Category: არქივი

  • ძლიერი სეტყვა თბილისში

    თბილისის ზოგიერთ უბანში ძლიერი სეტყვაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

  • “გველი საკბენად გამოიწია ” – ლისის ტბაზე გველი იპოვეს

    ლისის ტბის ტერიტორიაზე გველი იპოვეს.  ინფორმაციას ამის შესახებ იოსებ ვარდოშვილი ავრცელებს. 

    “სეირნობის დროს მეგობრის ბავშვმა დაადგა ფეხი, გველი საკბენად გამოიწია და ბავშვი შემთხვევით გადაურჩა კბენას.გთხოვთ, მიიღოთ სათანადო ზომები და დაიცვათ პატარების უსაფრთხოება.” – წერს იოსებ ვარდოშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

  • აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა

    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ წეროვანის დასახლება და ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა. ამერიკელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ და ახალგორის გამგებელმა სტუმრებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. ხურალეთში კი, კონგრესის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნენ და მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადგილობრივს გაესაუბრნენ.
  • “ოცნებამ” არ იცის რომ სააკაშვილს ავტორიტეტი აქვს ბაქოსთან?” – ნიკა მელია ხელისუფლებას

    ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გარეჯში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

    „როდესაც პრეზიდენტად გვყავს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ეს არის ერთ-ერთი სათავე პრობლემებისა. ბაქომ დაინახა, რომ თბილისში პატრონი არ ყავს სახელმწიფოს და ცდილობს მოახდინოს ამ უპატრონობის კაპიტალიზაცია. აქედან გამომდინარე, რა უნდა გასკეთოს ხელისუფლებამ? უნდა ჩართოს ამ საქმეში ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია აზერბაიჯანთან დაალაგოს ურთიერთობა დავით გარეჯთან მიმართებაში. “ქართულმა ოცნებამ” არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს წარმოუდგენლად მაღალი ავტორიტეტი და კონტაქტები და ურთიერთობები ბაქოსთან? რატომ არ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ისე, რომ თუნდაც ვერავინ ვერ გაიგოს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

  • არასრულწოვნის წამების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

    არასრულწლოვანმა, რომელიც სამართალდამცველებს ცემაში და სექსუალური ხასიათის მუქარაში ადანაშაულებდა, დღეს კიდევ ერთი პოლიციელი ამოიცნო. ის მარნეულის პოლიციაში ამოცნობისთანავე დააკავეს. მოზარდის მტკიცებით, სწორედ ნიკოლოზ ქოჩიშვილია ერთ-ერთი სამართალდამცველი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა და ხელი მოტეხა.

    „ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილმა დეტექტივ-გამომძიებელმა კ. ქ.-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მიაყენა არასრულწლოვან თ.ა.-ს. კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება, სახეში ხელების რტყმა, ასევე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგადაც არასრულწლოვანი თ.ა. გადაყირავდა სკამიდან და მოიტეხა ხელი. დავაკავეთ კ.ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ და ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 -დან 10 წლამდე,“-განაცხადა პროკურორმა ლევან ლაზარაშვილმა.

    არასრულწლოვანის ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდმა დაკავებული პოლიციელის გარდა რამდენიმე დღის წინ კიდევ სამი სამართალდამცველი ამოიცნო.

    „რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სამი პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც აწამეს ეს ბავშვი და სცემეს და მის მიმართა არაადამიანური მოპყრობა მოხდა. დღეს მოხდა მეოთხე პოლიციელის ამოცნობა. პიროვნება ნიკოლოზ ქოჩიშვილი რომელმაც ხელი მოტეხა. რომელიც მონაწილეობდა უშუალოდ მისი ხელის მოტეხვაში, რომელიც არა მარტო ხელით სცემდა, არამედ წიხლი ჩაარტყა, გადააგდო სკამიდან და მოტყდა არასრულწლოვანს ხელი. ახლა დასრულდა საგამოძიებო მოქმედება, ამის შემდეგ დამატებით მოხდება არასრულწლოვნების გამოკითხვა,“-განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბოლნისში მოხდა. არასრულწლოვანის მტკიცებით, ის ქურდობის მუხლით დააკავეს რის შემდეგაც პოლიციელებმა აწამეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

  • “სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა მესამე მხარის ინტერესებზე. ეს უნდობლობის გამოცხადების საფუძველია“–გია ხუხაშვილი დავით გარეჯზე

    დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარების დაძაბვაში გია ხუხაშვილი პრეზიდენტს ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას მიზანშეწონილად მიიჩნევს:

    “ვფიქრობ, რომ თუ ქრონოლოგიურად დავალაგებთ, როდის და რით დაიწყო დავით გარეჯის თემის გამწვავება, მარტივად დავინახავთ, რომ ტრიგერის როლი ამ ისტორიაში ითამაშა სალომე ზურაბიშვილმა. მიუხედავად იმისა, მან ეს შეგნებულად გააკეთა, თუ შეუგნებლად, ცხადია რომ ითამაშა მესამე მხარის ინტერესებზე. ეს კი, ჩემის აზრით, მისთვის უნდობლობის გამოცხადების პირდაპირი საფუძველია. შესაძლოა, ამას წინ უძღვოდეს სუსის შესაბამისი გამოძიება. სასურველია, ანალოგიური გამოძიება ჩატარდეს აზერბაიჯანშიც. ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა ახლა მნიშვნელოვანია“–ამბობს გია ხუხაშვილი.

