Category: არქივი

  • სუმოს მამების სხდომამ ოფიციალურად აღიარა, რომ ტოჩინოშინს გამარჯვება შეცდომით წაართვეს

    სუმოს მამები, იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ყოველი ბაშოს შემდეგ იკრიბება და აფასებენ მთლიანობაში ბაშოს, მის გამორჩეულ მებრძოლებს და სადაო მომენტებს. ისინი ასევე სუმოისტებს რეკომენდაციებსა და რჩევებსაც აძლევენ.

    საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში საუბარი იყო ტოჩინოშინსა და ასანოიამას შორის გამართული ორთაბრძოლის სკანდალურ დასასრულზე. სუმოს მამებმა, რა თმქა უნდა, პირდაპირ ვერ აღიარეს შიმპანების შეცდომა, თუმცა განაცხადეს, რომ შიმპანჩოების ქმედება დამაბნეველი და არასრულყოფილი იყო, რამაც არასაჭირო აჟიოტაჟი გამოიწვია. რაც ფაქტობრივად მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.

    შეგახსენებთ, ნაცუ ბაშოს მე-13 სატურნირო დღეს ტურნირის 2 ფავორიტი ქართველი ტოჩინოშინი და იაპონელი ასანოიამა უპირისპირდებოდნენ. იმ დროისთვის ქართველ რიკიშის 9 მოგება ჰქონდა ბალანსზე და მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებდა ოძეკის წოდებას, ხოლო ასანოიამა ამ გამარჯვებით ფაქტობრივად ინაღდებდა ტურნირზე ჩემპიონობას.

    შერკინების შემდეგ უპირატესობა იაპონელმა რიკიშიმ მოიპოვა და ქართველი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, მაგრამ ტოჩინოშინმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხა და ასანოიამა დოჰიოს მიღმა გადააგდო. მატჩის არბიტრმაც გამარჯვება ლევანს მიაკუთვნა, თუმცა ამ დროს შიმპანებმა (ანუ მატჩის მთავარი არბიტრები) ხელი ასწიეს, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მატჩის შედეგზე უნდა ემსჯელათ. 6 წუთიანი მსჯელობის შემდეგ შიმპანებმა გადაწყვიტეს, რომ მოწინააღმდეგის გადაგდებამდე ტოჩინოშინმა თვითონ გადადგა ფეხი დოჰიოს მიღმა და მას წაგება ჩაუთვალეს. მოგვიანებით განმეორებაზე არაერთი რაკურსით გამოჩნდა, რომ მათი გადაწყვეტილება არასწორი იყო და რეალურად ლევან გორგაძეს დოჰიოს მიღმა ფეხი არ გადაუდგამს და სოციალურ ქსელებში შიმპანები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

    სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთეს აღიარება სუმოს მამებმა, თუმცა ქართველი რიკიშისთვის ამით აღარაფერი შეიცვლება.

  • ბათუმში ხანძრის შედეგად ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

    ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ხანძარმა ხის სახლი მთლიანად გაანადგურა. ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მედიკოსების დახმარება ფეხმძიმე ქალს დასჭირდა, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

    ცეცხლი გაჩენის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის წევრებმა სახლი დროულად დატოვეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით ცეცხლი თხევადი გაზის ბალონს გაუჩნდა. ”შეგვეშინდა არ აფეთქებულიყო და სახლი სწრაფად დავტოვეთ. სხვა არაფერი ვიცი. ნივთების მცირე ნაწილის გამოტანა მოვახერხეთ მხოლოდ”.

    ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ლიკვიდირებულია.

    წყარო: აჭარის ტელევიზია

  • “ის მოღალატეა“–უკრაინის გენპროკურორი მიხეილ სააკაშვილზე

    მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ქვეყნის მეთაურის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
    ინტერნეტ-გამოცემა გორდონის რედაქტორმა ოლესია ბაცმანმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სააკაშვილი კიევში ხვალ, 29 მაისს, ადგილობრივი დროით 17 საათზე ჩაფრინდება.
    უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების პარალელურად ადგილობრივი მედია უკრაინის გენერალური პროკურორის პოზიციაზეც წერს, რომელმაც „მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“ მოღალატე უწოდა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტის კითხვას – შეიცვალა თუ არა ლუცენკოს პოზიცია სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული კორუფციის საქმეზე, რომლის თანახმადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი „მიხო-მაიდანის“ დასაფინანსებლად ფულს კურჩეკოსგან იღებდა, გენერალურმა პროკურორმა უპასუხა, რომ არა. „არა. მოღალატე“ – დაწერა იური ლუცენკომ.

  • ბექჰემი, მათეუსი, სერ ალექს ფერგიუსონი და სხვები – ბაიერნის ლეგენდები იუნაიტედის ლეგენდებს დაუპირისპირდნენ

    ოლდ ტრაფორდზე ლეგენდების დაბრუნება შედგა. მათ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ფინალის 20 წლის თავის აღსანიშნავად საქველმოქმედო მატჩი გამართეს და ინგლისელებმა დიდი ანგარიშით 5:0 იმარჯვეს.

    თუმცა ამ მატჩის შედეგს, რა თქმა უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ოლდ ტრაფორდზე მაყურებლებმა ისეთი ლეგენდები იხილეს როგორებიც არიან: დევიდ ბექჰემი, ლოთარ მათეუსი, ზე რობერტო, როი მაკაი, პოლ სქოულზი და ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი.77 წლის სერ ალექსი 2013 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ოლდ ტრაფორდის სტადიონზე.

