Category: არქივი
-
იტალიაში ქართველი გოგოს მკვლელი დააკავეს
სამი თვის წინ მილანში გარდაცვლილი 27 წლის ქართველი გოგოს, იზა ქავთარაძის საქმეზე იტალიური მედია ახალ დეტალებს ავრცელებს. მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 37 წლის აფრიკელი მამაკაცი, მოჰამედ კაგბო, რომელმაც მას სავარაუდოდ ჰეროინის მომაკვდინებელი დოზა მიჰყიდა.როგორც ირკვევა კაგბო თავიდანვე იყო ეჭვმიტანილი ამ საქმეში და მას სამართალდამცავები რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ბოლოს კი ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დააკავეს. პოლიცია მას დამნაშავედ თვლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმეში.27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა და მილანის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. 31 მარტს მისი ცხედარი მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. „ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა მაშინ იტალიურმა პრესამ პრესა ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ სტატია.გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თავიდანვე ნარკოტიკების ზედოზირება დასახელდა. -
საგანგებო სიტუაცების სამსახური შავ ზღვაზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შავ ზღვაზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.
“საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში.
კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.
სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.“– ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
-
“შემოულაწუნე პუტინს“ – BBC–ს რეპორტაჟი ქართულ პროტესტზე
ბიბისი–ს რუსული რედაქცია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წერს.პროტესტმა საქართველოში ახალი ფორმები მიიღო – სანამ ზოგი თბილისელი მიტინგებზე დადის, ზოგმა ვებგვერდი ჩაუშვა, სადაც შეგიძლიათ რუსუთის პრეზიდენტს ვირუტალურად შემოულაწუნოთ. უკვე მოიძებნა ამის გაკეთების მილიონობით მსურველი. საიტი, რომელიც ვიზიტორებს ვირტუალურად პუტინისთვის სახეში შემოლაწუნებას სთავაზობდა, გამართულად მუშაობდა, სანამ შემოლაწუნების მსურველთა რიცხვმა 10 მილიონს არ მიაღწია. ყველაზე ხშირად პორტალზე ქართველები შედიოდნენ. მეორე ადგილზე იყვნენ რუსი მომხმარებლები.თბილისის ბარებმა და კაფეებმა კი პროტესტი ინტერნეტს მიღმა გამოხატეს. ერთ რესტორანში რუს სტუმრებს 20% ფასნამატს სთავაზობდნენ – საქართველოში თვლიან, რომ მათი ტერიტორიის 20% (აფხაზეთი და ოსეთი) რუსეთის მიერ არის უკუპირებული. თუმცა ეს აქცია მეპატრონეებმა მალევე გააუქმეს და აღიარეს, რომ ეს არასწორი მესიჯი იყო. ერთი ბარის მფლობელმა კი მაგალითად რუს სტუმრებს ფასდაკლება შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ ისინი კრემლის პოლიტიკის მოწინააღმდეგეები არიან.რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტმა უკვე გამოიწვია ავიამიმოსვლის შეჩერება ორ ქვეყანას შორის. ქართველებმა მოსკოვის ეს გადაწყვეტილება აღიქვეს როგორც მათი ეკონომიკისთვის დარტყმის მიყენების მცდელობა. კრემლში კი ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან.ურთიერთობა რუსეთ–საქართველოს შორის 21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიძაბა. ხალხმა პარლამენტის შენობის შტურმით აღება სცადა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა.აქციის დაშლისას 200–ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. კრემლმა მომხდარში “რუსოფობური განწყობები“ დაინახა –წერს ბიბისი. -
თავისუფლების მარში დღეს 19:00–ზე ბათუმშიც გაიმართება
“თავისუფლების მარში“ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დღეს თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართება. შეკრება ევროპის მოედანზე 19 საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები მიმართვას ფეისბუქზე ავრცელებენ:“29 ივნისს, შაბათს, 7 საათზე შემოგვიერთდი ბათუმის ევროპის მოედანზე !პროტესტის მეცხრე დღესაც ხელისუფლება არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას!მამუკა ბახტაძემ და გიორგი გახარიამ არაერთხელ ახსენეს, რომ “გავრილოვის ღამეს” გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური და რომ ტყვიები, რომლითაც ხელებაწეულ დემონსტრანტებს ესროდნენ, იყო მისაღები.შს მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიების დამთავრებამდე არსად წასვლას არ აპირებს. ანუ, საქმეს იძიებს გახარიას უწყება, მისივე ხელმძღვანელობით და არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ!გახარია არის მხარე, ბრძანების გამცემი და მისივე თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამიტომ, არ შეიძლება, მხარე იძიებდეს რამეს სამართლიანად. შს მინისტრი უნდა გადადგეს!ხვალ, 29 ივნისს,19:00 საათიდან, ვიკრიბებით ბათუმის ევროპის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გავემართებით იუნკერთა მემორიალისკენ.შემოგვიერთდით და კიდევ ერთხელ, მოვითხოვოთ გიორგი გახარიას გადადგომა!“ -
დღეს 19:00–ზე რესპუბლიკის მოედნიდან “თავისუფლების მარში“ დაიწყება
ათდღიანი საპროტესტო მოძრაობა დღეს მსვლელობით გაგრძელდება, რომელსაც ორგანიზატორებმა “თავისუფლების მარში დაარქვეს“. მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე საღამოს 7 საათზე დაიწყება და თავისუფლების მოედნის მიმართულებით წავა.
