Category: არქივი

  • ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი – კალაძე

    ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური მდივნის რანგში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში”, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

    “დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოვიღეთ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი.

    აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა “ქართული ოცნების” დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. მან პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში”, განაცხადა კახა კალაძემ.

  • ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში წარდგება

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება. 

    ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გასული წლის 16 დეკემბერს გაიმართა, მას წლიური ანგარიშის წარდგენა იმ პერიოდზეც მოუწევს, როცა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს ეკავა.

    რაც შეეხება ფორმატს, რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

    ამასთან, გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.

  • ხაზარაძე გამოკითხვაზე, სასამართლოში “გახარიას მუქარის წერილით” მივიდა

    “თიბისი” ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. ხაზარაძე სასამართლოში უკვე შევიდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ ის თქვა, რომ თან აქვს წერილი, რომლის შესახებაც გუშინ ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან მუქარის წერილი მიიღო შს მინისტრისგან. 

    პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

    “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

  • გაეროს წარმომადგენელი “თიბისი ბანკის” საქმეს გამოცდად აფასებს

    საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის ლუიზა ვინტონის შეფასებით, “თიბისი ბანკის” საქმე იქნება ტესტი, როგორც ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესგარემოსთვის, ასევე მართლმსაჯულების სისტემისა და მარეგულირებელი ორგანოების განვითარების დონის შესამოწმებლად. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

    ლუიზა ვინტონმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეშფოთებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას, რადგან საკმაოდ მძიმე ბრალდებები ისმის ორივე მხრიდან.

    გაეროს მუდმივი კოორდინატორის შეფასებით, საქართველომ ბევრი იმუშავა კარგი ბიზნესგარემოს და სანდო საბანკო სისტემისა და მარეგულირებელი ორგანოების შესაქმენლად და მათთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ პროცესი სანდოდ და გამჭვირვალედ წარიმართოს. ვინტონმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ ტესტს წარმატებით ჩააბარებს.

    საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით იძიებს “თიბისი ბანკში” 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას.

    ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს “ორკესტრირებული შეტევა.” 4 მარტს ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან. გიორგი გახარია ამ ბრალდებას უარყოფს.

  • ღარიბაშვილი ივანიშვილმა ქართულ ოცნებაში დააბრუნა

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან 3 წლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” მმართველი გუნდიდან რამდენიმე წევრის წასვლის ფონზე დაბრუნდა. პოლიტიკაში ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე დღემდეც არაერთხელ კეთდებოდა პროგნოზები, თუმცა ივანიშვილმა მისი დაბრუნება მხოლოდ ახლა – გუნდში დაწყებული დაპირისპირების შემდეგ გადაწყვიტა – ღარიბაშვილი პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოსტს ჩაიბარებს. ის დღეს “ქართულ ოცნებაში”, პოლიტსაბჭოს სხდომასაც დაესწრო. 

    პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემაც გააკეთა კომენტარი. ხუნდაძის განცხადებით, ღარიბაშვილის დაბრუნება მნიშვნელოვნად შეავსებს პარტიას.

    “ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-12 წლებში. მე ვფიქრობ, რომ ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. პარტიას ნებისმიერი წევრის გასვლა, რა თქმა უნდა, აკლდება, მაგრამ ისეთი ფიგურის, როგორიც არის ღარიბაშვილი, მისი დამსახურებიდან გამომდინარე, ეს იქნება პარტიის სერიოზული შევსება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას”, განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშილი მსხვილ ჩინურ კომპანია CEFC China Energy-ში რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად 2018 წლის თებერვალში დაინიშნა. კომპანია რეგიონში CEFC-ის ინვესტიციებს მართავს.

    CEFC Energy Company Limited ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საქმიანობს. ასევე მუშაობს ფასიანი ქაღალდების, აქტივების მართვისა და ტრანსსასაზღვრო ტერმინალების მშენებლობის მიმართულებით. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. 

    ღარიბაშვილი 2007 წლიდან 2012 წლამდე იყო “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012 წლიდან პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს” წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი. ამავე წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა ბიძინა ივანიშვილი და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2015 წლის 23 დეკემბერს გააკეთა.ღარიბაშვილს არ განუმარტავს, რატომ დატოვა თანამდებობა. 30 დეკემბერს კი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გადადგომის საკითხზე მას და ღარიბაშვილს ჰქონდათ კონსულტაციები. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან თავისი წარმატებების პიკზე მყოფი წავიდა. ივანიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილი ძალიან წარმატებულად მოღვაწეობდა ორი წლის განმავლობაში.

    ირაკლი ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება, რომელიც საღამოს 8 საათზე ვიდეომიმართვიდან ამცნო საზოგადოებას, სხვადასხვაგვარად შეაფასეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ოპოზიციის განცხადებით, ღარიბაშვილმა ივანიშვილის მითითება შეასრულა და მას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. ღარიბაშვილი საჯაროდ ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა, როდესაც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. 

  • მიწისძვრა საქართველოში

    თბილისის დროით 00:21 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ცნობით, მისი სიძლიერე იყო ოთხი მაგნიტუდა.

    იუწყებიან, რომ ეპიცენტრი იყო აჭარა, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

    ბიძგები მოსახლეობამაც იგრძნო.

    ნგრევის ან რაიმე სახის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ არის.

  • თბილისში ბუდაპეშტის ქუჩა 2 თვით გადაიკეტა

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით  საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან, 2 თვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ, ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.
    ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ლისის ტბის მიმართულებით კი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე, ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით, საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებს.
  • ფეისბუქმა მესენჯერს ღამის რეჟიმი დაამატა

    ფეისბუქმა მესენჯერს ახალი ფუნქცია დაამატა.  თუ გვიან ღამით მეგობართან საუბრისას თეთრი სინათლე გაწუხებს, უბრალოდ გაგზავნი მთვარის ემოჯის  ჩატში რის შემდეგაც უამრავი მთვარე ამოხტება და მესენჯერი შეგატყობინებს იმის შესახებ რომ ღამის ფუნქცია აღმოაჩინე. ამის შემდეგ ავტომატურად დაემატება თქვენს მესენჯერს ღამის რეჟიმი, მის გაკონტროლებას პარამეტრებიდან შეძლებთ.

  • პროკურატურა ხაზარაძის ბრალდებას უარყოფს, თუმცა ფაქტიურად ადასტურებს

    საქართველოს პროკურატურამ საღამოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ხაზარაძის განცხადება, თითქოს მან დაკითხვისას გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიღების შესახებ ისაუბრა. პროკურატურა ხაზარაძის ჩვენებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს, რომელშიც ხაზარაძე მიუთითებს, რომ მუქარის წერილი მიიღო. მართალია ის არ აკონკრეტებს, რომ წერილის ავტორი გახარია იყო, მაგრამ მუქარის შემცველი წერილი ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო პროკურატურის დაინტერესებისათვის. დღეს ხაზარაძე საპარლამენტო კომიტეტში სწორედ იმას უსვამდა ხაზს, რომ მუქარის წერილის შესახებ დაკითხვისას განაცხადა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. პროკურატურამ საკუთარი წერილით ფაქტიურად ხაზარაძის განცხადება დაადასტურა.
    გთავაზობთ პროკურატურის წერილს უცვლელად:
    მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.
    გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
    გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას.
    ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:
    „ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით.“
    კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან.– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.