Category: არქივი

  • პრეზიდენტი აღიარებს, რომ გერი ადმინისტრაციაში სანდოობის გამო დაასაქმა და არა კომპეტენციის

    სალომე ზურაბიშვილთან ორსაათიანი ინტერვიუს დროს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაინტერესდა, რატომ დანიშნა პრეზიდენტმა საკუთარი გერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევისთანავე უკონკურსოდ მაშინ, როცა ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა და ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა.

    სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლის, ჯანრი კაშიას ქალიშვილი, ნანა კაშია მისთვის სანდო კადრია და ადმინისტრაციაში ერთი სანდო ადამიანი აუცილებლად ჭირდებოდა:

    “ეს არ არის საკადრო პოლიტიკა და არ არის მრჩეველი… და ერთი ადამიანი აუცილებელი არის. მე ეს ვისწავლე როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ შენ გჭირდება შენ უახლოეს ადმინისტრაციაში,ეს არის ადმინისტრაციული ადგილი, გჭირდება ერთი ადამიანი, რომელიც არის შენთვის სრულიად სანდო და რომელიც შენთვის მუშაობს და მხოლოდ შენთვის.

    წამყვანის კითხვაზე,“აუცილებელი იყო ეს ოჯახის წევრი ყოფილიყო?“, ზურაბიშვილი პასუხობს:

    “აუცილებელი არის, არა, აუცილებელი არის და ყველას ყავს. არაფერი ბრალდებები…ეს არ არის შტატი და ეს არ არის სკონკურსო… და კიდევ ერთხელ ვიტყვი და ყველგან გავიმეორებ – ერთი ადამიანი და აიღეთ ნებისმიერი პრეზიდენტი მსოფლიოში ყველას ყავს თავის უახლოეს გარემოცვაში ერთი ადამიანი მაინც რომელიც არის მისთვის სრულიად სანდო და ასეთი ადამიანი მყავს და ამას ვიტყვი და ყველგან გავიმეორებ და არანაირი ხინჯი არ მაქვს ამის გამო.“– განაცხადა ზურაბიშვილმა

  • ჯეოსელი გაითიშა. ასიათასობით მომხმარებელი კავშირის გარეშე დარჩა

    მობილური ოპერატორი ჯეოსელი გათიშულია. ჯეოსელის მომხმარებლებს პრობლემა რამდენიმე საათის წინ შეექმანთ და ამ დროისთვის კომპანია მთლიანად გათიშულია. ასევე, არ ფუნქციონირებს კომპანიის ვებგვერდი და ცხელი ხაზი. მომხმარებლები კავშირის და ინფორმაციის გარეშე არიან დარჩენილები. ჯეოსელის მფლობელ სილქნეტში კი აცხადებენ, რომ ჯეოსელი გლობალური დაზიანების გამოა გათიშული. რამ გამოიწვია დაზიანება და როდის აღდგება ქსელის ფუნქციონირება, ამ დროისთვის უცნობია.

    “ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კომპანიაში.

  • სალომე ზურაბიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე ივანიშვილს შეხვდა

    ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი დანახვა არ უნდა და სწორედ ამის გამო არ დაესწრო ქართული პარლამენტის 100 წლის იუბილეს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკუთარ დაბადების დღეზე, ანუ 18 მარტს ივანიშვილთან შეხვედრა ქონდა. თუმცა მიზეზი პოლიტიკური თემა არ ყოფილა. პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრა კულტურულ თემასთან დაკავშირებით შედგა, რომელიც საქართველოში სახელოვნებო ბაზრის შექმნას ეხება.
    “შევთავაზე მოსაზრება რომელიც ეხება ერთ საკითხს, რომელშიც არის ძალიან ჩართული და რომელიც ეხება თანამედროვე ხელოვნებას და სახელოვნებო ბაზრობას, რაზეც ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს საფრანგეთში ვიზიტისას და მგონია რომ არის საინტერესო. ამ კუთხით შევხვდი. ეს არ ეხება არც პარტიას და არც მთავრობას“ – აცხადებს ზურაბიშვილი.
    ის ამბობს, რომ ივანიშვილთან თავს ვალდებულად არ თვლის, თავისუფალი ადამიანია და ამას ყველა შეეჩვია, მათ შორის ივანიშვილი.
    კითხვაზე, რა სტატუსით შეხვდა ივანიშვილს ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეხვდა როგორც თავისუფალი ადამიანი თავისუფალ ადამიანს.
    კითხვაზე, რა აჩუქა ივანიშვილმა დაბადების დღეზე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისგან საჩუქარი არ მიუღია.

  • “გავიგუდეთ“- საწარმო, რომელიც მომწამლავ გამონაბოლქვს აფრქვევს

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს  როგორ ბინძურდება ჰაერი კომპანია “ჯეოსთილის” საწარმოს გამონაბოლქვით.

    საწარმო  რუსთავში მდებარეობს. “ჯეოსთილი’’  უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს.

    ფეისბუქგვერდი სახელწოდებით “გავიგუდეთ“ წერს, რომ ადრე საწარმოს გამონაბოლქვი მილებიდან იფრქვეოდა,  ახლა კი  მილებს უბრალოდ აღარ იყენებენ  და გამონაბოლქვი პირდაპირ შენობიდან იფრქვევა. სამოქალაქო აქტივისტები  სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

  • მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის კვდომის გამო–ბესელია

    „მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, ღირსების კვდომის გამო,” – ასე გამოეხმაურა ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების გადაწყვეტილებას, რომ ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების შესახებ კენჭისყრა მეორედ გამართულიყო.

