Category: არქივი

  • ფლობს თუ არა სააკაშვილი სახლს ფლორიდაში.რუსი ჟურნალისტის სიუჟეტი და სააკაშვილის პასუხი

    “სააკაშვილი მილიარდელია! ეს რეპორტაჟი უნდა ნახოს ყველა ნაციონალმა, რომელიც გაქცეული ,,პრეზიდენტის” დირექტივებს ელოდება. სანამ თქვენ აქ მის გამო თავს იკლავთ, სანამ ემიგრანტები უმძიმესი შრომით ნაშოვნ კაპიკებს უგროვებთ, ის ფლორიდაში ერთობა!“–ამ ტექსტებით ვრცელდება სოციალურ ქსელებში რუსი ჟურნალისტის, სტენ გრუნსკის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელშიც თითქოსდა მაიამიში მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას მიერ შეძენილ ბინებს ეხება. (იხილეთ რეპორტაჟი სტატიის ბოლოს)

    რეპორტაჟი შეიცავს ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფრაგმენტსაც, რომელშიც თითქოს ერთმანეთს თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი ელაპარაკებიან.
    ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილი ბინას ფლობს. მან რამდენიმე ადგილობრივიც ჩაწერა, ძირითადად რუსულენოვანები, რომელთაგან ერთი ამბობს, რომ კლუბში სააკაშვილი უნახავს.
    გავრცელებულ სიუჟეტს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქით გამოეხმაურა:
    “კიდევ ერთი ზუსტი მაგალითი ივანიშვილის და რუსების თანამშრომლობის. რუსული NTV -ს კორესპონდენტმა ძალიან სახასიათი გვარით GRUnski-იმ გამოაქვეყნა და ქოცებმა აიტაცეს ჩემი “1 მილიონიანი ვილის” ამბავი ფლორიდაში და მისამართიც გამოაქვეყნეს.
    ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გადაამოწმა და ამ მისამართზე მფლობელი აღმოჩნდა ამერიკული კომპანია,რომელსაც კიდევ 215 მსგავსი სახლი აქვს მფლობელობაში.და ბარემ დანარჩენი სახლებიც ჩემზე გადმოგეწერათ რა იქნებოდა?…
    რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს”გადამალულ ქონებას” და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება…რაც არ მაქვს,რას იპოვნიან?…აი დღევანდელ პარლამენტში 40 ოფიციალური მილიონერი უზით ხალხის გაღატაკების ხარჯზე,სწორედ,ამ ჯიუტი ფაქტის გადაფარვას ცდილობენ ჩემს მილიონებზე” ბინძური ლაყბობით…
    ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს,სუფთა ნაგავია და ვინც იჯერებს-კლინიკური იდიოტი.
    ახლა იმედის ჟურნალისტი,ვინმე დევდარიანი მიავლინეს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩემი “კუთვნილი სახლების ” გადასაღებად..well good luck asshole!“– წერს სააკაშვილი.

  • დაპირისპირება მთაწმინდაზე:შავგულიძემ ჯერჯერობით ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა

    მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური 15 ივნისამდე უნდა გაიმართოს. ერთმანეთის პირისპირ ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დარჩნენ.


