Category: არქივი

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7648 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7793 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0145 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1110 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1081ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.

  • დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით – ომბუდსმენი

    ხორავას ქუჩის საქმეზე  მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას სახალხო დამცველი აკეთებს.

    ნინო ლომჯარია გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს,მისი თქმით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოძიების მიერ არ იქნა მოპოვებული.

    „ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ გამოძიება თავის დროზე წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ბრალი არ ჰქონია წარდგენილი ყველა პირს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. სანამ სააპელაციო სასამართლომაც არ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი სტრატეგიით და გამორიცხა იმ პირის ბრალი, ვისაც პროკურატურა ედავებოდა ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ბრალი არ წარუდგინა სხვა პირს.

    მე მაინც ვუკავშირებ ამ ყველაფერს გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, გამოძიებას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაიწყოს უკვე სხვა პირთა მიმართ დევნა. თავის დროზე, გამოძიება ჩატარდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ამის გამო, ჩვენ კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით, სამსახურეობრივი მოკვლევა მიმაჩნია, რომ არ არის ნამდვილად საკმარისი, რადგან დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ. სულ მცირე სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ არა განზრახ ქმედებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“ – განაცხადა  ლომჯარიამ.

  • ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი. კურიერმა პრემიერი ბრიუსელში შემთხვევით აღმოაჩინა

    გასაიდუმლოებული შეხვედრა ბრიუსელში – საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმყოფება. ​ექსკლუზიური კადრები “კურიერმა” გადაიღო.

    მამუკა ბახტაძე ბრიუსელში საიდუმლოდ ჩავიდა. იქ ასევე იმყოფება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

    „კურიერის“ კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადასაღებად და მის ჩასაწერად მივიდა. თუმცა კორტეჟის გადაღების დროს აღმოჩნდა, რომ ის არა ზელენსკის, არამედ საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა.

    არის თუ არა ზელენსკის და ბახტაძის შეხვედრა დაგეგმილი, რომელზეც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილონ უცნობია. ნატალია საბანაძე ამტკიცებს, რომ მამუკა ბახტაძე აღნიშნულ სასტუმროში შემთხვევით მოხვდა ზელენსკისთან ერთად და პრემიერს წინასწარი დაგეგმილი შეხვედრა არ აქვს.

    „პრემიერი ჩამოვიდა, ჩამოვიდა იმიტომ, რომ ის მოწვეულია ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში. სასტუმროში არ იქნება მიღება, მიღება იქნება თავის ადგილას. არ არის ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი. 4 ივნისია დრეს, ამერიკის ელჩი აწყობს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას როგორც წესი იმართება 4 ივლისს. მაგრამ ამ შემთხვევაში იმართება 4 ივნისს. ბევრი სტუმარი ჰყავს დაპატიჟებული, მათშორის იყო მამუკა ბახტაძეც რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთას. იმიტომ რომ როგორც იცით მიემგზავრება მერე ამერიკაში. ამიტომ ბრიუსელით ვიწყებთ,“-განაცხადა ნატალია საბანაძემ.

  • ენდი მარი ქუინსის ტურნირზე იასპარეზებს!!

    დიდი სლემის ტურნირების 3 გზის გამარჯვებული ჩოგბურთში დაბრუნებას ქუინსის წყვილების ტურნირზე გაგმავს. ამის შესახებ BBC იუწყება.

    ბრიტანელი ჩოგბურთელის მეწყვილე ქუინსში ფელისიანო ლოპესი იქნება. ყოფილი პირველი ჩოგანის განცხადებით მას ძალიან სურს დიდ ჩოგბურთში დაბრუნებას და სწორედ ქუინსის ტურნირზე მონაწილეობის შემდეგ გადაწყვეტს რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი.

    „ვერ ვიტყვი, რომ ქუინსის ტურნირით წყვილთა ჩოგბურთში ვინაცვლებ. ეს უფრო დაბრუნებიც მცდელობაა. საკუთარ თავს შევამოწმებ და თუ ძალა ვიგრძენი, სხვა გეგმებზეც ვიფიქრებ.” – აცხადებს ენდი.

    შეგახსენებთ, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ მენჯის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მან კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა. თუმცა როგორც აღმოჩნდა რეაბილიტაციის პროცესმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე თვითონ ელოდა და უკვე ჩოგბურთში დაბრუნებაზეც ალაპარაკდა.

  • მწვრთნელი ადასტურებს: ხაბიბი სექტემბერში დასტინ პორიეს შეხვდება

    UFC-ის დაღესტნელი მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელის თქმით, ხაბიბი სექტემბერში გასამართი UFC 242-სთვის აქტიურად ემზადება, სადაც ის დასტინ პორიეს დაუპირისპირდება.

    “აღელვებულები ვართ ვარჯიშის დაწყებით. ურთულესი გზა გვაქვს გასავლელი 7 სექტემბრამდე, სადაც დასტინ პორიეს წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა. ამ ეტაპზე ხაბიბი კარგ ფორმაშია და ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახავად მზადაა”, – განაცხადა ნურმაგომედოვის მწვრთნელმა.

