Category: არქივი

  • ” ეს არის ჩემი პირადი პროტესტი,მტრისთვის არ დავუკრავ” – ბექა გოჩიაშვილი რუსეთზე

    ქართველი ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილმა დღეს საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რომ არ გამგზავრებულიყო სტენლი კლარკის ბენდთან ერთად ტურნეზე, სადაც ტურნეს ფარგლებში მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი შედიოდა , “იმედის დღის” გადაცემაში ისაუბრა. ბექა გოჩიაშვილმა განაცხადა რომ  სტენლი კლარკი თანახმა იყო, რუსეთში ორი კონცერტის ნაცვლად საქართველოში ერთი კონცერტი გაემართა , თუმცა სამწუხაროდ ამ კონცერტის გამართვა ვერ მოხერხდა.

    სტენლი კლარკის ბენდს კიდევ ერთი პიანისტი ჰყავს  რომელიც ელექტროკლავიშზე უკრავს თუმცა რუსმა პრომოუტერმა  ბექა გოჩიაშვილი მაინც იკითხა, რა დროსაც ბენდის ტურმენეჯერმა მას განუცხადა რომ: ” მისი ქვეყნის 20% გაქვთ ოკუპირებული და რატომ გიკვირთ, რომ აქ არ უკრავს”.

    “პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოსკოვში დაკვრის შემოთავაზება სტენლი კლარკამდეც მქონდა და ალბათ, ამის შემდეგაც მექნება, თუკი ისინი არ მიჩვევიან იმ ფაქტს, რომ მე იქ არ ჩავდივარ. ძალიან ხშირად მომიწია იმ თემაზე საუბარმა, რომ მე მოსკოვში არ ჩავდივარ. ცალკე შემოთავაზებები იყო სამთავრობო უწყებებიდან, სოლოკონცერტებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 2010 წელს. დამპყრობელი ერისგან არ არის გასაკვირი…თავად ბენდის წევრები იყვნენ კონცერტებით, ორივე კონცერტი ჩატარდა. ჩვენ გვყავს პიანისტი, რომელიც ელექტროკლავიშზე უკრავს, როცა მე არ ვარ, ის როიალზეც უკრავს ხოლმე. არ დავაკლდი მათ, მაგრამ როგორც მითხრეს, მკითხულობდნენ რუსები. ჩვენმა ტურმენეჯერმა, ის ფრანგი გახლავთ, პირდაპირ უთხრა, მისი ქვეყნის 20% გაქვთ ოკუპირებული და რატომ გიკვირთ, რომ აქ არ უკრავსო. ეს არ არის მართალი, ჩვენ არ ვართ ოკუპანტებიო, უპასუხია რუს პრომოუტერს… ძალიან რომ უნდათ ჩემი ჩასვლა და არ ჩავდივარ, ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის ჩემი პირადი პროტესტი, კრელმში დაკვრაზე აღარ ვალპარაკობ, მაგრამ ჩვეულებრივ კონცერტზეც რომ ჩავიდე და მტერს დავუკრა ის, რითაც ვცხოვრობ, ეს ნოტების გაცდენა მგონია… სხვათა შორის, სტენლიმ მითხრა ძალიან მაგარი რამე. მოსკოვსა და პეტერბურგში ხომ იყო დაგეგმილი ორი კონცერტი… მითხრა, ერთ კონცერტს თუ ჩავატარებთ საქართველოში, ორივე კონცერტს ამოვაგდებო. რაღაცანირად არ მოხერხდა ის ერთი კონცერტი, მაგრამ საქართველოში ერთი კონცერტით რუსეთის ორი კონცერტი რომ ვარდება, ეს კარგია…” – ამბობს ბექა გოჩიაშვილი

  • “სანდრა ზუგდიდის მერად” – განმუხურში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

    გაერთიანებული ოპოზიცია განმუხურში ამომრჩეველთან  მასშტაბურ შეხვედრას მართავს. ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და  ძალა ერთობაშიას ლიდერები ხალხს სიტყვით მიმართავენ.  შეხვედრის წამყვანი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავაა.

  • ბათუმში პოლიციის ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა

    პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას  „ბათუმელები“ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ავარიის შედეგად კოჭი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

  • მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი-თამარ ჟვანია

    ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მზადყოფნას გამოთქვამს,  პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხი გასცეს.

    „მინდა გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით,“ – წერს ჟვანია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარება  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა.

  • 40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს

    40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს. დაზარალებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ის პირები, ვინც კომპიუტერული ვირუსი შექმნეს და საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხა მოხსნეს, საქართველოში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მყოფი ჯგუფი ვირუსის საშუალებით ათასობით საბანკო ბარათზე წვდომას ახერხებდა და თანხას ხსნიდა. 

    საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო  როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ასევე  ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და  მათ შორის საქართველოც.

    კიბერთავდასხმის ორგანიზებული ჯგუფის წევრები საქართველოდან სპეციალური შექმნილი ვირუსით ახდენდნენ კომპანიებისა და პირების ანგარიშების თანხიდან მოპარვას.

    პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ორი ჰაკერი საქართველოში დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    “საქართველოდან, აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ.ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის – ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის, მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “Phantom”) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

    ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.კერძოდ, NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი); კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი); ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი)”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • ხორავას ქუჩის საქმე – ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

    ცრუ ჩვენების მიცემის გამო  არასრულწლოვანი   დ.ღ. საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა. 22 მაისს სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება.
    დ.ღ.

    2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

    გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა უარყო.

    2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

  • ტელეკომპანია “იმედის” დირექტორად ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული პირი დაინიშნა

    ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი გოგა კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ელდარ მდინარაძე დაინიშნა. ელდარ მდინარაძე წარსულში ბიძინა ივანიშვილის მე–9 არხის დირექტორი იყო. შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილის ტელეკომპანია მზის დირექტორად მუშაობდა.
    გოგა კალანდარიშვილი 2017 წლიდან ლიბერთი ბანკის დირექტორია და პარალელურად ტელეკომპანია “იმედს” ხელმძღვანელობდა.  სწორედ ორი თანამდებობა და ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა გამხდარიყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.  ნაციონალურმა მოძრაობამ ეროვნულ ბანკს კალანდარიშვილის საქმის შესწავლის მოთხოვნით 10 დღის წინ  მიმართა, მას შემდეგ,  პოლიტიკური ნიშნით არხიდან პროდიუსერ მაია სტეფნაძის გათავისუფლების საკითხი დადგა.გათავისუფლებული პროდიუსერის  მტკიცებით, ის სამსახურიდან გიორგი კალანდარიშვილმა  პოლიტიკური მოტივებით გაუშვა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით სწორედ ამის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ გიორგი კალანდარიშვილი ამავე დროს ტელეკომპანია იმედს ხელმძღვანელობდა.
  • 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე შსს განცხადებას ავრცელებს

    17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    „ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.

    პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ  განაცხადებაში.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები  თბილისის დროით 14 საათსა და 08 წუთზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი ავრცელებს.

    ეპიცენტრი წალკის მიმდებარე ტერიტორია იყო.