Category: არქივი

  • წინასწარი ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მუშის გარდაცვალება, ხარაჩოს ჩამონგრევამ გამოიწვია

    თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მუშის  გარდაცვალება, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. მშენებლობაზე დასაქმებული  მამაკაცი  მე-15 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის ადგილზე  გარდაცვლილი დახვდათ.

    შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ხარაჩოს ჩამონგრევა გახდა.

    „სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს და დავათვალიერეთ, არის, რომ ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები არის დარღვეული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, დასაქმებულთა აღჭურვასთან დაკავშირებით, შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ და ამ ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის, სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რა კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია,“ – განაცხადა მიქაიამ.

  • ვანო მერაბიშვილი დაკითხეს

    ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მატროსოვის ციხეში დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხეს.

    ადვოკატების თქმით, ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის და მათ ამ საკითხის გამოძიების იმედი არ აქვთ.

    პროკურორების განცხადებით, მათ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს იმ პირების აღწერილობასთან დაკავშირებით, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა.

    მერაბიშვილის ადვოკატების თქმით, მერაბიშვილი უკვე მესამედ დაკითხეს და მან წინა 2 დაკითხვაზეც გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ციხიდან მისი გაყვანის როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლების შესახებ.

    „ვიზუალურ დახასიათებას სთხოვდნენ, მაგრამ ბუნებრივია მათი სახელი და გვარი არ იცოდა და ვერ იტყოდა, მაგრამ მაშინაც ამბობდა და დღესაც გაიმეორა, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი გავიდა. რაც შეეხება მათ მახასიათებელს დღესაც აღუწერა, რა ფერის თვალი ჰქონდათ, ეს არც მაშინ უთქვამს და ვერც დღეს იტყოდა, იმიტომ რომ ღამე იყო. პრაქტიკულად არცერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრზე, პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ,“- განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მერაბიშვილის განცხადებით, ის ციხიდან გაიყვანეს.ამის შესახებ მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

    მერაბიშვილის განცხადებით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა.

    საქმეზე საქართველოში ჩატარებული გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. ახალი გამოძიება კი სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე განახლდა.

  • პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

    პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას ფარულ ჩანაწერს, სადაც ის ამომრჩევლის მოსყიდვის  გზებზე საუბრობს.

    „2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.

    ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    გია დანელია  გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს და მის მონაწილეობას მსგავს საუბრებში არ ადასტურებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ესაა მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.

  • თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

    თბილისი-რუსთავის საავტომობილო  გზაზე მანქანა ბორდიურზე ავარდა, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს ინიციატივა, ვეთანხმები სალომე სამადაშვილს და მზად ვარ, ხმა მივცე“-კვიციანი

    “მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს ინიციატივა, ვეთანხმები სალომე სამადაშვილს და მზად ვარ, ხმა მივცე“, – ეს განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. კვიციანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

    “შემზარავი ფაქტი მოხდა, ამაზრზენად მოეპყრნენ მაჩალიკაშვილების ოჯახს, ჯერ მაშინ, როდესაც შვილი მოუკლეს, არ იქცევიან ტერორისტები ისე, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახი იქცევა. 1 წელია, ეძებს სამართალს და ვერ მიაღწია, რომ გაიგოს, რატომ მოუკლეს შვილი და ჩვენც გვაინტერესებს ეს.

    ასე რომ არ გაგრძელდეს და ვიღაცეებს სახლში არ მოგვაკითხონ, აუცილებელია დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ბოლოსდაბოლოს მოიხსნას კითხვა, რატომ იქნა დახვრეტილი. ჩვენს ქვეყანაში მე მგონი სიკვდილით დასჯა აკრძალულია, გვახსოვს, ეს წინა პერიოდში როგორ ხდებოდა, ეს ფაქტი არ უნდა დავუშვათ და არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ფაქტს გაგრძელება მოჰყვეს“, – განაცხადა  კვიციანმა.

    პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ.

    პარლამენტს დადგენილების პროექტით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. პროექტი პატიის წევრმა სალომე სამადაშვილმა წარადგინა.

  • ზუგდიდში ოპოზიციაზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია

    ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და მისი შტაბის წევრებზე თავდასხმის მონაწილე გელა კვარაცხელია დაკავებულია.

    ის ზუგდიდის პოლიციაში იმყოფება, კვარაცხელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაესხა თავს.

    შეგახსენებთ, რომ დასპირისპირება ზუგდიდის ცენტრში იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსის “ოდიშს” ინტერვიუს აძლევდა.რამდენიმე პირმა  მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლო გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

  • ცხოველთა ორთაბრძოლების ჩატარება სისხლის სამართლის წესით დაისჯება

    შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მიხედვით ცხოველის მოვლის წესები მკაცრდება. პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა იკრძალება.

    პროექტით, აკრძალულია ორთაბრძოლების მოწყობა, ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების შესახებ და ასევე ცხოველების გაწვრთნა ორთაბრძოლებისთვის.

    კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;

    პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;

    ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

  • დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში – სანდრა რულოვსს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს

    მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დადიანების სასახლეში „ოცნების“ მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მივიდა. მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

  • Balenciaga-მ ლგბტ ფერებში ხელჩანთა გამოუშვა

    პრაიდის თვის აღნიშვნად Balenciaga-მ ლგბტ ფერებში ხელჩანთა გამოუშვა.

    ლგბტ ფერებში გაწყობილი ხელჩანთის სიგრძე 33 სანტიმეტრია, სიმაღლე კი — 22 სმ.

    მისი დიზაინი  იტალიაში დამზადდა და MATCHESFASHION-ზე  იყიდება. ხელჩანთის ფასი 643 ფუნტი სტერლინგია.

    Balenciaga კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.


  • უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე გაიზრდება

    მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. პარლამენტში დეპუტატები ამ საკითხზე მესამე მოსმენით მსჯელობენ.

    მგზავრი ვალდებული იქნება, მტრანსპორტში ასვლისთანავე   შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა.

    ცვლილებების მიხედვით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.