უკვე მეათე დღეა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები გრძელდება. მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.
აქციის ორგანიზატორები ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ აყალიბებენ:
“გიორგი გახარიამ რუსი კომუნისტი დეპუტატი, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი – სერგეი გავრილოვი საქართველოში შემოუშვა
ამ ფაქტის გამპროტესტებელი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კი, ძალის გამოყენების ბრძანება გასცა
პოლიციამ, მინისტრის ბრძანებით, გამოიყენა არასათანადო ძალა და ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები მშვიდობიან დემონსტრანტებს დაუშინა!
“გავრილოვის ღამეს” ჰყავს დაზარალებული, დასახიჩრებული და დამცირებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომელთა ნაწილსაც სახლამდე სდიეს, სკვერებში ჩაუსაფრდნენ, სახეში აფურთხეს, თვალები დასთხარეს… 1 ადამიანი ამ დრომდე რჩება მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და დაუყოვნებლივ გადააყენოს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.
უკვე 9 დღეა, ადამიანები იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და ითხოვენ შს მინისტრის გადაყენებას, 29 ივნისს კი, პროტესტის მე-10 დღეს, პროტესტი იქნება ყველაზე დიდი და მასშტაბური!
19:00-ზე, მთელი საქართველოდან, ვიკრიბებით თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე და ვერთვებით თავისუფლების მარშში – თავისუფლების მოედნამდე. მარშის მთავარი მოთხოვნაა:
დაუყოვნებლივ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია!
შემოუერთდი მარშს და შეიტანე საკუთარი წვლილი უკეთესი ქვეყნის შენებაში!“
-
“გადაეცით სააკაშვილს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა“ – აქციების ორგანიზატორი
“არც მოთხოვნების გადაკეთებას ვაპირებთ, არც რამის დამატებას და არც რამის გამოკლებას. არავითარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ჩვენი მხრიდან არ იქნება“, – ასე უპასუხა სააკაშვილის მოწოდებას თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ–ერთმა მონაწილემ, შოთა დიღმელაშვილმა.აქციის ორგანიზატორის თქმით, ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ რა მოთხოვნებს წაუყენებენ მთავრობას, აქციები კონკრეტული მოთხოვნებით დაიწყო და ამ კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე დამთავრდება.“ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს ამ პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში.“ –აცხადებს დიღმელაშვილი.მიხეილ სააკაშვილმა აქციის ორგანიზატორებს ვადამდელი არჩენების მოთხოვნისკენ მოუწოდა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სააკაშვილმა თქვა: “არ ვაპირებ თქვენთვის ჩემი აზრის თავზე მოხვევას ან რაიმე კატეგორიული რჩევის მოცემას იმედია ვერავინ ვერ შეძლებს თქვენით მანიპულირებას. თქვენ გამოაჩინეთ, გონიერება, საღი აზრი და გამბედაობა. უბრალოდმაქვს რამდენიმე კითხვა.
თქვენს უკან, პროტესტანტების უკან ვხედავდი ლოზუნგს რიგგარეშე არჩევნების. სად გაქრა ეს ლოზუნგი? ეს კითხვა მაქვს მე და აქვს ბევრ სხვას.ჩემი აზრით ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს თავის დაძვრომის საშუალება.უსამართლობა იმიტომ კი არ არის, რომ მისი ცალკეული მოჯამაგრიეები სჩადიან დანაშაულს, არამედ იმიტომ რომ არის ივანიშვილი. გახარიამ გუშინ ფაქტიურად თქვა, რომ დარბევის და დახვრეტის ბრძანება გასცა ივანიშვილმა.ეს კითხვა იმისთვის, რომ ამ დღეებში ვერავინ ვერ შეძლოს ივანიშვილისთვის უკანა კარებიდან გამოსასვლელის მიცემის უფლება. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ასე უნდოდეს.რატომ არ ისმის სუსის უფროსის სახელი, რატომ არ ისმის დაცვის სამსახური უფროსის ანზორ ჩუბინიძის სახელი. ეს არის ივანიშვილის პირადი მცველი. ეს არის კითხვები.“შეგახსენებთ, რომ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები რუსთაველზე მას შემდეგ იმართება, რაც 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, გავრილოვის პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნაზე გამოჩენას ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა. სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების საშუალებით დაშალა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა. რამდენიმემ თვალი დაკარგა. დააკავეს 300 ადამიანი.მეორე დღიდან რუსთაველზე საპროტესტო აქცია არ შეწყვეტილა. 3 მთავარი მოთხოვნიდან 2 უკვე დაკმაყოფილდა:ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და ხელისუფლებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა.მესამე მოთხოვნა, შსს მინისტრის გადადგომა ჯერჯერობით არ კმაყოფილდება. ამიტომაც აქციის ორგანიზატორები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. შაბათს 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე თავისუფლების მარში გაიმართება. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პოლიტიკოსები ტრიბუნებზე ნაკლებად ჩანან. აქციის ორგანიზატორთა ჯგუფიცი უპარტიო ადამიანებისგან შედგება.
