Category: არქივი

  • “ხელში ჩამივარდა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადადგომის წინ გასაკეთებელი მიმართვის ტექსტი“– რომან გოცირიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე პრემიერის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის პრაქტიკულად გადაწყვეტილ წასვლას ფეისბუქზე იუმორისტული ჩანახატით ეხმაურება:

    “ხელში ჩამივარდა აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადადგომის წინ გასაკეთებელი მიმართვის ტექსტი:

    ”ძვირფასო მეგობრებო, გუნდთან და ბატონ ბიძინასთან მოთათბირების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამის გაკეთებას უფრო ადრე ვაპირებდი, რადგან შევასრულე ის მისია, რისთვისაც მომიწია ბატონი ბიძინასადმი დათანხმება, როცა მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნის შემოთავაზება მივიღე. ბატონი ბიძინასადმი დიდმა პატივისცემამ გადამაწყვეტინა დავრჩენილიყავი ამ მეტად საპატიო თანამდებობაზე იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა.

    რისი გაკეთება მოვასწარი ამ მოკლე დროში: გავამკაცრე საფინანსო სფეროს რეგულირება, რომელიც მძიმედ აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ვიგრძნობთ მის სასიკეთო ზემოქმედებას მშპ-ს ზრდაზე. ჩემი გუნდის დიდი მცდელობის შედეგია, რომ ლარი გაუფასურდა მხოლოდ სამამდე, თორემ საგარეო ფაქტორების, მოლოდინებისა და უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო, დღეს იგი შეიძლება ექვსიანის ნიშნულამდეც კი ყოფილიყო დაცემული. ბატონი ბიძინას რჩევით და წინამძღოლობით წინასაარჩევნოდ ჩამოვაწერეთ ჩვენს ამომრჩევლებს უიმედო სესხები ერთი ლარიდან 2 ათასი ლარის ფარგლებში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ღირსეული და ბატონი ბიძინას ერთგული პრეზიდენტი მოგვეყვანა ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოში.

    და ბოლოს, ბატონი მამუკა გორგოძე, ჩვენი ლეგენდარული კაპიტანი, დავაბრუნე საქართველოს რაგბის ნაკრებში.

    მივდივარ მშვიდი გრძნობით, რადგან მე შემცვლის ადამიანი, რომელიც დიდი ხანია უმიზნებდა ამ პოსტს, ემზადებოდა ამისათვის ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე აქ დავინიშნებოდი. მან თავისი არა ერთი ქმედებით დაამტკიცა, რომ არის ბატონი ბიძინას ბრძნული პოლიტიკის გამგრძელებელი და ყოველთვის მზადაა უსიტყვოდ შეასრულოს მისი სწორი თუ არასწორი მითითებები, რაც ნათლად მეტყველებს მისი მხრიდან ერთგულების გრძნობის ქონაზე.

    გემშვიდობებით და რადგან ”ვანოს შოუს” მუსიკალური ნაწილის ხშირი სტუმარი ვიყავი, ამ ლამაზი სიმღერის რეპული ვერსიით მინდა დაგიქნიოთ ხელი:

    ”მეე, მე, მე, მეეე!
    მზე ჩავა და მზის უბეში,
    ბადრი მთვარე გაჩერდება,
    მე წავალ და ჩემზე კარგი,
    სიმღერები დაგშვენდება.
    მეე, მე, მე, მეეე!“– წერს რომან გოცირიძე

  • “ღარიბაშვილი არის ივანიშვილის მონა,ბნელი,რუსეთუმე“–ოთარ კახიძე

    მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება. ღარიბაშვილი, რომელიც სავარაუდოდ შს მინისტრად ინიშნება მისი განცხადებით ივანიშვილის მონაა, გახარიას პრემიერად დანიშვნა კი საზოგადოების მასხრად აგდება.

    “ღარიბაშვილი არის ბიძინას მონა (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით), ბნელი, რუსეთუმე, ასავალ-დასავალის ფავორიტი, წამების კადრები რომ ბავშვებს აყურებინა – მაგ დონის, უფრო სწორად – უდონო კაცი.

    თან კორუმპირებული, თან ყეყეჩი, თან – არავინ პატივს რომ არ სცემს, ისეთი, მოკლედ, ეგ შს მინისტრად იქნება სრული კრახი.

    გახარიას დაწინაურება ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებისთვის თვალების დათხრის შემდეგ – საზოგადოების მასხრად აგდება და ბოლომდე გამოწვევა იქნება, რაც საშუალოვადიან მომავალში ქართულ ოცნებას და პირადად ივანიშვილს ძალიან ცუდ მომავალს უქადის. ნუ – არსებული სცენარებიდან ალბათ ყველაზე უარესს.

