Category: არქივი

  • საბურთალოზე არასრულწლოვანი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

    თბილისში უბედური შემტხვევა მოხდა.  საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა და  გარდაიცვალა.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს

    დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

    “კურიერის” ინფორმაციით, კალანდია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

    შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, ის არასანდო მოწმედ  მიიჩნიეს.

    სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით,  დავით სარალიძის მკვლელობა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა.

  • „ჩემი განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოღებული”-ავსტრიის ელჩი კრიტიკულ შეფასებებს უარყოფს

    „ჩემი განცხადებები ინტერვიუს კონტექსტიდან არის ამოღებული”-ავსტრიის ელჩი კრიტიკულ შეფასებებს უარყოფს, გახმაურებული ინტერვიუს შესახებ განმარტებები დიპლომატმა საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა.

    არად ბენკოს განმარტებით,მისი ინტერვიუ  არასწორად გაიგეს, რადგან კონტექსტიდან იყო ამოღებული ცალკეული ფრაზები.

    “ჩემი მოსაზრებები ინტერვიუს კონტექსტიდან იყო ამოღებული.ინტერვიუს დროს  მე ვისაუბრე იმაზე, რომ კორუფცია საქართველოში დაბალი ნიშნულზეა, გარანტირებულია კანონის უზენაესობა, ასევე აღვნიშნე რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის მიმზიდველი ცენტრია, ავსტრიული კომპანიებიც ახორციელებენ  ინვესტიციებს საქართველოში და ორმხრივად თანამშრომლობენ. ჩემი მოსაზრებები შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული”-წერს ავსტრიის ელჩი.

  • ნუცუბიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

    ნუცუბიძის ქუჩაზე  ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, თუმცა პოლიციელებმა მათ სამანქანო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივების პროტესტის მიზეზი  15 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა, ისინი  სამშენებლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

    კორპუსს “იბა-დელისი 3” აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მარტში აიღო და აპრილში უკვე დაიწყო მშენებლობა.

  • ავსტრალიაში თოვლი მოვიდა

    ავსტრალიაში,  ქუინსლენდის შტატში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

    მეტეოროლოგიური სამსახურის შეფასებით ეს იშვიათი მოვლენაა. ავსტრალიის სუბტროპიკულ ნაწილში  ბოლოს 2015 წელს მოთოვა.

    თოვლის გარდა პრობლემები შექმნა ქარბუქმა, რის გამოც მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს. მეტეოროლოგების პროგნოზით ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება.

    ავსტრალიაში ივნისი ზამთრის დასაწყისად ითვლება, მანამდე კი ავსტრალიელებს ცხელი ზაფხული ჰქონდათ.

  • კახეთში დაბადების დღეზე მეგობრებს შორის კამათი მკვლელობით დასრულდა

    კახეთში სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარია.

    მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მეგობრებს შორის კამათი  დაბადების დღეზე დაიწყო,რაც  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოკლულს  დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაპირისპირების დროს მოკლულიც და მისი მეგობარიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

  • “უნდა იყოს მართლმადიდებელი, ვეფხისტყაოსანი უნდა ჰქონდეს წაკითხული”-რის მიხედვით შეარჩევენ მომავალ მეფეს

    კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები, უფლისწულ გიორგი ბაგრატიონის გამეფებას გეგმავენ.

    მათ დღეს პრეზენტაცია გამართეს და განმარტეს, რომ 7 წლის უფლისწულს გამეფების შემთხვევაში რეგენტთა საბჭო გაუწევს კონსულტაციას.

    7 წლის გიორგი ანა-ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით-ბაგრატიონ მუხრანელის შვილია. სამეფო კლუბის წევრებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მეფობისთვის მონარქის იმიჯია. მათი განცხადებით, “დაზიანებულ კანდიდატს” საზოგადოებას არ შესთავაზებენ.მეფობის კრიტერიუმებზე მათ რუსთავი 2-თან ისაუბრეს.

    სამეფო კლუბისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მონარქის იმიჯი, არამედ მისი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებები.მაგალითად, მეფე უნდა იყოს მართლმადიდებელი, უნდა ჰქონდეს წაკითხული ვეფხისტყაოსანი და მაგალითს აძლევდეს ხალხს.

  • თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს-პრეზიდენტი კალაძეს

    “თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს და გახადეს თბილისი” – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის ღონისძიებაზე ქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა.

    „ყოველდღიურად ვუყურებდი, აქ რა ხდებოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორბელიანის სასახლეში გადმოვედი და ვინმე დღეს თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით და ნახეთ, ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?! იმიტომ, რომ ეს არის მართლა თბილისელების უბანი, თბილისისთვის ცენტრი და მე გავიტან კი არა თბილისის შესახებ ამბავს, თვითონ გაიტანს თბილისი თავის ამბავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.  ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სხვადასხვა ტიპის სამუშაო შესრულდა, რომელსაც  2 წელი დასჭირდა.

  • მსოფლიოში ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს.ექსპერტები ამ ტენდენციის შეჩერებას არ ელიან

    წლევანდელი მაისი ნავთობის ბაზრისთვის 2012 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. Brent –ის მარკის ნავთობის ფასები 11.4%–ით დაეცა. ანალიტიკოსები ახლო მომავალში ნავთობის ფასის ზრდას არ პროგნოზირებენ, რადგან ამის მიზეზებს ვერ ხედავენ.

