Category: არქივი

  • დაპირისპირება სანდრა რულოვსსა და დავით ნარმანიას შორის სოფელ კოკში

    სოფელ კოკში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

    საარჩევნო უბანზე, რომელიც დავით ნარმანიას ყოფილ სკოლაშია განთავსებული, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ირაკლი ზარქუას მითითებით, გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრი გამოაძევეს. ეს ფაქტი გააპროტესტა სანდრა რულოვსმა.

    „თქვენთვის ხომ მთავარია, რომ ჩვენები შიგნით არ იყვნენ და თქვენ გააკეთოთ, რაც გინდათ, ოქმში დაწერ, რაც გინდა,“ – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

    გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კრიტიკას  დავით ნარმანიამ უპასუხა.

    „ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიანად. ჩემი სკოლაა, ეს სკოლა მე დავამთავრე,“ – განაცხადა ნარმანიამ.

    სანდრა რულოვსმა ნარმანიას უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და ამისთვის მოსახლეობა პასუხს არჩევნებზე გასცემს.

    „მარტო ნეგატივზე გაქვთ მთელი კამპანია აგებული, არაფერი არ გაკეთდა 7 წელიწადი და ამიტომ მიიღებთ შედეგს, რაც საღამოს იქნება, კოკშიც და ყველგან. თქვენი მერობისგან არ ავიღებ მაგალითს,“ – განაცხადა რულოვსმა.

  • როგორ დააკავეს ჟურნალისტი პოლიციელებმა. პირველი კადრები

    ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავების ამსახველი კადრები გაავრცელა. ვიდეოში ჩანს  თუ როგორ  და რა ვითარებაში დააკავეს პოლიციელებმა ონლაინ გამოცემა PRESA.GE-ის მთავარი რედაქტორი. 

    “აიტივის” ჟურნალისტი, სუზი მიკირტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მათ ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

  • “ხმაურიანია, ყვირის” – ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს

    მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს. როგორც კომისიის წევრი განმარტავს დამკვირვებელი კომისიის თავჯდომარეს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. 

    გადაწყვეტილების მიუხედავად, ის უბნის დატოვებას არ გეგმავს და კომისიის წევრებს პოლიციის გამოძახებისკენ მოუწოდებს.

    “თამარ მეტრეველი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხელს გვიშლის მუშაობაში. არის აგრესიული, ხმაურიანი, ყვირის და არ აძლევს კომისიის თავმჯდომარეს მუშაობის საშუალებას. გადაწყვიტა კომისიამ გაძევების საკითხი, მოაწერა ხელი 11-მა ადამიანმა”, — განმარტა კომისიის წევრმა.

    უბანზე ამომრჩევლებს ამჟამად არ იღებენ.  კომისიის წევრები ითხოვენ, რომ  გაძევებულმა წევრმა უბანი დატოვოს.

  • “ოცნების” კოორდინატორი კამერის გამოჩენის შემდეგ სიმღერით გაიქცა

    “ქართული ოცნების” კოორდინატორმა, რომელიც ფურცლებით ხელში საარჩევნო უბანთან “ტვ პირველის კამერამ” დააფიქსირა, განაცხადა,  რომ  ახლობლის მისამართს იწერდა. ქალბატონმა უარყო სიების ფლობა და ამის შემდეგ კამერებს სიმღერითა და ცეკვით  გაექცა.

  • “ეს არის გახარიას გადაწყვეტილება რომ ჟურნალისტებმა ვეღარ გააშუქონ პროცესი”-ოპოზიცია კაპანაძის დაკავებაზე

    ონლაინ გამოცემა “PRESA.GE”-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია. კაპანაძე ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი. კაპანაძის დაკავებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან, მათი აზრით ჟურნალისტების დაკავებები შს მინისტრის  პირადი მითითებებით ხორციელდება. 

