Category: არქივი

  • “გახარიას დავალებით გამიტაცეს”-ნიკა მელია ომბუდსმენის ანგარიშზე

    “გახარიას დავალებით გამიტაცეს” -ნიკა მელია ომბუდსმენის ანგარიშის იმ ნაწილს აფასებს,რომელიც   ოპონენტების პოლიტიკურ დევნას შეეხება. 

    ნინო ლომჯარიას თქმით, ოპოზიციის ლიდერის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავდა, რადგან მას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს. პოლიციამ მაშინ რამდენიმე საათი მოანდომა იმის გარკვევას, მართლაც იყო თუ არა მელია პარლამენტის წევრი.

    მელია აცხადებს, რომ ის გახარიას დავალებით გაიტაცეს.

    „გახარიას დავალებით მოხდა ჩემი გატაცება, რომელსაც მერე განრიდება დაარქვეს. და სამარცხვინოა ის რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ თითქოს სამი საათი დასჭირდათ მათ რომ მოეხდინათ იდენტიფიცირება დაკავებულის. და მერე თურმე აღმოჩნდა რომ ეს ხოტორა ადამიანი არის პარლამენტარი ნიკა მელია. სამი საათი არკვევდნენ. ვინმეს სჯერა? ტყუილსაც ვერ იგონებენ. ამასთან დავამატოთ მოცემულობა როდესაც ყველა ის 9 ადამიანი ვინც მე უშუალოდ დამაკავა არც ერთი მათგანი არ იყო რიგითი პოლიციელი. მათშორის შს მინისტრის მოადგილეც. თავის თავს დააბრალოს გახარიამ. რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, უფრო მეტ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

    ნიკა მელია გასულ წელს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს   დააკავეს. ის მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

  • საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი დევნილები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან

    დევნილებმა რამდენიმე საათის წინ ულტიმატუმი წამოაყენეს, ისინი პოლიციის კორდონის მოხსნას, ასევეადვოკატებისა და ჟურნალისტების შეშვებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

    ისინი “დირსის” გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურნენ.  დევნილები აცხადებენ, რომ  კორპუსში არაფერი დაუზიანებიათ და მათ მხოლოდ შენობის ფოიე აქვთ დაკავებული.

    “ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია, ღია კარებში შევედით” –  აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.

    მათი თქმით, ბესიკ ჯიქურაულმა იცრუა, როცა თქვა, რომ შეჭრილებმა ახალაშენებული კორპუსი ვანდალურად დაიკავეს. ფაქტის დასამტკიცებლად ითხოვენ, ჟურნალისტები შეუშვან და მათ დაათვალიერებინონ ის სადარბაზოები, სადაც ისინი განლაგდნენ.

    “რომ ამბობენ, ეს კარები დაამტვრიეს, ეს ფანჯრები დაამტვრიეს, რაღაც დამტვრეულიაო, ვინ ნახა, რომ დამტვრეულია? შეგიშვან ჟურნალისტები და ნახეთ, ერთი კარი თუა გატეხილი, ერთი ფანჯარა თუა გატეხილი. სართულებზეც კი არ შევსულვართ, ფოიეში შევედით ღია კარიდან. წამალზე გავედი და მერე აღარ შემიშვეს,“ – ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

    „დირსის“ გენერალური დირექტორი ბესო ჯიქურაული აცხადებს, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. მისი თქმით, კერძო საკუთრებაში შეჭრილმა დევნილებმა ვანდალურად დაამტვრიეს სადარბაზოს კარები და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის სამსახურს, რომელმაც შენობის დაცვა ვეღარ მოახერხა.

    „ეს არის კერძო საკუთრების შელახვა, რაც არის მიუღებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ იძულების გზით გამოიყვანონ ეს ადამიანები. მათი შეჭრით ზიანი ადგება ჩვენს ქონებას, ინვესტიციასა და სამომავლო გეგმებს. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს,კომპანიას ყველა სადარბაზოში ჰყავდა დაცვის სამსახური, ასეულობით ადამიანი მოვიდა და ნამდვილად არ ვიყავით მათი თავდასხმისთვის მზად. კორპუსს ელექტროენერგია და წყალი არ მიწოდება, რადგან სამუშაოები დასრულებული არაა და საფრთხის შემცველია, ზოგიერთ სართულზე კაბელები ღია მდგომარეობაშია. ბინებში შიდა კარები ხის არის და როგორც ვიცით, გუშინ ისინი დაამტვრიეს დაწვეს“, – განაცხადა ბესო ჯიქურაულმა.

