Category: არქივი
-
მესტიაში 12 წლის გოგონას იარაღი გაუვარდა, შედეგად მამა დაიღუპა
მესტიაში 12 წლის გოგონას იარაღი გაუვარდა, შედეგად ბავშვის მამა ადგილზე დაიღუპა. 12 წლის გოგონა სავარაუდოდ, იარაღით თამაშობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ხელში გადაჭრილი თოფი ეკავა და შემთხვევითი გასროლა განხორციელდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
-
“პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება”- კალაძე
„პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება“ – კახა კალაძე 20 ივნისის სისხლიან მოვლენებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი ამბობს, რომ პარლამენტის წინ ვითარების ესკალაციის მიზეზი სწორედ ოპოზიციის ლიდერების განცხადებები განცხადებები გახდა.
„ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტში შევარდნაზე და ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ თუ როგორ მოქმედებდნენ ისინი. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ასევე ვნახეთ ცალკეული შემთხვევები, ეპიზოდები ძალის გადამეტების და ამაზე უკვე შსს დაწყებული აქვს მოკვლევა. პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა ამ კონკრეტულ ფაქტებზე და რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს, ის პიროვნებები, ვინც ცუდად ცდილობდა ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ და პირდაპირ ცდილობდნენ განეხორციელებინათ სახელმწიფო გადატრიალება, დამხობა და ა.შ.,“- განცხადა კალაძემ.
-
ნეიმარმა ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა კატალონიურ ბარსელონასთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა ბარსას პსჟ-სთან მოუწევს სატრანსფერო ფასთან შეთანხმება.
ესპანური მედიის, SPORT-ის ინფორმაციით, ბრაზილიელის კონტრაქტი 5 წლიანი იქნება და ის ამ დროში 400 000 ევროს მიიღებს.
სეზონის დამთავრებასთან ერთად არ წყდებოდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ნეიმარს პარიზული კლუბის დატოვება სურდა და ნებისმიერი წინადადებას განიხილავდა. ამის შემდეგ არაერთხელ დაიწერა, რომ მისი დაბრუნებით აქტიურად იყო დაინტერესებული ბარსელონა და ამ ტრანსფერის გამო შესაძლოა გრიზმანზეც ეთქვათ უარი. ამის შემდეგ თვით პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფმა პრესასთან საუბრისას დაადასტურა, რომ ნეიმარზე ყველა შემოთავაზებას განიხილავდნენ, თუმცა დაინტერესებულ მხარეს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ შესაბამისი თანხის გადახდაც მოუწევდა.
კატალონიური კლუბი ნეიმარის დაბრუნებით დაინტერესებული რომ არის ეს ფაქტია, თუმცა საინტერესოა რა თანხის გადახდაზე არიან წამსვლელები ბარსელონას მესვეურები
-
“აიპლიუსის” მაღაზიაში მძევლის აყვანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
დაკავებულია 1987 წელს დაბადებული ნ.რ., რომელსაც ჩადენილი დანაშაულისთვის 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.რ. მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია “iplus”-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს – თ.კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა ასევე დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით”-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. -
აფხაზეთი აკაკი ბობოხიძის მიმართ გამოძიების დაწყებას და ე.წ საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს
აფხაზი ე.წ დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის აკაკი ბობოხიძის მიმართ გამოძიების დაწყებასა და ე.წ საზღვრის ჩაკეტვას ითხოვენ. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „სპუტნიკ აბხაზია”- ავრცელებს.
“ვციტირებ აკაკი ბობოხიძის ნათქვამ სიტყვებს, რომელიც მან საქართველოს პარლამენტიდან საქვეყნოდ განაცხადა რამდენიმე დღის წინ – გხოცავდით აფხაზეთში და მომავალშიც დაგხოცავთ. მან ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს უთხრა. მინდა მივმართო აფხაზეთის პრეზიდენტს, პროკურატურას, რომ ეს ადამიანი, ჩვენი რუსი კოლეგების დახმარებით, გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნილად“ – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა.
მან ასევე საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით აფხაზეთის ე.წ. პროკურატურას მიმართა.
„მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ მხარი დაუჭირონ რუსეთს და დაიკეტოს საზღვარი მდინარე ენგურზე იქამდე, სანამ საქართველოში სიტუაცია არ დასტაბილურდება და დავინახავთ, რომ ჩვენთვის საფრთხე არ არსებობს“ – განაცხადა დვარმა.
-
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი
პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დდაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.
ლივოს შეფასების სერვისი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი სამართლებრივი თუ კომერციული მიზნებისთვის. მათ შორის, აუდიტორული დასკვნისთვის, ბუღალტრული ანგარიშგებისთვის, ქონების გადასახადის დაანგარიშების, ქონების გაყოფის, სესხის აღების და სხვა მრავალი დანიშნულებისთვის. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომერციულ ბანკებს, სალიზინგო, სადაზღვეო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.
უძრავი ქონების შეფასებას ახორციელებს 55 სერტიფიცირებული შემფასებელი, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ლივოს შემფასებლის მიერ შეფასებული უძრავი ქონების პორტფელი ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას მოიცავს.
შეფასების სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ტარიფი ნებისმიერი ადგილმდებარეობის შემთხვევაში იდენტურია. საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასების ღირებულება 24 საათში 39 ლარია, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში – 78 ლარი. კომერციული ფართის შეფასება 24 საათში 149 ლარი ღირს, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში – 298 ლარი. (ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Livo.ge-ს ვებგვერდზე: https://livo.ge/shefaseba/).
ლივოს მიერ დღეში საშუალოდ 600 ერთეული უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება, რაც ამ მხრივ კომპანია ლიდერია ბაზარზე. უახლოეს მომავალში, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ლივოს შეფასებების რაოდენობა დღეში 900 ერთეულს მიაღწევს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.
უძრავი ქონების შეფასების პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანიის მიერ.
“ჩვენი მიზანია, ონლაინ შეფასების სერვისი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ფასისა და ტერიტორიული დაფარის კუთხით. ამით კი უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების ხელშეწყობას ვცდილობთ“, – ამბობს გიორგი ჩუმაშვილი, Livo.ge-ს დამფუძნებელი.
უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. პლატფორმა განკუთვნილია როგორც ბინების ყიდვა-გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Livo.ge-ს საშუალებით მომხმარებელი სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით პროცედურების გარეშე.
Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება, 3D ფოტოტურები. უახლოეს მომავალში ვებ-გვერდი მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან – საცხოვრებლად გადასვლამდე.
ციფრული პლატფორმა ღიაა ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია ის.
ლივოს სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: Livo.ge, ან ცხელი ხაზზე: 032 215 86 86
-
WizzAir ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულებით იფრენს
ქუთაისის აეროპორტიდან WizzAir 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები შემდეგი მიმართულებებით დაემატა: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ.
ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.
„ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს რომ ამ წლის ბოლოსთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა 4-მდე გაზრდას, 2020 წლისთვის კი 5-მდე. საერთო ჯამში ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებაზე იფრენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ი“,- განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.