    კახაძემ ხმების 41.01% მიიღო, შავგულიძემ 36.84%

    ბრძოლას დაძაბულობას მატებს ის, რომ ამ კანდიდატებს შორის პირველ ტურში სხვაობა მხოლოდ 600 ხმა იყო, ანუ ლადო კახაძემ 6036 ხმა მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 5422. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის აქტივობა მთაწმინდაზე ძალიან დაბალი – 36 % იყო. შანსი, რომ კანდიდატები დამატებით ხმებს ამომრჩეველთა გააქტიურებით მოიპოვებენ ნაკლებია, რა გეგმები აქვს ქართულ ოცნებას უცნობია, ევროპული საქართველოს მხარდამჭერებმა კი დამატებითი რესურსი მესამე და მეოთხე ადგილზე გასული კანდიდატების მხარდამჭერებში დაინახეს.
    მესამე ადგილზე ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი გავიდა 6.55%–ით, მეოთხე ადგილზე კი გირჩის კანდიდატი ჰერმან საბო – 4.76%–ით. სწორედ მათი ამომრჩევლის მხარდაჭერა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი შალვა შავგულიძისთვის, თუმცა არც გირჩი და არც ალეკო ელისაშვილის მოძრაობა შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერას არ ჩქარობენ. ორი დღეა მათ ევროპული საქართველოს მხარდამჭერები მოუწოდებენ შალვა შავგულიძეს მხარი ღიად დაუჭირონ, რადგან ახლა მთავარი მთაწმინდაზე ივანიშვილის დამარცხებაა, თუმცა დაჟინებული მოწოდებები გამაღიზიანებელი აღმოჩნდა გირჩისთვისაც და ალეკო ელისაშვილისთვისაც. ორივე ამბობს, რომ პირადად შალვა შავგულიძეს პატივს სცემენ, თუმცა არ მოწონთ ის ძალა, რომელიც, შავგულიძემ პარტნიორად აირჩია, ანუ ევროპული საქართველო. გირჩის ლიდერმა სპეციალური ვიდეომიმართვაც ჩაწერა და იმაზე ისაუბრა, რატომ არ აპირებს ავტომატურად შალვა შავგულიძის მხარდაჭერას.
    “თუ რამე გინდათ, თუნდაც ხმები, უნდა დაიწოთ თხოვნით. ჩვენ გვაქვს ხმები, თქვენ გჭირდებათ ხმები და შეგიძლიათ ითხოვოთ, წესიერად. იქნებ გაძლევთ. აუ, ახლა დროზე გირჩმა აასხით და მიდით საარჩევნო უბნებზე და ჩვენი კანდიდატი შემოხაზეთ თორემ ქოცებს დაგიძახებთ, ეს არ არის თხოვნა, ეს არის მორალური დამუნათება.და ისიც ძალიან იაფი. გირჩში ეგეთი დამუნათება მაგრად გვკიდია. მეორე: გირჩი არ არის სტანდარტული ქართული პარტია სტრუქტურით, კოორდინატორებით, უბნის უფროსებით, ზონის უფროსებით და ა.შ. რომელშიც ზევიდან ქვევით ჩაასხამს ფულს და და შესაბამის ხმებს გაუშვებს საითაც უნდა.

    გირჩის ხმები არ დადის არავის ჭკუაზე, იმიტომ რომ ცხვრები არ არიან. თუ ვინმეს უნდა ჩვენი ხმები, უნდა დაგველაპარაკოს და უნდა აგვიხსნას, რატომ იმსახურებს ჩვენს ხმებს.
    რადგან ვიღაცეები ფიქრობთ რომ მორალური უპირატესობის პოზიციიდან შეგიძლიათ გირჩს ელაპარაკოთ, აგიხსნით. არ მეზარება და იქნებ მომავლისთვის გაითვალისწინოთ

    შალვა შავგულიძე არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა
    გასაგებია, რომ შავგულიძეს არავინ არაფერს არ შეეკითხება თუ ევროპულმა საქართველომ ოდესმე ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

    ამ არჩევნებზე ორი რამე უნდა გაირკვეს.
    პირველი– რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტდება.
    მეორე – ევროპული საქართველო იმყარებს პოზიციებს.
    პირველი კარგია, მაგრამ მეორე რამდენად კარგია გირჩი ამაში არ არის დარწმუნებული.“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და არ მალავს, რომ ევროპულ საქართველოს არ ენდობა.
    რაც შეეხება ელისაშვილს, მის მოძრაობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს შალვა შავგულიძეს.

    “ჩვენ გვყავს მხარდამჭერები და არ გვყავს ყმები და ნახირი, ჩვენ არ ვართ ნახირის მწყემსები. იმ ადამიანებმა, ვინც მხარი დაგვიჭირა მიიღეს გადაწყვეტილება ლევან იოსელიანის სასარგებლოდ. ძალიან საინტერესო მაჩვენებელი მივიღეთ. ძალიან ბევრი ამომრჩეველი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. ეს იმას აჩვენებს, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება. ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. სააკაშვილი და ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა.