    300-მდე დევნილი კვლავაც დირსის საცხოვრებელ კომპლექსში რჩება. “დირსის”  კორპუსი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 4 დღის წინ დაიკავეს. ისინი სახელმწიფოსგან ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

  • კიბის გამო, რომელიც ყრუ კედელს უერთდება ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

    კიბის გამო, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანი გახდა, ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. მერი ამბობს, რომ ის ახალშენის კულტურის სახლის სამშენებლო ოქმში აღმოჩენილი ხარვეზების გამო აიყვანეს. სავარაუდოდ საუბარია
    რეაბილიტაციის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის სახლში დამონტაჟებულ სათადარიგო სახანძრო კიბეზე, რომელიც პირდაპირ კედელს უერთდება და არა კარს.
    კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა და მერია კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადებას გეგმავდა. მერიაში ამბობდნენ, რომ ხარვეზი მშენებლობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა გამოიწვია, მას დამატებითი სამუშაოების შემდეგ მოაგვარებენ და კარის დამონტაჟება კიბესთან შესაძლებელია.
    ადგილობრივი ოპოზიცია მერიას თანხების არაეფექტურად ხარჯვაში ადანაშაულებდა, მერიისთვის კი ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელი იყო და ატეხილ ხმაურს ოპოზიციის სპექტაკლს უწოდებდნენ. ობიექტის მიღება –ჩაბარება რამდენიმე თვის წინ მოხდა.
    დღეს კი ირკვევა, რომ დაკავებულია ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი. თუმცა მერიაში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა მისი დაკავება სკანდალურად ცნობილ კიბეს.
  • კახეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

    თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის  აღსაზრდელები მოიწამლნენ. ინტოქსიკაციით  საავადმყოფოში 10-მდე ბავშვია  გადაყვანილი.

    კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ეს სასმელი წყალი ყოფილიყო.

    ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

  • ” როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა “-კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე

    “როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, “- თბილისის მერმა კახა კალაძემ  ჭავჭავაძის გამზირზე  გუშინ გამართული აქცია შეაფასა.

    კახა კალაძის თქმით, ის მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რაც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა.

    „ჩემთვის პირადად გაუგებარია მოთხოვნები. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, რომელსაც ჩემი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მითხრეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს მუშების უფლებებს და ითხოვს შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და მერთან. მე რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და აღვნიშნე, რომ მზად ვარ შევხვდე ადამიანებს, მოვუსმინო, მივაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე, თბილისის მერიაც იყო ინიციატორი გარკვეული ცვლილებებისა, რომელთა ინიცირება გასულ წელს მოვახდინეთ, ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, თვითონ მშენებლობებზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ა.შ. ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა თუ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ დაინახა. როდესაც მე ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

  • “სირცხვილია ეს მასკარადი”-სალომე სამადაშვილი კობახიძეს

    „ძალიან დიდი სირცხვილია ეს მასკარადი, თქვენი სირცხვილია, ბატონო ირაკლი“ – ასე მიმართა სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია მწვავე პოლიტიკური განცხადებებით გამოდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილმა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების არარსებობის საკითხზე და ამ ნორმების დაუცველობით დაღუპულთა სტატისტიკაზე ისაუბრა.

    გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი სასამართლოს თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტროლირებადი სასამართლო. „ძალიან დიდი სირცხვილია ეს მასკარადი, თქვენი სირცხვილია, ბატონო ირაკლი“ –  სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

    დეპუტატის განცხადებითვე, ახლოვდება დრო, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არანაირი შესაძლებლობა აღარ ექნება დემოკრატიული არჩევნების გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება. „მართული სასამარრლო გჭირდებათ სწორედ იმისთვის, რომ მოიხმაროთ როგორც პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი. საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს ფარსს, დარწმუნებული ვარ, შესაბამის პასუხს მიიღებთ“ – განაცხადა  სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

  • ტარიელ ონიანი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს-კანონიერ ქურდი რუსეთის ციხეს ტოვებს

    “კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი რუსეთის საპატიმროს მომავალ კვირას, 9 აპრილს დატოვებს. პოსტსაბჭოთა სივრცისა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის ექსტრადირება შესაძლოა, რუსეთმა საქართველოში განახორციელოს- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტარიელ მულუხოვის რუსეთის ტერიტორიიდან სამუდამო გაძევების თაობაზე.

    კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო 10-წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. დაგეგმილი დეპორტაციის განკარგულება პატიმარს რამდენიმე თვის წინ უკვე გააცნეს.

    2010 წელს რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ტარიელ ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა არაკანონიერი გზით მიიღო, თუმცა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით  არ არსებობს. მოსალოდნელი იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტარიელ ონიანს რუსი სამართალდამცავები ესპანეთს გადასცემდნენ, სადაც მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და თანხების არალეგალური გზით მითვისებას სდებენ ბრალად. თუმცა რუსულ მედიაში, დეპორტაციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მარშუტად საქართველო განიხილება.მედიის ინფორმაციით, ახლა ტარიელ ონიანის ადვოკატები და ახლო გარემოცვა მუშაობს იმაზე, რომ “კანონიერმა ქურდმა“ მისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში მოახერხოს გადასვლა. ასეთად კი თურქეთი განიხილება, სადაც ბოლო წლებში “კანონიერი ქურდების” ყველაზე დიდი ნაწილია თავმოყრილი.

    მედია არ გამორიცხავს, რომ ტარიელ ონიანის გათავისუფლების შემდეგ კვლავ გააქტიურდება ქურდულ სამყაროში ნომერ პირველი “კანონიერი ქურდის“ არჩევის საკითხი, რამაც შესაძლოა, სისხლიანი დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვიოს.

    გავლენიანი ავტორიტეტი ტარიელ, ონიანი, იგივე “ტარო” 80-იან წლებში მოსკოვის  ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მიიჩნეოდა. მის სახელთან არის დაკავშირებული  ევროპაში გახმაურებული სპეცოპერაციები.

    2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ევროპაში. 400-ზე მეტმა პოლიციელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ჩაატარა დაახლოებით 50-მდე ჩხრეკვა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიაში, ფუენხიროლაში, ბენალმადენასა და ტორემოლინოსში, სადაც განთავსებული იყო ონიანის ობიექტები. ონიანმა მიმალავა მოახერხა.

    2010 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში ტვერსკის ქუჩაზე განხორციელდა თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანზე. გავრცელებული ინცფორმაციით უსოიანზე თავდასხმა ონიანმა დაგეგმა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ონიანი მონაწილეობდა „იაპონჩიკის“ მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობაში.

    2011 წლის მარტში ესპანეთის მთავრობის თხოვნით, ონიანი ექსტრადირებული იქნა რუსეთიდან ესპანეთში.

  • თბილისის ბაგა-ბაღებიდან დარღვევების გამო რძის პროდუქტები ამოიღეს

    საფრთხისშემცველი პროდუქტები საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა. დარღვევები  არაჟანში, ხაჭოსა და ყველში – რძის პროდუქტები თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან ამოიღეს.

    “არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია”,- ამის შესახებ ინფორმაციას  ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.

    სააგენტოს ინფორმაციით,  “ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის შემცვლელი ფხვნილი აღმოჩნდა.

    სააგენტოში განმარტავენ, რომ პროდუქციის ან მიმწოდებელი უნდა შეიცვალოს, ან მიმწოდებელმა წარმოადგინოს ახალი დოკუმენტი, რომ პროდუქცია ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.

    ბაღების მომმარაგებელ კომპანია “ნილში” შეუსაბამობის არსებობას გამორიცხავენ და ვარაუდობენ,რომ  ეს ლაბორატორიის მიერ  დაშვებული  შეცდომაა.

    “2019 წლის 7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების – ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?”- აღნიშნა მან.

    მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია “ქობულეთურის” წარმომადგენელსაც. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.