  • “სისხლითაც, ღონითაც და სიძლიერითაც უნდა დაიცვან ეს ტერიტორია “-მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას

    დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ. სამონასტრო კომპლექსში ჩასული სასულიერო პირები, მომლოცველები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დღეს ერთად იცავენ კომპლექსს. მათი თქმით, სურთ საქართველოს ხელისიფლებას, მეზობელ აზერბაიჯანსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ აქციით კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის დათმობას საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ.

    დავით-გარეჯში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი რომელიც გარეჯში აქციას შეუერთდა.

    „მე საქართველოს შვილი ვარ, სადაც ქართველი ხალხია, იქ უნდა ვიყო. კი მართალია, მე ჩემი ბრძოლა მაქვს, ჩემი ტკივილიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართველი ადამიანი. საფრთხის წინაშე დავით გარეჯი არ იქნება, სანამ იქნებიან ასეთი ადამიანები და პლუს ამას კიდევ, აქ ამ ადამიანებს კი არ უნდა უწევდეთ დაცვა დავით გარეჯის, ეს დავით გარეჯია, ეს საქართველოა, ხელისუფლებაში უნდა იცოდნენ, რომ ეს ხალხი ამ დღეში არ ჩაყარონ და სისხლითაც, ღონითაც, სიძლიერითაც რომ დაიცვან ეს ტერიტორია,“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

  • “ჩვენი ჯარი შემოხვეულია და იცავს იმათ მესაზღვრეებს ჩვენგან”- დაპირისპირება ჩიჩხიტურის მაღლობზე

    ჩიჩხიტურის მაღლობზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა. გზადაგზა კი მათ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ხვდებოდნენ, რასაც რამდენჯერმე შელაპარაკება მოჰყვა.

    ჩიჩხიტურის კოშკისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთად იმყოფებოდნენ.

    „თუ სადაო ტერიტორიაა, ამას რა უნდა, ამ ფორმიანს აქ. ჩვენ რატომ გვაჩხუბებთ მოქალაქეებს. მოქალაქეებს საერთოდ არ უნდა გვაჩხუბებდეს პოლიტიკა,“ – მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს.

    სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, დღევანდელი მსვლელობით სურთ დაანახონ ყველას, რომ ქართველები დავით გარეჯს დაიცავენ.

    „გვართმევენ ტერიტორიებს და კიდევ ჩვენი ჯარი შემოხვეულია და იცავს იმათ მესაზღვრეებს ჩვენგან? ეს თუ ჩვენი ტერიტორიაა, ვერ ვიგებ, რატომ დგას იმათი ჯარი აქ, თუ არა, ე.ი. არის ისევ სადაო და გადასაწყვეტი. რატომ გვასულელებენ, მოგვიყვანეს ამდენი ხალხი და მამაო გვეუბნება, არაფერი არ არის, გახსნილია, თუ პრობლემა არ გვაქვს, რატომ ატყდა ეს ამბავი. ხელისუფლება უნდა ჩაერიოს, ჩვენ და ეს უბრალო მესაზღვრეები ვერაფერს ვერ მოვაგვარებთ. ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტული განცხადება თქვენ მოისმინეთ, ჩვენ ვერა, მოსახლეობამ. ძალიან ბევრი ბერკეტიო აქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომ აიძულოს აზერბაიჯანი, წამოვიდეს დათმობაზე და თავი დაანებოს ჩვენს ტერიტორიებს… მე აქ ვერც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვხედავ და ვერც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს,” – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

    ისინი ამბობენ, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებით საფრთხე რეალურია. სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსთან აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღის აქციით აღნიშვნას, სწორედ დავით გარეჯის ტერიტორიაზე აპირებდნენ. თუმცა დღეს დღის განმავლობაში ისინი დავით გარეჯში არ გამოჩენილან. ​

    დღეს საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური მსვლელობა აღდგომის ტაძრიდან დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად დღეს გარეჯში მრევლთან ერთად სასულიერო პირები საქართველოს 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება.

  • ჩიჩხიტურის კოშკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვია შეკრული

    დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ. სამონასტრო კომპლექსში ჩასული სასულიერო პირები, მომლოცველები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დღეს ერთად იცავენ კომპლექსს.

    ამბობენ რომ, სადაო ამ ტერიტორიაზე არაფერია. მათი თქმით, სურთ საქართველოს ხელისიფლებას, მეზობელ აზერბაიჯანსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ აქციით კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის დათმობას საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ.

    კაქცია-მსვლელობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობა დაგეგმეს.