    ჩემთვის ცოტა გაუგებარია ზეწოლა და ლამის შანტაჟის ენით ლაპარაკი ჩვენდამი, რომ აი, გინდა თუ არა თქვით ერთ საათში ვის უჭერთ მხარს. ჩვენ ვთქვით, რომ დავიფქრდებით. კახაძეს რომ მხარს არ დავუჭერთ და კახაძისნაირი პოლიტიკოსები რომ პარლამენტში არ უნდა იყვნენ ეს ორჯერ ორი ოთხია. თამადა და ანეგდოტების მომყოლი თუ აკლია ჩვენს პარლამენტს არ ვიცი. ამას არც განვიხილავთ. მაგრამ ლაპარაკია იმაზე, დავუჭიროთ თუ არა შალვა შავგულიძეს მხარი. შალვა შავგულიძე რომ იყოს მხოლოდ შალვა შავგულიძე, რომელსაც პატივს ვცემ პიროვნულად, რომ იყოს მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, ერთი წამით არ შევყოყმანდებოდით ისე დავუჭერდით მხარს, და მთელი გუნდი და მთელი შტაბი გადავერთვებოდით მის კამპანიაში მოხალისეებად. მაგრამ ის მოცემულობა, რაც არის განსხვავებულია.

    ჩვენ არ გვინდა მჩატე გადაწყვეტილება მივიღოთ. არც ისე არ არის, ჩვენ რომ ვუბრძანოთ, გამწკრივებული ბატალიონი კი არ გვყავს ჩვენი მხარდამჭერების რომ ვუთხრათ: მარცხნისაკენ! ნაბიჯით იარ! მიეცით ამას ხმა. ასე არ არის. ისინი შეიძლება შემოგვიბრუნდნენ და ჩვენი მხარდაჭერა გახდეს ნულოვანი.
    რატომ მაჩქარებენ უბრალოდ ამას ვერ ვხვდები. 25 დღეშია არჩევნები. ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ რამდენიმე დღეში. დღეს მთელი დღე გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვინდა ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლობებს ვესაუბრობთ, ვეკითხებით ჩვენს ამომრჩეველს, რა იქნება მათთვის მისაღები.
    ჩვენ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერა საერთოდ არ განიხილება. დავუჭიროთ თუ არა შავგულიძეს მხარი ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში და ამომრჩეველთან განხილვის შემდეგ. რატომ არის პანიკა ატეხილი ვერ ვხვდები. ყველა ჭკუას გვასწავლის.
    შალვა შავგულიძეს დიდი ხანია ვიცნობ, წესიერი კაცია, კვალიფიციური კაცია და პატივს ვცემ. უბრალოდ მე მისი არჩევანი არ მომეწონა, და მისი იმ კოალიციაში შესვლა, რომელშიც შევიდა, თორემ შალვა შავგულიძე რომ ლადო კახაძეს ჯობია რად უნდა ამას ლაპარაკი.

    ჩვენ არ ვაკადრებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელსაც თვენახევარი ვებუნებოდით, რომ მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა გამოვუცხადოთ მაღალი პედესტალიდან, რომ დამწკრივდით და ვიღაცას მიეცით ხმა. როგორც მივიღეთ ეს ხმები, ისე დავკარგავთ
    . “ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

  • ბახტაძემ წითელ ნუსხაში შეტანილი 100-ზე მეტი ხის მოჭრის განკარგულება გასცა

    60 ცალი “იმერული მუხა” და 49 ძელქვა- ეს ის ხეებია, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით უნდა მოიჭრას. განკარგულება 17 მაისით თარიღდება და მას  ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.  დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობამ წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების ბუნებიდან ამოღების შესახებ ნებართვა ასოციაცია ატუსთვის გახსნა. 

  • ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორ მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

    სტუდენტმა ის მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, ლექტორი სექსუალურ შევიწროებას ახდენდა.

    მომხდართან დაკავშირებით, სტუდენტმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და საგამოძიებო უწყებას მიმართა.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 150-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე გამოიკითხა გოგონა.

    ბსუ-ს რექტორის განცხადებით, საკითხზე ეთიკის კომისიაც მსჯელობს და განიხილება ლექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.

  • “ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს”- ქართველი პაციენტი

    ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გაუკეთდა  და ამის შესახებ მას აშშ-ში  ამერიკელელმა ექიმებმა უთხრეს.