    მებრძოლებს ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია, თუმცა ხაბიბის მწვრთნელი ხავიერ მენდესი სწორედ პორიეს ასახელებს მისი შეგირდის მორიგ მეტოქედ. ამ ბრძოლაში ხაბიბი მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

    შეგახსენებთ, ხაბიბმა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული გასული წლის აპრილში ალ იაკვინტას წინააღმდეგ მოიპოვა.

  • ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა,სადაც მას დადებითად ახასიათებენ

    ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა  მტკიცებულებად  წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, სადაც მსახიობი  დადებითად არის დახასიათებული.

    ჯიბღაშვილის ადვიოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა. 

    “ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი”, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

    ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

    აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლევან ჯიბღაშვილი დაკავებიდან მალევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

  • ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ თავს სრულად სცნობს დამნაშავედ

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ. 

    შეგახსენებთ, რომ მსახიობი  21 აპრილს დააკავეს. სამართალდამცავებმა მისი ავტომობილიდან 0.5 გრამი კოკაინი და  ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.

    ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

    აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლევან ჯიბღაშვილი დაკავებიდან მალევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

  • თიბისის ახალი პლატფორმის – „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა

    თიბისის ახალი პლატფორმის – „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა. ფორუმი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და Forward-ის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ დიალოგი იყო.

    ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები შემდეგ თემებზე ჩატარდა: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991-წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა. ღონისძიების სპიკერები იყვნენ: გია მურღულია, სიმონ ჯანაშია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი, ავთო აბდუშელიშვილი, თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაზე, მამუკა ხამხაძე.

    ფორუმზე თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელმა – ალექსანდრე მაყაშვილმა, თიბისის პლატფორმაზე – „თიბისი ახალი თაობისთვის“ და მის ფარგლებში ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა:

    200 სტიპენდიატი

    „თიბისის სტიპენდიატები” თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 2018 წლის ბოლოს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად, თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების მოძიება დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო – თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.

    თიბისი სტატუსის პროექტი – Status Donates

    Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

    საგანმანათლებლო ექსკურსიები

    თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები უტარდებათ. ელგუჯა ამაშუკელის, ფიროსმანისა და დავით კაკაბაძის გამოფენებზე უკვე ათასობით მოსწავლეს ჩაუტარდა ექსკურსია.

    პარტნიორობა განათლებისთვის

    თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. ამ ინიციატივის ფარგელბში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი – ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

    პარტნიორობა განათლებისათვის

    თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საბავშვო პავილიონში თიბისიმ პატარა მკითხველებს უმასპინძლა. 1-ელ ივნისს კი სპეციალური, გასართობ-შემეცნებითი პროგრამა დაახვედრა.

    ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

    სპეციალური შეთავაზებები

    საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.

  • უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge უკვე ამოქმედდა

    უძრავი ქონების განახლებული პლატფორმის, Livo.ge-ს ბეტა ვერსია, რომელიც თიბისი ჯგუფის ინიციატივით Allproperty.ge-ს ბაზაზე შეიქმნა, დღეიდან ამოქმედდა. Livo.ge მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ფინანსურ რესურს და მათ უძრავი ქონების სფეროში არსებულ ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.

    განახლებული პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბინის ყიდვა-გაყიდვის მსურველ ფიზიკურ პირებს, ისე დეველოპერებს. პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელი სანდო, გაადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით პროცედურების გარეშე.

    Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება.

    უახლოეს მომავალში Livo.ge მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან – საცხოვრებლად გადასვლამდე. ციფრული პლატფორმა ღია იქნება ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია უძრავი ქონებით დაინტერესებული ფიზიკური/ იურიდიული პირი ან დეველოპერი.

    Livo.ge მომხმარებელს უკვე სთავაზობს რამდენიმე ინოვაციურ სერვისს, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.

    Livo.ge-ს დაემატა კიდევ ერთი სიახლე – 3D ფოტოტურები. უახლესი, მაღალტექნოლოგიური „მატერპორტის“ კამერის მიერ გადაღებული 3D ფოტოების საშუალებით მომხმარებელს უძრავი ქონების მაქსიმალურად ზუსტად აღქმის შესაძლებლობა უკვე ვირტუალურად ექნება, ადგილზე მისვლის გარეშე.

    თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილი 2018 წელს შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, Livo.ge დამოუკიდებელ კომპანიად რჩება, მხარეებს შორის თანამშრომლობა კი ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებაში დაეხმარება.

    უძრავი ქონების ციფრული პლატფორმის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

  • მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

    მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, მაისში საქართველოს 723 000 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14.2%-ით აღემატება.

    პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +48.2%, შვედეთი +31.2%, პოლონეთი +27.2%, გერმანია +26.4%, საფრანგეთი +26%, ნიდერლანდები +22.3%, და სხვა.

    განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყირგიზეთი +135.4%, უზბეკეთი +90.5%, ყაზახეთი +84.6%, ჩინეთი +56.4%, ბელარუსი +45.8%, აშშ +33.9% და სხვა.
    2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია.
    ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121,378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).

    წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
    2019 წლის აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 277 მილიონ დოლარს (ზრდა +16.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.