Category: არქივი

  • გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    გლდანში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

    დაწყებულია გამოძიება 140-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ახალგაზრდა მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

    თემქის მეშვიდე განყოფილებასთან ახალგაზრდა მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის ამბობდა, რომ პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

    ამ ინციდენტამდე დავით კობახიძემ ინტერვიუ რუსთავი2-ს მისცა, სადაც თქვა, რომ პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ მის მოთხოვნაზე, ამიტომ მას ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა.

    „ფაქტია, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მე მინდოდა, ისე გამეკეთებინა, რომ, როგორც მიდგებიან, ისე მივდგომოდი. ახლა ყოველივე აქედან გამომდინარე, რომ ჩადებით დამემუქრნენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ მინდა, რომ განმეორდეს ვინმე კიდევ სხვა მოქალაქეზე. მე ბევრ ფაქტს მივმართე. ადრე იყო, რომ ხან ფსიქიატრიულში გამაქანეს, ხან წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ პოლიციას წინააღმდეგობას ვუწევ და ა.შ. მაგრამ ახლა მაქვს სულ სხვა გეგმები,“ – განაცხადა დავით კობახიძემ.

    “ერთ-ერთმა მოქალაქემ დღეს, დღის განმავლობაში თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. დაიწყო გამოძიების მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა. მოგვიანებით, 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ის, რომ თავის დაწვას აპირებდა, დავით კობახიძემ პოლიციის თანამშრომლებს უთხრა. შენობიდან გამოსულმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

    ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის  მუხლით [115] დაიწყო გამოძიება .


  • 17 არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    17 არასამთავრობო ორგანიზაცია მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

    ხელმომწერ ორგანიზაციებს შორისაა: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,” “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,” “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო,” “კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი,” “საქართველოს ფერმერთა ასოციაცია,” “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი,” “საქართველოს რეფორმების ასოციაცია,” “სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი,” “მწვანე ალტერნატივა”, “საზოგადოება და ბანკები”, “მსოფლიო გამოცდილება საქართველისთვის”, “საქართველოს ატლანტიკური საბჭო”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “ლიბერალური აკადემია თბილისი”, “მედიის განვითარების ფონდი”.

    “საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამოსვლისას, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან, რომელიც მისგან გარკვეული მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ რეპუტაციის შელახვით დაემუქრა. ასევე, მან დაახასიათა ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოებული პროცესი როგორც შანტაჟი, და გაიხსენა, რომ, მასთან შეხვედრის დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიანიშნებდა ზეწოლაზე პოლიტიკოსებისა და სხვა გავლენიანი პირების მხრიდან, რომლის მიზანი ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება იყო. მისი განცხადებით, სახეზეა ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მიერ ორკესტრირებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც ისინი სამართალდამცავ უწყებებსა და ეროვნულ ბანკს იყენებენ.

    ეჭვს ასეთი კამპანიის შესახებ ამყარებს ის გარემოებაც, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმე დღის წინ უარი თქვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოსმენაზე ეროვნული ბანკის წარმომადგენლების თანდასწრებით და მხოლოდ ამ საკითხის გარშემო საჯარო სკანდალის შემდეგ დათანხმდა, რომ მათთვის საკომიტეტო ტრიბუნა დაეთმო.
    აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

    თუ ხაზარაძის განცხადებას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ის კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისთვის.

    ეს ტენდენცია არსებითად შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს. აქედან გამომდინარე, და რადგან არ გვაქვს იმედი რომ სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებასა და მიუკერძოებელ გამოძიებას მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს – შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე.

    ამასთან, მოვლენებისთვის მეტი სიცხადის მოსაფენად, მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროოს შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი.
    მზად ვართ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევხვდეთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი სურვილის შემთხვევაში”,წერია განცხადებაში.

    წყარო – bm.ge

  • ზურაბიშვილის მოხსენებას პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” არ დაესწრება

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” არ დაესწრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
    მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. 

    “არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა”, განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

    როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება. ეს მისი პირველი მოხსენება იქნება პრეზიდენტის რანგში.

  • ირმა ინაშვილი ღარიბაშვილის დაბრუნებას მიესალმება

    ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია, თანამებრძოლები ვიყავით 2012 წლამდე და მინდა, წარმატებები ვუსურვო, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ირმა ინაშვილის აზრით, რისთვის დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ღარიბაშვილის დაბრუნება ამ კითხვით ჟურნალისტები დაინტერესდნენ.

    „ამ ანალიზის სიღრმეებში წასვლა არ მინდა, რადგან ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს. ეს ანალიზიც მისი პრეროგატივაა, რატომ აკეთებს. რაც შეეხება კონკრეტულად, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია. ჩვენ ვართ თანამებრძოლები 2012 წლამდე და მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო მას. ძალიან კარგია, პოლიტიკაში მის დაბრუნებას პოზიტიურად ვაფასებ.ირაკლი ღარიბაშვილი ის პიროვნებაა, მას რომ არ ჰქონოდა ამისი სურვილი, დარწმუნებული ვარ, არ დაბრუნდებოდა. ასე არ არის, რომ ის დააბრუნეს. აქ ინტერესები ემთხვევა. იყო შეთავაზება, ის დათანხმდა. ასე არ არის, რაღაცას გავალებენ და მაინცდამაინც ყველაფერს ასრულებ. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი ასეთი ტიპაჟი არ არის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა.

  • საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის ეტაპები გუდაურში

    8 – 10 მარტს, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედრაციის (FIS) ეგიდით, ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში. სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა, სნოუბორდ კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. მოთხილამურეები სხვადასხვა დაბრკოლებების ტრასის დაფარვას მინიმალურ დროში შეეცდებიან. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის 62 სპორტსმენი მიიღებს მონაწიელობას.

    8, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. 10 მარტს კი, FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. ,,კუდების“ ფერდობზე სათხილამურო ტრასის ასაშენებლად მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდო უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს.

    აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში. ამიტომაც, წლევანდელი საერთაშორისო ეტაპის წარმატებით ჩატარება, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის ყველა გულშემატკივარისთვის.


    ფოტო:ნიკოლოზ შენგელია

     

    შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია „სილქნეტი“, რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.

    გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეტაპების ჩატარებასთან დაკავშირებით, 8 მარტს, 9:30 სთ.-ზე „რედკოს“ დასახლებაში ,,მითლოფის“ ტერიტორიაზე გაიმართება პრესკონფერენცია.

    წყარო

  • მამუკა ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო – პროკურორი

    მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ელექტრონული ვერსიით დაბეჭდილი წერილი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა. 

    მისი განცხადებით, ჯერჯერობით სასამართლოსთვის გადაცემული წერილის ასლი არ მიუღიათ, რის გამოც, წერილის შინაარსზე ვერ საუბრობს.

    არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო და მას პირადად გიორგი გახარიასგან დოკუმენტი არ ჩაბარებია, რის გამოც, წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

    “მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ან ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით. რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ”, განაცხადა პროკურორმა.