    პაციენტი ქართველი ექიმის გვარს და კლინიკას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს რომ ის  ცნობილ  ქირურგთან იყო სამკურნალოდ.

    “ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? საკუთარ თავს აღარ ვჩივი. მე უკვე ნაშველი მაქვს, მაგრამ ის ექიმი ნომერ მეორე როა საქართველოში ის მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის!!!!”-წერს მჭედლიშვილი.

  • დაძაბულობა და არეულობა აფხაზეთში.ე.წ. პარლამენტის წინ აქცია გრძელდება

    მეორე დღეა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის, რაულ ხაჯინბას პოსტიდან წასვლას ითხოვენ.
    აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ კი ე.წ. გენპროკურორის თანაშემწის, დაურ ამიჩბას განცხადებით დაიწყო მასალების შეგროვება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ოპოზიცის აქციასთან დაკავშირებით. საქმე ეხება აუდიო, ვიდეო და ტექსტურ მასალებს “შემდგომი ანალიზისა და სამართლებრივი შეფასებისთვის“.
    მანამდე ამიჩბამ განაცხადა, რომ პროკურატურის გამომძიებლებმა მოსკოვში ასლან ბჟანიას ოჯახის წევრები დაკითხეს და მის დასაკითხად საავადმყოფოშიც აპირებენ მისვლას, სადაც აფხაზი ოპოზიციონერი მკურნალობს.
    აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკის თანათავმჯდომარე, ასლან ბჟანია მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ–ერთ საავადმყოფოში 18 აპრილს გადაიყვანეს. მსგავსი სიმპტომებით გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში მისი დაცვის ორი წევრი.
    2 მაისს ე.წ. აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენოს, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
    16 მაისს ასლან ბჟანიას მხარდამჭერები გამოვიდნენ ინიციატივით ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შემოდგომისთვის გადადების შესახებ, ოპოზიციის ლიდერის ავადმყოფობის გამო.
    “საერთონაციონალური ოპოზიციური მოძრაობის“ ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათი ლიდერი მოწამლეს და მის სისხლში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი აღმოჩნდა.ბჟანიას მომხრეები არჩევნების გადატანას ითხოვენ.
    17 მაისს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ შექმნა ჯგუფი, რომელმაც 20 მაისს რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან ერთად ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გარემოებების გამოძიება დაიწყო.
    20 მაისს ე.წ. აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების გადატანას ითხოვენ, ე.წ. პარლამენტის უარის შემდეგ “სამოქალაქო საპროტესტო აქციების“ დაწყების შესახებ განაცხადეს.
    ოპოზიციის მომხრეებმა 21 მაისის ღამეს სოფელ ბზიფის და ტამიშის რაიონში ცენტრალური ტრასა გადაკეტეს და საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს. მოგვიანებით მომიტინგეებმა გზა გახსნეს და განაცხადეს, რომ აქცია გამაფრთხილებელი იყო.
    სამაგიეროდ აქცია არ დაშლილა ე.წ. პარლამენტის შენობასთან, რომელზეც პროტესტანტები მორიგეობენ. აქციას მთელი ღამე ძალოვანები დარაჯობდნენ. ღამით დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მიზეზი შტეფსელი გახდა, რომელში დინამიკების შეერთების უფლება აქციის მონაწილეებს არ მისცეს. დაპირისპირებულების გაშველება ე.წ. აფხაზურმა პოლიციამ შეძლო.

  • გოლდენ სთეითი ფინალშია!! – აღმოსავლეთში ახალ ჩემპიონს ელოდებიან

    დღეს გამთენიისას თბილისის დროით დილის 4 საათზე ერთმანეთს გოლდენ სთეით უორიორსი და პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი უპირისპირდებოდნენ. მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სერიაში, რადგან გოლდენ სთეითის გამარჯვების შემთხვევაში იგი სერიაშიც იმარჯვება და დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი ხდებოდა. თავის მხრივ, პორტლენდი პრესტიჟის გამარჯვების მოპოვებას ცდილობდა.

