Category: არქივი

  • ათენში გაუჩინარებულ 19 წლის ქართველს ეძებენ

    ათენში 19 წლის ოთარ მარსაგიშვილს ეძებენ. ბიჭის გაუჩინარების შესახე ინფორმაცია სოციალურ ქსელში  ემიგრანტების ტელევიზიამ გაავრცელა. 

    „გუშინ დილით სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა 19 წლის ოთარ მარსაგიშვილი. გთხოვთ შეგვატყობინეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე 69 92 22 43 42 ან პირად შეტყობინებაში“, – აღნიშნულია  „ემიგრანტების ტელევიზის“ განცხადებაში. 

  • სოფელ ურავის ტყეში ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა.სამძებრო სამუშაოებში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაუჩინარებული 23 წლის მამაკაცის სამძებრო და საძიებო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. უწყების ინფორმაციით, ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე „ლუხუნის“ ხეობასა და მთებში ახორციელებენ.

    საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

    არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • UFC-ის ვარსკვლავმა ალექსანდრ გუსტაფსონმა კარიერა დაასრულა

    UFC-ის ნახევრამდძმიმე წონის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა ალექსანდრ გუსტაფსონმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება ენტონი სმიტთან დამარცხების შემდეგ გაასაჯაროვა.

    ,,ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის ბოლო ბრძოლა იყო. როდესაც საკუთარ ბრძოლაში პროგრესსა და წინსვლას ვეღარ ამჩნევ უნდა მიხვდე, რომ წასვლის დრო დადგა. მე სამი სატიტულო ბრძოლა გავმართე რაც შესანიშნავი იყო. ჯონსთან გამარჯვების იმედი მქონდა, თუმცა ტრავმა მივიღე და ჩემი მაქსმუმი ვერ ვაჩვენე.

    მე არ მსურს მხოლოდ ფულის გამო ვიბრძოდე. მინდა საუკეთესოებს ვებრძოლო და დავამარცხო, თუმცა ამ ეტაპზე ვხვდები, რომ ამის ძალა არ შემწევს. ამიტომაც ვფიქრობ დროა კარიერა დავასრულო”.

    გუსტავსონი UFC-ში 2009 წლიდან ასპარეზობდა. მან 16 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო და ექვსში დამარცხდა.

  • ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ შვილისთვის სასურველი მეტოქე დაასახელა

    UFC-ის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანალ ნურმაგომედოვმა შვილისთვის სასურველ მეტოქედ ტონი ფერგიუსონი დაასახელა. მისი თქმით დროა ბოლო მოეღოს ამ ორ მებრძოლს შორის არსებულ საუბრებსა და ჭორებს.

    “ჩემი ოცნება ფერგიუსონთან ბრძოლაა. აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ის და დავასრულოთ ეს ისტორია”, – აცხადებს ხაბიბის მამა.

    შეგახენებთ, ამ ორ მებრძოლს შორის ბრძოლა აქამდეც იყო ჩანიშნული, თუმცა სპორტსმენებს შორის ორთაბრძოლა ტრავმების გამო ვერ შედგა. ხაბიბმა მორიგი ბრძოლა 7 სექტემბერს უნდა გამართოს, თუმცა ვის შეხვდება იგი ჯერ-ჯერობით უცნობია.

  • მუხა 33 ვარსკვლავით- რას ნიშნავს ბურჯანაძის პარტიის ლოგო

    ნინო ბურჯანაძის პარტიას ახალი სახელწოდება და ლოგო აქვს. 

    ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ნინო ბურჯანაძემ  ვიდეო ჩაწერა და პარტიის  სიმბოლიკა მუხა 33 ვარსკვლავით  განმარტა.

    ბურჯანაძის განმარტებით,მუხა  ეს მთლიანობისა და პროგრესისადმი სწრაფვის ასევე, აღორძინების სიმბოლოა.

    პარტიის ლიდერი სხვა სიმბოლიკებსაც განმარტავს.

    ვარსკვლავი — მარადიულობის, მაღალი მისწრაფებებისა და იდეალების სიმბოლოა, კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი კი იესო ქრისტეს გამოხატავს.  რვაქიმიანი ვარსკვლავი — სულიერი აღორძინებას.

    33 ქართული ანბანის ასოების რაოდენობა და ასევე  ქრისტეს ასაკის გამომხატველია.

