Category: არქივი

  • სტიქია ხარაგაულის რაიონში- წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა

    ამინდის გაუარესებას  ხარაგაულის რაიონში სტიქია მოყვა. ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად,  რამდენიმე სოფლის გზა დაიტბორა.

    ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მოძრაობა შეზღუდული იყო ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე.

    სტიქიის შედეგად სახლებიც დატბორა. ამ დროისათვის გაწმენდილია ადიდებული მდინარის კალაპოტი.

    სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა.

  • უკრაინაში რუსეთის ტერორისტული ჯგუფი დააკავეს

    უკრაინელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ  შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების დავალებით პოლიტიკური მკლელობების და სხვა ტერიტორისტული აქტების განხორციელებას, მათ შორის, უკრაინელი დაზვერვის ოფიცრების განადგურებას გეგმავდნენ.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ ჰრიცაკის განცხადება წინ უსწრებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

    პრესკონფერენციაზე, ჰრიცაკმა განაცხადა, რომ თავიდან იქნა არიდებული “საბოტაჟი და რუსული სპეციალური სამსახურების ტერორისტული ჯგუფის სადაზვერვო სამუშაოები”. მისი განცხადებით, ჯგუფის შვიდივე წევრი დაკავებულია.

    ერთ-ერთი პირი, რომელიც ჯგუფს ეხმარებოდა, 17 აპრილს დააკავეს. თუმცა, გაურკვეველია, ის ამ შვიდეულში შედის თუ არა.

    ჰრიცაკმა განაცხადა, რომ 2017 წლის შემდგომ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა უკრაინაში რამდენიმე, “ავტონომიურად მოქმედი” ჯგუფები გაგზავნეს, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაშიც, სადაც კიევი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძვის.

    მან აღნიშნა, რომ ეს ჯგუფები პასუხისმგებელი არიან სხვადასხვა თავდასხმებში, მათ შორის მანქანის აფეთქებაში, რომლის შედეგადაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი მაქსიმ შაპოვალი იქნა მოკლული. მეორე შემთხვევაში, აპრილის დასაწყისში, დაჯგუფებამ ვერ მოახერხა სამიზნის განადგურება. პროკურორმა მაშინ განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბომბის დამონტაჟებაში იყო ეჭვმიტანილი, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. თუმცა ჰრიცაკმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რუსი მამაკაცი, ცოცხალია და უკრაინელ სამართალდამცავებს ინფორმაციას აწვდის.

    ჰრიცაკის ბრალდებით, ოპერაციის ”რეალური ორგანიზატორი”, რომელსაც შაპოვალი შეეწირა, რუსეთის “სუკის” ოფიცერი დმიტრი მინაიევია.

    უკრაინის მხარის განცხადებით, ერთ-ერთი, დაკავებულთაგან, ტიმურ დზორტოვია, რომელიც 2015-2017 წლებში რუსეთის ინგუშეთის რეგიონის ლიდერის აპარატის უფროსის მოადგილე იყო.

  • ტრაგედია მადეირაზე. ავარიის შედეგად 28 ტურისტი გარდაიცვალა

    28 ადამიანი გარდაიცვალა ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე. 22 ადამიანმა კი ტრავმა მიიღო.
    ავტობუსში სულ 50 ტურისტი იყო. პორტუგალიური მედიით ვრცელდება გადაყირავებული ავტობუსის ფოტოები, რომლის გაშემო მეხანძრეები არიან მობილიზებული.
    გავრცელებული ინფორმაციით ავტობუსმა გზაჯვარედინზე მართვა დაკარგა და გზიდან გადავარდა.
    “სიტყვები არ მყოფნის რომ მომხდარი აღვწერო. უბრალოდ მიჭირს ამ ადამიანების ტანჯვა წარმოვიდგინო“– განუცხადა პორტუგალიურ ტელევიზიას მერმა ფილიპე სოუზამ. მერის ინფორმაციით ავტობუსში მყოფი ყველა ტურისტი გერმანელი იყო.
    ტრაგედია კანისუს რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა.
  • დევნილები მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შეიჭრნენ

    უზნაძის ქუჩაზე, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულია საპარტრულო პოლიციის ეკიპაჟები.  თავდაპირველი ინფორმაციით შენობაში 16 ოჯახი იმყოფებოდა.  ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

    ადგილზე მისული სამინისტროს წარმომადგენელი ოჯახებს დაელაპარაკა და მათმა ნაწილმა შენობა დატოვა იმ პირობით, რომ სამინისტრო მათ დახმარებას აღმოუჩენს. ისინი სამინისტროში ხვალისთვის დაიბარეს. თუმცა ოჯახების ნაწილს შენობა ჯერ არ დაუტოვებია. სამინისტროს წარმომადგენლის, მურად აბლოთიას განცხადებით შეჭრილი ოჯახები ძირითადად რეგიონებში არიან რეგისტრირებულები. ნაწილს სახელმწიფოსგან ბინები უკვე მიღებული აქვს და დამატებით საცხოვრებელს ვეღარ მიიღებს.