-
ხმაური შეკვეთილში – აქციის მონაწილეები ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში შესვლას ითხოვდნენ
ხმაური იყო შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს და შიგნით შესვლას ითხოვდნენ, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.„რომ გადატყავებული აქვს ენა მთელ მსოფლიოში და ყვირის და მისი მთავრობა, რომ ხალხისთვის აკეთებს, გადათხარა საქართველო, შეჭამა ბიუჯეტი, ხალხის ფულით აკეთებს ამას, ჯიბის ფულით არ აკეთებს ნამდვილად. ვნახო მინდა, რა გააკეთა, ხეებს ვნახავ, რას ვშვრებით ასეთს, რას ვითხოვთ. ხალხისთვის არისო და ხალხისთვის თუ არის, რატომ არ გვეძლევა შესვლის საშუალება, ვერ ვხვდებით,“ – ამბობს აქციის მონაწილე.მოქალაქეების თქმით, ივანიშვილის დაპირების თანახმად დენდროლოგიური პარკი 2018 წელს საზოგადოებას უნდა გადასცემოდა, თუმცა ტერიტორია შემოღობილია და იქ უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია.“ელემენტარული, უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი მოთხოვნები. მაქსიმალურად, ჩვენ ხელებაწეულს მშვიდად გვინდა მოვინახულოთ აჭარიდან მოპარული ხეები,” – მიმართა სამართალდამცავს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან აქციების პარალელურად, 3 მოქალაქე შიმშილობს. ისინი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს სოლიდარობას უცხადებენ. -
“სადამსჯელო ოპერაცია თავისუფალი სიტყვისა და დაუმორჩილებლობისთვის“-მწერლები მწერლის სახლის გაუქმებას აპროტესტებენ
სადამსჯელო ოპერაცია თავისუფალი სიტყვისა და დაუმორჩილებლობისთვის – ასე აფასებენ მწერლები მთავრობის გადაწყვეტილებას მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის გაუქმების შესახებ.მწერალთა სახლის ისტორიულ დარბაზში დღეს ხელისუფლების მისამართით მწვავე ბრალდებები ისმოდა. მას მოიხსენიებდნენ როგორც ცენზორს და რევანშისტს. დარწმუნებულები არიან, რომ ამ სადამსჯელო ოპერაციას კონკრეტული დამკვეთი ჰყავს.მწერლებისთვის სიმბოლურია ამ ორი სახელმწიფო ორგანიზაციის გაუქმების თარიღიც. მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი ოფიციალურად 20 ივნისს გაუქმდა და მათ ნაცვლად ერთი ორგანიზაცია – ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა.რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროს მწერლებისთვის აზრი არ უკითხავს.მწერლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მათი დამორჩილების უფლებას და შესაძლებლობას არ მისცემენ. საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე შექმნილ პეტიციას უკვე 3 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.მიხეილ გიორგაზე ირწმუნება, რომ მწერლების აჟიოტაჟი ხელოვნურია და ამ რეორგანიზაციით არავინ დაუსჯიათ. მისი მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მწერლების საკეთილდღეოდ მოხდა.მწერლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პეტიციაზე პრემიერ-მინისტრის პასუხს დაელოდებიან. სათადარიგო გეგმა, სავარაუდოდ, სასამართლო იქნება. -
პარლამენტის წინ ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა
პარლამენტის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პროტესტს შიმშილით გამოხატავს, შეუძლოდ გახდა. მას იძულების წესით შიმშილობა შეაწყვეტინეს.
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ამინდის გაუარესების მიუხედავად გრძელდება. პარლამენტის წინ შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.
-
პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე დარეგისტრირდა
პარლამენტში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.
ცვლილებების მიხედვით “საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150–ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150–ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.“პროექტის ინიციატორად უმრავლესობის 93 დეპუტატია დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ერთ–ერთი მოთხოვნა იყო. მისი დაკმაყოფილების პირობა ივანიშვილმა ორი დღის წინ დადო.
კიდევ ერთი მოთხოვნა – შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა.