Category: არქივი

  • “დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება”-კახა კალაძე

    “არის სერიოზული მოსაზრება რომ დიღმის მიმართულებით შეიძლება გაკეთდეს მიწისზედა მეტრო”-ეს განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც საუბარი ტრანსპორტის განვითარების პროექტს შეეხო.

    კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.

    “ჩატარდება კვლევა და რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღებთ სრულ სურათს, თუ რისი გაკეთება შეიძლება – შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით სერიოზული მოსაზრებაა იმის, რომ შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. კვლევითი ღონისძიებები რამდენიმე კვირაში დაიწყება”, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

  • თბილისში 2021 წლიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

    მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება -ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

    მანამდე კი   მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს B კატოგორიაში ჩართვა შეეძლებათ – კალაძის თქმით, მერიამ გაითვალისწინა მძღოლების თხოვნა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით.

    ” მძღოლების თხოვნას დავთანხმდით, რადგან მათ ვერ მოასწრეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩანაცვლება მარცხენასაჭიანი ამიტომ მათთვის გავახანგრძლივეთ ვადა.

    ამიტომ 2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება B კატეგორიაშიც.  მათ აქვთ წელიწადნახევარი იმისთვის რომ მოახდინონ ავტომანქანების ჩანაცვლება და შემდეგ სურვილისამებრ, გადაწვიტონ ჩაერთონ A კატეგორიაში ან B კატეგორიაში.” განაცხადა კალაძემ

  • “ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება”-კახა კალაძე

    თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

    კახა კალაძემ სხდომა ტაქსების რეფორმის შესახებ არსებული პრობლემებით დაიწყო.

    კალაძისთვის ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების განცხადებები მიუღებელია. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა მაღალია.

    “სამწუხაროდ, ამ რეფორმამ არასწორი ინტერპრეტაციები მიიღო პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაც გულდასაწყვეტია, რადგან შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და როდესაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება უნდა იყოს მხარდაჭერა”-აცხადებს კალაძე 

    ” რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, როგორც დაანონსებული იყო, თეთრი ფერი, მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ყველაფერი ტაქსის მძღოლებისთვის უფასო იქნება, ასევე ინტერიერის ქიმიური წმენდა.”

    კალაძის თქმით, მძღოლებს სურვილის შემთხვევაში მანქანის გადაღებვის მაგივრად შეუიძლიათ  ავტომობილს  ფირი გადააკრან.

  • სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ავლაბრის სასახლეში მასპინძლობს

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ავლაბრის სასახლეში, რომელსაც ამჟამად უკვე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდება, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობს.

    კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე.

    საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.

    დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო – კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ.

  • უამინდობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    მლეთა-გუდაურის  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

    ამ  რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი გაიხსნება

    საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი გაიხსნება. კოლეჯში დაინტერესებულ ახალგაზრდები სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს შეისწავლიან. 

    კოლეჯი ერთი წლის განმავლობაში 2 ათასამდე სპეციალისტს მოამზადებს. ახალი კოლეჯის მიზანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის შევსებაა.

    „პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან არიან მოწინავე დონორი ორგანიზაციები, ელჩები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ტურიზმის განვითარების მიზნით გვჭირდება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება, შესაბამისად განათლება არის უმთავრესი პრიორიტეტი, აქედამ გამომდინარე დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პლათფორმა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისათვის, ჩვენი მოსახლეობისათვის. მათ საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების კურსები და საერთაშორისო სერთფიკატები მიიღონ.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მარიამ ქვრივიშვილმა.

    კოლეჯში სასწავლო კურსების შესწავლა  ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება შესაძლებელი.

  • “გირგვლიანია მსხვერპლი, მე მსხვერპლი არ ვარ” – ლევან მურუსიძე

    “გირგვლიანია მსხვერპლი, მე მსხვერპლი არ ვარ” – ლევან მურუსიძემ “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “არჩევანში” გირგვლიანის საქმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ უსამართლო გადაწყვეტილება მას არ მიუღია. 

    მურუსიძის განცხადებით,მან  კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება.

    „საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შესაძლებელია, რომ ჩაედინა გმირობა და რეალურად ან მანტია გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება. კი, ბატონო, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა-არჩამედინა, ეს საკამათო თემაა, მაგრამ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, რაც პირობებშიც საქმე იყო ამოსული უზენაეს სასამართლოში ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიიღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღე,“ – განაცხადა მურუსიძემ.

    მოსამართლის თქმით, ის სისტემის მსხვერპლი არ ყოფილა. მურუსიძე ამბობს, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.

    „სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ,“ – ამბობს მურუსიძე.

  • რუსეთში სტალინის მიმართ დადებითი განწყობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

    რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, ვინც დადებითად აფასებს იოსებ სტალინს და მის როლს ქვეყნის ისტორიაში, ზრდას განაგრძობს.
    2019 წლის მარტში ამ რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამაზე მეტყველებს „ლევადა ცენტრის„ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხულთა 70%–მა განაცხადა, რომ დადებითად აფასებენ სტალინის როლს რუსეთის ისტორიაში. ამ მაჩვენებელმა ზრდა 2014 წელს დაიწყო და 2019 წელს პიკს მიაღწია.
    პირველად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 51% სტალინის მიმართ აღფრთოვანებას, პატივისცემას ან სიმპატიას გამოხატავს. ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში.


    რა არის ამის მიზეზი?

    ბიბისი–სთან საუბარში პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი ასეთი საზოგადოებრივი განწყობის სამ მიზეზს ასახელებს:
    “პირველი, დროის ფაქტორია. სტალინის ეპოქის მოვლენები სულ უფრო და უფრო შორს არის. შესაბამისად, ცოცხალი ისტორიული მეხსიერება ქრება. ამიტომაც არის, რომ ნაპოლეონი ტორტია და არა ადამიანი, რომელიც რუსეთს თავს დაესხა, ჰიტლერი – მემია, სტალინი კი „კუბანელი კაზაკები“. ეს უკვე ძალიან შორეული წარსულია. ამიტომაც დამოკიდებულება მის მიმართ ისეთია, როგორც მეფე არტურის მიმართ.“
    მეორე მიზეზი პოლიტოლოგის აზრით სახელმწიფო პროპაგანდაა, რომელიც სტალინს რეკლამირებას უკეთებს, როგორც სამამულო ომის მომგებს და ბრძენ მმართველს. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა მთლიანობაში, საბჭოთა პერიოდს რეკლამირებას უკეთებს, როგორც საუკეთესოს ქვეყნის ისტორიაში.
    და მესამე, ყველაზე საინტერესო მიზეზი პოლიტოლოგის აზრით ქვეყანაში ანტიელიტისტური განწყობების ზრდაა. ხალხის მეხსიერებაში ის შემორჩა როგორც მკაცრი წესრიგის და ასკეტიზმის სიმბოლო. “დაჟანგებული ჩინოვნიკებით თავმობეზრებული ხალხი, რომელიც მათი მოთოკვის საშუალებას ვერ ხედავს, თვლის, რომ ასეთ ჩინოვნიკებს სწორედ სტალინი მოუხდებოდა.“– ამბობს შულმანი.

    საბჭოთა ეპოქის ნოსტალგია

    რუსეთში საზოგადოებრივი აზრის დინამიკა 2000–იან წლებში ლევადა ცენტრის მონაცემებით სამ პერიოდად შეგვიძლია დავყოთ. სამივე პერიოდში სტალინის პერსონის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმები დომინირებდა.

    პირველ ეტაპზე რუსეთის მოსახლეობის აზრი ბელადის შეფასებისას წინააღმდეგობრივი იყო და დადებითი და უარყოფითი აზრი თითქმის თანაბარი დოზით არსებობდა.

    2008–2014 წლებში ნეიტრალური დამოკიდებულება დომინირებდა. 2015 წლიდან კი დაფიქსირდა ნეიტრალური, ნეგატიური და გადაუწყვეტელი განწყობების შემცირება.ამასთან, ლევადა ცენტრის მონაცემებით გამოკითხულ ყველა ასაკობრივ ჯგუფში დადებითი დამოკიდებულების ზრდა ფიქსირდება.

    “ერთგვარი სიმპატია და ნოსტალგია საბჭოთა ეპოქისა და სტალინის, როგორც მეთაურის მიმართ მყარდება. სტალინი – მთავარი ადამიანია, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, რომელსაც მიეწერება დიდ სამამულო ომში გამარჯვებისთვის ყველა დამსახურება. ომში გამარჯვება კი ეროვნული სიამაყის სიმბოლოა ყველა რუსისთვის, გამონაკლისის გარეშე. მათთვისაც კი, ვინც პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიბადა“ – ამბობს ლევადა ცენტრის სოციოლოგი კარინა ფიფია.
    „არსებობს ერთგვარი იმედგაცრუება სოციალური პოლიტიკით და მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, განსაკუთრებით საპენსიო რეფორმის შემდეგ, რომელიც ძალიან ნეგატიურად იქნა აღქმული საზოგადოებაში და შეფასდა როგორც სახელმწიფოს მიერ უარის თქმა მისი სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე“– ამბობს ექსპერტი.
    კარინა ფიფია აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად სტალინის მიმართ სიმპატიას ყველაზე ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფი – 18–დან 30 წლამდე რესპოდენტები გამოხატავენ.
    “ისინი ყველაფერს აღიქვამენ არა საკუთარი გამოცდილებით, არამედ მითოლოგიური წარმოდგენებით, რომლებსაც უფროსი თაობა ასაზრდოებს„– ამბობს სოციოლოგი.

  • ირაკლი ოქრუაშვილის მომავალ პარტიაში კოტე კემულარია შევა

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ჯერ არ შექმნილი პარტიის ერთი წევრის ვინაობა ცნობილია. ეს არის კოტე კემულარია, რომელიც უკვე დიდი ხანია პოლიტიკას ჩამოშორდა. კოტე კემულარია 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ელჩი რუსეთში, იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე, 1992-93 წლებში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს, 1998 წელს იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო 1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.
    2006 წლიდან კემულარია აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა, 2016 წელს კი კვლავ გამოჩნდა, ამჯერად პაატა ბურჭულაძის პარტიაში “სახელმწიფო ხალხისთვის“ და ამ პარტიდან ფოთის მაჟორიტარად იყარა კენჭი, თუმცა დამარცხდა.
    ირაკლი ოქრუაშვილმა პარტიის შექმნა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. მისი კონკრეტული პარტიული გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყნის მთავარ პრობლემად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს და მის დასამარცხებლად პოლიტიკურ გააქტიურებას გეგმავს.