    გაბედავს ივანიშვილი ხალხის წინააღმდეგ ღიად წასვლას?“–წერს ოთარ კახიძე

  • ბიძინა გეგიძე უმრავლესობიდან გარიცხეს


    ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან  გარიცხეს. გადაწყვეტილება ამის შესახებ მმართველმა გუნდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელსაც ბიძინაივანიშვილიც ესწრებოდა. ბიძინა გეგიძე ბოლო დროს უმრავლესობისგან განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავდასხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა უმრავლესობიდან გასვლას არ ჩქარობდა.
    ბიძინა გეგიძე  პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრიც არის. ის ჯერ პარტიის გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს და განცხადების გაკეთებას მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, რაც დღევანდელ გადაწყვეტილებას ოფიციალურად გაეცნობა.
  • ოცნება ადასტურებს, რომ პრემიერი ბახტაძე მიდის

    ქართული ოცნების ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომა დღეს საათნახევარს გაგრძელდა. მას ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ოცნების მთელი შემადგენლობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოცნება ადასტურებს რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე  უმრავლესობის წევრებმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

    ოცნების წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს შს მინისტრი გიორგი გახარია, ან ინფრასქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაიკავებს. ბახტაძე განცხადებას ხვალ გააკეთებს.

  • ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ ქართველ ძალოვანებს “კუნთების თამაშში“ ადანაშაულებს

    “სპუტნიკ ოსეთი“ ავრცელებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებას, რომელშიც უწყება ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან სამხრეთ ოსური მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    „1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაიხსნა ცეცხლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისკენ. შედეგად, კვადროკოპტერი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა. აუცილებლად მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატის დაცხრილვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართულებით წარმოადგენს პირდაპირ პროვოკაციას“, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

    ოსური სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკატერინა ბიაზროვის თქმით, მანამდე, ანალოგიური ქართული საფრენი აპარატები არაერთგზის ასრულებდნენ დაზვერვას “სახელმწიფო საზღვრის“ გაყოლებაზე და სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც იცავენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მესაზღვრეები.

    საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მათი დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. სუსის ინფორმაციით სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში  სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს შეეჯახა, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

  • “წნელისთან ოსური დრონი გავანეიტრალეთ და ჩვენმა პოლიციამ წაგვართვა“– დავით ქაცარავა

    ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ფეისბუქში წერს, რომ მათი მოძრაობის წევრებმა წნელისთან დრონი გაანეიტრალეს. ქაცარავა ვიდეოსაც აქვეყნებს:

    “დღეს, რუსოსურმა დრონმა გადმოკვეთა საოკუპაციო ხაზი და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში.

    ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტოტიაზე.
    ცოტა ხანში რუსოსებმა ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი.
    საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ?
    ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?“– წერს ქაცარავა

  • შსს–მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან 10:44 დამარცხდა

    საქართველოს ნაკრები რაგბიში შოტლანდიასთან ანგარიშით 10:44 დამარცხდა. შეხვედრა თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა.

    თამაში სტუმრების უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე, ზუსტი საჯარიმო დარტყმის შედეგად, ანგარიში 0-3 გახდა. ამას მე-11 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო მოჰყვა, შემდეგ კი, მე-13 და მე-19 წუთებზე, შოტლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმის შუალედში ანგარიში უკვე 0-20 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

    პირველი ტაიმში ბორჯღალოსნები შოტლანდიასთან 3:23 დამარცხდნენ. მეორე ტაიმში, შოტლანდიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც მასპინძლებმა ლელოთი უპასუხეს და ანგარიში 10-30 გახდა.

    ამის შემდეგ, შოტლანდიელებმა ანგარიშის გაზრდა კიდევ ორჯერ მოახერხეს და ანგარიში 10:44 გახდა. საბოლოოდ მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა.

    მატჩის ბოლო წუთები ბორჯღალოსნებმა შეტევაში გაატარეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს.

  • ივანიშვილი აბასთუმანში თამარის ციხეში მივიდა და სასულიერო პირებს შეხვდა

    ბიძინა ივანიშვილმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან ერთად აბასთუმანში მდებარე თამარის ციხე დაათვალიერა. ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ ქართული ოცნების ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

    “ბიძინა ივანიშვილის თქმით, კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც აბასთუმნის ამ მხარეს უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს. ამასთან, იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ხეობაში მისი ხელშეწყობით იგეგმება.
    თამარის ციხე მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მთაზეა აგებული. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. ისტორიკოთა ვარაუდით, ეს ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო.“–ნათქვამია ქართული ოცნების ინფორმაციაში.