Category: არქივი

  • “სიცრუეა რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს”-ეკა ბესელია

    “ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.” -განაცხადა ეკა ბესელიამ.

    ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან იმის მტკიცება, რომ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, სიცრუე და შეურაცხყოფაა.

    „ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, არის გამოცდა, რომელზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ყოფილიყო, როგორც ბარიერი. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც შიდა მოსახლეობს განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

    სესიამდე საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის მოთხოვნებს ნაწილობრივ ითვალისწინებს.

  • ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს

    ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციებს აღარ  გამართავენ. დღეს, პერმანენტული აქციების დაანონსების მიუხედავად, ტაქსის მძღოლებმა პროტესტი შეწყვიტეს.

    საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიდის, აქედან გამომდინარე, ისინი ვეღარ ხედავენ აქციების გამართვის  აუცილებლობას. 

    ცოტა ხნით ადრე კი ტაქსისტები პოლიტიკურ პარტიებსაც გაემიჯნენ.აქციის ორგანიზატორი ლეიბორისტული პარტია იყო.

    შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია და მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.

    რეგულაციების მიხედვით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, ვალდებული არიან თეთრად გადაღებონ მანქანა ან თეთრი ფირი გადააკრან მას.

    თბილისის მერმა კახა კალაძემ  გუშინ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რეფორმა აუცილებლად განხორციელდება.  B კატეგორიის მძღოლებს კი მარჯვენასაჭიანი მანქანების ჩანაცვლებისთვის ვადა 2021 წლამდე გაუხანგრძლივდათ. 2021 წლის პირველი იანვრიდან თბილისში მარჯვენასაჭიანი ტაქსები კანონით აიკრძალება.

  • „კლანი უნდა წავიდეს!“ – ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა პარლამენტში პლაკატი გამოფინეს

    “კლანი უნდა წავიდეს”-ამ წარწერით ბანერი პარლამენტში, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის ტრიბუნაზეა გამოფენილი.

    დეპუტატები ამ ფორმით  უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს აპროტესტებენ.

    ანალოგიური შინაარსის მაისურებით, 15 აპრილს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    პარლამენტის პლენარული სესია ამ წუთებშიც მიმდინარეობს,დეპუტატები უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეების შერჩევის წესის კანონპროექტს იხილავენ.

  • გიორგი პატარაია და ანი წითლიძე სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულს 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. სამეგრელოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულებს გამოძიება  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

    ინციდენტი სამეგრელოში წინა კვირაში  სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა, როდესაც პარტიის წევრების ინფორმაციით, მათ გადაადგილებას უცნობი პირები აკონტროლებდნენ.

    დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს,რასაც ვიტარების დაძაბვა მოჰყვა.  “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა 
    დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, პოლიციელებმა  კი ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.

  • ბანგლადეშში 19 წლის გოგონა სკოლის სახურავზე ცოცხლად დაწვეს

    ბანგლადეშში 19 წლის გოგონა ნასრა ჯაჰან რაფი, რომელმაც სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაზე უჩივლა, ისლამური სკოლის სახურავზე ცოცხლად დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ბიბისი ვრცელებს.

    ბიბისის ცნობით, 27 მარტს ნასრამ განაცხადა იმ ფაქტზე, რომლის მიხედვითაც სკოლის დირექტორმა ოფისში დაიბარა და მასზე სექსუალური შევიწროვება მოახდინა.

    გოგონამ თავის დაღწევა მოახერხა და ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაში საჩივარი შეიტანა.გოგონამ პოლიციის სამმართველოში მტკიცებულებები წარადგინა,დახმარების მაგივრად,  პოლიციის ოფიცერმა თავისი მობილურით ვიდეო გადაუღო. მოგვიანებით, ეს ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.

    გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გოგო შეშინებული სახეს ხელებით იმალავს. ბიბისის ცნობით, ვიდეოში ისმის  პოლიციის ოფიცრის რეპლიკა  “დიდი არაფერი მოხმდარა”.  27 მარტს, მას შემდეგ რაც გოგონამ პოლიციაში იჩივლა, სკოლის დირექტორი დააკავეს.

    6 აპრილს კი  ნასრა ფინალური გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მივიდა. ის კი  სკოლის ეზოში მოსწავლემ სახურავზე მოტყუებით აიყვანა. სახურავზე მას კიდევ  4-5 ადამიანი დახვდა, რომლებსაც ბურკები ეცვათ. ეს ადამიანები აიძულებდნენ  ნასრას საჩივარი უკან გამოეტანა და სექსუალური შევიწროვების საქმე შეწყვეტილიყო. უარის შემდეგ 19 წლის ნასრას  ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

    ნასრა საავადმყოფოში გადაიყვანეს  სხეულის 80 პროცენტიანი დამწვარობით გადაიყვანეს.  შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ  10 აპრილს გოგონა  გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო. ოჯახს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შეხვდა და დამნაშავეების დასჯას დაჰპირდა.

    მოსახლეობამ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართა. პოლიციამ ამ საქმეზე 15 პირი დააკავა, მათგან ორი ნასრას სკოლის მოსწავლეა.

  • ექიმების შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი გახდება

    სამედიცინო საქმიანობის განხორციელების დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი გახდება.

    საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის კომიტეტის  თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარუდგინა.

    აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.

    ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.

    საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღებას ისახავს მიზნად,ასევე ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.

  • თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

    თბილისის მერიამ საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. შარტავას ქუჩაზე არსებული ხიდის დემონტაჟის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

    კალაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ხიდების დემონტაჟი თბილისში 20 ადგილზე განხორციელდება.  ლითონის კონსტრუქციებს ფეხით მოსიარულეთათვის  ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები ჩაანაცვლებს. 

    საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებში  დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება.

  • “ვიმედოვნებ, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება” – ეუთოს წარმომადგენელი კაპანაძის იმპიჩმენტზე

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თემას ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი გამოეხმაურა. დეზირმა საკუთარი ტვიტერის  ოფიციალურ ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა.

    “თვალს ვადევნებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს  დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ  ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – წერს დეზირი.

    აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით  ბორდს  მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა 11 აპრილს მიმართა.

    ამ  საკითხზე სხდომა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში 19 აპრილს არის დაგეგმილი.

    12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრჩეველთა საბჭოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს და შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზე ისაუბრეს.

  • პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო

    პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო-დეპუტატები პროცედურულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

    პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მოსამართლეთა არჩევის წესზე არსებულ კანონპროექტზე  სასაუბროდ მივიდა. ოპოზიცია  მოითხოვდა რომ ჯერ ყოფილიყო სახალხო დამცველის მოსმენა კანონპროექტთან დაკავშირებით  და ამის შემდეგ დაწყებულიყო კანონპროექტზე მსჯელობა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა. კობახიძის წინადადებას  დარბაზში ხმაური მოჰყვა.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.

    პარლამენტში შესვენება გამოცხადდა, სხდომა 14:00  საათზე  განახლდება.