Category: არქივი

  • 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული სავარაუდოდ მეორე შვილსაც სცემდა

    პროკურატურის  ინფორმაციით, 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლელა ქსოვრელის კიდევ ერთი მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

    პროკურორის თქმით, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ძმასაც სავარაუდოდ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები,ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

    ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმეზე დღეს პირველი არსებითი განხილვა იმართება. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

    „დღეს დაიწყება არსებითი განხილვა, მოგვეცემა შესაძლებლობა, შესავალი სიტყვები წარმოვადგინოთ. ამის შემდეგ იქნება მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ დავიწყებთ მოწმეების დაკითხვით, რომლებიც საკმაოდ ბევრია. საქმე ხუთი ტომია მოწმეები დაახლოებით 70. ყურადღებას გავამახვილებთ პირდაპირ ძირითად მტკიცებულებებს და იმაზე, თუ რის საფუძველზე ვაპირებთ, სასამართლო დავარწმუნოთ ლელა ქსოვრელის ბრალეულობაში. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ლელა ქსოვრელის შერაცხადობაზე ექსპერტიზა დანიშნულია“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ.

    22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალად ედება 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმდა.

  • ბათუმის ციხეში სამი პატიმარი ერთმანეთს მავთულით გადაება

    ბათუმში ციხის ერთ-ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი ერთმანეთს მავთულით გადაება, მავთული პატიმრებმა ხელში გაიყარეს. პატიმრების თქმით, განსაკუთრებით გაუსაძლისი უწყლოდ ყოფნა ე.წ. დეესკალაციის ოთახშია, სადაც ფანჯარა ჩაცემენტებულია, ხოლო ვენტილაცია ხშირად გამორთულია. განმარტოებით მყოფი პატიმარი დეესკალაციის ოთახშია, სადაც საპირფარეშო იზოლირებული არ არის. მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, პაატა დიასამიძემ, რომელმაც პატიმრები ამ მდგომარეობაში უშუალოდ ნახა, ეს ვითარება არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა. ციხეში წყლის პრობლემის არსებობა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმაც დაადასტურა.

    ადვოკატ თეონა ნიკოლაიშვილის შეფასებით, პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში გადაჰყავთ არა მხოლოდ მაშინ, როცა უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არსებობს, არამედ დასჯის მიზნითაც, რაც კანონით დაუშვებელია. მისივე თქმით, პატიმრებმა საერთო საჩივრითაც მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

    ადვოკატი თინა ნიკოლაიშვილი ამბობს, „ისინი ითხოვენ წყალს, ვენტილაციას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, წამლებს… ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი და შემდეგ პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში განმარტოებით გადაჰყავთ,ერთ-ერთმა პატიმარმა მავთული ყელშიც გაიყარა… ლეიბი იატაკზე აქვთ დაგებული და ისე იძინებენ. ეს ის პატიმრები არიან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ციხეში სასმელი წყლის პრობლემაზე ჰქონდათ პრეტენზია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უცნობია, რატომ არ გადაიყვანეს ეს პატიმრები დეესკალაციის ოთახში. ეს ოთახი რეალურად იმ პატიმრებისთვისაა, ვინც საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას… ჩემთვის უცნობია ციხის ადმინისტრაციის რეაგირების შესახებ,“ 

  • ბაჩანა შენგელია შალვა თადუმაძეს მიმართავს

    დღეს, ბაჩანა შენგელია პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. როგორც ია კერზაიას შვილმა განაცხადა შალვა თადუმაძისგან ითხოვს, რომ  გაუქმდეს გადაწყვეტილება, რომლითაც მას   უარი ეთქვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

    “შევიტანე საჩივარი გენერალური პროკურორის სახელზე, ვინაიდან საქმის პროკურორმა უარი მითხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. ეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო უარი. მოვითხოვ, ამ უარის გაუქმებას და შალვა თადუმაძის მხრიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას, რაც მე მომცემს საშუალებას გავეცნო საქმის მასალებს, ვისარგებლო მხარის უფლებამოსილებებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს გამოძიების პროცესს და ამაზე უარი ჩემი მხრიდან განხილული იქნება, როგორც გამოძიების გაჭიანურების მცდელობა,” – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

    ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს  განცხადება გააკეთა, სადაც ის მიზეზები განმარტა რის გამოც ია კერზაიას ოჯახს დაზარალებულის სტატუსზე უარი ეთქვა. განცხადებაში ნათქვამია,რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.

  • საპრეზიდენტო არჩევნები და ია კერზაიას საქმე-მწვავე წერილი ბრიუსელიდან

    2 კრიტიკული და მწვავე წერილი ბრიუსელიდან ია კერზაიას საქმეს და საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება. ევროპარლამენტარების წერილის ადრესატები საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი არიან.