  • მგზავრებით სავსე 3 ავტობუსი კობი-გუდაურის მთავარ მაგისტრალზე ზვავში მოჰყვა

    მგზავრებით სავსე 3 ავტობუსი კობი-გუდაურის მთავარ მაგისტრალზე ზვავში მოჰყვა. დახმარებას ისინი მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ თუმცა ქარბუქის გამო მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონასთან მისვლა ვერ ხერხდება.მგზავრებით სავსე ავტობუსებს რომელებიც სტეფანწმინდიდან გუდაურის მიმართულებით მოძრაობდნენ ზვავმა გზა დილის 6 საათზე ჩაუკეტა. სიცივეში და საკვების გარეშე დარჩენილი ხალხი შველას მთელი დღის განმავლობაში ითხოვდა.გარემოს ეროვნული სააგენტოს დაწესებული შეზღუდვისა და ძლიერი ქარბუქის გამო, მაშველები კობის უღელტეხილზე შესვლას ვერ ახერხებდნენ. გზის გახსნა დროებით მაშველებმა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლეს და მგზავრები ნაწილი გამოიყვანეს.  როგორც მგზავრები ამბობენ ლარსის გასაშვებ პუნქტზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ისინი ზვავსაშიშროების შესახებ არ გააფრთხილეს. კობი-გუდაურის გზაზე ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები გზის გაწმენდას უშედეგოდ ელოდებიან. 2 ავტობუსი, სადაც ქალები და ბავშვები იმყოფებიან და ასობით მსუბუქ ავტომობილს მგზავრებს  ღამის გათენება ქუჩაში მოუწევთ 

  • “ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება”-ამირან გამყრელიძე

    “ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება, თუ აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

    ოფიციალური მონაცემებით, წელს ამ ეტაპზე წითელას 3 172 შემთხვევა დადასტურდა.

    გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, შემდეგ მოდის რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი,კახეთი.

    „იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმური აცრების გარდა, დამატებით ვაქცინაცია დაახლოებით 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვიდრე აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

    წითელა გადამდები ინფექციაა და 20-დან 40-წლის ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება.

    „წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ვირთხა მაღაზია “ორ ნაბიჯში“ (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, განმარტებით, რომ კადრებზე ასახული ვირთხა მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის“ ფილიალშია გადაღებული. ფეისბუქ გვერდი  “არა მონობას” მუდმივად აქვეყნებს საკუთარი შრომითი პირობებით უკმაყოფილო დასაქმებულების, ძირითადად სხვადასხვა ქსელების კონსულტანტების ანონიმურ სტატუსებს, რომელშიც ისინი დასაქმების ადგილებზე მძიმე პირობებზე და მათი უფლებების დარღვევაზე წერენ. ამჯერად გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მათი განცხადებით ვიდეო მომხმარებელმა გაუგზავნა, რომელიც მომხმარებლის ინფორმაციით ვარკეთილში 39 ნომრის გაჩერებასთან არსებულ “ორი ნაბიჯის “ ფილიალშია გადაღებული. “იმის მიუხედავად რომ ვიდეო მძიმე სანახავია მართებულად ვთვლით გამოვაქვეყნოთ და მოვუწოდოთ სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმოს აღნიშნული ობიექტი!“ –წერს გვერდი “არა მონობას!“

  • ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საპროტესტო აქცია იმართება

    ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საპროტესტო აქცია იმართება.

    აქციას ორგანიზებას უწევს „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი,  „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა და  ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი.

    აქცია გუშინ დაანონსდა, ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს სოციალური ქსელით მიმართეს და “რუსთავი 2”-ის ოფისთან მისვლისკენ მოუწოდეს.

    „ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ღვთის გმობას და იმ სიბილწეს რაც გადმოიცემა დღევანდელი ტელევიზიებიდან. ღირეული რომ იყოს ხელისუფლება, როგორ უნდა გაბედოს ვინმემ, რომ შენი ეკლესია და სასულიერო დასი შეურაცხყოს, მაგრამ როდესაც თქვენ ვერ იცავთ ერის ღირსებას, მაშინ თითოეული ჩვენგანი არის ვალდებული დავიცვათ ჩვენი ეკლესიის და ერის ღირსება და აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ „რუსთავი 2-ის“ შენობის წინ“,- აცხადებენ აქციის პროგანიზატორები.

    ფოტოს ავტორი: ნიკო ნერგაძე, რადიო თავისუფლება

  • “სლავური მასაჟის” საქმეზე გამოძიება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ სალონ “სლავური მასაჟის” საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

    სლავური მასაჟის  რეკლამამ “ჩათლახ ბარათის” სახელწოდებით, საზოგადოების ყურადღება მიიწვია და  უფლებადამცველების უკმაყოფილება  გამოიწვია.

    “სლავური მასაჟის” ბილბორდი რამდენიმე დღის წინ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდა. ბილბორდზე  “ჩათლახბარათი” ეწერა და ქალი იყო გამოსახული.

    “საფარის” დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა  ბაია პატარაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო პოსტით მიმართა და “სლავური მასაჟის” მხრიდან შესაძლო დანაშაულის ნიშნებზე მიუთითა.

    “ვერ ხედავთ ამ ამბავში ბორდელის რეკლამას? შეგახსენებთ, რომ ჩვენი კანონმდებლობით ისჯება პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობა და ა.შ.”, – წერდა ბაია პატარაია.

    “სლავური მასაჟის” ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში, რომელიც დღის განმავლობაში აქტიური იყო, სულ ცოტა ხნის წინ გაუქმდა.