Category: არქივი

  • თბილისი–ბათუმის მატარებელი გზაში გაფუჭდა

    ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქზე რამდენიმე სტატუსს აქვეყნებს, რომლებშიც ბათუმის მიმართულებით მგზავრობას აღწერს. გამზარდიამ რამდენიმე საათის  წინ  დაწერა, რომ მატარებელში დენი გამოირთო და გაჩერდა:
    “დენი წავიდა. მატარებელი გაჩერდა.კარსაც ვერ აღებენ.ჰაერიც არაა.ვართ მხიარულად.როდის დავიძვრებით და მითუფრო როდის ჩავალთ, არავინ იცის.ვართ ჩაკეტილები მატარებელში.ვსუნთქავთ მორიგეობით.იმედია, ბათუმამდე როდისმე მივაღწევთ.
    “გენაცვალე” საქართველოს რკინიგზა.“

    აქედან ორ საათში გამზარდიამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:
    “გეფიცებით, 90-იანების მერე ასე არ მიმგზავრია მატარებლით, რამდენჯერმე გადაეწვა თბილისი – ბათუმის დამატებით რეისს დამცველი, ჯერ ხომ ჩარხია და არა მატარებელი, მაგრამ მაგას ვინ ჩივის კიდევ, მატარებელი ექსპლუატაციისთვის უბრალოდ არ არის მზად, რამდენჯერ გაფუჭდა უკვე, 6 საათზე მეტიავმგზავრობ და ჯერ კიდევ ვერ ჩავედი. ისევ გადაიწვა “დამცველები” და ვდგავართ კვლავ.“

    ცოტა ხნის შემდეგ კი როგორც გაირკვა მატარებელი საბოლოოდ გაფუჭდა და მგზავრებს ადგილზე ჩასვლის იმედი გადაეწურათ
    :
    “ვდგავართ სადღაც ჩაქვის გზაზე. უიმედო ხალხის ნაწილი ფეხით ცდილობს წასვლას. თუმცა, კოკისპირული წვიმა და ქარია, რის გამოც ძალიან რთულია ამ შუა გზიდან სადმე წასვლა.
    თბილისი-ბათუმის მატარებელი ტექნიკურად გაუმართავია. უკვე 7 საათია მოვდივართ და არავინ იცის, როდის ჩავალთ დანიშნულების ადგილას.
    90-იანების მერე ასე არ მიმგზავრია მატარებლით.“ – დაწერა ბოლოს გამზარდიამ და ბათუმის მერიას სთხოვა, მგზავრების დასახმარებლად იქნებ ავტობუსები მაინც გაგზავნოს.

    ბოლოს და ბოლოს მატარებლის მგზავრებმა ბათუმამდე 2 სათიანი დაგვიანებით ჩააღწიეს და როგორც არჩილ გამზარდია წერს, ბევრი საქმე გაუფუჭდათ.

    .
  • როგორ ერთობა გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან ერთად (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისუფალ დროს საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებსა და ლექტორებთან ერთად ორბეთში ატარებს.  გიორგი მარგველაშვილი GIPA-ს რექტორია, რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.

  • სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

    სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო. მათი ცხედრები მდინარე ცივში იპოვეს. მათ სამაშველო ჯგუფები, თითქმის, ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
    გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საბანაოდ იყვნენ ჩასულები და წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.
    მდინარე ცივიდან არასრულწლოვანი გოგონას და მისი მამის ცხედარი მყვინთავებმა დილით ამოიყვანეს.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 მყვინთავი და 3 მაშველი მუშაობდა.
  • “ვერ აპატიეს მწერლებს პროტესტი იმისათვის, რომ ზვიად რატიანი დაასახიჩრა პოლიციამ”-მწერალთა სახლის გაუქმებას კრიტიკა მოჰყვა

    მწერლები კულტურისა და განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – მწერალთა სახლში შეკრებილმა ავტორებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა.

    „ჩემთვის ეს არის მიმართული აშკარად ძალიან წარმატებული ორგანიზაციის დამოუკიდებელი, თავისუფალი ორგანიზაციის დასუსტებისკენ. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუ სხვა სარჩული აქვს, არ ვიცი. ზუსტად ამ კითხვებს ვსამ მეც თქვენთან ერთად და ძალიან მინდა, რომ რამენაირად ეს ყველაფერი გაირკვეს“, – განაცხადა მწერალთა სახლის ყოფილმა დირექტორმა, ნატა ლომოურმა.

    მწერლები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მათ პროტესტს უკავშირებენ, როდესაც მათ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე ზვიად რატიანზე პოლიციელების მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს.

    „წიგნის ცენტრიც და მწერალთა სახლიც არაკონტროლირებადი აღმოჩნდა, მათ ვერ აპატიეს მწერლებს პროტესტი იმისათვის, რომ ზვიად რატიანი დაასახიჩრა პოლიციამ. ამაზე პასუხი არავის არ უთხოვია და ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი ფრანკფურტში მთელი მსოფლიოს გასაგონად და ჭეშმარიტი სახის საჩვენებლად. ეს ერ აპატიეს, ვერ აპატიეს, რომ ვერ გაიტანეს თავისი, რომ სალომე ზურაბიშვილი და მანანა ბერიკაშვილი არ გამხდარიყვნენ გამგებლები ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგინების,“ – განაცხადა ფილოსოფოსმა, გიორგი მაისურაძემ.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, განათლების სამინისტრომ არადემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო.