    „ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რა სტატუსით არის კაპანაძე დაკავებული, ჩვენ არ ვიცით. ჩნდება ეჭვი, რომ პრინციპში დღეს პოლიცია ერთადერთ რამეს ცდილობს, ჟურნალისტები გაანეიტრალოს, იმიტომ, რომ TV1-ის შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ჟურნალისტი იღებდა დარღვევებს, იღებდა იმას, რომ კოორდინატორებს ჰქონდათ სამაგიდო სიები და ამ დარღვევების დროს მოხდა მასზე ძალადობა. ამიტომ, ყველანაირ ზღვარს გადასცდა ჟურნალისტების მიმართ დღევანდელი ქმედება,“ – განაცხადა  „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ.

    „ახლა უკვე ნაცვლად იმისა, რომ სხვები ძალადობდნენ “ქართული ოცნების” სახით, თავად პოლიცია ჩაერთო ძალადობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ სხვა ეს არაფერი არ იყო, ეს ადამიანი ახორციელებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

    ბოკუჩავას თქმით, შს მინისტრი სამეგრელოშია და სწორედ მისი პირადი მითითებებით ხორციელდება ჟურნალისტების დაკავებები.

    „პირდაპირ იტაცებენ ადამიანს, კი არ აკავებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გახარიასი, რომ გიორგი კაპანაძემ და იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც კრიტიკულად გააშუქებენ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს დღევანდელი კამპანიის პირობებში, რომ აღარ გააშუქონ, ეს არის ზუსტად მათი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

    შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

  • წყალტუბოში მე-15 უბანზე ხმის მიცემა შეწყვეტილია

    წყალტუბოში, მე-15  უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილია. მიზეზად  ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.

    როდის განახლდება საარჩევნო პროცესი კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

    წყალტუბოსა და კიდევ 7 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ესენია ადიგენი, ახმეტა, ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული და ოზურგეთი.

  • “ცოდვების სია” საარჩევნო უბანთან (ვიდეო)

    ზესტაფონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მდგომ ქალს ხელში ფურცლები უჭირავს, და ამბობს, რომ  ფურცლებზე ცოდვების სია აქვს ჩამოწერილი. ის ამბობს რომ ცოდვების სიას აღსარებისთვის აგროვებს.  ვიდეოს  ვიდეოს TV პირველი ავრცელებს.

    “ცოდვების სიაა. აღსარებას ვაბარებ და ეკლესიაში ვწერ ცოდვებს”, — ამბობს ქალი.

  • 4 ნაბიჯი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე-გრიგოლ ვაშაძე

    “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის განცხადებით,  ზუგდიდში შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსი იმარჯვებს.

    “4 ნაბიჯი რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს, ისინი აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, მოდიან საარჩევნო უბნებზე და მხარს უჭერენ სანდრა რულოვსს. მთელი ქალაქი შემოვიარეთ დღეს და ახლა მეორე წრეზე წავალთ.

    ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამის დასტურია პანიკაში მყოფი“ ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნული ფული, რომელსაც ხალხს უხდიან.

    სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებულები არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია ე.წ. ხელისუფლების მთავარი გამყალბებელი, შს მინისტრი როგორ ჩამოქანდა სამეგრელოში. დიდი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს, მხარდამჭერებს, რომლებმაც უზარმაზარი გაყალბების მცდელობა აღკვეთეს – კარუსელის მცდელობები, მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს და გადაიღეს ფირზე.

    გაფრთხლებთ, არჩევნების გაყალბების მცდელობა, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს მოქალაქე არავის აპატიებს თავისი ნების და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას, აუცილებლად მოგეკითხებათ ამაზე პასუხი. ზუგდიდიდან იწყება გამარჯვება“, – განაცხადა ვაშაძემ.

  • PRESA.GE-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია

    ონლაინ გამოცემა “PRESA.GE”-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია. კაპანაძე  ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი.  კაპანაძე შსს-ს ავტომობილს იღებდა რომელშიც სპეციალური ეკიპირება იყო. გიორგი კაპანაძე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაჰყავთ.

    შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.