    11 გავლენიანი ევროპარლამენტარი, ანა გომეში, რებეკა ჰარმსი, ჟან ლამბერტი, ნატალი გრისბეკი  და სხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თხოვნით მიმართავენ, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი გამართოს, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ მთავრობას რომ 2024 წლის მაგივრად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს ამოქმედდეს.

    მამუკა ბახტაძის მისამართით გაგზავნილ წერილში პირველი საკითხი კერზაიას საქმეა, რომლელსაც პოლიტიკურ ზეწოლად მოიხსენიებან.

    “არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2018 წლის ნოემბერში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების მექანიზმები გამოყენებული იყო პოლიტიკური მიზნებისთვის”-აღნიშნულია წერილში.

    „2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩვენების შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც 1991 წლიდან ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული შეფასებას წარმოადგენს, იდენტიფიცირებულია ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები. გარდა ამისა, საზოგადოება “სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს ზეწოლისა და შევიწროების შემთხვევებზე, კერძოდ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ია კერზაიას საქმეზე.

    „მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2024 წლამდე გადაავადოს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება, კრიტიკა მოჰყვა ყველა დაინტერესებული მხარის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას ჩაერთოს დიალოგში 2020 წლისთვის საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად.”

    “აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზემოქმედება საქართველოს ხელისუფლებაზე ოპოზიციასთან ამ მნიშვნელოვანი დიალოგში ჩართვის მიზნით“-ნათქვმია წერილში.

  • საგამოძიებო სამსახური ხელვაჩაურის მერიის თანაშრომლის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

    სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ხელვაჩაურის მერიის თანაშრომელი და სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განახორციელა ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რა დროსაც, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 37 787 ლარს.

    გამოძიების პროცესში, ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, რომელიც თავისი მხრივ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, დაეხმარა კომპანიის დირექტორს სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლებაში, ხოლო, კერძო საექსპერტო დაწესებულების ექსპერტმა გასცა ყალბი დასკვნა, თითქოსდა ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ სამუშაოებთან.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.”-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

  • “ცემეს, დააბეს,ფულს თხოვდნენ”-თავდასხმა გლდანში

    სამმა  ნიღბიანმა პირმა  გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ერთ-ერთი  ბინა გატეხა. ნიღბიანები სახლში იმ დროს შეიჭრნენ, როცა ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

    ბინაში რამდენიმე წუთში ის  ქალბატონი შევიდა, რომელიც დაკეტილ ბინას მეთვალყურეობდა. ნიღბიანები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეკრეს, სახლიდან სხვადასხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ.  გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. უკვე გამოიკითხნენ მეზობლები მათი ინფორმაციით თავდამსხმელები ნიღბიანები იყვნენ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება დაზარალებულმა ვერ შეძლო.

    “დაიჭირეს, შეათრიეს შიგნით, გახეთქეს ცემაში, დააბეს ფულს თხოვდნენ, სამნი იყვნენ, ნაცემი იყო ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ტანზეც სილურჯეები. ამბობს რომ შინაურები არიან ალბათო, მაგრამ თავზე “მასკები” ჰქონდათ, ვერაფერი ვერ დაინახა,”-აცხადებს  მურმან ფერაძე

  • აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებას დღეს, 18:00 საათამდე შეძლებენ

    გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს და დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს. 
    ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება,  ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მსურველები გამოცდებისთვის რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ.

    გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ დადასტურებას ელექტრონულ ფოსტაზე იღებენ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

    რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.

    7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.

  • პროკურატურა ია კერზაიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    “გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად,”-პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.

    “საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
    პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.
    ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება.
    ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
    გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით.
    ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში კვლავ ვრცელდება

    ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები  სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ ვრცელდება.
    ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელმა გოჩა გორგაძემ გუშინ ღამე მიიღო.
    მომხდარის შესახებ  ადრესატმა სამართალდამცველ უწყებას  შეატყობინა.
    “ჩემს ფეისბუქზე გვერდზე ვნახულობდი კადრებს, ახლა ამომიხტა ლინკი, რომ მიიღე ვიდეოო. ინსტიქტურად გავხსენი, რომ გავხსენი დავინახე საწოლი და ქალის სახე. მივხვდი რაშიც იყო საქმე, დამაწერინეს განცხადება,ჩაიბარეს და გადააგზავნიან კრიმინალურ პოლიციაში,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელი გოჩა გორგაძე.
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ადრესატებს გამიზნულად ეგზავნებათ.