Category: არქივი

  • დააკავებენ თუ არა მოკლული ბავშვის მამას-არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება დაიწყო

    შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

    როგორც ცნობილი გახდა, დაკავებული გოგო ორსულობისას 16 წელს მიუღწეველი იყო. შესაბამისად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დაღუპული ბავშვის მამას პატიმრობა ემუქრება.

    22 მაისს სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის, ბავშვის 16 წლის დედა დააკავეს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

    მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ეს  მუხლი13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • კადრები დავით გარეჯიდან – ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს ბულდოზერებით მუშაობენ

    ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარედ მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც დილიდან შეუჩერებლად მუშაობს.  დავით გარეჯიდან “რუსთავი 2-მა” გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს რომ  მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბულდოზერებით გაჰყავთ გზა. 

    მომლოცველებს და ადგილობრივებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ტერიტორია დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც.

    ბაქოში დღეს სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება. მხარეებმა საზღვრის ამ დრომდე შეუთანხმებელ მონაკვეთზე უნდა იმსჯელონ.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა – გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – ვისკი და კონიაკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 31 000 ლარს აღემატება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

  • “ზოგიერთი მგზავრი პანიკაში ჩავარდა”-ბათუმის აეროპორტში თელა-ვივის რეისი დაგვიანებით დაეშვა

    ისრაელის ავიაკომპანია “El Al”-ის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 7 საათის დაგვიანებით დაჯდა. თვითმფრინავი  გამოფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში.

    გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დაშვების მიზეზი ერთ-ერთი ძრავის გადახურება გახდა.

    „აფრენიდან დაახლოებით 15 წუთში პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვითარება კრიტიკულია და თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაბრუნდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბორტზე ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ზოგიერთი მგზავრი პანიკაში ჩავარდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ავარიული დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავის გაფუჭება გახდა,”-ამბობს მგზავრი ესთერ აიზენბერგერი.

    თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

  • 1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე, თბილისში 44 გველი დაიჭირეს

    1-ელი აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, თბილისში 44 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

    „წლევანდელი წელი შარშანდელთან შედარებით განსხვავებულად დაიწყო. ქვეწარმავლის გამოღვიძებას და გააქტიურებას, ბუნებრივი ციკლის სწორად წარმართვას შესაფერისი ამინდი სჭირდება, რაც გამოიხატება მზიანი დღეების სიმრავლით და წვიმიანი ამინდების სიმცირით. შარშან აპრილის თვე შედარებით თბილი იყო, წელს ციოდა, რის გამოც, ქვეწარმავალმა გვიან გაიღვიძა. თუმცა, ახლა უკვე სიტუაცია ნელ-ნელა ბალანსდება. 15 მაისიდან გამოძახებები გააქტიურდა, რაც ქვეწარმავლების რაოდენობის ზრდით გამოიხატა. რაც შეეხება სტატისტიკას, შარშან აპრილში 15 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს – 16. თუმცა, რადიკალური სხვაობაა მაისში, როცა ყველაზე აქტიური პერიოდი უნდა იყოს. 2018 წელს მაისში 140 ქვეწარმავალი დავიჭირეთ, წელს, 17 მაისის მდგომარეობით, მხოლოდ – 28, როცა ამ დროისთვის მინიმუმ 70-80 უნდა ყოფილიყო დაჭერილი. თბილისის თითქმის ყველა უბნიდან თანაბრად არის შემოსული შეტყობინებები, რადიკალურად განსხვავებული წერტილები არ არის. შესაძლებელია 5-6 გამოძახებით მეტი იყოს გარეუბნებში, რომელიც ბუნებრივ არეალთან ახლოს არის, თუმცა, მკვეთრი განსხვავება უბნებს შორის ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ზანდუკელმა სააგენტოსთან. 

    ზანდუკელის განცხადებით, შხამიანი გველის გამოჩენის ალბათობა მაღალია, როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. მისი ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით, 26 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს, რომელთაგან ყველაზე შხამიანი გიურზაა. 

  • მასშტაბური გაფიცვა ჭიათურაში- მაღაროელებს ტაქსის და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ

    ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა, გაფიცულ მაღაროელებს ტაქსის მძღოლები და  მძღოლებიც შეუერთდნენ. ისინი ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ და მსვლელობას აწყობენ. 

    ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებასა, ასევე  ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვენ. 

    “ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობის თქმით,   დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება არაადეკვატური მოთხოვნაა. ამის შემდეგ  ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. რამდენიმე  მაღაროელმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

    ჭიათურის მაღაროში  მუშაობა შეჩერებულია.

  • თუთუნი ძვირდება – ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს

    თუთუნი ძვირდება, ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს.

    ამ დროისთვის 100 გრამი თუთუნი  ბაზარზე 5-დან 12 ლარამდე ღირს. 100 გრამი თუთუნით, სულ მცირე 100 ღერი სიგარეტი მზადდება, ანუ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად მოქალაქეები დაახლოებით ხუთ კოლოფს იღებენ.

    მოვაჭრეების განცხადებით, თამბაქოს გაძვირების შემდეგ მოქალაქეებმა თუთუნის ყიდვა დაიწყეს, გაძვირების შემთხვევაში კი შესაძლოა რომ გაყიდვები საერთოდ შეჩერდეს.

    დაჭრილ თამბაქოზე აქციზის დაწესების მოთხოვნით ხელისუფლებას ბიზნესომბუდსმენი მიმართავს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სიგარეტზე გადასახადის ზრდის ფონზე თუთუნი არ იბეგრება, რაც ამ ორ ბიზნესს არაკონკურენტულ პირობებში აყენებს.

    ქვეყანაში თამბაქოს გაძვირების პარალელურად იზრდება კონტრაბანდა. წელს მხოლოდ სამ თვეში 22 668 უაქციზო სიგარეტის კოლოფი ამოიღეს.

    ოპოზიცია ფიქრობს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდით ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, რადგან მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად არ მცირდება.

    თამბაქოსა და მისი ნაწარმზე აქციზის გაძვირება 2018 წლიდან დაიწყო. ფასის მატება რამდენიმე ეტაპად მოხდა. წლის ბოლომდე შესაძლოა, კოლოფი სიგარეტის ფასმა ათ ლარს მიაღწიოს და ამავე ფასს გაუთანაბრდეს თუთუნით დაფასოებული სიგარეტიც.

  • დააკავეს მერიის ინსპექტორი,რომელიც პირს კონდუქტორობას დაპირდა და სანაცვლოდ 700 ლარი გამოართვა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თბილისის მერიის შიდა აუდიტის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს პირდებოდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი” – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.