Category: არქივი

  • ჭიათურის მაღარომ მუშაობა შეაჩერა

    ჭიათურის მაღაროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე მუშაა გაფიცული, რის გამოც მაღაროების უმეტესობაში მუშაობა შეჩერებულია.

    შეხვედრა  ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. 

    “ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით,მუშებს  ხელფასის მაქსიმიმუმ 15%-იანი ზრდა შესთავაზეს, თუმცა ამ შეთავაზებაზე მათ  უარი თქვეს.

    გაფიცულებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი  ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და მათ  სოლიდარობა გამოუცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, მუშების პროტესტი სამართლიანია.

    მაღაროელების მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

  • ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძრისკენ მსვლელობა იმართება

    ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ სახალხო მსვლელობა იმართება.

    მსვლელობაში მონაწილეობას მრევლი და სასულიერო პირები იღებენ, ხალხის ნაკადი ამ დროისთვის რუსტაველის გამზირზე იმყოფება.

    ისინი მსვლელობით სამების ტაძარში მივლენ, სადაც პარაკლისი გაიმართება. დასკვნით ღონისძიებად კი დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში საზეიმო კონცერტია დაგეგმილი.

  • “ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს”-მერია ბაღების სურსათით მომმარაგებელ კომპანიას აფრთხილებს

    დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია „ნილს“ გაფრთხილებას აძლევს.

    თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია  „ნილის“ მხრიდან  სერიოზული გადაცდომები გამოიკვეთა, კერძოდ, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანების და ზოგ შემთხვევაში კი  არმიტანის ფაქტები.

    „ წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ნილს“ ჰქონდა მცირედი დარღვევები, რაზეც ყოველთვის იყო დაუყოვნებლივი რეაგირება და კონტრაქტუალური ჯარიმები მერიის მხრიდან, მათ საქმიანობაში საგანგაშო არაფერი გამოკვეთილა იმ კუთხით, რომ მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მომხდარიყო. იგივეს ვერ ვიტყვით ბოლო კვირაზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, პროდუქტის დაგვიანებაში, ხშირად კი – საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.

    ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები, ასევე, კომპანია „ნილმაც“ იზრუნა, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან იმგვარად, რომ ამას გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში ბავშვები იკვებებოდნენ ხარისხიანად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარ რეჟიმში ვერც ჩვენ, ვერც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და ვერც თავად ბაღები დიდხანს ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ძალიან სტრესული რეჟიმია. კვირის დასაწყისში გამოვაცხადეთ, რომ ამ კვირაში „ნილის“ მოქმედებას დავაკვირდებოდით, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ვერანაირი გაუმჯობესება მათ საქმიანობაში ვერ დავინახეთ. დღევანდელი გაფრთხილება მათ მიმართ უკანასკნელია. მომავალი კვირის ორშაბათიდან, მცირედი გადაცდომაც კი, დაუყონებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მათთან ხელშეკრულებას გავწყვეტთ“, – განაცხადა ელოშვილმა.

  • საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში 16:34 საათზე მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას ბიძგების შესახებ  დედამიწის შემსწავლელი ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მიწისძვრის  სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდას მიაღწია და მისი  ეპიცენტრი წალკა იყო.

    შეგახსენებთ, რომ  წალკაში მიწისძვრა გუშინაც დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ  გუშინ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

  • პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება

    განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2019-2020 სასწავლო წლისათვის 21 მაისს – 09:00 საათზე დაიწყება.

    „რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge – განაცხადეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

    რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე registration.emis.ge-ზე და დასრულდება 8 ივნისს.

    2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

  • ტყიბულის საავადმყოფოში დაუდგენელი ალერგიით არასრულწლოვანი მოათავსეს

    ტყიბულის საავადმყოფოში დაუდგენელი ალერგიით არასრულწლოვანი მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. ექიმები ამ დრომდე დიაგნოზს ვერ სვამენ.

    ამ წუთებში პირველი საჯარო სკოლის სხვა მოსწავლეებს, პრევენციის მიზნით, კვლევები უტარდებათ.

  • “ქართული ოცნება” ცდილობს საქარველოს მართვას ფეიკნიუსებით- გრიგოლ ვაშაძე

    გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში შუალედურ არჩევნებზე 5 ათასამდე დამკვირვებლის მობილიზებას ახდენს, მათ შორის იქნებიან პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

    ვაშაძის თქმით, ყველა, ვინც გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხმის მიცემის პროცესზე დამკვირვებელი, კომისიის წევრი, თუ მოხალისე იქნება, კანონის სრული დაცვით იმოქმედებს და გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია 19 მაისს ზუგდიდში,არეულობის მოწყობას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

    „ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნება ცდილობს საქარველოს მართვას სიყალბით, ფეიკნიუსებით და დიქტატით. აბსოლუტურად შეუძლებელია ერის არსებობა იმ პირობებში, როდესაც საჭიროა ქვევიდან რევოლუცია იმისთვის, რომ ზევიდან დიქტატი მოიშორო. ხელისუფლების ე.წ წარმომადგენლები გამოდიან, ასრულებენ ლეღვის ფოთლის როლს, შრიალებენ და ამტკიცებენ, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ ელოდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ და გაერთიანებული ოპოზიციისგან არეულობის მოწყობას ზუგდიდში, რომ ვითომ ჩვენ რაღაც პროვოკაციებს ვამზადებთ. ამაზე დიდი სიყალბე, მით უმეტეს იმ ძალისგან, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს იპარას, სრულიად წარმოუდგენელია. დიახ, ჩვენ მართლაც ჩამოგვყავს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, იმიტომ, რომ ვნახეთ რა მეთოდებით მოქმედებს „ქართული ოცნება“, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ, და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს“ – განაცხადა ვაშაძემ.

  • პრემიერ-მინისტრი “იპსოსის” კვლევის შედეგებს დეზინფორმაციას უწოდებს

    პრემიერ-მინისტრს არ სჯერა  კვლევის შედეგების, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს “ქართულ ოცნებას” ხმას 25%, 18% კი “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა.

    მამუკა ბახტაძის აზრით, კვლევები წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და  დისონანსის შეტანას ემსახურება.

    „2012 წლიდან დაწყებული მე ბევრი მსგავსი ე.წ. კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება გააკეთებს არჩევანს და კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციით და Fake ნიუსებით აქვთ მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ რაღაც დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში,“ – განაცხადა ბახტაძემ.

    კვლევების მიხედვით მამუკა ბახტაძეს გავლენიან პოლიტიკოსად მხოლოდ 23% მიიჩნევს. 
    მას წინ უსწრებს შს მინისტრი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 28 %-ის აზრით გავლენებით სარგებლობს.

    კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის
    შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

    IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.

  • ვინ არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში-“იპსოსის” კვლევები

    “რუსთავი 2-მა” კომპანია “იპსოსის” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა უმრავლესობის, 31%-ის  აზრით, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

    გამოკითხულთა 29% ფიქრობს რომ  ყველაზე დიდი გავლენა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს.  28% კი გავლენიან პოლიტიკოსად  შს მინისტრ გიორგი გახარიას ასახელებს.

    გამოკითხულთა 23% ყველაზე დიდი გავლენის მქონე პოლიტიკოსად  პრემიერ-მინისტრს ასახელებს. 18% კი  პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილს ასახელებს.

    16% ირაკლი კობახიძეს აღიქვამს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად.

    კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის
    შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.

    IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.