვერ გააჟღერებ. ანუ მაგის მიხედვით ვიცხოვროთ – ე მანდ რამე კარგი სოციალური აქცია არ დავაანონსოთ”,ამბობს პარლამენტის წევრი. 

    “ყველა ქვეყანა ამას აკეთებს, რომის პაპზე მეტ კათოლიკეობას ნუ მოგვთხოვენ. რეალურად, ყველა მთავრობა ამას აკეთებს – ობამა ქეარ აბა რა არის?! პროგრამაში ეწერა და განვახორციელეთ. 

    სულ არ მაქვს იმის ინტერესი, დავარწმუნო ეუთო, რამდენად კარგი აქცია იყო ეს. სამართლებრივი დარღვევა აქ არ ყოფილა. როდესაც სამართლებრივი დარღვევა არ არის, არ გვაინტერესებს, ვის რა ეჭვი ექნება. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სიკეთე, ვიდრე ევრო თუ ეუთოს პარლამენტარების ეჭვები”, თქვა ზოიძემ “ტვპირველის” გადაცემა დღის ამბებში.

    რაც შეეხება ეუთო-ს ანგარიშს, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს მიეძღვნა, დასკვნაში საუბარია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მთავრობის მიერ მოწყვლადი ჯგუფების სასარგებლოდ გამოცხადებულ სოციალურ პროექტებზე, რაც შესაძლოა, შეფასდეს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებად და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი პროექტი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი იყო, საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოქვეყნებამ არასამართლიანი უპირატესობა მიანიჭა “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ამ კონტექსტში მოხსენიებულია 600 000-მდე მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა, რაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროს რესპონდენტების მიერ შეფასდა საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულ ამომრჩევლის მოსყიდვად.

  • სააკაშვილი: ივანიშვილის დამქაშები ემიგრანტებს ჩემი სახელით ავტობუსებს და 300 ევროს სთავაზობენ

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომში დაგეგმილ შეკრებამდე ხელისუფლების “მზაკვრულ გეგმაზე” მიუთითებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იტალიის ქალაქებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მისი სახელით სთავაზობს ხელისუფლება ფულს.  

    “მეგობრებო, ჩვენმა ოპონენტებმა ვერაფერი რომ ვერ დაგვაკლეს და ვერ შეაჩერეს მოძრაობა, მიმართეს ახალ, მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს. სთავაზობენ ჩვენს თანამემამულეებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში უფასო ავტობუსებს და ფულს 130 დან 300(!) ევრომდე, რომში ჩამოსაყვანად და ფორუმზე დასასწრებად. ვითომცდა, მე ვიხდი ამ ფულს. მადლობა ღმერთს მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და ეს გამოჩნდება კვირას რომში. კიდევ ერთხელ, თუ ვინმე ჩემი სახელით გთავაზობთ ფულს ფორუმზე დასასწრებად, გაფრთხილდით, საქმე გაქვთ ოლიგარქის კრიმინალ დამქაშებთან. შევხვდებით რომში”,წერს “ფეისბუქზე” სააკაშვილი.

  • საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

    საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ქალაქ რეიმსა და მის შემოგარენში ჩატარდა. დაკავებულია 4 პირი. მათ ქურდულ სამყაროსთან აქვთ კავშირი და ჯგუფურად რამდენიმე ქურდობა ჩაიდინეს.

    “დაკავებულები არიან: 1989 წელს დაბადებული ჯ.შ., 1992 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული თ.ხ. და 1987 წელს დაბადებული, “ქურდული სამყაროს” წევრი – ბ.ჩ.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს. ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.

    სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.

    საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს,” წერია განცხადებაში.

    საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დააკავეს საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. “კანონიერი ქურდი”.

  • თბილისში ხანძარმა 100 წლის მოხუცი იმსხვერპლა

    თბილისში ხანძარი გაჩნდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე სამამულო ომის მუზეუმში.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა აღმოაჩინეს 1918 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. მოხუცი სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა.

    წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მეზეუმის ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობდა.

    ხანძრის შედეგად, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, 20 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

  • საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ე.წ. საზღვართან დააკავეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მცხოვრები, 55 წლის გულადი ხუბუა.

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონთან, რომელიც შამგონას ესაზღვრება.

    ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და დაკავებულის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ე.წ. ცხელი ხაზი.

    ამ წლის დასაწყისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 5 მოქალაქე დააკავეს.