    „მგონი განათლების სამინისტროს დაავიწყდა, რომ მწერალთა სახლი არის მწერლების. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ხალხთან კონსულტაციის გარეშე არავითარი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებოდა. თვითონ ფორმა, როგორ მიაუქმეს ეს ორი დაწესებულება, მეტყველებს იმაზე, რამდენად არადემოკრატიულად არის გადაწყვეტილებები მიღებული განათლების სამინისტროში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

  • პუტინმა დიდი ოცეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ელტონ ჯონი გააკრიტიკა

    ვლადიმერ პუტინმა ოსაკაში დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას საქმიანი და პრაგმატული უწოდა. შეფასება რუსეთის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ელტონ ჯონის კრიტიკას. მუსიკოსმა ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულების გამო ვლადიმერ პუტინი ფარისევლობაში დაადანაშაულა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ელტონ ჯონი გენიალური მუსიკოსია, თუმცა შეხედულებებთან დაკავშირებით ცდება.

    პუტინმა რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედი კანონიც გაიხსენა და დასავლელ ლიბერალებს მოუწოდა, ბავშვებს თავი დაანებონ.

  • 20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

    ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე 

    20-21 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შემდეგ რეგიონალურ ჰოსპიტალში განაგრძობს.

    მის გარდა, რეგიონალურ ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაცია კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.

    საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული 6 პაციენტი მკურნალობას ორ კლინიკაში განაგრძობს. მათი უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    სამი პაციენტი მკურნალობას “ნიუ ჰოსპიტალში” გადის, დანარჩენი კი – რეგიონალურ ჰოსპიტალში.

    ავთანდილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ხდება პაციენტების სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება. მისი თქმით, ორი სამართალდამცველი მკურნალობას თურქეთში გადის, რომელთაგან ერთ-ერთს ორშაბათს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

    თალაკვაძის განცხადებითვე, კიდევ იგეგმება ორი პაციენტის გაშვება საზღვარგარეთ – გერმანიასა და ისრაელში.

  • “მეორე თვალიც რომ არ მქონდეს ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი” -ბიჭი რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა

    ბიჭი რომელმაც აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა, გიორგი სულაშვილა. ის იხსენებს იმ მომენტს, როდესაც თვალში რეზინის ტყვია მოხვდა. ის ამბობს, რომ თვალის დაკარგვასთან ერთად სახის ძვლებიც დაუზიანდა და ახლა იმპლანტები უდევს.გიორგი სულაშვილი ტელეარხ მესამესთან ინტერვიუში 20 ივნისის ღამეს იხსენებს და ამბობს, რომ იქ მხოლოდ ქვეყნის სიყვარულის გამო იდგა: მე ვარ ერთი უბრალო ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა. მე ვიდექი პარლამენტის კიბეებთან გავიგონე გასროლის ხმა და ეგრევე მომხვდა, ეს არ იყო შემთხვევითი ნასროლი ეს იყო გამიზნულად ნასროლი, ელოდებოდნენ და მესროლეს. სახის ძვალი ფაქტობრივად აღარ მქონდა. სულ დამტვრეული მაქვს იმპლანტები მიდევს სახეში.

    რუსეთი არის ოკუპანტი, ყოველთვის ვიტყვი ამას, მეორე თვალიც რომ არ მქონდეს ამ აზრზე ვიქნები, რუსეთი არის ოკუპანტი რუსეთი არის დამპყრობელი საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე და ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან და აღარ ყოფილიყოს ესეთი რამ მომავალში სხვებს არ გამოეცადოთ ესეთი სიმწარე რაც მე და მაკომ გამოვცადეთ მაკო გმირია”.

  • არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. არჩილ თალაკვაძე საპატრიარქოში ოჯახთან ერთად მივიდა. ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

    “ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.”

  • მოვუწოდებთ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ – ბრიტანეთის ელჩი

    20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ეხმაურება. ჯასთინ მაქენზი სმიტი ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც ძალადობას საფუძველი დაუდო, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს. ელჩი მხარეებს დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანას ურჩევს.

    „მოვუწოდებთ, რომ გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად.

    სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანისკენ და კომპრომისის მიღწევისკენ,“ – წერს ბრიტანეთის ელჩი.

  • სიცხემ საფრანგეთში ყველა დროის რეკორდი მოხსნა

    გაუსაძლისმა სიცხემ საფრანგეთში ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ქვეყნის სამხრეთით, ჰაერის ტემპერატურამ ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 46-ს გრადუსს მიაღწია.

    ოთხ რეგიონში ხელისუფლებამ უპრეცედენტო, განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. დაიხურა საჯარო დაწესებულებები.

    საფრანგეთის გარდა, გაუსაძლის სიცხეს ებრძვიან ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთშიც.

    ყველა ქვეყანაში ივნისში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. კატალონიაში კი სიცხემ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრები გამოიწვია.