    ნინო ბურჯანაძემ პარტიის ფერებიც განმარტა მან განსაკუთრებული ყურადღება თეთრ ფერს დაუთმო. თეთრი ფერი სიკეთეს, სრულქმნილებას, სიმტკიცეს, წესიერებასა და ერთგულებას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკაში  ნიშნავს სოციალურ სამართლიანობასა და ერთიანობას, ტრადიციულობას, განვითარებას, წარმატებას, საქმის ცოდნასა და კონფლიქტების თავიდან არიდებას.

    ნარინჯისფერი  ბურჯანაძის განმარტებით,ოპტიმიზმის, თავისუფლების, შეუდრეკელობისა და  სულიერი გაბრწყინების, ასევე გამრავლების სიმბოლოა. ხოლო ლურჯი — სამართლიანობასა და ერთიანობას, სტაბილურობის, სიმშვიდის წესიერებისა და ღრმა ანალიზისა და ფიქრის სიმბოლოა.

  • აუცილებლად ვიმსჯელებთ, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე – შსს ხორავას ქუჩის საქმეზე

    მოზარდების მკვლელობის საქმეზე  სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ შსს-ში  განცხადება გაკეთდა. ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტრო განახორციელებს გადაწყვეტილების აღწერილობისა და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

    „აუცილებლად ჩატარდება სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე ამ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში. კონკრეტული პირების და სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, მანამ სანამ არ გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა  ბორცვაძემ.

    შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. განაჩენის მიხედვით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთ  მსჯავრდებულს გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. გ.ბ-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილი უცვლელი დარჩა, თუმცა მას სასჯელი დაუმძიმდა და 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

  • ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა და ვერ გამოჰყავთ

    ახალციხეში ავტომანქანაში გველი შეძვრა, რომელიც ვერ გამოჰყავთ.ინფორმაციას ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით,  ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იმყოფება, რომელიც ქვეწარმავლის ავტომანქანიდან გამოყვანას ცდილობს.

    გველი ავტომანქანაში დაახლოებით დღეს დილის 10:00 საათზე შეძვრა.მანქანის მეპატრონის თქმით, ქვეწარმავალი ავტოფარეხის კართან იყო გაწოლილი და საბურავიდან მანქანაში შეძვრა.

    „საბურავზე აცოცდა. დავქოქე და გამოვიყვანე, მეგონა ჩამოვარდებოდა. მეზობელი უყურებდა, მაგრამ გამოსული არ დაუნახავს. მანქანაშია სადღაც“-აცხადებს მეპატრონე.

  • “პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში”-კაკაბაძე

    „არ გამართლდა ბრალდების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ორივე მსჯავრდებულს ჰყავდა ერთდროულად ჯგუფურად მოკლული დავით სარალიძე,“ – ეს განცხადება, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

    სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, თუმცა მას გაეზარდა სასჯელის ზომა და ის 11 წლით და 3 თვით განესაზღვრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.

    ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საქმე არ არის სწორად გამოძიებული და საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში რეალური დამნაშავეების მისაცემად არაფერი გააკეთა.

    „ჩვენ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰყავდა მოკლული დავით სარალიძე, თუმცა, მას ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, ანუ მიიჩნია, რომ სხვა პირები მონაწილეობდნენ დავით სარალიძის მკვლელობაში. ეს არის ცალსახა და პირდაპირი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვაპელირებდით, რომ რეალურად დამნაშავე პირები ანუ პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში,“ – განაცხადა ადვოკატმა.

    ადვოკატი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს რეალური დამნაშავეები დასაჯოს. ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ მთავარი მოწმე არის არასანდო.

    „საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, პასუხისგებაში მისცეს დანაშაულის ჩამდენი პირები იმისთვის, რათა ამ საქმეზე სამართალმა იზეიმოს,“ – განაცხადა კაკაბაძემ.

  • პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული ბავშვი იპოვა

    პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული მცირეწლოვანი  ბავშვი იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    ბავშვს ოჯახი და პოლიცია დღეს დილის 9 საათიდან ეძებდნენ. როგორც ბავშვის დედა ყვება, შვილებთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვი გაექცა და მოულოდნელად გაუჩინარდა.