    გთავაზობთ სრულ შემადგენლობებს :

    მანჩესტერ იუნაიტედი: მანჩესტერ იუნაიტედი: შმეიხელი – გარი ნევილი, სტამი, იონსენი, ირვინი – ბექჰემი, ბატი, სქოულზი, ბლომქვისტი – კოული, იორკი.

    მიუნხენის ბაიერნი: ბუტი – ვიტეჩეკი, დემიჩელისი, მათეუსი, ოტლი – ზე რობერტო, ეფენბერგი – პაულო სერჟიო, ოლიჩი, მაკაი, ელბერი.

  • თიბისი და მასტერქარდი რაგბის გულშემატკივრებს იაპონიაში გამგზავრების შანსს აძლევს

    თიბისი და მასტერქარდი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ერთობლივ აქციას იწყებენ, რომლის გამარჯვებულები იაპონიაში გაემგზავრებიან.

    ყველა, ვინც თიბისის ნებისმიერი მასტერქარდით შეიძინა ან შეიძენს ბილეთს www.tkt.ge-ზე 31 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე შოტლანდია – საქართველო, გათამაშებაში მონაწილეობს და ეძლევა შანსი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს ან ფინალს დაესწროს.

    გარდა ამისა, დღეიდან თიბისის ფილიალებში შეგიძლიათ აიღოთ სპეციალურად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე შექმნილი დიზაინის მასტერქარდის ბარათები. რაგბის თემატიკის ბარათები კიდევ ერთ აქციაში მონაწილეობენ – ამ ბარათით განხორციელებულ ყოველ მე-20 ტრანზაქციაზე მფლობელები მაისურით დასაჩუქრდებიან, ხოლო ყოველ 50-ე ტრანზაქციაზე – რაგბის ბურთით.

    Mastercard საქართველოს დირექტორმა, იგორ სტეპანოვმა განაცხადა: „Mastercard არის კომპანია, რომელმაც კარგად იცის როგორ შეუქმნას მომხმარებლებს შეუფასებელი ემოციები და შთაბეჭდილებები. სპორტის, მუსიკის, მოდისა და სხვა გასართობი ღონისძიებების მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ Mastercard წელს საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი სპორტის მხარდამჭერი, იმედია, ხშირად გავახარებთ გულშემატკივრებს ერთად.“
    აქცია 30 აგვისტოს, საღამოს 20.00 სრულდება, ხოლო გამარჯვებულები, ვინც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიგო, 31-ში შოტლანდია-საქართველოს შეხვედრის დროს გამოვლინდებიან. სულ იაპონიაში 7 გამარჯვებული გაემგზავრება.
    რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი 20 გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში მეხუთედ მონაწილეობს.

  • კომპანია „ნოვამ“ თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით ახალ საწარმო გახსნა

    2019 წლის 27 მაისს, ქალაქ ბათუმში, შპს „ნოვამ“ განახლებული საწარმო გახსნა.

    საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და სხვა პოლიეთილენის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.პროექტისთვის თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს.

    „ნოვა“ აღნიშნული სესხიდან 15%-ს უკან “ქეშ ბექის” სახით დაიბრუნებს.

    კომპანია „ნოვა“ ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000 ლიტრამდე მოცულობის, პოლიეთილენის წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს. განახლებული საწარმოო ხაზებით კი კომპანია 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას შეძლებს. გარდა ავზებისა იტალიური დანადგარები, რომელიც როტაციული მეთოდით ქმნის პროდუქციას სხვადასხვა პოლიეთილენის ნაწარმის წარმოების საშუალებასაც იძლევა.

    საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, რომელიც თიბისის და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, „ნოვამ“ დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა. მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები კომპანიის თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.

  • სეტყვა და წყალდიდობა გლდანის ხიდებთან (ვიდეო)

    ძლიერი წვიმა და სეტყვა თბილისსში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. საავტომობილო მოძრაობა გართულებულია გლდანის ხიდებთან. დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტილია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაიტბორა ახმეტელის მეტროს მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიც.

    უწყებაში ასევე ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად გამოძახებების დიდი ნაწილი გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან არის შესული. ყველა მისამართზე მაშველების ჯგუფები უკვე გავიდნენ. 


    {{VIDEO}}

  • ლარმა არსებობის ისტორიაში გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

    ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 1.7876 ლარს მიაღწია. 1 ევროს ღირებულება კი  3.1182 ლარია

    ეს ლარის ისტორიაში გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

    ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო ორი კვირაა  ეცემა. დღეს კი მისი არსებობის 25 წლიან ისტორიაში გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია. 

  • რუსულ კოსმოსურ ხომალდს მეხი დაეცა (ვიდეო)

    რუსეთში გუშინ რუსულ კოსმოსურ ხომალდს მეხი დაეცა.  ინციდენტი  აფრენის დროს მოხდა  კოსმოდრომ „პლესეცკზე” როდესაც რუსულმა რაკეტამ „Союз-2.1б“ ორბიტაზე კოსმოსური აპარატი „Глонасс-М“ გაუშვა.როგორც რუსული მედია იტყობინება, მეხის დაცემას რაკეტის ფრენაში ხელი არ შეუშლია.

  • ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის განკარგულება გამოაქვეყნა და უკრაინის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.