    ბესელიას განცხადებით, კვაჭანტირაძემ პირველი კენჭისყრის შემდეგ, სადაც მისი გადაყენება ვერ მოხერხდა, მზაობა გამოთქვა გადადგომაზე, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმეორებითი კენჭისყრა მაინც დანიშნეს.

    ბესელია ამბობს, რომ ახლა რაც პარლამენტში ხდება, საკანონმდებლო ორგანოსთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაა. დეპუტატის თქმით, ასევე განაჩენი გამოაქვს საკუთრი თავისთვის ყველა დეპუტატს, ვინც მზად იყო, განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო.

    “ვუყურებ, პარლამენტი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორ კარგავს სახეს ამ თავის სულმდაბლობით. გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს, რა მძიმე პოლიტიკური პროცესის მონაწილეა.

    “მწვანე ღილაკზე ხელის მიჭერა ნიშნავს, რომ პარლამენტს უკლავ ღირსებას. ასე ქცევა, ასე მოქცევა რაში წერია? ახლა რაც ხდება, ეს ნიშნავს, პარლამენტი ჩაასვენო, გაასვენო და საკუთარ თავსაც განაჩენი გამოუტანო,“ – განაცხადა ბესელიამ.

    მმართველმა გუნდმა მათი ყოფილი თანაგუნდელის, ზვიად კვაჭანტირაძის  კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება საკუთარი ძალებით ვერ შეძლო.  საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოაგროვა ის 76 ხმა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო იყო. ამის შემდეგ კი სდაინიშნა ბიუროს სხდომა, გამოაცხადეს საყოველთაო საპარლამენტო მობილიზაცია და მიიღეს უპრეცედენტო გადაწვეტილება – საკითხი ხელმეორედ გამოიტანეს კენჭისყრაზე. საბოლოო კვაჭანტირაძემ თანამდებობა მეორე კენჭისყრამდე საკუთარი განცხადებით დატოვა.

  • ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს,თუმცა თვითონ გადადგა

    პარლამენტის კავკასიის და დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ უმრავლესობიდან გავიდა, დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგა. თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისი გადაყენება უშედეგოდ სცადა.

    პარლამენტის სხდომაზე დღეს ხმაურიანი დისკუსია მოჰყვა უმრავლესობის სურვილს ყოფილი თანაგუნდელი თანამდებობიდან გადაეყენებინათ. ამის გამო ოცნების გუნდმა ყოფილი თანაგუნდელების და დანარჩენი ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. დებატების შემდეგ კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს, თუმცა მის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67 –მა დეპუტატმა დაუჭირა, როცა საკითხის გასატანად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

    ამის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა და ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.როგორც დეპუტატმა ამბობს, განცხადების წარდგენას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.
    „როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია და ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ. კვაჭანტირაძის ადგილს ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია დაიკავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
  • „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა სირცხვილია, ამას ამბობენ ცხოველებიც“-რომან გოცირიძე

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტის სესიაზე რომან გოცირიძ გამოეხმაურა. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კვაჭანტირაძისთვის უფრო კარგია, თუ მას უმრავლესობა ამ თანამდებობიდან გადააყენებს, რადგან, კვაჭანტირაძემ თავად აღიარა, რომ უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ  მას კვაჭანტირაძეს მეზობლები სხვანაირად ესალმებოდნენ და მის ძაღლს, როდესაც ასეირნებს, მეზობლის ძაღლებიც ღიმილით ხვდებიან. „თუ ამ თანამდებობასაც დატოვებს, კატებიც სხვანაირად მოიქცევიან, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა სირცხვილია, ამას ამბობენ ცხოველებიც“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
  • “პოლიტიკურად შიშვლები ხართ,ივანიშვილის დიქატატის შემსრულებლები“– დაპირისპირება პარლამენტის სესიაზე

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხი ხმაურისა და მწვავე პოლიტიკური განცხადებების საფუძველი გახდა.
    კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების დადგენილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო. ოპოზიციის გარდა, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებიდან“ წასული ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კრიტიკის ადრესარტი გახდა. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაინტერესდნენ, როგორ აფასებდა პარლამენტის თავმჯდომარე კვაჭანტირაძის საპარლამენტო მუშაობას კომიტეტის თავმჯდომრის პოსტზე, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ „ოცნებიდან“ წასული კვაჭანტირაძის კომიტეტის მუშაობა არადამაკმაყოფილებელი იყო. ყოფილმა თანაგუნდელებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი კობახიძე და უმრავლესობა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების პოლიტიკურ სტანდარტად დამკვიდრებაში დაადანაშაულეს და კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება ამორალურ საქციელად გამოაცხადეს.  “ყველამ თავის მორალს მიხედოს” – ასე უპასუხა კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარემ.
  • აფეთქება თემქაზე

    თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავდა ბინაში მცხოვრები მამაკაცი. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

    ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ღია ცეცხლი არ გამოუწვევია.

    ყაზტრანსგზაში ამბობენ,  რომ აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის ექსპლუატაციის წესების დარღვევა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლი 1 ნაწილით დაიწყო.

    ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.