    ერთი ბარელი Brent –ის მარკის ნავთობი ორშაბათს 62.6 დოლარი ღირდა. მაისის დასაწყისში ნავთობის ფასები 70 დოლარს აჭარბებდა. ფაქტიურად ერთ თვეში ნავთობის ფასი 11.4%–ით დაეცა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ნავთობის ბაზრისთვის ყველაზე უარესი მაისია.

    ფასების კლების ყველაზე დიდი პორცია მაისის ბოლოზე მოდის. 29–დან 31 მარტამდე ბარელის ფასმა 5 დოლარით დაიკლო.

    ანალიტიკოსები გასული წლის ნომებრის შემდეგ ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრ ვარდნაზე წერენ. დეკემბერში სიტუაციაში ჩარევა ოპეკის ქვეყნებს მოუწიათ, რომლებმაც ფასების შესანარჩუნებლად ნავთობის მოპოვება შეზღუდეს.

    რა მოსდის ნავთობს

    ანალიტიკოსების თქმით ბოლო დროს ნავთობის ფასი აშშს მხრიდან სანქციების და აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამწვავების გამო იკლებს.

    მაისის შუა პერიოდში აშშ–მ ფაქტიურად სანქციები შემოიღო ჩინური კომპანია Huawei–ს წინააღდმდეგ, როცა ამერიკულ კომპანიებთან მისი თანამშრომლობა შეზღუდა.ამას შედეგად გუგლის გადაწყვეტილება მოჰყვა, Huawei –ს პროდუქციას მისი განახლებები აღარ მიაწოდოს. სავაჭრო ომის ახალმა ტალღამ საფონდო ბირჟებზე ვარდნის პროვოცირება გამოიწვია.

    თუმცა აშშ სავაჭრო ურთიერთობებში მკაცრი პოლიტიკის შერბილებას არ აპირებს, მათ შორის სხვა ქვეყნებთანაც. მაგალითად, შეზღუდა მთელი რიგი ინდური საქონლის ქვეყანაში შეტანა საბაჟო განაკვეთების გარეშე, ასევე შემოიღეს 5%–იანი საბაჟო გადასახადი მექსიკური პროდუქციისთვის.

    ამ მოვლენებმა ექსპერტების ვარაუდით შესაძლოა ეკონომიკური ზრდის შენელება, შესაბამისად ნავთობზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ნიშანი ჩანს იმის, რომ მსოფლიო ეკონომიკის ტემპი შენელებას განაგრძობს.

    ჩინური მრეწველობისთვის PMI–ს ინდექსმა მაისში 50.2 პუნქტი შეადგინა. ეს ინდექსი იმის მაჩვენებელია, როგორ აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივას. ინდექსის ეს ნიშნული მეტყველებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდება

    მაისში PMI–ს ინდექსი ევროზონის 19 ქვეყანაში 47 პუნქტამდე შემცირდა. 50 პუნქტს ქვევით მაჩვენებელი კი როგორც წესი წარმოების შემცირების მაჩვენებლად ითვლება.

    როგორც ბლუმბერგი წერს, Morgan Stanley ბანკმა ცოტა ხნის წინ გაფრთხილება გაავრცელა, რომ უახლოესი 9 თვის განმავლობაში მსოფლიოში შესაძლოა რეცესია დაიწყოს, თუ აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინურ საქონელზე 25%–იან საბაჟო ტარიფს შემოიღებს. სააგენტოს ინფორმაციით მსოფლიო წარმოება უკვე გრძნობს სავაჭრო ომების შედეგებს.

    ამ ფონზე ინვესტორებს რისკის ეშინიათ. ამიტომაც იკლებს მოთხოვნა ნედლეულზე, მათ შორის ნავთობზე.

    ანალიტიკოსები ვერ ხედავენ მიზეზს, რის გამოც შესაძლოა მომავალში ნავთობის ფასი გაიზარდოს.

    2018 წლის დეკემბერში ოპეკის წევრმა ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, ასევე რუსეთმა და სხვა მოკავშირეებმა მოილაპარაკეს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე დღეღამეში 1.2 მილიონ ბარელამდე.

    ეს გადაწყვეტილება გასული წლის ნოემბერში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის შემდეგ მიიღეს, რათა ბაზარზე ფასები შეენარჩუნებინათ და მართლაც, შემდგომი თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდებოდა.

    სავარაუდოდ ოპეკი იგივეს ვეღარ გაიმეორებს, რადგან ანალიტიკოსების აზრით ეს არამომგებიანია კარტელში შემავალი ქვეყნებისთვის, რადგან საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები ამგვარად ბაზარზე თავის წილს აშშ–ს აძლევენ, რომელიც უკვე გახდა ნავთობის მოპოვებაში მსოფლიო ლიდერი.

    აშშ–ს მხრიდან სანქციების ფონზე ირანიდან ნავთობის ექსპორტის მკვეთრმა შემცირებამაც კი ვერ შეანელა ნავთობის ფასების ვარდნა. არადა, როიტერის წყაროების წინასწარი ინფორმაციით მაისში ირანის ნავთობის ექსპორტი ორჯერ შემცირდა.

    თეორიულად ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ნავთობის ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვიოს შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება ან ახალი კონფლიქტი გახდეს. მაგალითად, თუ აშშ–სა და ირანს შორის სპარსეთის ყურეში სამხედრო შეტაკება მოხდა, ბარელის ფასი შესაძლოა 100 დოლარამდე გაიზარდოს.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7793 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1081 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1078 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.