Category: არქივი

  • ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს-ვინ იქნებიან გუნდის წევრები

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. პრეზენტაცია ხვალ 15:00 საათზე შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება.
    გუნდში ოქრუაშვილთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და კოტე კემულარია  იქნებიან.

    შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა.

  • მამაკაცს 16, ქალს კი 13 ჭრილობა აქვს მიყენებული – აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

    16 ჭრილობა მამაკაცს და 13 ჭრილობა ქალს – აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლე, მეუღლე კი დაჭრა.

    ქალი ამ დროისთვის “გორმედში” რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

    ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული მკვლელობის ადგილზე ჰყავთ მიყვანილი. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • “ევროპული საქართველო” ზეწოლის ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს

    “ევროპული საქართველო” მთაწმინდის ოლქში ვიდეოს ასაჯაროვებს, სადაც  პარტიის წევრებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება ხდება.  პარტიაში ამბობენ, რომ ვიდეოში ნაჩვენები პირები  კრიმინალური ავტორიტეტები არიან და მათ შეურაცხყოფა მიაყენეს „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, ნინო გოგუაძეს და ელენე ხოშტარიას.

    ხოშტარიას თქმით, სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს უყურებდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ.

    „ჯამბულის ქუჩაზე პირადად ვიმყოფებოდით მე და ნინო გოგუაძე, რადგან აქ იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ყველა უბანზე მოაწყო კრიმინალების მობილიზება. ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ასეთ კრიმინალების მიერ ქალებზე ძალადობას უყურებდეს.

    ბევრ უბანზე ხდებოდა იგივე. აქ იყო ე.წ. დობო, მისი მეგობარი გაგი მადოევი და კიდევ ბევრი კრიმინალური სახე. დემე, რომელიც კალაძის მარჯვენა ხელია და საარჩევნო საქმეებს უგვარებს. აქვე ჩანდა რკინიგზის თანამშრომელი ანი გელოვანი. ანუ სიპები, აიპები, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, კრიმინალური ავტორიტეტები, რომელიც დაკავშირებულები არიან კალაძესთან, ხელისუფლებასთან.

    ეს არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლება გვართმევს არჩევანს, მაგრამ გარდა ამისა, ეს ანგრევს ქვეყანას. რადგან როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    “ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ და ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე კრიმინალების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

  • “ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთვის სოფლელი გოიმები”-ნათელაშვილი მთაწმინდელებზე, ვერელებზე და ვაკელებზე

    “საქართველო განვითარდება,აყვავდება,მაგრამ მთაწმინდა,ვაკე ვერას არაფერი ეშველება”- “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა გუშინდელი არჩევნების შედეგები შეაფასა და თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ამომრჩევლები გააკრიტიკა. 

    “საქართველო განვითარდება,აყვავდება,მაგრამ მთაწმინდა,ვაკე ვერას არაფერი ეშველება.ისინი მუდმივად დარჩებიან სულიერ კოლონისტ-სეპარატისტებად და მთელ ქვეყანას ყოველთვის შეხედავენ როგორც მათი ბედნიერებისათვის შექმნილ სახმარ ღირებულებას ხოლო ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთვის სოფლელი გოიმები. ისინი ყოველთვის იქნებიან ფულის და ძალაუფლების მხარეზე.წუხანდელი ღამეც ამის ტრადიციული დასტურია. რაღა უნდა გავამტყუნოთ ამის შემდეგ ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში მარტოდ დარჩენილი მოხუცი”,-დაწერა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში. 

  • კახეთში ავარიას 75 წლის კაცი ემსხვერპლა

    კახეთში ავარიას 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის სოფელ ჩალაუბანთან მოხდა, მსუბუქი ავტომაქანა ტრაქტორს შეეჯახა.

    დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა,თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

    გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს და ტრანპსორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, მეზობელი მამაკაცი კი მოკლა

    მკვლელობა და დაჭრა დაბა აგარაში – კაცმა მეუღლე დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.

    ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

    შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.

    შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

  • ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

    პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

    სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

    უცნობია,რაზე საუბრობენ შეხვედრაზე,  თუმცა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა  სავარაუდოდ, გუშინ ჩატარებული არჩევნებია.

  • დიღმის მასივში 2 პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

    შსს-ს ინფორმაციით, დიღმის მასივში 2 პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს.  1997 წელს დაბადებული უ.გ. ცხელ კვალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკში აიყვანეს.

    უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა 1998 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და 2001 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.