    მატჩის პირველ ტაიმში, როგორც წინა თამაშებში პორტლენდი უპირატესობას ფლობდა და მატჩის შუაში 17 ქულითაც იყვნენ წინ, თუმცა ვერც დღეს მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და მესამე მეოთხედში დაწყებული ”ქამბექი” ოქროს შტატელებმა ბოლომდე მიიყვანეს, 119-117.

    მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტეფ კარი გახდა. მის ანგარიშზე 37 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაა. მის გუნდში გამორჩეული იყო დრეიმონდ გრინიც, მან 18 ქულა 14 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში პირველად იყო შემთხვევა, როდესაც პლეიოფში ერთი გუნდიდან ორმა მოთამაშემ შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება.

    პორტლენდიდან გამოსარჩევი იყო ახალგაზრდა ცენტრი მეიერს ლეონარდი, რომლის ანგარიშზეც 30 ქულა და 12 მოხსნა იყო. სამწუხაროდ სტატისტიკის მიუხედავად საუკეთესო თამაში ვერ გვაჩვენეს გუნდის ლიდერებმა დემიენ ლილარდმა და სიჯეი მაქქოლუმმა. ლილარდს 28 ქულა, 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო სიჯეიმ 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა.

    ოქროს შტატელები ზედიზედ მეხუთედ გახდნენ დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონები, რაც ლიგის რეკორდია. ისინი სუპერფინალში მილუოკი ბაქსსა და ტორონტო რეპტორსს შორის გამარჯვებულს ელიან. შეგახსენებთ, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ბაქსი ლიდერობს 2-1. მეოთხე მატჩი ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 04:30-ზე შედგება

  • ახალი გარემოებები გირგვლიანის საქმეზე- სააკაშვილის საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

    პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.

    პროკურატურის ინფორმაციით, გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და შესაბამისად,  მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა  საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

    “წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა გ.ა.-ს, ა.ღ.-ს, მ.ბ.-ს და ა.ა.-ს. მიხეილ სააკაშვილის განზრახ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამო შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდნენ. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის, რომ გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ.ა.-ს და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში. მას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი:

    „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 18 ივლისის განაჩენის მიხედვით,  ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, დამნაშავედ სცნეს,  და სასჯელის ზომად მას  სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

    გირგვლიანის საქმეზე  დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

  • დაპირისპირება სენაკის საკრებულოში: ნაცემი ოპოზიციონერი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    ხმაური სენაკის საკრებულოში – დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლით დასრულდა.

    „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს ბორის სოსელიას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

    „საკრებულოს სხდომაზე ჩვეულებრივი პოლიტიკური შეკამათება მოხდა, გია სოსელიასა და „ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ზაზა ნაჭყებიას შორის. სხდომის დასრულების შემდეგ უკნიდან მივიდა კარებთან და დაარტყა ხელი. რის შემდეგაც სოსელიამ დაკარგა გონი, გახდა ძალიან ცუდად. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და გადავიყვანეთ საავადმყოფოში,“-განაცხადა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით ცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

  • ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით – კალაძე NDI-ის კვლევაზე

    თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე NDI-ის კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არ ენდობა.

    “პოლიტიკურ ნაწილში არ ვეთანხმები, ყოველთვის ხდებოდა მანიპულაციები და დღესაც გრძელდება”-აცხადებს კალაძე.

    კალაძე საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დადებით განწყობას, მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციით და ურთიერთობით ხსნის. 

    „მე სპორტიდან მოვდივარ. ერთი რამ ვიცი და მჯერა, როგორც სპორტში, ასევეა პოლიტიკაშიც, თუ არ არსებობს გუნდი, რომელიც ძლიერი ადამიანებისგან, პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული, ერთი ადამიანი, ორი ადამიანი, სამი ადამიანი შეუძლებელია გაუმკლავდეს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, ან მოიგოს თამაშები, როგორც სპორტშია. ამიტომ გუნდურობა არის მთავარი. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, უკეთესია პარტიისთვის” – აღნიშნა კალაძემ. 

    შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგით საზოგადოებაში  სწორედ კახი კალაძე და დავით სერგეენკო სარგებლობენ.  მათ თანაბარი 40-40 % აქვთ.